პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება


დატოვე კომენტარი

უშედეგო დიალოგები მშობლებსა და შვილებს შორის

images1

„ლექციის“ კითხვა და კრიტიკა ქმნის დისტანციას და იწვევს მშობელსა და შვილს შორის დაძაბულ ურთიერთობას.

მშობლების დიდ ნაწილს ძალიან აღიზიანებს დიალოგები შვილებთან, რადგან მათ არანაირი შედეგი არ მოაქვთ. ამის ნათელი მაგალითია ეს ცნობილი დიალოგი:

– სად იყავი?

– სხვაგან.

– რას აკეთებდი?

– არაფერს.

მშობლები, რომლებიც ცდილობენ რაციონალური მსჯელობის ფორმა გამოიყენონ შვილებთან საუბრის დროს, მალე ხვდებიან თუ რამდენად დამღლელია ასეთი მიდგომა. როგორც ერთმა დედამ თქვა: – ვცდილობ გალურჯებამდე ვილაპარაკო, რომ შვილს რაღაც გავაგებინო, მაგრამ ის არ მისმენს. მას ჩემი მხოლოდ მაშინ ესმის, როცა ვყვირი.

ბავშვები ხშირად ერიდებიან მშობლებთან დიალოგს. მათ საშინლად არ მოსწონთ, როცა უკითხავენ „ლექციას“, ესაუბრებიან ზევიდან დიდაქტიკური ტონით ან აკრიტიკებენ. ისინი ფიქრობენ, რომ მშობლები ზედმეტად ბევრს საუბრობენ.

რვა წლის დევიდმა დედას უთხრა: – როცა რაღაც პატარა შეკითხვა მაქვს, რატომ მაძლევ ყოველთვის ასეთ გრძელ პასუხს? ამ დროს კი ის მეგობარს ჩუმად ეუბნება: დედაჩემს არაფერს ვუყვები. თუ მასთან რაიმეს მოყოლა წამოვიწყე, თამაშისთვის დრო უბრალოდ აღარ მრჩება.

თუ დაინტერესებული პირი მშობელსა და შვილს შორის საუბარს შემთხვევით შეესწრო, გაკვირვებული შეამჩნევს თუ რამდენად ცუდად უსმენენ ისინი ერთმანეთს. მათი საუბარი დიალოგს კი არა, ორ მონოლოგს ჰგავს: ერთი მათგანი მოიცავს კრიტიკასა და მითითებების გაცემას, ხოლო მეორე – ბრალდებების უარყოფასა და ხვეწნა-მუდარას.

ასეთი კომუნიკაციის ტრაგედია არა იმდენად სიყვარულის ნაკლებობაშია, რამდენადაც ურთიერთპატივისცემის სიმცირეში, არა იმდენად ინტელექტის ნაკლებობაში, რამდენადაც შესაბამისი უნარ-ჩვევის არქონაში.

ჩვენი ყოველდღიური მეტყველება არ არის შესაფერისი ბავშვებთან გააზრებული და მნიშვნელოვანი საუბრისთვის. იმისათვის, რომ ბავშვებს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და შევამციროთ მშობლების გაღიზიანება, ჩვენ – მშობლებმა, უნდა ვისწავლოთ ბავშვებთან საუბრის მზრუნველი ფორმა.

 

წყარო: თავი 2 – ჰაიმ გინოტის წიგნიდან “მშობელსა და ბავშვს შორის” 

იხილეთ – თავი 1 –  ბავშვების შეკითხვები და მათი ფარული მნიშვნელობა

Advertisements


%(count)s კომენტარი

ბავშვების შეკითხვები და მათი ფარული მნიშვნელობა

ბავშვებთან საუბარი ერთგვარი ხელოვნებაა, რომელსაც თავისმოწყენილი ბავშვიი წესები და განსხვავებული მნიშვნელობები აქვს. ბავშვების საუბარი იშვიათად თუ არის გულუბრყვილო, მათ კითხვებში ხშირად, გარკვეული ფარული კოდი იმალება, რომელსაც გაშიფვრა სჭირდება.

***

ერთ დღეს, ათი წლის ენდიმ მამას ჰკითხა:

–  რამდენია მიტოვებული ბავშვების რაოდენობა ჰარლემში?

ენდის იურისტ მამას გაუხარდა, რომ მისი შვილი სოციალური პრობლემებით დაინტერესდა და საკმაოდ ბევრი ესაუბრა საკითხის გარშემო. ბოლოს, მან ზუსტი ციფრიც კი მოიძია ენდის კითხვაზე პასუხის გასაცემად, მაგრამ შვილი ამით არ დაკმაყოფილდა. ის კვლავაც განაგრძობდა კითხვების დასმას იგივე თემის გარშემო: – რამდენია მიტოვებული ბავშვების რაოდენობა ნიუ იორკში? – ამერიკის შეერთებულ შტატებში? – მსოფლიოში?

ბოლოსდაბოლოს, ენდის მამამ გააცნობიერა, რომ მისი ვაჟიშვილი სინამდვილეში სოციალური პრობლემით კი არ იყო დაინტერესებული, არამედ საკუთარ თავზე ღელავდა. ენდის კითხვა გამომდინარეობდა არა იმდენად მიტოვებულ ბავშვებზე ფიქრით, რამდენადაც პირადად მისი მიტოვების შესაძლებლობაზე შფოთვით. რეალურად, მას მიტოვებული ბავშვების რაოდენობა კი არ აინტერესებდა, არამედ ის, თუ რამდენად დიდი იყო მისი მიტოვების შესაძლებლობა.

შვილის შფოთვის რეალური მიზეზის გააზრების შემდეგ, მამამ მას უთხრა: – შენ გეშინია, რომ შენმა მშობლებმაც  შესაძლოა ერთ დღეს  მიგატოვონ, როგორც ამას ზოგიერთი მშობლები აკეთებენ. მინდა დაგარწმუნო, რომ ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ. თუ მსგავსი ფიქრები ოდესმე კიდევ შეგაწუხებს, გთხოვ, მითხარი ამის შესახებ, რომ დაგეხმარო და ბოლო მოვუღო შენს მშფოთვარე აზრებს.

***

დედასთან ერთად საბავშვო ბაღში პირველად სტუმრობისას, 5 წლის ნენსიმ კედელზე გამოფენილ ნახატებს შეხედა და ხმამაღლა იკითხა: – ვინ დახატა ეს უშნო ნახატები?

ნენსის დედამ თავი უხერხულად იგრძნო, მან უკმაყოფილოდ შეხედა ქალიშვილს და სწრაფად უთხრა: –  ნახატებზე „უშნოს“ თქმა კარგი საქციელი არ არის, მითუმეტეს, რომ ისინი ასეთი ლამაზებია.

მასწავლებელმა კი, რომელმაც ამოიცნო შეკითხვის რეალური მნიშვნელობა, გაიღიმა და თქვა: -აქ ლამაზი ნახატების დახატვა არ არის აუცილებელი. თუ მოგინდება, შეგიძლია ბოროტი ნახატებიც კი დახატო. ნენსის სახე ღიმილმა გაუნათა, რადგან მან პასუხი მიიღო მის ფარულ კითხვაზე – „რა მოუვა გოგონას, რომელიც კარგად ვერ ხატავს?“.

ამის შემდეგ, ნენსიმ აიღო გატეხილი სათამაშო სახანძრო მანქანა და თამამად იკითხა, – ვინ გატეხა ეს სახანძრო მანქანა? მის შეკითხვას დედამ უპასუხა, – რა მნიშვნელობა აქვს ვინ გატეხა? შენ აქ არავის იცნობ.

სინამდვილეში, ნენსის სულაც არ აინტერესებდა სახელები. მას უნდოდა გაეგო თუ რა ბედი ეწეოდა იმ ბავშვებს, რომლებიც სათამაშოებს ტეხავენ. მასწავლებელმა, რომელიც მიხვდა შეკითხვის რეალურ მნიშვნელობას, მას შესაბამისი პასუხი გასცა, – სათამაშოები თამაშისთვისაა და ზოგჯერ ისინი ტყდება. ასეთი რამ ხდება ხოლმე.

ნენსის შეეტყო, რომ პასუხით კმაყოფილი იყო. კითხვების დასმის უნარმა მას საშუალება მისცა მიეღო მისთვის საჭირო ინფორმაცია: ეს მასწავლებელი საკმაოდ კეთილი ჩანს, ის სწრაფად არ ბრაზდება, მაშინაც კი, როცა ნახატი ლამაზი არ გამოდის ან სათამაშო ტყდება. შიშის მიზეზი არ მაქვს, აქ დარჩენა უსაფრთხოა. ნენსი დედას ხელის დაქნევით დაემშვიდობა და მასწავლებელთან მივიდა. ის მზად იყო საბავშვო ბაღში მისი პირველი დღის გასატარებლად.

***

თორმეტი წლის კეროლი აღელვებული იყო და თვალები აცრემლებოდა. მისი საყვარელი ბიძაშვილი სახლში ბრუნდებოდა ზაფხულის არდადეგების მასთან გატარების შემდეგ.  დედის რეაქცია კი ამ დროს კეროლისადმი არც თანაგრძნობას გამოხატავდა და არც მისი გაგების მცდელობას.

კეროლი:   (ცრემლიანი თვალებით) სიუზი მიდის. მე ისევ სულ მარტო დავრჩები.

დედა:        სხვა მეგობარს იპოვი.

კეროლი:  ძალიან მარტო ვიქნები.

დედა:       ამას როგორმე გადაიტან.

კეროლი:  კარგი რა დედა! (ქვითინებს)

დედა:       შენ უკვე თორმეტი წლის ხარ და კვლავ ასეთი მტირალა.

კეროლმა დედას მომაკვდინებელი მზერა ესროლა, თავის ოთახში  გაიქცა და კარი მიიხურა.

ამ ეპიზოდს წესით ბედნიერი დასასრული უნდა ჰქონოდა. ბავშვის გრძნობები სერიოზულად უნდა აღვიქვათ, მიუხედავად იმისა, სიტუაცია საგანგაშოა თუ არა. შესაძლოა, რომ ზაფხულის დასრულებით გამოწვეული განშორება დედის თვალში ძალიან უმნიშვნელო უსიამოვნება იყო, მაგრამ მისი რეაქცია შვილის გრძნობებისადმი თანაგრძნობას არ უნდა ყოფილიყო მოკლებული. კეროლის დედას შეეძლო ეთქვა შემდეგი:  -კეროლი აღელვებულია. ყველაზე მეტად იმით დავეხმარები თუ ვაჩვენებ, რომ მისი განცდები კარგად მესმის. როგორ შეიძლება ეს მოვახერხო? მასთან მის გრძნობებზე საუბრით. ასეთ შემთხვევაში კი, ის ქვემოთ მოცემული ვარიანტებიდან, რომელიმეს იტყოდა:

– სიუზის გარეშე სიმარტოვე იქნება.

– შენ ის უკვე გენატრება.

– განშორება რთულია, როცა ასე ეჩვევი ერთად ყოფნას.

– სახლი ალბათ ძალიან ცარიელი გეჩვენება სიუზის გარეშე.

ასეთი პასუხები  მშობელსა და ბავშვს შორის სიახლოვეს ქმნის. როცა ბავშვები გრძნობენ, რომ მათი ესმით, მარტოობისა და ტკივილის შეგრძნება უმცირდებათ. როდესაც ბავშვები ხედავენ, რომ მათი ნამდვილად ესმით, სიყვარული მშობლის მიმართ ღმრავდება. მშობლის მიერ გამოხატული თანაგრძნობა მათ მტკივნეულ გრძნობებს მალამოსავით ედება.

როდესაც ბავშვს თანავუგრძნობთ და გულთან ახლოს მიგვაქვს მისი განცდები, სიტყვებით გამოვხატავთ მისი გრძნობებისა და ემოციების არსებობას, ის, როგორც წესი, ახერხებს ძალების მოკრებას და უმკლავდება არასასურველ ემოციებს.

***

შვიდი წლის ალისას შუადღის გატარება მეგობარ ლეასთან ერთად ჰქონდა დაგეგმილი. მოულოდნელად გაახსენდა, რომ მისი კლუბის შეხვედრაც შუადღეს ტარდებოდა. მან ტირილი დაიწყო.

დედა: – ოჰ, ვხედავ, რომ იმედგაცრუებული ხარ. ძალიან ელოდებოდი ლეასთან თამაშს.

ალისა: – ჰო! რატომ არ შეიძლება ჩემი კლუბის შეხვედრა სხვა დროს იყოს?

ცრემლები შეწყდა. ალისამ მეგობარ ლეას დაურეკა და მასთან თამაში სხვა დღისთვის დაგეგმა. შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა და კლუბის შეხვედრისთვის მზადება დაიწყო.

ის ფაქტი, რომ დედა გაგებითა და თანაგრძნობით მოეკიდა ალისას იმედგაცრუებას, შვილს სირთულესთან და იმედგაცრუებასთან გამკლავებაში დაეხმარა. დედამ ალისას გრძნობები და ემოციები გააჟღერა და არ უცდია სიტუაციის შემსუბუქება. მას ასევე არ უთქვამს შვილისთვის რატომ ატეხე ასეთი ამბავი არაფრის გამოო ან ლეასთან თამაშს სხვა დროსაც ხომ შეძლებ და რა დიდი ამბავია ეს ყველაფერი, ერთი ვიცოდეო.

ის გამიზნულად მოერიდა ისეთი გაცვეთილი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა: „კარგად იცი, რომ ორ ადგილას ერთდროულად ვერ იქნები“. ამ სიტუაციაში დედას შვილი არ დაუდანაშაულებია, არც შეურცხვენია და არ უთქვია: „კი მაგრამ რატომ დაგეგმე მეგობართან შეხვედრა, როცა იცოდი, რომ ოთხშაბათი სკაუტების კლუბის შეხვედრის დღეა?“

***

ქვემოთ წარმოდგენილი დიალოგი ნათლად უჩვენებს თუ როგორ მოახერხა ერთმა მამამ შვილის ემოციებისა და წუხილის განელება მათი აღიარებითა და გაჟღერებით.

როდესაც, ღამის ცვლაში მომუშავე მამა, რომელიც დედის სამსახურში წასვლის შემდეგ დღისით სახლის საქმეებზეც ზრუნავდა, მაღაზიიდან სანოვაგით დაბრუნდა, სახლში ძალიან გაბრაზებული 8 წლის ვაჟიშვილი დახვდა.

მამა:  – გაბრაზებულ ბიჭს ვხედავ! არა, გაბრაზებულს კი არა, ძალიან გაბრაზებულს.

დევიდი: – გაბრაზებული ვარ! არა, ძალიან გაბრაზებული!

მამა: – ვაა.

დევიდი: – (ძალიან ჩუმად) მენატრებოდი. შენ არასოდეს მხვდები სახლში, როცა სკოლიდან მოვდივარ.

მამა: – კარგია, რომ მითხარი. აწი მეცოდინება, რომ სახლში გინდა დაგხვდე, როცა სკოლიდან ბრუნდები.

დევიდი მამას ჩაეხუტა და ეზოში  სათამაშოდ გავიდა. მამამ იცოდა, თუ როგორ უნდა გამოესწორებინა შვილის განწყობა. მას არ დაუწყია თავის მართლება და ახსნა იმისა თუ რატომ არ იყო სახლში: „საყიდლებზე ხომ უნდა წავსულიყავი. აბა რას შეჭამდი საჭმელი, რომ არ მეყიდა“. მას არ უკითხავს შვილისთვის რატომ ხარ გაბრაზებულიო. ამის ნაცვლად მამამ შვილის გრძნობები და ემოციები თვითონვე გააჟღერა.

მშობლების უმეტესობა ვერ აცნობიერებს, რომ სრულიად უშედეგოა ბავშვების დარწმუნება იმაში, რომ მათი საჩივრები უსაფუძვლოა და მათ მიერ სიტუაციის აღქმა კი – არასწორი. ამის საბოლოო შედეგი მხოლოდ კამათი და ბრაზია.

***

ერთ დღეს თორმეტი წლის ელენი სკოლიდან ძალიან გაბრაზებული დაბრუნდა.

ელენი: – ვიცი, რომ იმედგაცრუებული იქნები, ტესტში 100-დან 80 ქულა მივიღე. ვიცი  რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის, რომ 90-ზე მაღალი ქულა მივიღო.

დედა: – ჩემთვის მართლა სულერთია. და საერთოდაც, როგორ ამბობ ასეთ რამეს? სულაც არ ვარ იმედგაცრუებული შენი ქულებით. ვფიქრობ, რომ 80 ქულა ძალიანაც კარგია.

ელენი: – მაშინ რატომ მეჩხუბები ყოველთვის, როცა 90-ზე დაბალ ქულას ვიღებ?

დედა: – როდის გეჩხუბე? მე კი არა, ეს შენ ხარ იმედგაცრუებული და ახლა დგახარ და მე მადანაშაულებ.

ელენამ ტირილი დაიწყო და ოთახიდან გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ დედამ გააცნობიერა შვილი საკუთარი იმედგაცრუების აღიარების ნაცვლად დედას ადანაშაულებდა, ამ ფაქტზე თითის გაშვერითა და კამათით მან შვილის გრძნობები და ემოციები ვერ გამოასწორა. დედა ბევრად უფრო სასარგებლო საქმეს გააკეთებდა არსებული სიტუაციის შვილისეული აღქმა უბრალოდ რომ გაეჟღერებინა:

– ძალიან გინდა, რომ შენი ქულები ჩემთვის მნიშვნელოვანი სულაც არ იყოს. შენ გინდა თვითონ გადაწყვიტო რომელი ქულა შეიძლება ჩაითვალოს შენთვის კარგ ქულად და რომელი არა. გასაგებია ყველაფერი“.

არამხოლოდ ბავშვები, არამედ თუნდაც სრულიად უცნობი ზრდასრული ადამიანები აფასებენ იმას, როცა ჩვენ მათ სირთულეებს გაგებით ვეკიდებით.

მისის გრაფტონს საშინლად არ უყვარდა ბანკში მისვლა,  -იქ ყოველთვის ხალხმრავლობაა. მენეჯერი კი ყოველთვის ისე იყურება და იქცევა, თითქოს დიდ პატივს მდებდეს უბრალოდ იქ ყოფნით. ყოველთვის, როცა მასთან მიწევს მიახლოება, ძალიან ვიძაბები.

ერთ პარასკევ დღეს, მას ბანკის მენეჯერის ხელმოწერა დასჭირდა რაღაც საბანკო დოკუმენტზე. ძალიან ღიზიანდებოდა, როცა აკვირდებოდა მენეჯერის ქცევისა და საუბრის მანერას სხვებთან მიმართებაში. მაგრამ მისის გრაფტონმა გადაწყვიტა საკუთარი თავი წარმოედგინა ბანკის მენეჯერის სიტუაციაში და თანაგრძნობა და მისი გაგების მცდელობა შემდეგი სიტყვების თქმით გამოხატა:

– კიდევ ერთი მძიმე პარასკევი დღე გაქვთ დღეს, არა? ყველა თქვენს ყურადღებას ითხოვს, ჯერ კი შუადღეც არ არის. არც კი ვიცი როგორ ახერხებთ მთელი დღე ამ ყველაფერთან გამკლავებას.

კაცს სახე გაუნათდა. ქალი მას პირველად ხედავდა გაღიმებულს.

– დიახ, აქ ყოველთვის ბევრი საქმეა. ყველას უნდა, რომ პირველი მას მოვემსახურო. თქვენ რით შემიძლია დაგეხმაროთ?

მენეჯერმა არა მხოლოდ ხელი მოუწერა მის გრაფტონს ჩეკზე, არამედ ოპერატორამდეც კი მიაცილა, რომ სწრაფად დაესრულებინათ მისი საბანკო ოპერაცია.

 

წყარო: თავი 1 – ჰაიმ გინოტის წიგნიდან “მშობელსა და ბავშვს შორის” 


3 Comments

გახმოვანებული ქართულენოვანი საბავშვო სურათებიანი წიგნები YouTube-ზე

 

სულ ცოტა ხნის წინ ახალი რამ წამოვიწყეთ – ქართულენოვანი საბავშო სურათებიანი წიგნების გახმოვანება და მათი ატვირთვა YouTube-ზე.

მიუხედავდ იმისა, რომ ყველამ კარგად ვიცით თუ რამდენად მავნებელია პატარებისთვის ეკრანთან დროის გატარება და რამდენად უკეთესია მათთვის ამის ნაცვლად წიგნების კითხვა, თამაში და გარეთ სირბილი, ამა თუ იმ მიზეზის გამო ისინი მაინც ატარებენ დროს ეკრანთან და ხშირად მათი ასაკისთვის სრულიად შეუფერებელი შინაარსის ფილმების თუ ვიდეო რგოლების ყურებაში.

რადგანაც გახმოვანებული ქართულენოვანი საბავშვო სურათებიანი წიგნების ნაკლებობაა ინტერნეტ სივრცეში, ვიფიქრეთ ეს წამოწყება სახალისოსთან ერთად, სასარგებლოც აღმოჩნდებოდა ქართველი პატარებისთვის. იმედია, ასეც იქნება.

10 წლის მარი, დიდი ხალისით ჩაერთო ამ წამოწყებაში და სიამოვნებით ახმოვანებს წიგნებს.  მარის ასევე შეურთდნენ 3 წლის ანასტასია და 6 წლის ლუკა 🙂

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ბავშვების მიერ გახმოვანებულ საბავშვო წიგნებს. იმედია მოგეწონებათ ისინი თქვენ და რაც მთავარია, თქვენს პატარებსაც.

#1 “კასტორი ღებავს” – ავტორი ლარს კლინტინგი

 

#2 “კასტორი აცხობს” – ავტორი ლარს კლინტინგი

 

#3 “კასტორი დურგლობს” ავტორი ლარს კლინტინგი

 

#4 “ოლივერი და პეჩი” ავტორები კლერ ფრიდმანი და კეიტ ჰინდლი

 

#5 “ბალეტი რა ძაღლის საქმეა?!” ავტორები ანა კემპი და სარა ოგილვი

 

#6 “ბაბუს კუნძული” ავტორი და ილუსტრატორი ბენჯი დეივისი

 

#7 “თეთრი ლომი” – ავტორები ჯიმ ჰელმორი და რიჩარდ ჯონსი

 

#8 “მიყვარხარ დედიკო” ავტორი ჯოანა ვოლში

 

#9 “მიყვარხარ მამიკო” ავტორი ჯოანა ვოლში

 

#10 “მარტორქები ბლინებს არ ჭამენ” –   ავტორები ანა კემპი და სარა ოგილვი 

 

#11 “ჰიპა ირჩევს პროფესიას” ავტორები ანა ჯანელიძე და ალექს ჩიყვინაძე

 

#12 “რუ – მრგვინავი დინოზავრი” ავტორები დევიდ ბედფორდი და მენდი სტენლი

 

#13 “მანდ ვინ არის?” 

 

#14 “ნადირობა უზარმაზარ ფხუკუნაზე” – ავტორები კლერ ფრიდმენტი და კეიტ ჰინდლი

 

#15 “კაკ-კუკ! აქ ვინ არის?”

#16 “როგორ დავბანოთ ფუმფულა მამონტი” – ავტორები მიშელ რობინსონი და ქეით ჰინდლი


5 Comments

ჩვენი ჯადოსნური მინიატურული სოფელი

როგორც ყველა, ჩვენც ვცდილობთ ხოლმე ზაფხული საინტერესოდ გავატაროთ. ამისთვის ზაფხულის დაწყებამდე (ან დასაწყისში მაინც) ვგეგმავთ სახალისო აქტივობების სიას, რომლებიც შეიძლება გავაკეთოთ მთელი ზაფხულის განმავლობაში. სიას, როგორც წესი, ზუსტად არასოდეს მივყვებით, მაგრამ ასეთი გეგმის არსებობა გვეხმარება მიმართულების არჩევაში და საინტერესო აქცენტების გაკეთებაში.

შარშან ზაფხულსაც გავაკეთეთ ასეთი სია და ბევრი საინტერესო რამ ავირჩიეთ გასაკეთებლად. როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი რამ დაგვრჩა განუხორციელებელი, მაგრამ ბევრი რამეც მოვახერხეთ. ერთ-ერთი ასეთი რამ იყო ჯადოსნური მინიატურული სოფლის გაკეთება.

ეს ამბავი დაიწყო ჩვენი საყვარელი საქმით – ქვების მოხატვით. ამ საქმის გასაკეთებლად კი ინსპირაცია მოგვცა იმ ქვებმა, რომლებსაც პატარა სახლების ფორმა ჰქონდა. ასეთ ქვებს აბა ხელიდან როგორ გავუშვებდით და შევუდექით საქმეს. შევღებეთ ნაპოვნი ქვები და ვაქციეთ ისინი პატარა ჯადოსნურ სახლებად.

ქვების მოხატვა

შემდეგ ამ სახლებს მოვუძებნეთ პატარა მყუდრო ადგილი და თითოელმა მათგანმა დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი მომავალ სოფელში. ჯადოსნური სოფელისახლებისთვის ადგილის გამოყოფასთან ერთად ნელ-ნელა გაგვიჩნდა ახალ-ახალი იდეები. ყოველ დღე ვფიქრობდით იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა ჩვენი სოფლის კიდევ უფრო გალამაზება და ჯადოსნური ელფერის კიდევ უფრო გაძლიერება. მოკლედ ასე გაჩნდა ერთ-ერთ სახლთან პირველი ბილიკი.

ლობიოს თესლები

მეტი ჯადოსნურობისთვის გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს სოფელს სჭირდებოდა ხეები და ამ საქმისთვის აბა ლობიოზე უკეთესი რა უნდა ყოფილიყო. მოკლედ ბავშვებმა დათესეს ლობიო ამ პატარა სოფელში და ყოევლდღე ამოწმებდნენ მათი ზრდის ტემპს.

მოვლამ და ზრუნველობამ შედეგი გამოიღო და ჩვენი ლობიოს ხეებიც ნელ-ნელა გადაიქცნენ ჯადოსნურ ხეებად.

სოფელი ჭის გარეშე ხომ ვერ იქნებოდა? ჰოდა, ჩვენც გავუკეთეთ სოფელს ერთი პაწაწუნა ჭა.

დავამონტაჟეთ ჭა 🙂 და გავიყვანეთ ბილიკები

ჯადოსნური სოფელი ჯადოსნური სოკოების გარეშე ხომ არ შეიძლება? ნამდვილად არა! ამიტომაც შევუდეგით ზღაპრული სოკოების გაკეთებას.

თიხის სოკოები

ესეც ჩვენი ჯადოსნური სოკოები

ჯადოსნური სოკოები

სოკოებს დაემატა ჯადოსნური კაფე 🙂

მინიატურული კაფ

შემდეგ აუზი თავისი ოქროს თევზებით

ოქროს თევზები

შემდეგ ფერადი ჰამაკი

მინიატურული ჰამაკი

ჭასთან ფერადი ვედრო. შემდეგ ნელ-ნელა გაჩდნა მოსახლეობაც.

ჯუჯების ჭა

ჯერ ჭიამაიები

23შემდეგ კი ლოკოკინები

ლოკოკინები

ბოლოს სოფელში პატარა ჯუჯიკოც კი გამოჩდნა

ჯადოსნური კაფეჩვენი სახალისო პროექტზე მუშაობის ბოლო ეტაპზე კი მოხდა განსაკუთრებული რამ, ჩვენს სოფელთან საიდანღაც მოულოდნელად გაჩდნა ზღარბი, რაც ბავშვებისთვის იყო სრული საოცრება.

ზღარბი ჯადოსნურ სოფელშიმოკლედ ასეთი სახალისო რამ გავაკეთეთ შარშან ზაფხულს, რომელმაც დიდი და პატარა ერთნაიარად გაახალისა.

ჯადოსნური მინიატურული სოფელი


2 Comments

როგორ შევარჩიოთ წიგნები ყველაზე პატარებისთვის

წიგნები 0-დან 6 თვემდე ჩვილებისთვის

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ1234 წიგნებთან ურთიერთობის დაწყება არასოდეს არ არის ადრე, თუმცა 0-6 თვემდე ასაკში იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ რას ვუკითხავთ პატარას, რამდენადაც იმ ფაქტს, რომ ჩვილს ჰქონდეს მისთვის საყვარელი ხმის – მშობლის ხმის, გაგონების საშუალება. თუ თქვენს საყვარელ პატარას გულზე მიიკრავთ და ასეთ თბილ გარემოში წარმართავთ კითხვის პროცესს, მისთვის წიგნის კითხვა მთელი ცხოვრების მანძილზე გახდება ძალიან პოზიტიური ემოციების მატარებელი.

ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ექსპერტები გვირჩევენ წიგნების შემდეგი ნიშნებით შერჩევას:

0-დან 2 თვემდე

faces-for-baby-1რადგანაც 2 თვემდე ჩვილებში მხედველობა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, სასურველია ამ პერიოდისთვის აირჩიოთ წიგნები დიდი კონტრასტების მქონე ილუსტრაციებით. საუკეთესო ვარიანტია წიგნები შავ- თეთრი ფერის ილუსტრაციებით , თუმცა როგორც თავიდან აღვნიშნეთ ამ ასაკში, მთავარია მოუსმინოს თქვენ ხმას, ამიტომაც შეგიძლიათ უკითხოთ ნებისმიერი წიგნი.

2-დან 4 თვემდე

123ორი თვიდან პატარა იწყებს მისთვის საინტერსო ნივთებისა თუ სურათების საკმაოდ დაჟინებით თვალიერებას.  ამ პერიოდიდან ბავშვები იწყებენ ფერების განსხვავებასაც და უკვე შეუძლიათ ნივთებისთვის ხელის ჩავლებაც. ამ თავისებურებების გათვალისწინებით სასურველია შეარჩიოთ წიგნები ძალიან მარტივი და დიდი ზომის ნათელ ფერებში წარმოდგენილი ილუსტრაციებით და გაითვალისწინეთ, თქვენი ხმის მოსმენაა ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

 


4-დან 6 თვემდე

1234ამ ასაკში თქვენი პატარა კიდევ უფრო ავითარებს ნივთების დაჭერის უნარს და ამ პერიოდისთვის საუკეთესოა რბილი მასალისაგან, ნაჭრისგან  დამზადებული წიგნები, ადამიანებისა და ნაცნობი ნივთების მარტივი სურათებით, წიგნები რომელთა დასველებაც შესაძლებელია/აბაზანის სათამაშო წიგნები და წიგნები, რომლებიც დამზადებულია „ჩხარუნა“ ხმის გამომცემი ნაჭრისგან. ამ ასაკისთვის გათვლილ ზოგიერთ წიგნს აქვს სპეციალური რბილი მასალა, რომელიც გათვალისწინებულია პირში ჩასადებად.

123

123

123

123

 

 

 

 

წიგნები 6-დან 12 თვემდე პატარებისთვის

123

ამ ასაკში პატარებს მხედველობა იმდენად აქვთ უკვე განვითარებული, რომ შეუძლიათ შედარებით გართულებული ილუსტრაციების გარჩევა. უკვე შეგიძლიათ იხალისოთ თქვენი პატარასთვის მარტივი ილუსტრაციების აღწერით, თუ რა თქმა უნდა მოახერხებთ იმას, რომ პატარა ამ დროს წყნარად დასვათ.

ერთ წელს მიახლოებული ბავშვები სულ მოძრაობაში არიან, უყვართ წიგნების ხელის ჩავლება და გვერდების გადაფურცლა. ამიტომაც ექსპერტები გვირჩევენ, რომ ამ ასაკში ბავშვებს წავუკითხოთ დღეში რამდენჯერმე დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში. თუ ასე მოიქცევით, არ მოგიწევთ თქვენს პატარასთან ჭიდილი მისი ყურადღების მისაპყრობად.

12318 თვეზე პატარა ბავშვებისთვის ხშირად ძალიან ძნელია რთულ ილუსტრაციებში გარკვევა, რომლებსაც დიდები მარტივად აღიქვამენ. მარტივი ილუსტრაციები კი საშუალებას აძლევს მათ გაერკვიონ იმაში, რასაც წიგნში ხედავენ.

ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ამ პერიოდში სასურველია შეიძინოთ:

  • წიგნები პატარა ბავშვების ფოტოებით
  • სქელი მუყაოსგან დამზადებული წიგნები, რომლის გვერდებზეც ნახავთ სხცადასხცა ნაჭერსა თუ მასალას პატარასთვის ხელის შესახებად (ამ ტიპის წიგნებს უწოდებენ შეხება-შეგრძნების წიგნებს)
  • წიგნები, რომელთა პირში ჩადებაც შესაძლებელია (არსებობს სპეციალური მასალისგან დამზადებული ერთი შეხედვით ქაღალდის წიგნები, რომელთა გარეცხვაც შესაძლებელია და არ იხევა ბავშვი თუ პირში ჩაიდებს), ასევე არსებობს სპეციალური რბილი დაბოლოების მქონე წიგნები, რომლებიც გათვლილია პირში ჩასადებად.
  • წიგნები ნაცნობი ნივთების სურათებით, როგორიცაა ბურთები და ბოთლები, სასურველია, რომ ერთ გვერდზე იყოს მხოლოდ ერთი ნივთის სურათი.
  • ინტერაქტიული წიგნები სათამაშოს, ჩასაკეცი და სამოძრაო ელემენტებით.

123

123

წიგნი პატარებისთვის

 

 

 

 

 

წიგნები 1-დან 2 წლამდე ბავშვებისთვის

123დაახლოებით 12 და 18 თვემდე პერიოდში, თქვენი პატარა იწყებს იმის აღქმას, რომ ის ბგერები, რომელთაც თქვენ წიგნის კითხვის დროს წარმოთქვამდით, ანუ სიტყვები, რეალურად რაღაცას ნიშნავს. რაც უფრო მეტს დაელაპარაკებით და წაუკითხავთ თქვენს პატარას ამ პერიოდში (და საერთოდაც დაბადებიდან) მით უფრო მდიდარი იქნება მისი სიტყვების მარაგი.

ამ ასაკში ეცადეთ შეარჩიოთ ვიზუალური მასალით დატვირთული წიგნები, ხშირად გამეორებული სიტყვებით, ნაცნობი და უცნობი ნივთების მკაფიო სურათებით. როდესაც ხმამაღლა უკითხავთ, ხშირად შეჩერდით, რათა დასვათ შეკითხვები იმ ნივთების გარშემო, რაც წარმოდგენილია ილუსტრაციებში, უპასუხეთ თქვენი პატარას კითხვებს და ისაუბრეთ წიგნში მიმდინარე მოქმედებებზე.

ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის არ გჭირდებათ წიგნებზე დიდი თანხის დახარჯვა. სამი ოთხი მარტივი წიგნის წიგნი პატარასთვისხშირად მოსმენა უფრო კარგია ამ ასაკში, ვიდრე სულ ახალ-ახალი წიგნების გაცნობა თქვენი პატარასთვის.
ამ ასაკში პატარები ცდილობენ ყველაფერში კარგად გარკვევას, ამიტომაც საჭიროა მათ ერთიდაიგივე ამბავი მოისმინონ ბევრჯერ, რათა კარგად გაიგონ და შეისწავლონ რაც ხდება მოცემულ ამბავში. როცა რაღაც ნაცნობი და გასაგებია, ბავშვის თავდაჯერებულობა იმატებს. ძალიან ცოტა რამ არის ბავშვებისთვის ამ ასაკში ნაცნობი და გასაგები, ხოლო ერთი წიგნის ბევრჯერ წაკითხვით ისინი კარგად იმახსოვრებენ თუ რას რა მოყვება წიგნში და უცებ აღმოაჩენენ, რომ ამ ამბის ექსპერტები არიან. ამიტომაც ნუ გაღიზიანდებით და გამოიჩინეთ მოთმინება თუ ერთიდაიგივე წიგნის ძალიან ბევრჯერ წაკითხვითა და ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემით არ ამოიწურება თქვენი პატარას ინტერესი ერთი კონკრეტული წიგნის მიმართ.

ამ ასაკისთვის სასურველია შეიძინოთ:

  • მაგარი მუყაოს წიგნები, რომელთა ხელში დაჭერასა და ტარებას შეძლებს თვენი პატარა
  • წიგნები ბავშვების სურათებით, სადაც ადგილი აქვს ნაცნობ მოქმედებებს, მაგალითად წიგნები, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ იძინებენ ან თამაშობენ ბავშვები ან პატარა ცხოველები.
  • წიგნები თემით „ძილი ნებისა“.
  • წიგნები თემით „გამარჯობა და ნახვამდის“
  • წიგნები მინიმალური ტექსტით თითოეულ გვერდზე
  • წიგნები ძალიან მარტივი ლექსებით
  • წიგნები ნათელი ფერის ილუსტრაციებით
  • წიგნები, “შეხება-შეგრძნებისთვის” გათვალისწინებული მასალებით
  • წიგნები სხვადსხვა ცხოველებზე.

 

123

123

2

 

 

 

 

 

გამოყენებული რესურსები:

Starter library for newborns to 6-month-olds

Starter library for 6- to 12-month-olds

Starter library for 1- to 2-year-olds

Tips for Choosing Books for Babies and Toddlers


დატოვე კომენტარი

რატომ არის მიუღებელი ბავშვის ფიზიკური დასჯა

1ერთ მზრუნველ დედას, ანას, სჯეროდა, რომ ბავშვის ფიზიკური დასჯა იყო მშობლის უფლება და მოვალეობა. მისი აზრით,  ეს მიდგომა იყო აუცილებელი, რადგანაც ცემა დაეხმარებოდა მას დამჯერი ბავშვის აღზრდაში. თუმცა, რამდენიმე თვის ფიზიკური დასჯის შემდეგ, ანას შვილი ჩაიკეტა. დედა ამჩნევდა, რომ ბავშვმა დაიწყო მარტომ თამაში კუთხეში, აღარ აინტერესებდა სხვა ბავშვებთან ურთიერთობა და თვალებში აღარ უყურებდა დედას. ბავშვს სრულიად დაკარგული ჰქონდა მისი ადრინდელი ხალისი. გარეგნულად ის იყო „კარგი ბიჭი“, მაგრამ შინაგანად თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ბავშვი ფიქრობდა, რომ რადგანაც იმსახურებს ცემას, ესეიგი ის ძალიან ცუდია. ის გრძნობდა თავს უსუსურ, უფროსების მიერ დამორჩილებულ, საცოდავ, პატარა არსებად.

ბავშვის თვითშეფასება იწყება სხვების მიერ, განსაკუთრებით კი მისი მშობლების მიერ, მისი პიროვნების აღქმით. ყველაზე მოსიყვარულე ოჯახშიც კი, თუნდაც ძალიან მსუბუქი დარტყმა, ბავშვს ძალიან აბნევს. განსაკუთრებით თუ ბავშვი პატარაა იმისათვის, რომ გაიაზროს მისი ცემის მიზეზი. მშობლები, როგორც წესი, ძალიან დიდ დროს ხარჯავენ იმაზე, რომ ბავშვს აგრძნობინონ თავი ღირებულ ადამიანად, აფიქრებინონ, რომ ის „ძალიან კარგია“. მაგრამ ერთ დღეს ბავშვი შემთხვევით ამტვრევს ჭიქას და მშობლები ამისთვის მას ფიზიკურად სჯიან (თუნდაც ძალიან მსუბუქი ფორმით). ბავშვი ამ  დროს ფიქრობს: „რადგან მცემეს, ესეიგი მე ძალიან ცუდი ვარ“ და მშობლების მიერ აქამდე გაწეული ბავშვის თვითშეფასების ასამაღლებელი მთელი ძალისხმევა მთლიანად წყალში იყრება.

შესაძლოა თქვენ ფიქრობთ, „მე ხშირად არ ვურტყამ ჩემს შვილს ან ისე მაგრა სულაც არ ვცემ. უმეტესწილად, მას მე ვესიყვარულები და ძალიან თბილი ვარ მის მიმართ. ძალიან იშვიათი და თან მსუბუქი დარტყმის გამო, ის სულაც არ იდარდებს“. შესაძლოა თქვენი მოსაზრება სწორია ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებსაც ცემის/მსუბუქი გარტყმის ფაქტი უფრო ამახსოვრდებათ, ვიდრე მზრუნველობის შემთხვევები. შესაძლოა თქვენი აღზრდის მეთოდი მოიცავს ასი ჩახუტებიდან მხოლოდ ერთ მსუბუქ დარტყმას, მაგრამ, დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედ ამ ერთმა დარტყმამ უფრო მეტად იმოქმედოს ბავშვზე და უფრო დაამახსოვრდეს ეს ცემის ფაქტი, ვიდრე ის ასი ჩახუტება, განსაკუთრებით კი თუ დარტყმას ადგილი ჰქონდა გაბრაზებულ გულზე ან უსამართლოდ, რაც, როგორც წესი, ხშირად ხდება ხოლმე.

დარტყმა აუფასურებს მშობლისა და ბავშვის ურთიერთობას

ფიზიკური დასჯა აკნინებს მშობლის როლს და აუფასურებს მშობლისა და ბავშვის ურთიერთობას. ფიზიკური დასჯა ერთმანეთს აშორებს დამსჯელსა და დასჯილს. იყო ავტორიტეტი, ნიშნავს რომ შენ გენდობიან და პატივს გცემენ, მაგრამ არ ეშინიათ. ავტორიტეტის მოპოვება შიშით შეუძლებელია.

ის მშობლები, რომლებიც ფიზიკური დასჯის გზით ახდენენ მათი შვილების კონტროლს, ხშირად საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენისანი არიან სწორედ ამ საქციელის გამო. გულის სიღრმეში მათ არ მიაჩნიათ ეს საქციელი გამართლებულად. ხშირად ისინი სცემენ ან უყვირიან ბავშვებს სასოწარკვეთილების გამო, რადგანაც არ იციან ბავშვთან კომუნიკაციის სხვა ხერხი. როგორც წესი, ასეთი მიდგომის გამოყენების შემდეგ, ისინი კიდევ უფრო უსუსურად გრძნობენ თავს,  განსაკუთრებით მაშინ, როცა აღმოაჩენენ, რომ ეს დასჯის ფორმა რეალურად არ მუშაობს. ერთ-ერთმა დედამ, რომელიც იყენებდა  ცემას, როგორც დასჯის მეთოდს, თქვა: „მე მოვიგე ბრძოლა, მაგრამ დავმარცხდი ომში! ახლა ჩემს შვილს ჩემი ეშინია და მე ვგრნძობ, რომ დავკარგე რაღაც ძალიან ძვირფასი.“

მშობლები, რომლებიც გამუდმებით იყენებენ ფიზიკურ დასჯას, როგორც ბავშვის კონტროლის მექანიზმს, თავს იგდებენ ორივე მხარისთვის წამგებიან მდგომარეობაში. ასეთ დროს არა მხოლოდ ბავშვი კარგავს მშობლის პატივისცემას, არამედ თვითონ მშობლებიც არასასურველ სიტუაციაში იგდებენ საკუთარ თავს. მათი გონება მხოლოდ ფიზიკურ დასჯაზეა მომართული და ისინი სრულიად კარგავენ სხვა ალტერნატივების მოფიქრების უნარს. როგორც წესი, ასეთ მშობლებს არ აქვთ არანაირი წინასწარ დაგეგმილი, გაანალიზებული სტრატეგიები ბავშვის ქცევისათვის სასურველი მიმართულების მისაცემად. ამის შედეგად ბავშვი კიდევ უფრო ცუდად იქცევა, რაც იწვევს მის უფრო ხშირ ფიზიკურ დასჯას. ასეთი მიდგომის შედეგად ბავშვი ვერ ავითარებს შინაგანი კონტროლის უნარს.

ფიზიკური დასჯა, როგორი “მსუბუქიც” არ უნდა გვეჩვენებოდეს ის, ასწავლის ბავშვს, რომ მისაღებია დაარტყა ადამიანს. ამ გზით ბავშვს ვეუბნებით, რომ მისაღებია ზრდასრულმა დაარტყას პატარას ანუ ძლიერმა დაარტყას სუსტს.  ასე, ბავშვები სწავლობენ, რომ პრობლემა თუ გაქვს, უნდა მოაგვარო მუშტით. ბავშვი, რომლის ქცევის მართვაც ხდება ძალადობრივი გზით, დიდი ალბათობით იგივე მეთოდს გამოიყენებს სხვებთან ურთიერთობის დროსაც: და-ძმასთან თუ თანატოლებთან, საბოლოოდ კი მეუღლესთან და შვილებთან.

ცემა არ აუმჯობესებს ბავშვის ქცევას

ბავშვისგან სასურველი ქცევის მიღების პრინციპია: ბავშვი, რომელიც თავს გრძნობს კარგად, იქცევა კარგად! ცემა ძირს უთხრის ამ პრინციპს. რაც უფრო ცუდად იქცევა ბავშვი, როგორ წესი, მით უფრო მეტ ცემას იმსახურებს და თავსაც უფრო ცუდად გრძნობს.

სწორი აღზრდისას, როცა ბავშვი ცუდად იქცევა, მშობლის მიზანია გააგებინოს, რომ მისი ქცევა მიუღებელია, რომ ის ცუდად მოიქცა, დააფიქროს ბავშვი, რათა მან იგრძნოს სინანული მისი საქციელის გამო. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს კარგი წარმოდგენა საკუთარ თავზე და  ფიქრობდეს, რომ ის არის ადამიანი, რომელიც მშობლებისთვის ძალიან ღირებულია.

ბავშვები, როგორც წესი, ცემას აღიქვამენ როგორც უსამართლო სასჯელს. ძალიან ხშირად კი უსამართლობის გრძნობა გადადის სირცხვილის, შეურაცხოფის გრძნობაში. როდესაც დასჯის მეთოდი შეურაცხმყოფელია ბავშვებისთვის, ისინი უჯანყდებიან მშობლებს ან იკეტებიან საკუთარ სამყაროში.

ცემის ფაქტებს შეუძლიათ სხვა მხრივ ყველანაირად ბედნიერი ბავშობის დღეებისთის მძიმე დაღის დასმა. ადამიანი, როგორც წესი უფრო მეტად იხსენებს ტრამვულ შემთხვევბს მათი ცხოვრებიდან, ვიდრე სასიამოვნო მოვლენებს. ფიზიკური დასჯის არასასიამოვნო მომენტებს შეუძლიათ მთლიანად დაჩრდილონ და დაბლოკონ ბავშვობის კარგი მოგონებები.

ფიზიკურ დასჯა გრძელვადიანი ნეგატიური შედეგების მიზეზი ხდება. წარმოგიდგენთ კვლევების მოკლე მიმოხილვას, სადაც ნაჩვენებია ფიზიკური დასჯის გრძელვადიანი შედეგები:

  • ერთ-ერთმა გრძელვადიანმა კვლევამ უჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც იზრდებოდნენ ისეთ ოჯახებში, სადაც ფიზიკური დასჯა აღზრდის მეთოდის შემადგენელი ნაწილი იყო, გახდნენ ასოციალურები და ეგოცენტრულები. ფიზიკური ძალადობა კი მათთვის გახდა პრობლემების მოგვარების მისაღები ფორმა.
  • 679 უნივერსიტეტის სტუდენტის გამოკითხვამ უჩვენა, რომ იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც ახსოვდათ თუ როგორ ისჯებოდნენ ბავშვობაში ფიზიკურად, უფრო მისაღები იყო ბავშვის ფიზიკური დასჯა აღზრდის/დისციპლინის მიზნით. ეს სტუდენტები თვითონაც აპირებდნენ ამ მეთოდის გამოყენებას საკუთარ შვილებთან. იმ სტუდენტებს კი, რომლებიც ბავშვობაში ფიზიკურად არ ისჯებოდნენ, გაცილებით ნაკლები მიმღებლობა ჰქონდათ ბავშვის ფიზიკური დასჯის მიმართ, ვიდრე მათ, ვინც თვითონ ფიზიკურად ისჯებოდა ბავშვობაში.
  • კვლევამ, რომელიც შეისწავლიდა ფიზიკური დასჯის გავლენას ბავშვების აგრესიულ ქცევაზე, უჩვენა, რომ რაც უფრო ხშირად ისჯებოდა ბავშვი ფიზიკურად, მით უფრო დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ის უფრო აგრესიულად მოექცეოდა ოჯახის სხვა წევრებს და თანატოლებს.
  • კვლევამ, რომელიც შეისწავლიდა აქვს თუ არა რაიმე გრძელვადიანი ნეგატიური გავლენა მცირეწლოვანი ბავშვის დასჯას ხელებზე დარტყმით უჩვენა, რომ 3 წლამდე ბავშვები, რომლებიც ისჯებოდნენ ხელებში დარტყმით, ჰქონდათ სერიოზული ჩამორჩენა გარემოს კვლევის უნარების განვითარებაში.
  • იმ ზრდასრულებში, რომლებიც ფიზიკურად ისჯებოდნენ მათი მშობლების მიერ, ოთხჯერ მეტი იყო მეუღლის ცემის ფაქტი, ვიდრე მათში, ვინც არ ისჯებოდა ფიზიკურად.
  • 4-დან 1-ი მშობელი, რომელიც იზრდებოდა ოჯახში, სადაც ხშირი იყო ძალადობის ფაქტი, არ ერიდებოდნენ ბავშვების სერიოზულად დაზიანებას დასჯის დროს.
  • პატიმრებს შორის ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ ყველაზე საშინელი კრიმინალები გაიზარდნენ ძალადობრივ ოჯახურ გარემოში.
  • ცნობილი საშიში კრიმინალების, მკვლელების, ნარკომანებისა და ყაჩაღების ცხოვრების ისტორია უჩვენებს, რომ ბავშობაში ისინი იყვნენ გადამეტებული ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი.

ფიზიკური დასჯის ნეგატიური ეფექტების დამამტკიცებელი კვლევები ძალიან ბევრია. ასობით კვლევა უჩვენებს, რომ:

  1. რაც უფრო მეტად ისჯება ბავშვი ფიზიკურად, მით უფრო მეტად აგრესიული ხდება ის.
  2. რაც უფრო მეტად ისჯებიან ბავშვები ფიზიკურად, მით უფრო მეტია იმის შანსი, რომ ისინიც იგივეს გააკეთებენ საკუთარ შვილებთან.
  3. ფიზიკური დასჯა თესავს შემდგომი ძალადობის თესლს.
  4. ფიზიკური დასჯა არ მუშაობს – ის ვერ აღწევს მიზანს!

ფიზიკური დასჯა არ იძლევა შედეგს

ბევრი კვლევა უჩვენებს ფიზიკური დასჯის ნეგატიურ შედეგებს, მაგრამ არც ერთი არ უთითებს, რომ მას მოაქვს რაიმე სარგებელი. ფიზიკური დასჯა, როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის ნეგატიური ეფექტის მომტანია. ცემა არ წაახალისებს კარგ ქცევას, ის აშორებს ერთმანეთისგან შვილებსა და მშობლებს და ხელს უწყობს ძალადობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

 

წყარო: 10 Reasons Not to Hit Your Child


დატოვე კომენტარი

გართობა ზაფხულში ბავშვებთან ერთად და ჩვენ სტუმრად რუსთავი2-ში

“რუსთავი 2” დაინტერესდა ჩვენი საზაფხულო გასართობების სიით და მიგვიწვია ამ თემაზე სასაუბროდ “სხვა შუადღეში”.  ჩვენც მივედით 🙂 და ვისაუბრეთ იმაზე თუ რას და როგორ ვაკეთებთ ხოლმე ზაფხულობით. ბავშვებმა კი იქვე გააკეთეს იმის დემონსტრირება თუ რამდენად მარტივად შეიძლება სახალისო სათამაშოების საკუთარი ხელით გაკეთება.

ესეც ჩვენი ვიდეო.

11