პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

რატომ არის მიუღებელი ბავშვის ფიზიკური დასჯა

დატოვე კომენტარი

1ერთ მზრუნველ დედას, ანას, სჯეროდა, რომ ბავშვის ფიზიკური დასჯა იყო მშობლის უფლება და მოვალეობა. მისი აზრით,  ეს მიდგომა იყო აუცილებელი, რადგანაც ცემა დაეხმარებოდა მას დამჯერი ბავშვის აღზრდაში. თუმცა, რამდენიმე თვის ფიზიკური დასჯის შემდეგ, ანას შვილი ჩაიკეტა. დედა ამჩნევდა, რომ ბავშვმა დაიწყო მარტომ თამაში კუთხეში, აღარ აინტერესებდა სხვა ბავშვებთან ურთიერთობა და თვალებში აღარ უყურებდა დედას. ბავშვს სრულიად დაკარგული ჰქონდა მისი ადრინდელი ხალისი. გარეგნულად ის იყო „კარგი ბიჭი“, მაგრამ შინაგანად თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ბავშვი ფიქრობდა, რომ რადგანაც იმსახურებს ცემას, ესეიგი ის ძალიან ცუდია. ის გრძნობდა თავს უსუსურ, უფროსების მიერ დამორჩილებულ, საცოდავ, პატარა არსებად.

ბავშვის თვითშეფასება იწყება სხვების მიერ, განსაკუთრებით კი მისი მშობლების მიერ, მისი პიროვნების აღქმით. ყველაზე მოსიყვარულე ოჯახშიც კი, თუნდაც ძალიან მსუბუქი დარტყმა, ბავშვს ძალიან აბნევს. განსაკუთრებით თუ ბავშვი პატარაა იმისათვის, რომ გაიაზროს მისი ცემის მიზეზი. მშობლები, როგორც წესი, ძალიან დიდ დროს ხარჯავენ იმაზე, რომ ბავშვს აგრძნობინონ თავი ღირებულ ადამიანად, აფიქრებინონ, რომ ის „ძალიან კარგია“. მაგრამ ერთ დღეს ბავშვი შემთხვევით ამტვრევს ჭიქას და მშობლები ამისთვის მას ფიზიკურად სჯიან (თუნდაც ძალიან მსუბუქი ფორმით). ბავშვი ამ  დროს ფიქრობს: „რადგან მცემეს, ესეიგი მე ძალიან ცუდი ვარ“ და მშობლების მიერ აქამდე გაწეული ბავშვის თვითშეფასების ასამაღლებელი მთელი ძალისხმევა მთლიანად წყალში იყრება.

შესაძლოა თქვენ ფიქრობთ, „მე ხშირად არ ვურტყამ ჩემს შვილს ან ისე მაგრა სულაც არ ვცემ. უმეტესწილად, მას მე ვესიყვარულები და ძალიან თბილი ვარ მის მიმართ. ძალიან იშვიათი და თან მსუბუქი დარტყმის გამო, ის სულაც არ იდარდებს“. შესაძლოა თქვენი მოსაზრება სწორია ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებსაც ცემის/მსუბუქი გარტყმის ფაქტი უფრო ამახსოვრდებათ, ვიდრე მზრუნველობის შემთხვევები. შესაძლოა თქვენი აღზრდის მეთოდი მოიცავს ასი ჩახუტებიდან მხოლოდ ერთ მსუბუქ დარტყმას, მაგრამ, დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედ ამ ერთმა დარტყმამ უფრო მეტად იმოქმედოს ბავშვზე და უფრო დაამახსოვრდეს ეს ცემის ფაქტი, ვიდრე ის ასი ჩახუტება, განსაკუთრებით კი თუ დარტყმას ადგილი ჰქონდა გაბრაზებულ გულზე ან უსამართლოდ, რაც, როგორც წესი, ხშირად ხდება ხოლმე.

დარტყმა აუფასურებს მშობლისა და ბავშვის ურთიერთობას

ფიზიკური დასჯა აკნინებს მშობლის როლს და აუფასურებს მშობლისა და ბავშვის ურთიერთობას. ფიზიკური დასჯა ერთმანეთს აშორებს დამსჯელსა და დასჯილს. იყო ავტორიტეტი, ნიშნავს რომ შენ გენდობიან და პატივს გცემენ, მაგრამ არ ეშინიათ. ავტორიტეტის მოპოვება შიშით შეუძლებელია.

ის მშობლები, რომლებიც ფიზიკური დასჯის გზით ახდენენ მათი შვილების კონტროლს, ხშირად საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენისანი არიან სწორედ ამ საქციელის გამო. გულის სიღრმეში მათ არ მიაჩნიათ ეს საქციელი გამართლებულად. ხშირად ისინი სცემენ ან უყვირიან ბავშვებს სასოწარკვეთილების გამო, რადგანაც არ იციან ბავშვთან კომუნიკაციის სხვა ხერხი. როგორც წესი, ასეთი მიდგომის გამოყენების შემდეგ, ისინი კიდევ უფრო უსუსურად გრძნობენ თავს,  განსაკუთრებით მაშინ, როცა აღმოაჩენენ, რომ ეს დასჯის ფორმა რეალურად არ მუშაობს. ერთ-ერთმა დედამ, რომელიც იყენებდა  ცემას, როგორც დასჯის მეთოდს, თქვა: „მე მოვიგე ბრძოლა, მაგრამ დავმარცხდი ომში! ახლა ჩემს შვილს ჩემი ეშინია და მე ვგრნძობ, რომ დავკარგე რაღაც ძალიან ძვირფასი.“

მშობლები, რომლებიც გამუდმებით იყენებენ ფიზიკურ დასჯას, როგორც ბავშვის კონტროლის მექანიზმს, თავს იგდებენ ორივე მხარისთვის წამგებიან მდგომარეობაში. ასეთ დროს არა მხოლოდ ბავშვი კარგავს მშობლის პატივისცემას, არამედ თვითონ მშობლებიც არასასურველ სიტუაციაში იგდებენ საკუთარ თავს. მათი გონება მხოლოდ ფიზიკურ დასჯაზეა მომართული და ისინი სრულიად კარგავენ სხვა ალტერნატივების მოფიქრების უნარს. როგორც წესი, ასეთ მშობლებს არ აქვთ არანაირი წინასწარ დაგეგმილი, გაანალიზებული სტრატეგიები ბავშვის ქცევისათვის სასურველი მიმართულების მისაცემად. ამის შედეგად ბავშვი კიდევ უფრო ცუდად იქცევა, რაც იწვევს მის უფრო ხშირ ფიზიკურ დასჯას. ასეთი მიდგომის შედეგად ბავშვი ვერ ავითარებს შინაგანი კონტროლის უნარს.

ფიზიკური დასჯა, როგორი “მსუბუქიც” არ უნდა გვეჩვენებოდეს ის, ასწავლის ბავშვს, რომ მისაღებია დაარტყა ადამიანს. ამ გზით ბავშვს ვეუბნებით, რომ მისაღებია ზრდასრულმა დაარტყას პატარას ანუ ძლიერმა დაარტყას სუსტს.  ასე, ბავშვები სწავლობენ, რომ პრობლემა თუ გაქვს, უნდა მოაგვარო მუშტით. ბავშვი, რომლის ქცევის მართვაც ხდება ძალადობრივი გზით, დიდი ალბათობით იგივე მეთოდს გამოიყენებს სხვებთან ურთიერთობის დროსაც: და-ძმასთან თუ თანატოლებთან, საბოლოოდ კი მეუღლესთან და შვილებთან.

ცემა არ აუმჯობესებს ბავშვის ქცევას

ბავშვისგან სასურველი ქცევის მიღების პრინციპია: ბავშვი, რომელიც თავს გრძნობს კარგად, იქცევა კარგად! ცემა ძირს უთხრის ამ პრინციპს. რაც უფრო ცუდად იქცევა ბავშვი, როგორ წესი, მით უფრო მეტ ცემას იმსახურებს და თავსაც უფრო ცუდად გრძნობს.

სწორი აღზრდისას, როცა ბავშვი ცუდად იქცევა, მშობლის მიზანია გააგებინოს, რომ მისი ქცევა მიუღებელია, რომ ის ცუდად მოიქცა, დააფიქროს ბავშვი, რათა მან იგრძნოს სინანული მისი საქციელის გამო. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს კარგი წარმოდგენა საკუთარ თავზე და  ფიქრობდეს, რომ ის არის ადამიანი, რომელიც მშობლებისთვის ძალიან ღირებულია.

ბავშვები, როგორც წესი, ცემას აღიქვამენ როგორც უსამართლო სასჯელს. ძალიან ხშირად კი უსამართლობის გრძნობა გადადის სირცხვილის, შეურაცხოფის გრძნობაში. როდესაც დასჯის მეთოდი შეურაცხმყოფელია ბავშვებისთვის, ისინი უჯანყდებიან მშობლებს ან იკეტებიან საკუთარ სამყაროში.

ცემის ფაქტებს შეუძლიათ სხვა მხრივ ყველანაირად ბედნიერი ბავშობის დღეებისთის მძიმე დაღის დასმა. ადამიანი, როგორც წესი უფრო მეტად იხსენებს ტრამვულ შემთხვევბს მათი ცხოვრებიდან, ვიდრე სასიამოვნო მოვლენებს. ფიზიკური დასჯის არასასიამოვნო მომენტებს შეუძლიათ მთლიანად დაჩრდილონ და დაბლოკონ ბავშვობის კარგი მოგონებები.

ფიზიკურ დასჯა გრძელვადიანი ნეგატიური შედეგების მიზეზი ხდება. წარმოგიდგენთ კვლევების მოკლე მიმოხილვას, სადაც ნაჩვენებია ფიზიკური დასჯის გრძელვადიანი შედეგები:

  • ერთ-ერთმა გრძელვადიანმა კვლევამ უჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც იზრდებოდნენ ისეთ ოჯახებში, სადაც ფიზიკური დასჯა აღზრდის მეთოდის შემადგენელი ნაწილი იყო, გახდნენ ასოციალურები და ეგოცენტრულები. ფიზიკური ძალადობა კი მათთვის გახდა პრობლემების მოგვარების მისაღები ფორმა.
  • 679 უნივერსიტეტის სტუდენტის გამოკითხვამ უჩვენა, რომ იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც ახსოვდათ თუ როგორ ისჯებოდნენ ბავშვობაში ფიზიკურად, უფრო მისაღები იყო ბავშვის ფიზიკური დასჯა აღზრდის/დისციპლინის მიზნით. ეს სტუდენტები თვითონაც აპირებდნენ ამ მეთოდის გამოყენებას საკუთარ შვილებთან. იმ სტუდენტებს კი, რომლებიც ბავშვობაში ფიზიკურად არ ისჯებოდნენ, გაცილებით ნაკლები მიმღებლობა ჰქონდათ ბავშვის ფიზიკური დასჯის მიმართ, ვიდრე მათ, ვინც თვითონ ფიზიკურად ისჯებოდა ბავშვობაში.
  • კვლევამ, რომელიც შეისწავლიდა ფიზიკური დასჯის გავლენას ბავშვების აგრესიულ ქცევაზე, უჩვენა, რომ რაც უფრო ხშირად ისჯებოდა ბავშვი ფიზიკურად, მით უფრო დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ის უფრო აგრესიულად მოექცეოდა ოჯახის სხვა წევრებს და თანატოლებს.
  • კვლევამ, რომელიც შეისწავლიდა აქვს თუ არა რაიმე გრძელვადიანი ნეგატიური გავლენა მცირეწლოვანი ბავშვის დასჯას ხელებზე დარტყმით უჩვენა, რომ 3 წლამდე ბავშვები, რომლებიც ისჯებოდნენ ხელებში დარტყმით, ჰქონდათ სერიოზული ჩამორჩენა გარემოს კვლევის უნარების განვითარებაში.
  • იმ ზრდასრულებში, რომლებიც ფიზიკურად ისჯებოდნენ მათი მშობლების მიერ, ოთხჯერ მეტი იყო მეუღლის ცემის ფაქტი, ვიდრე მათში, ვინც არ ისჯებოდა ფიზიკურად.
  • 4-დან 1-ი მშობელი, რომელიც იზრდებოდა ოჯახში, სადაც ხშირი იყო ძალადობის ფაქტი, არ ერიდებოდნენ ბავშვების სერიოზულად დაზიანებას დასჯის დროს.
  • პატიმრებს შორის ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ ყველაზე საშინელი კრიმინალები გაიზარდნენ ძალადობრივ ოჯახურ გარემოში.
  • ცნობილი საშიში კრიმინალების, მკვლელების, ნარკომანებისა და ყაჩაღების ცხოვრების ისტორია უჩვენებს, რომ ბავშობაში ისინი იყვნენ გადამეტებული ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი.

ფიზიკური დასჯის ნეგატიური ეფექტების დამამტკიცებელი კვლევები ძალიან ბევრია. ასობით კვლევა უჩვენებს, რომ:

  1. რაც უფრო მეტად ისჯება ბავშვი ფიზიკურად, მით უფრო მეტად აგრესიული ხდება ის.
  2. რაც უფრო მეტად ისჯებიან ბავშვები ფიზიკურად, მით უფრო მეტია იმის შანსი, რომ ისინიც იგივეს გააკეთებენ საკუთარ შვილებთან.
  3. ფიზიკური დასჯა თესავს შემდგომი ძალადობის თესლს.
  4. ფიზიკური დასჯა არ მუშაობს – ის ვერ აღწევს მიზანს!

ფიზიკური დასჯა არ იძლევა შედეგს

ბევრი კვლევა უჩვენებს ფიზიკური დასჯის ნეგატიურ შედეგებს, მაგრამ არც ერთი არ უთითებს, რომ მას მოაქვს რაიმე სარგებელი. ფიზიკური დასჯა, როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის ნეგატიური ეფექტის მომტანია. ცემა არ წაახალისებს კარგ ქცევას, ის აშორებს ერთმანეთისგან შვილებსა და მშობლებს და ხელს უწყობს ძალადობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

 

წყარო: 10 Reasons Not to Hit Your Child

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s