პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება


დატოვე კომენტარი

უშედეგო დიალოგები მშობლებსა და შვილებს შორის

images1

„ლექციის“ კითხვა და კრიტიკა ქმნის დისტანციას და იწვევს მშობელსა და შვილს შორის დაძაბულ ურთიერთობას.

მშობლების დიდ ნაწილს ძალიან აღიზიანებს დიალოგები შვილებთან, რადგან მათ არანაირი შედეგი არ მოაქვთ. ამის ნათელი მაგალითია ეს ცნობილი დიალოგი:

– სად იყავი?

– სხვაგან.

– რას აკეთებდი?

– არაფერს.

მშობლები, რომლებიც ცდილობენ რაციონალური მსჯელობის ფორმა გამოიყენონ შვილებთან საუბრის დროს, მალე ხვდებიან თუ რამდენად დამღლელია ასეთი მიდგომა. როგორც ერთმა დედამ თქვა: – ვცდილობ გალურჯებამდე ვილაპარაკო, რომ შვილს რაღაც გავაგებინო, მაგრამ ის არ მისმენს. მას ჩემი მხოლოდ მაშინ ესმის, როცა ვყვირი.

ბავშვები ხშირად ერიდებიან მშობლებთან დიალოგს. მათ საშინლად არ მოსწონთ, როცა უკითხავენ „ლექციას“, ესაუბრებიან ზევიდან დიდაქტიკური ტონით ან აკრიტიკებენ. ისინი ფიქრობენ, რომ მშობლები ზედმეტად ბევრს საუბრობენ.

რვა წლის დევიდმა დედას უთხრა: – როცა რაღაც პატარა შეკითხვა მაქვს, რატომ მაძლევ ყოველთვის ასეთ გრძელ პასუხს? ამ დროს კი ის მეგობარს ჩუმად ეუბნება: დედაჩემს არაფერს ვუყვები. თუ მასთან რაიმეს მოყოლა წამოვიწყე, თამაშისთვის დრო უბრალოდ აღარ მრჩება.

თუ დაინტერესებული პირი მშობელსა და შვილს შორის საუბარს შემთხვევით შეესწრო, გაკვირვებული შეამჩნევს თუ რამდენად ცუდად უსმენენ ისინი ერთმანეთს. მათი საუბარი დიალოგს კი არა, ორ მონოლოგს ჰგავს: ერთი მათგანი მოიცავს კრიტიკასა და მითითებების გაცემას, ხოლო მეორე – ბრალდებების უარყოფასა და ხვეწნა-მუდარას.

ასეთი კომუნიკაციის ტრაგედია არა იმდენად სიყვარულის ნაკლებობაშია, რამდენადაც ურთიერთპატივისცემის სიმცირეში, არა იმდენად ინტელექტის ნაკლებობაში, რამდენადაც შესაბამისი უნარ-ჩვევის არქონაში.

ჩვენი ყოველდღიური მეტყველება არ არის შესაფერისი ბავშვებთან გააზრებული და მნიშვნელოვანი საუბრისთვის. იმისათვის, რომ ბავშვებს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და შევამციროთ მშობლების გაღიზიანება, ჩვენ – მშობლებმა, უნდა ვისწავლოთ ბავშვებთან საუბრის მზრუნველი ფორმა.

 

წყარო: თავი 2 – ჰაიმ გინოტის წიგნიდან “მშობელსა და ბავშვს შორის” 

იხილეთ – თავი 1 –  ბავშვების შეკითხვები და მათი ფარული მნიშვნელობა


1 კომენტარი

ბავშვების შეკითხვები და მათი ფარული მნიშვნელობა

ბავშვებთან საუბარი ერთგვარი ხელოვნებაა, რომელსაც თავისმოწყენილი ბავშვიი წესები და განსხვავებული მნიშვნელობები აქვს. ბავშვების საუბარი იშვიათად თუ არის გულუბრყვილო, მათ კითხვებში ხშირად, გარკვეული ფარული კოდი იმალება, რომელსაც გაშიფვრა სჭირდება.

***

ერთ დღეს, ათი წლის ენდიმ მამას ჰკითხა:

–  რამდენია მიტოვებული ბავშვების რაოდენობა ჰარლემში?

ენდის იურისტ მამას გაუხარდა, რომ მისი შვილი სოციალური პრობლემებით დაინტერესდა და საკმაოდ ბევრი ესაუბრა საკითხის გარშემო. ბოლოს, მან ზუსტი ციფრიც კი მოიძია ენდის კითხვაზე პასუხის გასაცემად, მაგრამ შვილი ამით არ დაკმაყოფილდა. ის კვლავაც განაგრძობდა კითხვების დასმას იგივე თემის გარშემო: – რამდენია მიტოვებული ბავშვების რაოდენობა ნიუ იორკში? – ამერიკის შეერთებულ შტატებში? – მსოფლიოში?

ბოლოსდაბოლოს, ენდის მამამ გააცნობიერა, რომ მისი ვაჟიშვილი სინამდვილეში სოციალური პრობლემით კი არ იყო დაინტერესებული, არამედ საკუთარ თავზე ღელავდა. ენდის კითხვა გამომდინარეობდა არა იმდენად მიტოვებულ ბავშვებზე ფიქრით, რამდენადაც პირადად მისი მიტოვების შესაძლებლობაზე შფოთვით. რეალურად, მას მიტოვებული ბავშვების რაოდენობა კი არ აინტერესებდა, არამედ ის, თუ რამდენად დიდი იყო მისი მიტოვების შესაძლებლობა.

შვილის შფოთვის რეალური მიზეზის გააზრების შემდეგ, მამამ მას უთხრა: – შენ გეშინია, რომ შენმა მშობლებმაც  შესაძლოა ერთ დღეს  მიგატოვონ, როგორც ამას ზოგიერთი მშობლები აკეთებენ. მინდა დაგარწმუნო, რომ ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ. თუ მსგავსი ფიქრები ოდესმე კიდევ შეგაწუხებს, გთხოვ, მითხარი ამის შესახებ, რომ დაგეხმარო და ბოლო მოვუღო შენს მშფოთვარე აზრებს.

***

დედასთან ერთად საბავშვო ბაღში პირველად სტუმრობისას, 5 წლის ნენსიმ კედელზე გამოფენილ ნახატებს შეხედა და ხმამაღლა იკითხა: – ვინ დახატა ეს უშნო ნახატები?

ნენსის დედამ თავი უხერხულად იგრძნო, მან უკმაყოფილოდ შეხედა ქალიშვილს და სწრაფად უთხრა: –  ნახატებზე „უშნოს“ თქმა კარგი საქციელი არ არის, მითუმეტეს, რომ ისინი ასეთი ლამაზებია.

მასწავლებელმა კი, რომელმაც ამოიცნო შეკითხვის რეალური მნიშვნელობა, გაიღიმა და თქვა: -აქ ლამაზი ნახატების დახატვა არ არის აუცილებელი. თუ მოგინდება, შეგიძლია ბოროტი ნახატებიც კი დახატო. ნენსის სახე ღიმილმა გაუნათა, რადგან მან პასუხი მიიღო მის ფარულ კითხვაზე – „რა მოუვა გოგონას, რომელიც კარგად ვერ ხატავს?“.

ამის შემდეგ, ნენსიმ აიღო გატეხილი სათამაშო სახანძრო მანქანა და თამამად იკითხა, – ვინ გატეხა ეს სახანძრო მანქანა? მის შეკითხვას დედამ უპასუხა, – რა მნიშვნელობა აქვს ვინ გატეხა? შენ აქ არავის იცნობ.

სინამდვილეში, ნენსის სულაც არ აინტერესებდა სახელები. მას უნდოდა გაეგო თუ რა ბედი ეწეოდა იმ ბავშვებს, რომლებიც სათამაშოებს ტეხავენ. მასწავლებელმა, რომელიც მიხვდა შეკითხვის რეალურ მნიშვნელობას, მას შესაბამისი პასუხი გასცა, – სათამაშოები თამაშისთვისაა და ზოგჯერ ისინი ტყდება. ასეთი რამ ხდება ხოლმე.

ნენსის შეეტყო, რომ პასუხით კმაყოფილი იყო. კითხვების დასმის უნარმა მას საშუალება მისცა მიეღო მისთვის საჭირო ინფორმაცია: ეს მასწავლებელი საკმაოდ კეთილი ჩანს, ის სწრაფად არ ბრაზდება, მაშინაც კი, როცა ნახატი ლამაზი არ გამოდის ან სათამაშო ტყდება. შიშის მიზეზი არ მაქვს, აქ დარჩენა უსაფრთხოა. ნენსი დედას ხელის დაქნევით დაემშვიდობა და მასწავლებელთან მივიდა. ის მზად იყო საბავშვო ბაღში მისი პირველი დღის გასატარებლად.

***

თორმეტი წლის კეროლი აღელვებული იყო და თვალები აცრემლებოდა. მისი საყვარელი ბიძაშვილი სახლში ბრუნდებოდა ზაფხულის არდადეგების მასთან გატარების შემდეგ.  დედის რეაქცია კი ამ დროს კეროლისადმი არც თანაგრძნობას გამოხატავდა და არც მისი გაგების მცდელობას.

კეროლი:   (ცრემლიანი თვალებით) სიუზი მიდის. მე ისევ სულ მარტო დავრჩები.

დედა:        სხვა მეგობარს იპოვი.

კეროლი:  ძალიან მარტო ვიქნები.

დედა:       ამას როგორმე გადაიტან.

კეროლი:  კარგი რა დედა! (ქვითინებს)

დედა:       შენ უკვე თორმეტი წლის ხარ და კვლავ ასეთი მტირალა.

კეროლმა დედას მომაკვდინებელი მზერა ესროლა, თავის ოთახში  გაიქცა და კარი მიიხურა.

ამ ეპიზოდს წესით ბედნიერი დასასრული უნდა ჰქონოდა. ბავშვის გრძნობები სერიოზულად უნდა აღვიქვათ, მიუხედავად იმისა, სიტუაცია საგანგაშოა თუ არა. შესაძლოა, რომ ზაფხულის დასრულებით გამოწვეული განშორება დედის თვალში ძალიან უმნიშვნელო უსიამოვნება იყო, მაგრამ მისი რეაქცია შვილის გრძნობებისადმი თანაგრძნობას არ უნდა ყოფილიყო მოკლებული. კეროლის დედას შეეძლო ეთქვა შემდეგი:  -კეროლი აღელვებულია. ყველაზე მეტად იმით დავეხმარები თუ ვაჩვენებ, რომ მისი განცდები კარგად მესმის. როგორ შეიძლება ეს მოვახერხო? მასთან მის გრძნობებზე საუბრით. ასეთ შემთხვევაში კი, ის ქვემოთ მოცემული ვარიანტებიდან, რომელიმეს იტყოდა:

– სიუზის გარეშე სიმარტოვე იქნება.

– შენ ის უკვე გენატრება.

– განშორება რთულია, როცა ასე ეჩვევი ერთად ყოფნას.

– სახლი ალბათ ძალიან ცარიელი გეჩვენება სიუზის გარეშე.

ასეთი პასუხები  მშობელსა და ბავშვს შორის სიახლოვეს ქმნის. როცა ბავშვები გრძნობენ, რომ მათი ესმით, მარტოობისა და ტკივილის შეგრძნება უმცირდებათ. როდესაც ბავშვები ხედავენ, რომ მათი ნამდვილად ესმით, სიყვარული მშობლის მიმართ ღმრავდება. მშობლის მიერ გამოხატული თანაგრძნობა მათ მტკივნეულ გრძნობებს მალამოსავით ედება.

როდესაც ბავშვს თანავუგრძნობთ და გულთან ახლოს მიგვაქვს მისი განცდები, სიტყვებით გამოვხატავთ მისი გრძნობებისა და ემოციების არსებობას, ის, როგორც წესი, ახერხებს ძალების მოკრებას და უმკლავდება არასასურველ ემოციებს.

***

შვიდი წლის ალისას შუადღის გატარება მეგობარ ლეასთან ერთად ჰქონდა დაგეგმილი. მოულოდნელად გაახსენდა, რომ მისი კლუბის შეხვედრაც შუადღეს ტარდებოდა. მან ტირილი დაიწყო.

დედა: – ოჰ, ვხედავ, რომ იმედგაცრუებული ხარ. ძალიან ელოდებოდი ლეასთან თამაშს.

ალისა: – ჰო! რატომ არ შეიძლება ჩემი კლუბის შეხვედრა სხვა დროს იყოს?

ცრემლები შეწყდა. ალისამ მეგობარ ლეას დაურეკა და მასთან თამაში სხვა დღისთვის დაგეგმა. შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა და კლუბის შეხვედრისთვის მზადება დაიწყო.

ის ფაქტი, რომ დედა გაგებითა და თანაგრძნობით მოეკიდა ალისას იმედგაცრუებას, შვილს სირთულესთან და იმედგაცრუებასთან გამკლავებაში დაეხმარა. დედამ ალისას გრძნობები და ემოციები გააჟღერა და არ უცდია სიტუაციის შემსუბუქება. მას ასევე არ უთქვამს შვილისთვის რატომ ატეხე ასეთი ამბავი არაფრის გამოო ან ლეასთან თამაშს სხვა დროსაც ხომ შეძლებ და რა დიდი ამბავია ეს ყველაფერი, ერთი ვიცოდეო.

ის გამიზნულად მოერიდა ისეთი გაცვეთილი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა: „კარგად იცი, რომ ორ ადგილას ერთდროულად ვერ იქნები“. ამ სიტუაციაში დედას შვილი არ დაუდანაშაულებია, არც შეურცხვენია და არ უთქვია: „კი მაგრამ რატომ დაგეგმე მეგობართან შეხვედრა, როცა იცოდი, რომ ოთხშაბათი სკაუტების კლუბის შეხვედრის დღეა?“

***

ქვემოთ წარმოდგენილი დიალოგი ნათლად უჩვენებს თუ როგორ მოახერხა ერთმა მამამ შვილის ემოციებისა და წუხილის განელება მათი აღიარებითა და გაჟღერებით.

როდესაც, ღამის ცვლაში მომუშავე მამა, რომელიც დედის სამსახურში წასვლის შემდეგ დღისით სახლის საქმეებზეც ზრუნავდა, მაღაზიიდან სანოვაგით დაბრუნდა, სახლში ძალიან გაბრაზებული 8 წლის ვაჟიშვილი დახვდა.

მამა:  – გაბრაზებულ ბიჭს ვხედავ! არა, გაბრაზებულს კი არა, ძალიან გაბრაზებულს.

დევიდი: – გაბრაზებული ვარ! არა, ძალიან გაბრაზებული!

მამა: – ვაა.

დევიდი: – (ძალიან ჩუმად) მენატრებოდი. შენ არასოდეს მხვდები სახლში, როცა სკოლიდან მოვდივარ.

მამა: – კარგია, რომ მითხარი. აწი მეცოდინება, რომ სახლში გინდა დაგხვდე, როცა სკოლიდან ბრუნდები.

დევიდი მამას ჩაეხუტა და ეზოში  სათამაშოდ გავიდა. მამამ იცოდა, თუ როგორ უნდა გამოესწორებინა შვილის განწყობა. მას არ დაუწყია თავის მართლება და ახსნა იმისა თუ რატომ არ იყო სახლში: „საყიდლებზე ხომ უნდა წავსულიყავი. აბა რას შეჭამდი საჭმელი, რომ არ მეყიდა“. მას არ უკითხავს შვილისთვის რატომ ხარ გაბრაზებულიო. ამის ნაცვლად მამამ შვილის გრძნობები და ემოციები თვითონვე გააჟღერა.

მშობლების უმეტესობა ვერ აცნობიერებს, რომ სრულიად უშედეგოა ბავშვების დარწმუნება იმაში, რომ მათი საჩივრები უსაფუძვლოა და მათ მიერ სიტუაციის აღქმა კი – არასწორი. ამის საბოლოო შედეგი მხოლოდ კამათი და ბრაზია.

***

ერთ დღეს თორმეტი წლის ელენი სკოლიდან ძალიან გაბრაზებული დაბრუნდა.

ელენი: – ვიცი, რომ იმედგაცრუებული იქნები, ტესტში 100-დან 80 ქულა მივიღე. ვიცი  რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის, რომ 90-ზე მაღალი ქულა მივიღო.

დედა: – ჩემთვის მართლა სულერთია. და საერთოდაც, როგორ ამბობ ასეთ რამეს? სულაც არ ვარ იმედგაცრუებული შენი ქულებით. ვფიქრობ, რომ 80 ქულა ძალიანაც კარგია.

ელენი: – მაშინ რატომ მეჩხუბები ყოველთვის, როცა 90-ზე დაბალ ქულას ვიღებ?

დედა: – როდის გეჩხუბე? მე კი არა, ეს შენ ხარ იმედგაცრუებული და ახლა დგახარ და მე მადანაშაულებ.

ელენამ ტირილი დაიწყო და ოთახიდან გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ დედამ გააცნობიერა შვილი საკუთარი იმედგაცრუების აღიარების ნაცვლად დედას ადანაშაულებდა, ამ ფაქტზე თითის გაშვერითა და კამათით მან შვილის გრძნობები და ემოციები ვერ გამოასწორა. დედა ბევრად უფრო სასარგებლო საქმეს გააკეთებდა არსებული სიტუაციის შვილისეული აღქმა უბრალოდ რომ გაეჟღერებინა:

– ძალიან გინდა, რომ შენი ქულები ჩემთვის მნიშვნელოვანი სულაც არ იყოს. შენ გინდა თვითონ გადაწყვიტო რომელი ქულა შეიძლება ჩაითვალოს შენთვის კარგ ქულად და რომელი არა. გასაგებია ყველაფერი“.

არამხოლოდ ბავშვები, არამედ თუნდაც სრულიად უცნობი ზრდასრული ადამიანები აფასებენ იმას, როცა ჩვენ მათ სირთულეებს გაგებით ვეკიდებით.

მისის გრაფტონს საშინლად არ უყვარდა ბანკში მისვლა,  -იქ ყოველთვის ხალხმრავლობაა. მენეჯერი კი ყოველთვის ისე იყურება და იქცევა, თითქოს დიდ პატივს მდებდეს უბრალოდ იქ ყოფნით. ყოველთვის, როცა მასთან მიწევს მიახლოება, ძალიან ვიძაბები.

ერთ პარასკევ დღეს, მას ბანკის მენეჯერის ხელმოწერა დასჭირდა რაღაც საბანკო დოკუმენტზე. ძალიან ღიზიანდებოდა, როცა აკვირდებოდა მენეჯერის ქცევისა და საუბრის მანერას სხვებთან მიმართებაში. მაგრამ მისის გრაფტონმა გადაწყვიტა საკუთარი თავი წარმოედგინა ბანკის მენეჯერის სიტუაციაში და თანაგრძნობა და მისი გაგების მცდელობა შემდეგი სიტყვების თქმით გამოხატა:

– კიდევ ერთი მძიმე პარასკევი დღე გაქვთ დღეს, არა? ყველა თქვენს ყურადღებას ითხოვს, ჯერ კი შუადღეც არ არის. არც კი ვიცი როგორ ახერხებთ მთელი დღე ამ ყველაფერთან გამკლავებას.

კაცს სახე გაუნათდა. ქალი მას პირველად ხედავდა გაღიმებულს.

– დიახ, აქ ყოველთვის ბევრი საქმეა. ყველას უნდა, რომ პირველი მას მოვემსახურო. თქვენ რით შემიძლია დაგეხმაროთ?

მენეჯერმა არა მხოლოდ ხელი მოუწერა მის გრაფტონს ჩეკზე, არამედ ოპერატორამდეც კი მიაცილა, რომ სწრაფად დაესრულებინათ მისი საბანკო ოპერაცია.

 

წყარო: თავი 1 – ჰაიმ გინოტის წიგნიდან “მშობელსა და ბავშვს შორის” 


3 Comments

გახმოვანებული ქართულენოვანი საბავშვო სურათებიანი წიგნები YouTube-ზე

 

სულ ცოტა ხნის წინ ახალი რამ წამოვიწყეთ – ქართულენოვანი საბავშო სურათებიანი წიგნების გახმოვანება და მათი ატვირთვა YouTube-ზე.

მიუხედავდ იმისა, რომ ყველამ კარგად ვიცით თუ რამდენად მავნებელია პატარებისთვის ეკრანთან დროის გატარება და რამდენად უკეთესია მათთვის ამის ნაცვლად წიგნების კითხვა, თამაში და გარეთ სირბილი, ამა თუ იმ მიზეზის გამო ისინი მაინც ატარებენ დროს ეკრანთან და ხშირად მათი ასაკისთვის სრულიად შეუფერებელი შინაარსის ფილმების თუ ვიდეო რგოლების ყურებაში.

რადგანაც გახმოვანებული ქართულენოვანი საბავშვო სურათებიანი წიგნების ნაკლებობაა ინტერნეტ სივრცეში, ვიფიქრეთ ეს წამოწყება სახალისოსთან ერთად, სასარგებლოც აღმოჩნდებოდა ქართველი პატარებისთვის. იმედია, ასეც იქნება.

10 წლის მარი, დიდი ხალისით ჩაერთო ამ წამოწყებაში და სიამოვნებით ახმოვანებს წიგნებს.  მარის ასევე შეურთდნენ 3 წლის ანასტასია და 6 წლის ლუკა 🙂

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ბავშვების მიერ გახმოვანებულ საბავშვო წიგნებს. იმედია მოგეწონებათ ისინი თქვენ და რაც მთავარია, თქვენს პატარებსაც.

#1 “კასტორი ღებავს” – ავტორი ლარს კლინტინგი

 

#2 “კასტორი აცხობს” – ავტორი ლარს კლინტინგი

 

#3 “კასტორი დურგლობს” ავტორი ლარს კლინტინგი

 

#4 “ოლივერი და პეჩი” ავტორები კლერ ფრიდმანი და კეიტ ჰინდლი

 

#5 “ბალეტი რა ძაღლის საქმეა?!” ავტორები ანა კემპი და სარა ოგილვი

 

#6 “ბაბუს კუნძული” ავტორი და ილუსტრატორი ბენჯი დეივისი

 

#7 “თეთრი ლომი” – ავტორები ჯიმ ჰელმორი და რიჩარდ ჯონსი

 

#8 “მიყვარხარ დედიკო” ავტორი ჯოანა ვოლში

 

#9 “მიყვარხარ მამიკო” ავტორი ჯოანა ვოლში

 

#10 “მარტორქები ბლინებს არ ჭამენ” –   ავტორები ანა კემპი და სარა ოგილვი 

 

#11 “ჰიპა ირჩევს პროფესიას” ავტორები ანა ჯანელიძე და ალექს ჩიყვინაძე

 

#12 “რუ – მრგვინავი დინოზავრი” ავტორები დევიდ ბედფორდი და მენდი სტენლი

 

#13 “მანდ ვინ არის?” 

 

#14 “ნადირობა უზარმაზარ ფხუკუნაზე” – ავტორები კლერ ფრიდმენტი და კეიტ ჰინდლი

 

#15 “კაკ-კუკ! აქ ვინ არის?”

#16 “როგორ დავბანოთ ფუმფულა მამონტი” – ავტორები მიშელ რობინსონი და ქეით ჰინდლი


დატოვე კომენტარი

რატომ არის მიუღებელი ბავშვის ფიზიკური დასჯა

1ერთ მზრუნველ დედას, ანას, სჯეროდა, რომ ბავშვის ფიზიკური დასჯა იყო მშობლის უფლება და მოვალეობა. მისი აზრით,  ეს მიდგომა იყო აუცილებელი, რადგანაც ცემა დაეხმარებოდა მას დამჯერი ბავშვის აღზრდაში. თუმცა, რამდენიმე თვის ფიზიკური დასჯის შემდეგ, ანას შვილი ჩაიკეტა. დედა ამჩნევდა, რომ ბავშვმა დაიწყო მარტომ თამაში კუთხეში, აღარ აინტერესებდა სხვა ბავშვებთან ურთიერთობა და თვალებში აღარ უყურებდა დედას. ბავშვს სრულიად დაკარგული ჰქონდა მისი ადრინდელი ხალისი. გარეგნულად ის იყო „კარგი ბიჭი“, მაგრამ შინაგანად თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ბავშვი ფიქრობდა, რომ რადგანაც იმსახურებს ცემას, ესეიგი ის ძალიან ცუდია. ის გრძნობდა თავს უსუსურ, უფროსების მიერ დამორჩილებულ, საცოდავ, პატარა არსებად.

ბავშვის თვითშეფასება იწყება სხვების მიერ, განსაკუთრებით კი მისი მშობლების მიერ, მისი პიროვნების აღქმით. ყველაზე მოსიყვარულე ოჯახშიც კი, თუნდაც ძალიან მსუბუქი დარტყმა, ბავშვს ძალიან აბნევს. განსაკუთრებით თუ ბავშვი პატარაა იმისათვის, რომ გაიაზროს მისი ცემის მიზეზი. მშობლები, როგორც წესი, ძალიან დიდ დროს ხარჯავენ იმაზე, რომ ბავშვს აგრძნობინონ თავი ღირებულ ადამიანად, აფიქრებინონ, რომ ის „ძალიან კარგია“. მაგრამ ერთ დღეს ბავშვი შემთხვევით ამტვრევს ჭიქას და მშობლები ამისთვის მას ფიზიკურად სჯიან (თუნდაც ძალიან მსუბუქი ფორმით). ბავშვი ამ  დროს ფიქრობს: „რადგან მცემეს, ესეიგი მე ძალიან ცუდი ვარ“ და მშობლების მიერ აქამდე გაწეული ბავშვის თვითშეფასების ასამაღლებელი მთელი ძალისხმევა მთლიანად წყალში იყრება.

შესაძლოა თქვენ ფიქრობთ, „მე ხშირად არ ვურტყამ ჩემს შვილს ან ისე მაგრა სულაც არ ვცემ. უმეტესწილად, მას მე ვესიყვარულები და ძალიან თბილი ვარ მის მიმართ. ძალიან იშვიათი და თან მსუბუქი დარტყმის გამო, ის სულაც არ იდარდებს“. შესაძლოა თქვენი მოსაზრება სწორია ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებსაც ცემის/მსუბუქი გარტყმის ფაქტი უფრო ამახსოვრდებათ, ვიდრე მზრუნველობის შემთხვევები. შესაძლოა თქვენი აღზრდის მეთოდი მოიცავს ასი ჩახუტებიდან მხოლოდ ერთ მსუბუქ დარტყმას, მაგრამ, დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედ ამ ერთმა დარტყმამ უფრო მეტად იმოქმედოს ბავშვზე და უფრო დაამახსოვრდეს ეს ცემის ფაქტი, ვიდრე ის ასი ჩახუტება, განსაკუთრებით კი თუ დარტყმას ადგილი ჰქონდა გაბრაზებულ გულზე ან უსამართლოდ, რაც, როგორც წესი, ხშირად ხდება ხოლმე.

დარტყმა აუფასურებს მშობლისა და ბავშვის ურთიერთობას

ფიზიკური დასჯა აკნინებს მშობლის როლს და აუფასურებს მშობლისა და ბავშვის ურთიერთობას. ფიზიკური დასჯა ერთმანეთს აშორებს დამსჯელსა და დასჯილს. იყო ავტორიტეტი, ნიშნავს რომ შენ გენდობიან და პატივს გცემენ, მაგრამ არ ეშინიათ. ავტორიტეტის მოპოვება შიშით შეუძლებელია.

ის მშობლები, რომლებიც ფიზიკური დასჯის გზით ახდენენ მათი შვილების კონტროლს, ხშირად საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენისანი არიან სწორედ ამ საქციელის გამო. გულის სიღრმეში მათ არ მიაჩნიათ ეს საქციელი გამართლებულად. ხშირად ისინი სცემენ ან უყვირიან ბავშვებს სასოწარკვეთილების გამო, რადგანაც არ იციან ბავშვთან კომუნიკაციის სხვა ხერხი. როგორც წესი, ასეთი მიდგომის გამოყენების შემდეგ, ისინი კიდევ უფრო უსუსურად გრძნობენ თავს,  განსაკუთრებით მაშინ, როცა აღმოაჩენენ, რომ ეს დასჯის ფორმა რეალურად არ მუშაობს. ერთ-ერთმა დედამ, რომელიც იყენებდა  ცემას, როგორც დასჯის მეთოდს, თქვა: „მე მოვიგე ბრძოლა, მაგრამ დავმარცხდი ომში! ახლა ჩემს შვილს ჩემი ეშინია და მე ვგრნძობ, რომ დავკარგე რაღაც ძალიან ძვირფასი.“

მშობლები, რომლებიც გამუდმებით იყენებენ ფიზიკურ დასჯას, როგორც ბავშვის კონტროლის მექანიზმს, თავს იგდებენ ორივე მხარისთვის წამგებიან მდგომარეობაში. ასეთ დროს არა მხოლოდ ბავშვი კარგავს მშობლის პატივისცემას, არამედ თვითონ მშობლებიც არასასურველ სიტუაციაში იგდებენ საკუთარ თავს. მათი გონება მხოლოდ ფიზიკურ დასჯაზეა მომართული და ისინი სრულიად კარგავენ სხვა ალტერნატივების მოფიქრების უნარს. როგორც წესი, ასეთ მშობლებს არ აქვთ არანაირი წინასწარ დაგეგმილი, გაანალიზებული სტრატეგიები ბავშვის ქცევისათვის სასურველი მიმართულების მისაცემად. ამის შედეგად ბავშვი კიდევ უფრო ცუდად იქცევა, რაც იწვევს მის უფრო ხშირ ფიზიკურ დასჯას. ასეთი მიდგომის შედეგად ბავშვი ვერ ავითარებს შინაგანი კონტროლის უნარს.

ფიზიკური დასჯა, როგორი “მსუბუქიც” არ უნდა გვეჩვენებოდეს ის, ასწავლის ბავშვს, რომ მისაღებია დაარტყა ადამიანს. ამ გზით ბავშვს ვეუბნებით, რომ მისაღებია ზრდასრულმა დაარტყას პატარას ანუ ძლიერმა დაარტყას სუსტს.  ასე, ბავშვები სწავლობენ, რომ პრობლემა თუ გაქვს, უნდა მოაგვარო მუშტით. ბავშვი, რომლის ქცევის მართვაც ხდება ძალადობრივი გზით, დიდი ალბათობით იგივე მეთოდს გამოიყენებს სხვებთან ურთიერთობის დროსაც: და-ძმასთან თუ თანატოლებთან, საბოლოოდ კი მეუღლესთან და შვილებთან.

ცემა არ აუმჯობესებს ბავშვის ქცევას

ბავშვისგან სასურველი ქცევის მიღების პრინციპია: ბავშვი, რომელიც თავს გრძნობს კარგად, იქცევა კარგად! ცემა ძირს უთხრის ამ პრინციპს. რაც უფრო ცუდად იქცევა ბავშვი, როგორ წესი, მით უფრო მეტ ცემას იმსახურებს და თავსაც უფრო ცუდად გრძნობს.

სწორი აღზრდისას, როცა ბავშვი ცუდად იქცევა, მშობლის მიზანია გააგებინოს, რომ მისი ქცევა მიუღებელია, რომ ის ცუდად მოიქცა, დააფიქროს ბავშვი, რათა მან იგრძნოს სინანული მისი საქციელის გამო. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს კარგი წარმოდგენა საკუთარ თავზე და  ფიქრობდეს, რომ ის არის ადამიანი, რომელიც მშობლებისთვის ძალიან ღირებულია.

ბავშვები, როგორც წესი, ცემას აღიქვამენ როგორც უსამართლო სასჯელს. ძალიან ხშირად კი უსამართლობის გრძნობა გადადის სირცხვილის, შეურაცხოფის გრძნობაში. როდესაც დასჯის მეთოდი შეურაცხმყოფელია ბავშვებისთვის, ისინი უჯანყდებიან მშობლებს ან იკეტებიან საკუთარ სამყაროში.

ცემის ფაქტებს შეუძლიათ სხვა მხრივ ყველანაირად ბედნიერი ბავშობის დღეებისთის მძიმე დაღის დასმა. ადამიანი, როგორც წესი უფრო მეტად იხსენებს ტრამვულ შემთხვევბს მათი ცხოვრებიდან, ვიდრე სასიამოვნო მოვლენებს. ფიზიკური დასჯის არასასიამოვნო მომენტებს შეუძლიათ მთლიანად დაჩრდილონ და დაბლოკონ ბავშვობის კარგი მოგონებები.

ფიზიკურ დასჯა გრძელვადიანი ნეგატიური შედეგების მიზეზი ხდება. წარმოგიდგენთ კვლევების მოკლე მიმოხილვას, სადაც ნაჩვენებია ფიზიკური დასჯის გრძელვადიანი შედეგები:

  • ერთ-ერთმა გრძელვადიანმა კვლევამ უჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც იზრდებოდნენ ისეთ ოჯახებში, სადაც ფიზიკური დასჯა აღზრდის მეთოდის შემადგენელი ნაწილი იყო, გახდნენ ასოციალურები და ეგოცენტრულები. ფიზიკური ძალადობა კი მათთვის გახდა პრობლემების მოგვარების მისაღები ფორმა.
  • 679 უნივერსიტეტის სტუდენტის გამოკითხვამ უჩვენა, რომ იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც ახსოვდათ თუ როგორ ისჯებოდნენ ბავშვობაში ფიზიკურად, უფრო მისაღები იყო ბავშვის ფიზიკური დასჯა აღზრდის/დისციპლინის მიზნით. ეს სტუდენტები თვითონაც აპირებდნენ ამ მეთოდის გამოყენებას საკუთარ შვილებთან. იმ სტუდენტებს კი, რომლებიც ბავშვობაში ფიზიკურად არ ისჯებოდნენ, გაცილებით ნაკლები მიმღებლობა ჰქონდათ ბავშვის ფიზიკური დასჯის მიმართ, ვიდრე მათ, ვინც თვითონ ფიზიკურად ისჯებოდა ბავშვობაში.
  • კვლევამ, რომელიც შეისწავლიდა ფიზიკური დასჯის გავლენას ბავშვების აგრესიულ ქცევაზე, უჩვენა, რომ რაც უფრო ხშირად ისჯებოდა ბავშვი ფიზიკურად, მით უფრო დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ის უფრო აგრესიულად მოექცეოდა ოჯახის სხვა წევრებს და თანატოლებს.
  • კვლევამ, რომელიც შეისწავლიდა აქვს თუ არა რაიმე გრძელვადიანი ნეგატიური გავლენა მცირეწლოვანი ბავშვის დასჯას ხელებზე დარტყმით უჩვენა, რომ 3 წლამდე ბავშვები, რომლებიც ისჯებოდნენ ხელებში დარტყმით, ჰქონდათ სერიოზული ჩამორჩენა გარემოს კვლევის უნარების განვითარებაში.
  • იმ ზრდასრულებში, რომლებიც ფიზიკურად ისჯებოდნენ მათი მშობლების მიერ, ოთხჯერ მეტი იყო მეუღლის ცემის ფაქტი, ვიდრე მათში, ვინც არ ისჯებოდა ფიზიკურად.
  • 4-დან 1-ი მშობელი, რომელიც იზრდებოდა ოჯახში, სადაც ხშირი იყო ძალადობის ფაქტი, არ ერიდებოდნენ ბავშვების სერიოზულად დაზიანებას დასჯის დროს.
  • პატიმრებს შორის ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ ყველაზე საშინელი კრიმინალები გაიზარდნენ ძალადობრივ ოჯახურ გარემოში.
  • ცნობილი საშიში კრიმინალების, მკვლელების, ნარკომანებისა და ყაჩაღების ცხოვრების ისტორია უჩვენებს, რომ ბავშობაში ისინი იყვნენ გადამეტებული ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი.

ფიზიკური დასჯის ნეგატიური ეფექტების დამამტკიცებელი კვლევები ძალიან ბევრია. ასობით კვლევა უჩვენებს, რომ:

  1. რაც უფრო მეტად ისჯება ბავშვი ფიზიკურად, მით უფრო მეტად აგრესიული ხდება ის.
  2. რაც უფრო მეტად ისჯებიან ბავშვები ფიზიკურად, მით უფრო მეტია იმის შანსი, რომ ისინიც იგივეს გააკეთებენ საკუთარ შვილებთან.
  3. ფიზიკური დასჯა თესავს შემდგომი ძალადობის თესლს.
  4. ფიზიკური დასჯა არ მუშაობს – ის ვერ აღწევს მიზანს!

ფიზიკური დასჯა არ იძლევა შედეგს

ბევრი კვლევა უჩვენებს ფიზიკური დასჯის ნეგატიურ შედეგებს, მაგრამ არც ერთი არ უთითებს, რომ მას მოაქვს რაიმე სარგებელი. ფიზიკური დასჯა, როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის ნეგატიური ეფექტის მომტანია. ცემა არ წაახალისებს კარგ ქცევას, ის აშორებს ერთმანეთისგან შვილებსა და მშობლებს და ხელს უწყობს ძალადობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

 

წყარო: 10 Reasons Not to Hit Your Child


1 კომენტარი

არქეოლოგიური გათხრები ზღვის სანაპიროზე

ზღვა და ქვიშა გართობის ბევრ სშუალებას სთავაზობს ბავშვებს, თუმცა არც ქვიან სანაპიროზე მოიწყენთ თუ მოინდომებთ 🙂

შარშან, ზღვაზე დასვენების დროს, ქვიშის კოშკების აშენებასა და ქვიშის აბაზანების მიღებას, კიდევ ერთი სახის სახალისო გასართობი დავამატეთ: არქეოლოგიური გათხრები ზღვის სანაპიროზე, უფრო კონკრეტულად კი არქეოლოგიური გათხრები დინოზავრების ჩონჩხის აღმოსაჩენად 🙂

ამ მიზნით შევიძინეთ ბევრი დინოზავრი (უფრო სწორად, დინოზავრის ჩონჩხი :)) ვედროები და ნიჩბები კი ისედაც გვქონდა.

თამაშის დასაწყებად ბავშვებს ვთხოვე ცოტა ხნით სხვაგან გასეირნება და ამ დროს ნიჟარებით მონიშნულ ადგილას ქვიშაში ჩავმალე 16 დინოზავრის ჩონჩხი.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მოვუხმე ბავშვებს, დავურიგე ნიჩბები და ვედროები და ბავშვებიც შეუდგნენ ძებნას.

????????????????????????????????????

დინოზავრების ჩონჩხის ძიება დაიწყო

ბავშვები ძალიან დიდი მონდომებით ატარებდნენ არქეოლოგიურ გათხრებს და არ ერიდებობდნენ არანაირ დაბრკოლებას 🙂

????????????????????????????????????

სალი, ნინი და მარი ძიების პროცესში

და აი პირველი აღმოჩენაც. ნინიმ დინოზავრის ჩონჩხი იპოვა 🙂

????????????????????????????????????

ნინის პირველი აღმოჩენა

სალი და მარი კი აგრძელებენ ძიებას მთელი სერიოზულობით.

????????????????????????????????????

ნიდი და სალი

ბოლოს ისე მოხდა, რომ ყველამ თანაბარი რაოდენობის დინოზავრები იპოვა.

????????????????????????????????????

მარი თავისი ჩონჩხებით

ესეც მარის მონაპოვარი დინოზავრის ჩონჩხები

????????????????????????????????????

სალომე

ესეც თავისი მონაპოვარით აღფრთოვანებული სალომე.

????????????????????????????????????

დინოზავრების სამყარო

ძიების დასრულების შემდეგ, გოგონები გადავიდნენ დინოზავრების სამყაროს შექმნაზე.

????????????????????????????????????

ასე დასრულდა ერთი მშვენიერი ზაფხულის დღე ზღივს სანაპიროზე ახალ თამაშთან ერთად.

როგორც დინოზავრების თემის გაგრძელება, ჩვენი შემდეგი მოგზაურობა დავგეგმეთ სათაფლიის ნაკრძალში. აქ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ამ მოგზაურობის პატარა ვიდეო.


1 კომენტარი

ექსპერიმენტი ცელოფნის პარკით

 

 

3მარიმ ამ შაბათს მორიგი სახალისო ექსპერიმენტი ჩაატარა. ამ ექსპერიმენტის საშუალებით კი მან გაიგო, რომ სამყაროში ყველაფერი პაწაწინა ნაწილაკებისაგან, ატომებისგან შედგება და რომ ატომები ერთიანდებიან ჯგუფებად და ამ ჯგუფებს მოლეკულებს უწოდებენ.

მოლეკულებზე და ატომებზე ინფორმაციას კი საბავშვო ენციკლოპედიაში გაეცნო.

23

ექსპერიმენტის საშუალებით მარიმ გაიგო ის, რომ მოლეკულები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ეს განსხვავება ამა თუ იმ ნივთს განსხვავებულ თვისებას ანიჭებს.

ესეც ჩვენი სახალისო ექსპერიმენტი.

 


2 Comments

ტელევიზორი, ძალადობა და ბავშვები

violence-televisionთანამედროვე ბავშვების უმეტესობა ყოველდღიურად საკმაოდ დიდ დროს ატარებს ტელევიზორის ეკრანთან. ტელევიზორი კი საკმაოდ ძლიერი იარაღია ღირებულებათა სისტემის ჩამოსაყალიბებლად და ადამიანის ქცევაზე ზემოქმედების მოსახდენად.

სამწუხაროდ,  სატელევიზიო გადაცემები (ფილმები, მულტფილმები, სხვადსხვა ტიპის შოუები და ა.შ) დღეს დიდი რაოდენობით ძალადობის ელემენტებს შეიცავს. ბევრმა კვლევამ კი, რომელიც ჩატარდა იმის შესასწავლად თუ რა ზეგავლენა აქვს ასეთ გადაცემებს ბავშვებზე უჩვენა, რომ ამ გზით:

  • ბავშვებს უქვეითდებათ თანაგრძნობის უნარი და უქრებათ ემოციები ძალადობის მიმართ,
  • ძალადობა მათთვის ხდება პრობლემების გადაჭრის გზა,
  • ბავშვები ბაძავენ იმ მოძალადეებს, რომლებსაც ხედავენ ტელევიზორის ეკრანზე,
  • საკუთარ თავს ხშირად აიგივებენ ზოგიერთ გმირთან: მსხვერპლთან ან მოძალადესთან.

მუდმივად ძალადობის ყურება ტელევიზორით იწვევს ძალიან დიდ აგრესიას ბავშვებში. ზოგჯერ შესაძლებელია მხოლოდ ერთმა ძალადობის შემცველმა გადაცემამაც კი გაზარდოს აგრესია ბავშვში. ბავშვები, რომლებიც უყურებენ ისეთ გადაცემებს, ფილმებს, სადაც ძალადობა არის ძალიან რეალისტური, ხშირი და დაუსჯელი, მეტი ალბათობით ბაძავენ და იმეორებენ იმას, რასაც ხედავენ. ბავშვები, რომლებიც არიან ძალიან ემოციურები, აქვთ პრობლემები სწავლაში, ქცევაში და არიან იმპულსურები, უფრო ადვილად ექცევიან ტელევიზორში ნანახი ძალადობის გავლენის ქვეშ. ტელევიზიით ნანახმა ძალადობამ შესაძლოა მაშინვე იჩინოს თავი ბავშვის ქცევაში, მაგრამ შესაძლებელია იგი წლების შემდეგაც გამოვლინდეს.

ის ბავშვებიც კი, რომლებიც იზრდებიან ისეთ ოჯახებში, სადაც ძალადობა არ არის მისაღები, ექცევიან ასეთი გადაცემების გავლენის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორი არ არის ძალადობრივი ქცევის ერთადერთი გამომწვევი მიზეზი, ის მაინც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ მხრივ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია მშობლები განსკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს და გაითვალისწინონ შემდეგი:

  • თვალყური ადევნონ იმას თუ რა გადაცემებს უყურებენ მათი შვილები და ეცადონ შვილებთან ერთად უყურონ შერჩეულ გადაცემებს;
  • შეზღუდონ ტელევიზორის ეკრანის წინ გატარებული დრო და არ დადგან ტელევიზორი ბავშვის ოთახში;
  • აუხსნან ბავშვებს, რომ მიუხედავად იმისა,რომ ფილმში ძალადობრივ სცენაში მონაწილეობისას მსახიობებს სინამდვილეში არაფერი მოსდით, რეალურ ცხოვრებაში ასეთი რამ დაუშვებელია და ძალიან მძიმე შედეგით სრულდება.
  • არ მისცენ ბავშვებს საშუალება უყურონ ძალადობრივ ფილმებსა და გადაცემებს, გადართონ სხვა არხზე როცა ძალადობის ელემენტები ჩნდება ეკრანზე და აუხსნან თუ რატომ არის ამის გაკეთება აუცილებელი და რატომ არის ასეთი მოქმედება ზოგადად მიუღებელი;.
  • ყოველთვის, როდესაც შეესწრებიან ტელევიზორში ძალადობრივ სიტუაციას, ხაზი გაუსვან იმ ფაქტს, რომ ასეთი მიდგომა სრულიად მიუღებელია და რომ ის არ არის პრობლემის მოგვარების სწორი გზა.
  • თანატოლების ზემოქმედების შესამცირებლად, სასურველია სხვა მშობლებთანაც საუბარი, რომ მეგობრების მშობლებმაც მსგავსი წესები შეიმუშაონ ტელევიზორთან მიმართებაში.

გარდა ძალადობისა, ტელევიზია სამწუხაროდ ხელს უწყობს სხვადასხვა სტერეოტიპების ჩამოყალიბებასაც და საერთოდ, მიუხედავად იმისა თუ რა ტიპის გადაცემაზეა საუბარი, უმჯობესია ტელევიზორთან გატარებული დრო იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, რათა არ შემცირდეს უფრო საინტერესო და სასარგებლო აქტივობებისთვის გამოყოფილი დრო.

 

წყარო:

American Academy of Child & Adolescent Psychiatry – “Children and TV Violance”.


1 კომენტარი

ნორვეგიულ საბავშვო ბაღებში ბუნებასთან სიახლოვე ადრეული განათლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია

1ნორვეგიელებს აქვთ გამოთქმა „ არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს მხოლოდ ამინდისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი“.  გარეთ, ბუნებაში ყოფნა ნორვეგიელი ბაღის მასწავლებლებისათვის, ისევე როგორც ნორვეგიელი მშობლებისთვის, ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

ნორვეგიულ ბაღებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშებს ჰქონდეთ მათ ბუნებრივ გარემოსთან კავშირის დამყარების საშუალება.  ამიტომაც, მიუხედავად ამინდისა,  ბავშვები იქ დღის უმეტეს ნაწილს გარეთ ატარებენ. ამ დროს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს დაბალი ტემპერატურა. მთავარია ბავშვები ამინდის შესაფერისად იყვნენ ჩაცმულნი.

გარდა ბუნებაში, სუფთა ჰაერზე ყოფნისა, ბავშვები ასევე დიდ დროს ატარებენ ცხოველებთან. ბაღების ნაწილს აქვს ცხოველთა პატარა ფერმა, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ხელით შეეხონ, დააპურონ და ითამაშობონ ცხოველებთან. ღორები, ცხვრები, ძროხები და ქათმები – ამ ცხოველებთან ურთიერთობა ამ ბაღების დიდი ნაწილისთვის ჩვეულებრივი დღის ნაწილია.

როგორც ნორვეგიელი მასწავლებლები ამბობენ, გარეთ ბუნებაში ყოფნისას ბავშვს შესაძლებლობა აქვს ისწავლოს ძალიან ბევრი რამ და ამ ყველაფერს, რაც მთავარია, სწავლობს საკუთარი გამოცდილებით, პროცესში უშუალო ჩართვით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებისათვის, რადგანაც ისინი ყველაფერს ამ ასაკში სწავლობენ შეხებით და უშუალო გაკეთებით. სწავლება ამ დროს ხდება არა ვიღაცის ნათქვამიდან გამომდინარე, ანუ არა როცა მასწავლებელი ეუბნება ბავშვს იმას თუ რა უნდა ისწვლოს, არამედ სწავლა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვს აქვს საშუალება მოსინჯოს საკუთარი თავი ამა თუ იმ საქმეში. ბუნებაში ყოფნა კი ბავშვს აძლევს ასეთი გამოცდილების ქონის უამრავ საშუალებას.

ნორვეგიულ ბაღებში გარეთ ყოფნის დროს ბავშვებს აქვთ აქტივობები სახალისო მეცნიერებაში: ქვთ საშუალება ხელით შეეხონ და შეისწავლონ ხოჭოები, ამოთხარონ ორმოები, გააკეთონ ამინდზე დაკვირვების სადგურები, შეიგრძნონ ყვავილების სურნელი, მოისმინონ ჩიტების გალობა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბაღების მიდგომაში კი ის არის, რომ  აქ ბავშვებს აქვთ დამოუკოდებლად თამაშის შესაძებლობა. ამ დროს მათ ეძლევათ საშუალება თვითონ, უფროსები ჩარევის გარეშე გაუმკლავდნენ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს და ასევე დამოუკიდებლად შეაფასონ მათ წინაშე არსებული რისკები. ბავშვებს აქ აქვთ სივრცე, თავისუფლება და შესაძებლობა გამოიყენონ საკუთარი წარმოსხავა, ისწავლონ საკუთარი გამოცდილებით  და განვითარდნენ.

 

Connecting with Nature, Early Childhood Care and Education in Norway – http://www.earlychildhoodireland.ie/policy-research-and-media/previous-events/a-recent-study-visit-to-norway/


დატოვე კომენტარი

წიგნის ფესტივალი, “პატარა ჟირაფი” და სამი გოჭის ზღაპარი

ახალი წლის წინა დღეებში თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი ჩატარდა. ორგანიზატორებმა “პატარა ჟირაფიც” მიიწვიეს 🙂

გადავწყვიტე ბავშვებისთვის რაიმე ისეთი სახალისო აქტივობა მომეფიქრებინა, რომელიც წიგნებთან კავშირში იქნებოდა. ბოლოს თოჯინების თეატრზე შევაჩერე არჩევანი. დავგეგმე ბავშვებთან ერთად გამეკეთებინა ყველაფერი: თეატრიც და თოჯინებიც, თან გადავწყვიტე ისეთი სპექტაკლი ამერჩია, რომელსაც ბავშვები მარტივად თვითონ გაითამაშებდნენ. ავირჩიე სამი გოჭის ზღაპარი და დაველოდე აქტივობისთვის დაგეგმილ დღეს. მსგავსი რამ ადრე სახლში გავაკეთე ბავშვებთან ერთად და გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა თუ რა როგორ უნდა გაკეთებულიყო.

დღე სახალისო გამოგვივიდა.

თავიდან დავიწყეთ გოჭების მომზადება სპექტაკლისთვის 🙂

4

ბავშვვები, რომლებიც ხედავდნენ ჩვენს საქმიანობას ძალიან უნდოდათ შემოერთდება, მაგრამ გამონაკლისი შემთხვევის გარდა მათ დიდხანს არ ტოვებდნენ ჩვენს კარავში, რადგან მშობლების უმეტესობას ეჩქარებოდა.

2

 

დგვრჩნენ ერთგული ბავშვები, რომლებიც მშობლების თხოვნის და მიუხედავად ადგილიდან არ დაიძრნენ, სანამ ბოლომდე არ მივიყვანეთ საქმე 🙂


6

 

როგორც დაგეგმილი გვქონდა, გავაკეთეთ თოჯინები თეატრისთვის. ბოლოს კი უშუალოდ თოჯინების თეატრიც. ბავშვებმა გაიხსენეს სამი გოჭის ზღაპარი და თვითონ გაითამაშეს სპექტაკლიც 🙂

1

იმ დღეს კიდევ ერთხელ დავფიქრდი ერთ რამეზე, რომელზეც არაერთხელ ადრეც მიფიქრია…რამდენი რამ აკლიათ ბავშვებს საქართველოში.  როცა მშობლები ცდილობენ,  სადმე შესაფერის ადგილას წაიყვანონ ბავშვები დროის მხიარულად გასატარებლად – ძალიან მწირი არჩევანის ფონზე უწევთ გადაწყვეტილების მიღება.

სად უნდა წაიყვანო ბავშვი თბილისში? როგორც მესმის და ვხედავ არჩევანი ძირითადად შემოიფარგლება თეატრითა და კინოთი (სადაც ასევე მწირია არჩევანი ბაშვებისთვის), არის კიდევ ძალიან უღიმღამო პარკები, რომელსაც უფრო და უფრო ავიწროებენ მდიდარი ძიები და კიდევ სრულიად არასასრუველი ადგილები – მაკდონალდსი და ვენდი. სხვა ადგილი სამწუხაროდ არ მახსენდება, სადაც ბავშვის წაყვანა შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს. თუ გახსენდებათ რამე, რაც მე არ ვიცი ან არ მახსენდება, იქნებ გამიზიაროთ 🙂

არა და რამდენ რამეს ვაკლებთ ბავშვებს…განსაკუთრებით ჩემთვის საოცნებოა საბავშვო მუზეუმი, რომელიც ინტერაქტიულ განმავითარებელ აქტივობებს სთავაზობს ბავშვებს და აჩვენებს, რომ მეცნიერება სახალისოა.

ძალიან მინდა რამე ისეთი საბავშვო ადგილი, კლუბი გავაკეთო, სადაც ბევრი საინტერესო, სასარგებლო და განმავითარებელი აქტივობა იქნებდა მუდამ დაგეგმილი და სადაც ბავშვებს მისვლა შეეძლებათ არა მხოლოდ ახალი წლის წინა დღეებში, არამედ წელიწადის ნებისმიერ დროს.

7


4 Comments

არასწორი შექება შესაძლოა საზიანოც კი იყოს ბავშვისთვის

7სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ქეროლ დვეკი 1960-იანი წლებიდან იკვლევს ისეთ თემას, როგორიცაა მოტივაცია და ხასიათის სიმტკიცე. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მან დაასკვნა, რომ ბავშვები იყოფიან ორ ჯგუფად:

პირველ ჯგუფში შედიან ის ბავშვები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ბევრი შრომა და შენს თავზე სერიოზული მუშაობა გჭირდება, მაშინ უუნარო და უნიჭო ხარ. ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანის ინტელექტი დაბადებისას უკვე განსაზღვრულია და მისი შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია.  მათი აზრით, თუ უნარი გაქვს, ყველაფერს ძალიან ადვილად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აკეთებ.

როდესაც ეს ბავშვები, რომლებსაც მიანიჭეს ნიჭიერისა და განსაკუთრებულად ჭკვიანის სტატუსი, რაიმე საქმეში მარცხს განიცდიან, თავს გრძნობენ, როგორც ხაფანგში დატყვევებულნი და ფიქრობენ, რომ სინამდვილეში სულაც არ არიან ისეთი ჭკვიანები და ნიჭიერები, როგორც მათ აქამდე ახასიათებდნენ სხვები. ხოლო იმისათვის, რომ არ დაკარგონ აქამდე მოპოვებული ჭკვიანის ან ნიჭიერის სტატუსი, ცდილობენ თავი აარიდონ რთულ ამოცანებს.

ასეთი ბავშვების დასახასიათებლად პროფესორი დვეკი იყენებს უკვე ფართოდ დამკვიდრებულ ტერმინს „fixed mindset“ -ანუ ფსიქოლოგიური განწყობა, როცა არ გჯერა უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობის.

მეორე ჯგუფში კი, დოქტორ დვეკის დაკვირვებით, შედიან ბავშვები, რომლებსაც მტკიცედ სჯერათ იმის, რომ რაც უფრო მეტს იშრომებ, ისწავლი და მეტ სირთულეებს გაუმკლავდები, მით უფრო ჭკვიანი გახდები ანუ უფრო გაიზრდება შენი გონებრივი თუ სხვა სახის უნარები. ამ ბავშვებს ესმით, რომ გენიოსებსაც სჭირდებათ ბევრი მუშაობა.

როდესაც რაიმე არ გამოსდით, მათ სჯერათ, რომ მოცემული საკითხისთვის მეტი დროის გამოყოფითა და უფრო მეტი მიზანმიმართული შრომით, შესაძლებელია სირთულის დაძლევა და პრობლემის მოგვარება. ისინი მეტ ღირებულაბას ანიჭებენ სწავლის პროცესს, ვიდრე სხვის თვალში ჭკვიანის ან ნიჭიერის სტატუსის მოპოვებას. ამიტომაც ისინი დიდ სიმტკიცეს იჩენენ რთულ ამოცანებთან გამკლავებისას. ამ ჯგუფში შემავალი ბავშვებისთვის დვეკი იყენებს ტერმინს „Growth Mindset“ – ანუ ფსიქოლოგიური განწყობა, როცა გჯერა, რომ ბევრი შრომითა და შეუპოვრობით, შესაძლებელია უნარების განვითარება.

საინტერესოა, რის შედეგად ხვდებიან ბავშვები პირველ ან მეორე ჯგუფში და საიდან უჩნდებათ მათ მსგავსი შეხედულებები და ფსოქოლოგიური განწყობა?

როგორც პროფესორი დვეკი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე უჩვენებს, ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან თუ როგორ ვურთიერთობთ ბავშვებთან და რა სახის შექებას მივმართავთ მათ წასახალისებლად. ის თუ რა სიტყვების გამოყენებით ვაქებთ ბავშვებს, პირდაპირ გავლენას ახდენს მათი ხასიათის ჩამოყალიბებაზე და მათ დამოკიდებულებაზე რთულ საკითხებთან. ამ ყველაფერს კი უკვე მნიშვნელობა ენიჭება 1 წლის ასაკიდან.

ამ საკითხზე ჩატარებული კვლევები

პროფესორმა დვეკმა ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში მოიწვია მეხუთე კლასელები, გაყო ისინი ორ ჯგუფად და მისცა ამოცანები IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) ტესტიდან.

პირველ ჯგუფში შემავალ ბავშვებს შექებისას მკლევარებმა უთხრეს, რომ ისინი ნიჭიერები და ჭკვიანები იყვნენ:

„ძალიან კარგი ქულა მიიღე. ალბათ ამ საკითხში ძალიან ნიჭიერი ხარ“

მეორე ჯგუფში შემავალი ბავშვები კი შეაქეს მათი ძალისხმევისთვის და უთხრეს:

 „ძალიან კარგი ქულა მიიღე. ალბათ ძალიან მოინდომე“.

ტესტების პირველი შედეგების დასრულების შემდეგ, ქალბატონმა დვეკმა განაგრძო კვლევა და ბავშვებს მისცა არჩევანის საშუალება: აერჩიათ რთული ან მარტივი ამოცანა შემდეგი ეტაპისთვის.

ბავშვებმა, რომლებიც შეაქეს მათი მონდომებისთვის, აირჩიეს უფრო რთული ამოცანები, იცოდნენ რა რომ ასე უფრო მეტის სწავლას შეძლებდნენ. ამ ჯგუფში შემავალი ბავშვები ძირითადად რჩებოდნენ სწავლის მიმართ მოტივირებულნი და არ კარგავდნენ თავდაჯერებულობას ამოცანების საგრძნობლად გართულების შემთხვევაშიც.

რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომლებიც შეაქეს მათი ნიჭისთვის, ირჩევდნენ უფრო მარტივ ამოცანებს ტესტის შემდეგი ეტაპისთვის. იცოდნენ რა, რომ ჰქონდათ ამ ამოცანებში წარმატების მიღწევის უფრო დიდი შანსი. მაგრამ მათი თავდაჯერებულობა საგრძნობლად შემცირდა ამოცანების გართულების შემდეგ, ხოლო ქულების გადათვლისას კი ისინი ცდილობდნენ ეჩვენებინათ თითქოს უფრო მაღალი ქულები მიიღეს ტესტებში ვიდრე ეს სინამდვილეში იყო.

ერთ-ერთი კვლევა ამ საკითხზე დვეკმა ჩაატარა ამერიკულ ოჯახებში. კვლევისთვის დვეკის ჯგფუმა აირჩია 53 ოჯახი. ყოველ 4 თვეში ერთხელ 2 წლის განმავლობაში სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები მიდიოდნენ ამ ოჯახებში და აკეთებდნენ დაკვირვებას და ჩანაწერებს ოჯახში მიმდინარე ყოველდღიურ მოვლენებზე დაახლოებით 3 საათის განმავლობაში. ხოლო ამ კვლევაში ჩართული ოჯახების ბავშვები კვლევის დაწყების დროს იყვნენ დაახლოებით 1 წლის და 2 თვის.

მონაცემთა შეგროვების შემდეგ, მკვლევარები ითვლიდნენ თუ რამდენად ხშირად და რა ტიპის შესაქებ სიტყვებს იყენებდნენ მშობლები ბავშვების წახალისების დროს: აქებდნენ მონდომებისთვის, მცდელობისთვის თუ მათი რაიმე კონკრეტული თვისებების ხაზსგასასმელად, ასევე ჰქონდა თუ  არა ადგილი სხვა ტიპის შექებას, რომელსაც როგორც წესი ნეიტრალური ეფექტი აქვს ბავშზე, მაგალითად შექების დროს ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა „კარგია“, „მაგარია“ და ა.შ.

კვლევის საბოლოო შედეგების შესამოწმებლად დვეკის ჯგუფი იცდიდა 5 წელი.

შემდგომ ეტპზე, 5 წლის შემდეგ კი ჯგუფმა გამოიკვლია უკვე გაზრდილი ბავშვების დამოკიდებულება სირთულეებისა და სწავლების მიმართ (ამ დროს იგივე ბავშვები უკვე 7-8 წლისანი იყვნენ).

კვლევაში ჩართული ბავშვების გარკვეულ ნაწილს ამ ასაკში ჩამოუყალიბდათ „growth mindset“ ანუ ბავშვების ამ ნაწილს სჯეროდა მონდომებისა და შრომით მიღწეული წარმატების, ისინი უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებულნი რთული საკითხებით და არ ეშინოდათ მარცხის.

და როგორ ფიქრობთ, რომელ ბავშვებს ჩამოუყალიბდათ ასეთი დამოკიდებულბა?

იმ ბავშვებს, რომლებსაც მცირეწლოვან ასაკში აქებდნენ მცდელობისთვის, მონდომებისთვის და უშუალოდ სამუშაოს პროცესისთვის (ანუ იმაზე თუ როგორ აკეთებდა ის ამა თუ იმ საქმეს) და არა მისი ხასიათის თვისებისთვის (ჭკვიანი ხარ, ნიჭიერი ხარ და ა.შ).

ქეროლ დვეკის კვლევები გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია უკვე 1 წლის ასაკიდან ბავშვებს მივცეთ საშუალება თვითონ გაუმკლავდნენ ყველა დაბრკოლებას და გამოსცადონ საკუთარი თავი. რომ გრძელ ვადაში არ მოაქვს კარგი შედეგი იმას, როცა პატარა დაბრკოლების შემჩნევისას ბავშვს ვეუბნებით: „მოდი მე დაგეხმარო“ ან კიდევ უფრო უარესი „მოდი მე გაგიკეთო“, თუ გვინდა ბავშვები ძლიერები გაიზარდონ და არ ეშინოდეთ სირთულეების, დაბრკოლებებთან შეჭიდების დროს არ უნდა გავიქცეთ მათ ნაცვლად საქმის გასაკეთებლად, არამედ უნდა ვუთხრათ: „შენ ეს თითქმის მოახერხე, კიდევ სცადე და აუცილებლად გამოგივა“.

მნიშვნეოვანია დავეხმაროთ ბავშვებს იმის გააზრებაში, რომ სირთულე არ ნიშნავს შეუძლებელს და წავახალისოთ ისე, რომ არ შეუშინდნენ  რთულ ამოცანებთან შეჭიდებას ცხოვრებაში. დავეხმაროთ დაიჯერონ, რომ ნიჭი არაფერია, თუ მას არ ახლავს მონდომება, ბევრი შრომა და შეუპოვრობა, რომელთა საშუალებითაც ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი.

წყარო:

Why Some Kids Try Harder and Some and Some Kids Give Up. Huffington Post: http://www.huffingtonpost.com/tracy-cutchlow/why-some-kids-try-harder-and-some-kids-give-up_b_5826816.html

 

 


2 Comments

ჩაის თემა და პატარა ჟირაფი

როცა გადაცემა “ჩაის თემაში” მთხოვეს გამოსვლა, ვცადე აქცენტი გამეკეთებინა იმ საკითხებზე, რაც ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდის პროცესში:

1) ბავშთან სიახლოვე, რაც დღევანდელი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე განსაკუთრებით აკლიათ თანამედროვე ბავშვებს.

2) გაუცნობიერებელი ფსიქოლოგიური ძალადობის აღმოფხვრა ბავშვთან ურთიერთობაში 

3) იმის აღიარება, რომ ბავშვებიც აზროვნებენ და აქვთ საკუთარი აზრი, მიუხედავაც მცირე ასაკისა

4) წიგნები შეყვარება შესაძლებელია ბავშვთან წიგნებით ურთიერთობით – ანუ ყოველდღიურად სასიამოვნო წიგნის კითხვის რიტუალის გამართვით და არა ძალდატანებით.

ბოლო და მე-5 კი ის, რომ ჩვენ, მშობლებს მუდმივად გვჭირდება სწავლა და განვითარება, რათა ჩვენს შვილებს უკეთესად გავუგოთ და მივცეთ საუკეთესო მათი მომავლისთვის.

სხვა ბევრი რამეც მინდოდა მეთქვა, მაგრამ შეზღუდული დროის გამო გადავწყვიტე ეს საკითხები შემერჩია.

თქვენ შეცვლიდით ამ სიას?

8

 


5 Comments

პირველ რიგში თვითონ მშობლებმა უნდა დაუწესონ საკუთარ თავს ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტი

20მშობლების უმეტესობას ბევრჯერ მოუსმენია და წაუკითხია იმის შესახებ, რომ ეკრანთან (ტელევიზორი, კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური ტელეფონი) გარატებული დიდი დრო სერიოზული ზიანის მომტანია ბავშვებისთვის.

როგორც ბავშვის განვითარების სპეციალისტები და პედიატრები გვირჩევენ, 2 წლამდე ბავშვებს საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ შეხება ტექნოლოგიებთან, ხოლო შედარებით დიდებისთვის ეკრანთან გატარებული დრო უნდა იყოს საკმაოდ შეზღუდული.

მაგრამ ჩვენ თვითონ, მშობლები, როგორ და რამდენ დროს ვატარებთ ეკრანთან?

თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშვები ვერ ხედავენ თუ როგორ გამოუდმებით ამოწმებთ Facebook-ს ან თქვენს ელექტორნულ ფოსტას? კარგად დაფიქრდით ამ საკითხზე, ამბობს ფსიქოლოგი კეტრინ შტაინერ-ადეარი, რომელმაც მოიყვანა დამაფიქრებელი კვლევის შედეგები ამ საკითხზე  მის წიგნში „ დიდი გარღვევა ურთიერთობებში: ბავშობისა და ოჯახური ურთიერთობების დაცვა ციფრულ ეპოქაში.“

ქალბატონი კეტრინი ამბობს, რომ როგორც ფსიქოლოგს მას ხშირად უწევს მუშაობა ბავშვებთან, რომლებიც თავს ძალიან გაუცხოებულად გრძნობენ მუდმივად  ტექნოლოგიებში ჩაფლული მშობლებისგან და ამის გამო საკუთარ მშობლებზე ძალიან გაბრაზებული არიან და თავს ცუდად გრძნობენ.

ხშირად ბავშვებს უჩნდებათ შეგრძნება, რომ ისინი მშობლებისთვის უფრო ნაკლებლად მნიშვნელოვანნი არიან და რომ მშობლები თავს გაცილებით უფრო კარგად გრძნობენ მობილურ მოწყობილობებთან თუ კომპიუტერებთან, ვიდრე საკუთარ შვილებთან. გარდატეხის ასაკამდე მისული ან უკვე გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვები შეხვედრებზე ხშირად ეუბნებიან ქალბატონ კეტრინს, რომ მათი მშობლები არიან „ჰიპოკრატები“, რადგანაც თვითონ ძალიან დიდ დროს ატარებენ ეკრანებთან, მაშინ, როდესაც შვილებს უკრძალავენ და ძალიან მკაცრად უზღუდავენ ამ დროს.

“ჩვენი ყურადღების მოპოვების მცდელობისგან ბავშვები თავს ძალიან დაქანცულად და მოწყენილად გრძნობენ“, ამბობს ქალბატონი შტაინერ-ადეარი. ის ამბობს, რომ რეალუარდ მშობლების მიერ ტექნოლოგიებთან გატარებული დიდი დრო ბევრად უფრო პრობლემურია, ვიდრე ბავშვების მიერ იგივეს კეთება.

როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ციფრულმა მოწყობილობებმა ნელ-ნელა განსაზღვრეს ჩვენი ვინაობა. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვეცადოთ და რეალურდ დაველაპარაკოთ ჩვენს მეუღლეს, შვილებს ან საუკეთესო მეგობრებს, რომლებთანაც ჩვეულებრივ შემთხვევაში გვექნებოდა ყოველდღიური საუბრები, უმეტესობა ჩვენთაგანი დღეს დაჰყურებს მობილურ მოწყობილობას იმის გასაგებად თუ ვის სჭირდება ის ან ვინ დაინტერესდა მისით. ამ ცდუნებასთან გამკლავება კი საკმაოდ რთულია. რეალობაში კი, როგორც წესი, ჩვენ სწორედ იმ ხალხისთვის ვართ ყველაზე მნიშვნელოვანნი, ვისაც ვაყოვნებთ და ვაცდევინებთ, სანამ შევამოწმებთ ჩვენს ტელეფონებს.

რაც იკლებს ხალხში, ეს არის სიღრმეებში ჩახედვის სურვილი და საკუთარი თავის ანალიზი. ძალიან ხშირად გვესმის როგორ ამბობენ ადამიანები, რომ თავს უხერხულად და ცუდად გრძნობენ თუ გამოუჩნდათ დასვენებისთვის ცოტა დრო და ამ დროს არ იყენებენ მობილურ მოწყობილობებს. ჩვენ დავკარგეთ წყანარად ოცნებისა და ფიქრის უნარი.

დღევანდელი რეალობა ბევრად განსხვავდება იმ დროისგან, როცა თაობები ტელევიზორის ეკრანის წინ იზრდებოდნენ. საქმე იმაშია, რომ ტელევიზორი არ იყო პირადი, ამბობს ქალბატონი კეტრინი. შენ უყურებდი რაღაც სხვას, ტელევიზორით არ გქონდა კონტაქტი მეგობრებთან და არც წერილებს იღებდი ამ მოწყობილობით. ახლა კი რეკლამებიც კი მობილურ მოწყობილობებში კონკრეტულ ადამიანზეა მიმრთული. ზოგადი შოუებისა და რეკლამებისგან განსხვავებით, რომელსაც ჩვეულებრივ ხედავთ ტელევიზორში, რეკლამები, რომლებსაც იღებთ მობილური მოწყობილობებითა და პერსონალური კომპიუტერებით ბევრად უფრო მორგებულია თქვენზე და ერთგვარად განსაზღვრავს თქვენს პიროვნებას.

როცა შევდივართ სოციალურ ქსელში და ვხედავთ რაღაც წვეულების სურათებს, სადაც ჩვენ არ ვიყავით მიწვეულები, ვღელავთ და ცუდ ხასიათზე ვდგებით. სოციალური ქსელები მომენტალური სიხარულის ან მომენტალური ცუდი განწყობის მომტანია. ეს კი ძალიან განსხვავდება ტელევიზორის ეკრანის წინ დროის გატარებისგან, სადაც რეალურად უფრო ვისვენებთ.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამი შესაჩერებლად?  

ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი რეალური პრობლემაა. ნუ ეცდებით ამ პრობლემის უგულებელყოფას და ნუ იტყვით, რომ უბრალოდ ახლა ცხოვრება ასეთია და მორჩა. თქვენ უნდა დაფიქრდეთ სერიზულად და გაანალიზოთ ის თუ ვინ და რა არის რეალურად თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და იმაზეც თუ როგორ გინდათ გაატაროთ ამ ადამიანებთან თუ თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვან საკითხებზე დრო.

როდესაც რაღაც ხმა გეუბნებათ „ახლა მე უნდა შევამოწმო თუ რა ხდება ფეისბუკში“ უპასუხეთ ამ ხმას, რომ „ ეს ყველაფერი მოიცდის“. ან უბრალოდ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოციალურ ქსელებსა და ელექტრონულ ფოსტას შეამოწმებთ მხოლოდ სამჯერ დღეში ან გამოყოფთ რეალური დასვენებისთვის შუადღეს ან საღამოს. შემდეგ კი მართლაც ისიამოვნებთ ამ დასვენებით და გაუძლებთ „შემოწმების“ ცდუნებას. ამ მოწყობილობებთან ჩვენი ურთიერთობა ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ყველაფერი ბევრად უფრო სასწრაფოა, ვიდრე ეს სინამდვილეშია.

როგორ გვიშლიან ხელს ტექნოლოგიები ჩვენს შვილებთან ურთიერთობაში?

ბავშვებს არ სჭირდებათ ჩვენი სრულყოფილი ყურადღების კონცენტრაცია მუდმივად, მაგრამ მათ ნამდვილად სჭირდებათ იმის გაგება, რომ ისინი ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანნი არიან და რომ დღის რაღაც გარკვეული მონაკვეთების დროს და გარკვეულ სიტუაციებში მათ ჩვენ სრულყოფილად ვუთმობთ ჩვენს დროს. აუცილებლად უნდა იყოს რაღაც დრო, როდესაც მშობლები მთლიანად ბავშვებს დაუთმობენ, ყოველგვარი ყურადღების გადამტანი მოწყობილობების გარეშე.

არის თუ არა დღის რამე მონაკვეთი, რა დროსაც მობილური მოწყობილობები მთლიანად გამორთული უნდა იყოს მშობლებისა და ბავშვებისთვის?

მაგალითად სკოლისკენ მიმავალ გზაზე. ბავშვებს როგორც წესი სჭირდებათ გამკლავება საკუთარ შიშებთან თუ რაღაც ემოციურ საკითხებთან, რომელიც სკოლასთან არის დაკავშირებული. როდესაც ჩვენ ამ დროს ვაძლევთ მათ მობილურ მოწყობილობებს მათ ტვინს ვართმევთ საშუალებას გაიროას შეგუებისა და ემოციებთან გამკლავების გზა. მუდმივად ასეთი მიდგომის გამოყენებით, ბავშვები მიდიან დასკვნამდე, რომ ცხოვრებაში გარდამავალი ეტაპების გავლა ხდება ეკრანთან ერთად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ერთგვარი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.

მშობლები ძალიან ხშირად პატარებისთვის საფენების გამოცვლის დროსაც კი გასართობად ბავშვებს მობილურ მოწყობილობებს აძლევენ, იმის ნაცვლად რომ ამ დროს ეალერსონ და უმღერონ მათ. ასე ბავშები ეჩვევიან საკუთარი თავის დამშვიდებას  მობილური მოწყობილობებით.

იქნება ბავშვი 8 თვის, 2 თუ 7 წლის, ჩვენ უნდა ვეცადოთ და ვასწავლოთ მათ თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამა თუ იმ საკითხს თვითონ. როგორ გადალახონ ესა თუ ის სირთულე, როგორ გადავიდნენ ერთი მდგომარეობიდან მეორეში და როგორ დაიწყნარონ საკუთარი თავი. ჩვენ ზედმეტად დამოკიდებულები ვხდებით კომპიუტერებზე ბავშვებთან ურთიეთობისას.

ძალიან ხშირად ჩვენ ვიყენებთ ჩვენს მობილურ მოწყობილობებს იმის გამო, რომ ვცდილობთ ვიყოთ ერთდროულად ორ ადგილას (სახლსა და სამსახურში). როგორ შეიძლება ზღვარი დავუწესოთ საკუთარ თავს?

კითხეთ თქვენს შვილებს. ზოგიერთ ბავშვს ურჩევნია მშობელი იჯდეს მანქანაში მისი საფეხბურთო მატჩის დროს, როდესაც მამა ან დედა საუბრობს ტელეფონით სამსახურის საქმეებზე. ამ დროს ისინი გრძნობენ, რომ თქვენ სამსახურში ხართ რეალურად და არა მის საფეხბურთო მატჩზე. ეს კი იწვევს სიშორის განცდას.

რაც უფრო კონკრეტულები ვიქნებით ბავშვებთან, მით უკეთესია. თუ თქვენ მუშაობთ სახლიდან, მაშინ უმჯობესია გახვიდეთ თქვენს ოთახში და ოთახის კარს მიაკრათ ნიშანი. მაგალითად:  წითელი ნიშნავს, რომ თქვენ მუშაობთ, ხოლო მწვანე ნიშნავს, რომ თქვენ დაასრულეთ სამუშაო და ეს სრულიად გასაგებია ბავშებისთვის.

კითხეთ ხოლმე თვითონ ბავშვებს, რა ურჩევნიათ და რა აგრძნობინებდათ მათ თავს უკეთესად. ზოგიერთმა ბავშვმა შესაძლებელია თქვას „ სულ ერთიაო“, მაგრამ უმჯობესია უბიძგოთ ბავშვებს იმისკენ, რომ დაფიქრდნენ და თვითონაც განავითარონ კარგი ქცევის კულტურა მობილურ ტექნოლოგიებთან მიმართებაში.

 

წყარო:

Parents are the ones who need limits on screen time. The Washington Post.  http://www.washingtonpost.com/news/parenting/wp/2014/08/06/parents-are-the-ones-who-need-limits-on-screen-time/

 


3 Comments

მშობლებისთვის აუცილებელია ისწავლონ შვილებთან ურთიერთობა

9მშობლებისთვის აუცილებელია ისწავლონ შვილებთან ურთიერთობა, შეიმუშაონ სასაუბროდ განსაკუთრებული მიდგომა და ეცადონ, რომ კარგად გაუგონ მათ.

წარმოიდგინეთ, როგორ ვიგრძნობდით თავს საოპერაციო ოთახში რომ შემოსულიყო ქირურგი და ოპერაციის წინ ჩვენთვის ეთქვა: “სიმართლე გითხრათ არ მაქვს დიდი განათლება მიღებული ქირურგიაში, მაგრამ მე მიყვარს ჩემი პაციენტები და საქმეში მე ვიყენებ საღ აზრს?“ ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავვარდებოდით პანიკაში და გავიქცეოდით ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად.

ის ბავშვებიც, ასევე რთულ სიტუაციაში არიან, რომელთა მშობლებსაც სჯერათ, რომ სიყვარული და საღი აზრი საკმარისია ბავშვის

აღზრდის პროცესში. როგორც ქირურგებს, მშობლებსაც სჭირდებათ განსაკუთრებული უნარების შეძენა, რათა გაუმკლავდნენ საკუთარი შვილების ყოველდღიურ საჭიროებებს. როგორც გამოცდილი და ნასწავლი ქირურგი, რომელიც ძალიან ფრთხილად არჩევს გაკვეთის ადგილს, მშობელიც  ასევე ფრთხილი და კარგად გათვითცნობიერებული უნდა იყოს იმაში  თუ როგორი სიტყვები შეარჩიოს შვილთან ურთიერთობისას. რადგანაც სიტყვას, იგივე ძალა აქვს, როგორც დანას. მას, ფიზიკური თუ არა, ბევრი ფსიქოლოგიური ჭრილობის მიყენება შეუძლია.

ნაწყვეტი წიგნიდან “მშობელსა და ბავშვს შორის”.

ავტორი დოქტორ ჰეიმ გ. გინიოტი

ფსიქოლოგი, ბავშვთა თერაპევტი, მშობელთა საგანმანათლებლო ჯგუფების დამაარსებელი 


1 კომენტარი

როგორ შექმნეს მარიმ და ნიკუშამ სახალისო ხელოვნების ნიმუში

18ამ ზაფხულს, მარის და ნიკუშას ხშირად უჩდნებოდათ სურვილი სახალისო აპლიკაციების გაკეთების და შესაბამისად ბევრი სხვადასხვა რამ გააკეთეს კიდეც.

ერთ დღეს გადავწყვიტეთ სახალისო ხელოვნების ნიმუშის შექმნა 🙂

DSC_0556

 

ამ ხელოვნების ნიმუშზე მუშაობა კი დაიწყო იმით, რომ სახატავ ტილოზე გადააკრეს სკოჩი სხვადასხვა მიმართულებით.

4

 

შემდეგ დაიწყეს ღიად დარჩენილი ადგილების ფუნჯით გაფერადება.

10

მარიმ გადაწყვიტა სხვადასხვა ფერები გამოეყენებინა მისი ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად.

8

ნიკუშამ კი გადაწყვიტა წითელი და თეთრი ფერების კომბინაცია წარმოედგინა მის ნამუშევარში.

13

ფერებზე მუშაობის დასრულების შემდეგ დიდი შესვენება გამოვაცხადეთ და დაველოდეთ საღებავების გაშრობას, რის შემდეგაც დადგა ბოლო და გადამწყვეტი ეტაპი 🙂 – ტილოდან სკოჩის მოძრობა.

საბოლოო სახალისო ნამუშევრები კი მარის და ნიკუშას აი ასეთი გამოუვიდათ 🙂

15