პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

არასწორი შექება შესაძლოა საზიანოც კი იყოს ბავშვისთვის

3 Comments

7სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ქეროლ დვეკი 1960-იანი წლებიდან იკვლევს ისეთ თემას, როგორიცაა მოტივაცია და ხასიათის სიმტკიცე. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მან დაასკვნა, რომ ბავშვები იყოფიან ორ ჯგუფად:

პირველ ჯგუფში შედიან ის ბავშვები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ბევრი შრომა და შენს თავზე სერიოზული მუშაობა გჭირდება, მაშინ უუნარო და უნიჭო ხარ. ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანის ინტელექტი დაბადებისას უკვე განსაზღვრულია და მისი შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია.  მათი აზრით, თუ უნარი გაქვს, ყველაფერს ძალიან ადვილად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აკეთებ.

როდესაც ეს ბავშვები, რომლებსაც მიანიჭეს ნიჭიერისა და განსაკუთრებულად ჭკვიანის სტატუსი, რაიმე საქმეში მარცხს განიცდიან, თავს გრძნობენ, როგორც ხაფანგში დატყვევებულნი და ფიქრობენ, რომ სინამდვილეში სულაც არ არიან ისეთი ჭკვიანები და ნიჭიერები, როგორც მათ აქამდე ახასიათებდნენ სხვები. ხოლო იმისათვის, რომ არ დაკარგონ აქამდე მოპოვებული ჭკვიანის ან ნიჭიერის სტატუსი, ცდილობენ თავი აარიდონ რთულ ამოცანებს.

ასეთი ბავშვების დასახასიათებლად პროფესორი დვეკი იყენებს უკვე ფართოდ დამკვიდრებულ ტერმინს „fixed mindset“ -ანუ ფსიქოლოგიური განწყობა, როცა არ გჯერა უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობის.

მეორე ჯგუფში კი, დოქტორ დვეკის დაკვირვებით, შედიან ბავშვები, რომლებსაც მტკიცედ სჯერათ იმის, რომ რაც უფრო მეტს იშრომებ, ისწავლი და მეტ სირთულეებს გაუმკლავდები, მით უფრო ჭკვიანი გახდები ანუ უფრო გაიზრდება შენი გონებრივი თუ სხვა სახის უნარები. ამ ბავშვებს ესმით, რომ გენიოსებსაც სჭირდებათ ბევრი მუშაობა.

როდესაც რაიმე არ გამოსდით, მათ სჯერათ, რომ მოცემული საკითხისთვის მეტი დროის გამოყოფითა და უფრო მეტი მიზანმიმართული შრომით, შესაძლებელია სირთულის დაძლევა და პრობლემის მოგვარება. ისინი მეტ ღირებულაბას ანიჭებენ სწავლის პროცესს, ვიდრე სხვის თვალში ჭკვიანის ან ნიჭიერის სტატუსის მოპოვებას. ამიტომაც ისინი დიდ სიმტკიცეს იჩენენ რთულ ამოცანებთან გამკლავებისას. ამ ჯგუფში შემავალი ბავშვებისთვის დვეკი იყენებს ტერმინს „Growth Mindset“ – ანუ ფსიქოლოგიური განწყობა, როცა გჯერა, რომ ბევრი შრომითა და შეუპოვრობით, შესაძლებელია უნარების განვითარება.

საინტერესოა, რის შედეგად ხვდებიან ბავშვები პირველ ან მეორე ჯგუფში და საიდან უჩნდებათ მათ მსგავსი შეხედულებები და ფსოქოლოგიური განწყობა?

როგორც პროფესორი დვეკი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე უჩვენებს, ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან თუ როგორ ვურთიერთობთ ბავშვებთან და რა სახის შექებას მივმართავთ მათ წასახალისებლად. ის თუ რა სიტყვების გამოყენებით ვაქებთ ბავშვებს, პირდაპირ გავლენას ახდენს მათი ხასიათის ჩამოყალიბებაზე და მათ დამოკიდებულებაზე რთულ საკითხებთან. ამ ყველაფერს კი უკვე მნიშვნელობა ენიჭება 1 წლის ასაკიდან.

ამ საკითხზე ჩატარებული კვლევები

პროფესორმა დვეკმა ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში მოიწვია მეხუთე კლასელები, გაყო ისინი ორ ჯგუფად და მისცა ამოცანები IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) ტესტიდან.

პირველ ჯგუფში შემავალ ბავშვებს შექებისას მკლევარებმა უთხრეს, რომ ისინი ნიჭიერები და ჭკვიანები იყვნენ:

„ძალიან კარგი ქულა მიიღე. ალბათ ამ საკითხში ძალიან ნიჭიერი ხარ“

მეორე ჯგუფში შემავალი ბავშვები კი შეაქეს მათი ძალისხმევისთვის და უთხრეს:

 „ძალიან კარგი ქულა მიიღე. ალბათ ძალიან მოინდომე“.

ტესტების პირველი შედეგების დასრულების შემდეგ, ქალბატონმა დვეკმა განაგრძო კვლევა და ბავშვებს მისცა არჩევანის საშუალება: აერჩიათ რთული ან მარტივი ამოცანა შემდეგი ეტაპისთვის.

ბავშვებმა, რომლებიც შეაქეს მათი მონდომებისთვის, აირჩიეს უფრო რთული ამოცანები, იცოდნენ რა რომ ასე უფრო მეტის სწავლას შეძლებდნენ. ამ ჯგუფში შემავალი ბავშვები ძირითადად რჩებოდნენ სწავლის მიმართ მოტივირებულნი და არ კარგავდნენ თავდაჯერებულობას ამოცანების საგრძნობლად გართულების შემთხვევაშიც.

რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომლებიც შეაქეს მათი ნიჭისთვის, ირჩევდნენ უფრო მარტივ ამოცანებს ტესტის შემდეგი ეტაპისთვის. იცოდნენ რა, რომ ჰქონდათ ამ ამოცანებში წარმატების მიღწევის უფრო დიდი შანსი. მაგრამ მათი თავდაჯერებულობა საგრძნობლად შემცირდა ამოცანების გართულების შემდეგ, ხოლო ქულების გადათვლისას კი ისინი ცდილობდნენ ეჩვენებინათ თითქოს უფრო მაღალი ქულები მიიღეს ტესტებში ვიდრე ეს სინამდვილეში იყო.

ერთ-ერთი კვლევა ამ საკითხზე დვეკმა ჩაატარა ამერიკულ ოჯახებში. კვლევისთვის დვეკის ჯგფუმა აირჩია 53 ოჯახი. ყოველ 4 თვეში ერთხელ 2 წლის განმავლობაში სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები მიდიოდნენ ამ ოჯახებში და აკეთებდნენ დაკვირვებას და ჩანაწერებს ოჯახში მიმდინარე ყოველდღიურ მოვლენებზე დაახლოებით 3 საათის განმავლობაში. ხოლო ამ კვლევაში ჩართული ოჯახების ბავშვები კვლევის დაწყების დროს იყვნენ დაახლოებით 1 წლის და 2 თვის.

მონაცემთა შეგროვების შემდეგ, მკვლევარები ითვლიდნენ თუ რამდენად ხშირად და რა ტიპის შესაქებ სიტყვებს იყენებდნენ მშობლები ბავშვების წახალისების დროს: აქებდნენ მონდომებისთვის, მცდელობისთვის თუ მათი რაიმე კონკრეტული თვისებების ხაზსგასასმელად, ასევე ჰქონდა თუ  არა ადგილი სხვა ტიპის შექებას, რომელსაც როგორც წესი ნეიტრალური ეფექტი აქვს ბავშზე, მაგალითად შექების დროს ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა „კარგია“, „მაგარია“ და ა.შ.

კვლევის საბოლოო შედეგების შესამოწმებლად დვეკის ჯგუფი იცდიდა 5 წელი.

შემდგომ ეტპზე, 5 წლის შემდეგ კი ჯგუფმა გამოიკვლია უკვე გაზრდილი ბავშვების დამოკიდებულება სირთულეებისა და სწავლების მიმართ (ამ დროს იგივე ბავშვები უკვე 7-8 წლისანი იყვნენ).

კვლევაში ჩართული ბავშვების გარკვეულ ნაწილს ამ ასაკში ჩამოუყალიბდათ „growth mindset“ ანუ ბავშვების ამ ნაწილს სჯეროდა მონდომებისა და შრომით მიღწეული წარმატების, ისინი უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებულნი რთული საკითხებით და არ ეშინოდათ მარცხის.

და როგორ ფიქრობთ, რომელ ბავშვებს ჩამოუყალიბდათ ასეთი დამოკიდებულბა?

იმ ბავშვებს, რომლებსაც მცირეწლოვან ასაკში აქებდნენ მცდელობისთვის, მონდომებისთვის და უშუალოდ სამუშაოს პროცესისთვის (ანუ იმაზე თუ როგორ აკეთებდა ის ამა თუ იმ საქმეს) და არა მისი ხასიათის თვისებისთვის (ჭკვიანი ხარ, ნიჭიერი ხარ და ა.შ).

ქეროლ დვეკის კვლევები გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია უკვე 1 წლის ასაკიდან ბავშვებს მივცეთ საშუალება თვითონ გაუმკლავდნენ ყველა დაბრკოლებას და გამოსცადონ საკუთარი თავი. რომ გრძელ ვადაში არ მოაქვს კარგი შედეგი იმას, როცა პატარა დაბრკოლების შემჩნევისას ბავშვს ვეუბნებით: „მოდი მე დაგეხმარო“ ან კიდევ უფრო უარესი „მოდი მე გაგიკეთო“, თუ გვინდა ბავშვები ძლიერები გაიზარდონ და არ ეშინოდეთ სირთულეების, დაბრკოლებებთან შეჭიდების დროს არ უნდა გავიქცეთ მათ ნაცვლად საქმის გასაკეთებლად, არამედ უნდა ვუთხრათ: „შენ ეს თითქმის მოახერხე, კიდევ სცადე და აუცილებლად გამოგივა“.

მნიშვნეოვანია დავეხმაროთ ბავშვებს იმის გააზრებაში, რომ სირთულე არ ნიშნავს შეუძლებელს და წავახალისოთ ისე, რომ არ შეუშინდნენ  რთულ ამოცანებთან შეჭიდებას ცხოვრებაში. დავეხმაროთ დაიჯერონ, რომ ნიჭი არაფერია, თუ მას არ ახლავს მონდომება, ბევრი შრომა და შეუპოვრობა, რომელთა საშუალებითაც ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი.

წყარო:

Why Some Kids Try Harder and Some and Some Kids Give Up. Huffington Post: http://www.huffingtonpost.com/tracy-cutchlow/why-some-kids-try-harder-and-some-kids-give-up_b_5826816.html

 

 

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

3 thoughts on “არასწორი შექება შესაძლოა საზიანოც კი იყოს ბავშვისთვის

  1. ძალიან საინტერესო და საჭირო თემაა. მადლობა თარგმანისა და გაზიარებისათვის. აუცილებლად გავითვალისწინებ ბავშვთან ურთიერთობაში.

    Liked by 1 person

  2. კეროლ დვეკის კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ მივხვდი სად ვუშვებდი შეცდომას ბავშვთან ურთიერთობისას. იმდენად დამაინტერესა ამ თემამ, რომ დვეკის წიგნიც გამოვიწერე – Mindset: New Psychology of Suceess. საკმაოდ საინტერესო იყო.

    Liked by 1 person

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s