პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

როგორები არიან ბავშვები 8 წლის ასაკში

2 Comments

eightმიუხედავად იმისა, რომ ბავშვის განვითარების ტემპი ინდივიდუალურია, მაინც შესაძლებელია გამოიყოს გარკვეული ქცევის თავისებურებები, რომელიც ბავშვების დიდ ნაწილს კონკრეტულ ასაკში ახასიათებთ.

როგორი არიან ბავშვებში 8 წლის ასაკში?

სპეციალისტები გამოყოფენ შემდეგ თვისებებს ამ ასაკის ბავშვებში:

  • ამ დროს ბავშვები განსაკუთრებით ითხოვენ სიყვარულის გამოხატვას მათ მიმართ და უნდათ, რომ უფრო მეტად გაუგონ მათ. ამას განსაკუთრებით დედისგან მოელიან;
  • ამ ასაკის ბავშვებს უკვე აქვთ უნარი დახმარება გაუწიონ უფროსებს სხვადასხვა საქმეში;
  • არიან მხიარულები, სასიამოვნოა მათთან ურთიეთრობა თუმცა ამავე დროს ხშირად უხეშობენ, მბრძანებლობენ და ეგოისტებიც არიან;
  • არიან ძალიან მგრძნობიარენი და ახასიათებთ ზედმეტი დრამატულობა;
  • ემოციები  ეცვლებათ სწრაფად;
  • ახასიათებთ სულსწრაფობა,  ლოდინს ხშირად აღიქვამენ როგორც ტანჯვას;
  • შეუძლიათ ადვილად დამეგობრება და ძირითადად ჰყავთ თავისი სქესის მეგობრები;
  • უყვართ თამაში ჯგუფში და მოსწონთ გუნდური სპორტული თამაშები; უნდათ თავი იგრძნონ გუნდის წევრად;
  • ადვილად ექცევიან თანატოლების ზეგავლენის ქვეშ;
  • შესაძლებელია გაუჩნდეთ აკვიატება ან იყონ ადვილად მოტივირებული ფულით;
  • არიან საკმაოდ ჯიუტები და ხშირად დაუმორჩილებლები;

ჯიუტობა და დაუმორჩილებლობის სურვილი 8 წლის ასაკში

როგორც აღმოჩნდა , რვა წლის ასაკში ბავშვებს განსაკუთრებით ახასიათებთ ჯიუტობა და დაუმორჩილებლობის სურვილი. როდესაც თქვენს შვილს თხოვთ დადოს მისი ტანსაცმელი თავის ადგილას და ის არ ასრულებს თქვენს თხოვნას ან არ მოდის როცა ეძახით სადილზე და სანაცვლოდ კითხულობს  „რისთვის?“, შესაძლებელია გგონიათ, რომ სადღაც შეცდომა დაუშვით ბავშვის აღზრდაში და რაღაც გაგეპარათ.

რამდენადაც გამაღიზიანებელი არ უნდა გეჩვენებოდეთ ბავშვის ასეთი ქცევა, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ეს სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა ამ ასაკის ბავშვებისთვის. როგორც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი სუზან აუერს დენჰამი ამტკიცებს, ამ ასაკში ბავშვებს ხშირად ჩვევიათ უფროსების წესებისა და მოთხოვნებისთვის გამოცდის მოწყობა. ამ გზით ისინი ცდილობენ საკუთარი უფლებების დაცვის გზების პოვნას და უნდათ გვაგრძნობინონ საკუთარი არსებობა. ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენმა 8 წლის შვილმა წინააღმდეგობა გაგიწიათ თქვენ და თქვენს წესებსაც, რომელიც მას შესაძლებელია სულელურადაც ეჩვენება.

როგორ შეიძლება მოიქცეს მშობელი ასეთ დროს?

ეცადეთ გაუგოთ

თუ თქვენ ეძახით ბავშვს სადილზე და ის გპასუხობთ „ ახლა არა“ და საშინლად ბრაზდება, როდესაც აიძულებთ მას მაგიდასთან მოსვლას, ეცადეთ წარმოიდგინოთ თქვენი თავი მის ადგილას. თუ ის ამ დროს მეგობრებთან თამაშობს, უთხარით, რომ გესმით თუ რამდენად ძნელია ასეთ დროს მეგობრებისა და თამაშის მიტოვება, მაგრამ სადილი უკვე მზად არის და ამიტომ უნდა მოვიდეს მაგიდასთან.

ასეთ დროს მთავარია პრობლემის შექმნის ნაცვლად აჩვენოთ მას, რომ თქვენ რეალურად მის მხარეზე ხართ. ეცადეთ არ გაბრაზდეთ (თუნდაც მეზობელი ან ნათესავი დამცინავად გიყურებდეთ იმის გამო, რომ თქვენი შვილი ადვილად არ გემორჩილებათ). იყავით თბილი ბავშვის მიმართ, მაგრამ მტკიცე თქვენს სიტყვებში, როცა ეუბნებით, რომ ის უნდა მოვიდეს როცა ეს აუცილებლია.

დააწესეთ შეზღუდვები

ამ ასაკში ბავშვებს სჭირდებათ და უნდათ კიდევაც, რომ არსებობდეს გარკვეული შეზღუდვები. ასე რომ დააწესეთ ისინი და კარგად აუხსენით მათ შესახებ თქვენს შვილს. მაგალითად ნათლად განუმარტეთ ასეთი შეზღუდვები „ ნებართვის გარეშე ტელეფონით დარეკვის უფლება არ გაქვს“ ან „ უნდა შემოხვიდე სახლში პირველივე დაძახებისთანავე“.

თუ თქვენს შვილს წესებთან შეგუების პრობლემა აქვს (როგორც ყველა ბავშვს), ეცადეთ მოძებნოთ გამოსავალი. ისაუბრეთ შექმნილ სიტუაციაზე და ეცადეთ გაარკვიოთ თუ რა იწვევს თქვენი შვილის დაუმორჩილებლობას რომელიმე კონკრეტული წესის მიმართ.

მაგალითად: შესაძლებელია ბავშვი ჭირვეულობს დავალების შესრულების დროს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ვერ იგებს მათემატიკის რომელიღაც წესს და უჭირს დავალების შესრულება. ასეთ დროს გამოსავალი იქნება რომელიმე შესაბამისი, თემატური მათემატიკური თამაშის მოძებნა კომპიუტერში ან უფროსის დახმარება. მისი დაუმორჩილებლობა სახლში შემოსვლის მოთხოვნაზე კი შესაძლებელია იმით აიხსნას, რომ მას არ აქვს საკმარისი თავისუფალი დრო ბავშვებთან სათამაშოდ. თუ ის დაინახავს რომ თქვენ გულწრფელად ცდილობთ იპოვოთ გამოსავალი პრობლემიდან, ის აუცილებლად შეამცირებს ჭირვეულობას და მეტად დაემორჩილება თქვენს წესებს.

წაახალისეთ კარგი ქცევა

შესაძლებელია ძალიან გიჭირთ შეიკავოთ თავი და არ უთხრათ რაიმე მკაცრად და გაბრაზებით ბავშვს, როდესაც ის ჯიუტობს, მაგრამ ეცადეთ როგორმე შეიკავოთ თავი. „როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, ის უკვე ძალიან ცუდად გრძნობს თავს“ ამბობს პოზიტიური დისციპლინის წიგნების სერიების ავტორი ჯეინ ნელსენი. „საინტერესოა საიდან მოვიდა ის მოსაზრება, რომ თუ გვინდა ბავშვები უკეთესად მოიქცნენ საჭიროა მათ ჯერ თავი ვაგრძნობინოთ ცუდად?“ , ამბობს ნელსენი. სინამდვილეში კი, ამბობს ის, ასეთი მოქცევა მხოლოდ ნეგატიურ საქციელისკენ უბიძგებს ბავშვს.

ამის ნაცვლად, ეცადეთ ყოველთვის აღნიშნოთ, როდესაც ბავშვი კარგად იქცევა და გაამხნევეთ რომ ასე გააგრძელოს. გახსოვდეთ ბავშვის დისციპლინა არ გულისხმობს მის კონტროლს – ეს მხოლოდ მისთვის საკუთარი თავის კონტროლის სწავლებას გულისხმობს.

შესაძლებელია ბავშვს დასჯის მუქარით აიძულოთ კარგად მოქცევა, მაგრამ ამას ის მხოლოდ შიშის გამო თუ გააკეთებს. საუკეთესო სიტუაცია კი მხოლოდ მაშინ იქმნება, როცა ბავშვი კარგად იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეს თვითონ უნდა. ასე ის უფრო ბედნიერი იქნება და თავს კარგად იგრძნობს.

მიუხედავად ამისა, გააგებინეთ თქვენს შვილს, რომ როცა ის წესებს არღვევს, ამას თავისი შედეგი აუცილებლად მოჰყვება. გააკეთეთ განმარტება ძალიან კონკრეტულად და ლოგიკის გამოყენებით და არა დასჯის ფორმით. მაგალითად უთხარით: „ თუ ფეხბურთის ბურთით სახლში ითამაშებ, ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ ის ნაგვის ვედროში შევინახოთ“.

დაეხმარებათ დაწყნარებაში პოზიტიური ფორმით

თუ ხედავთ რომ ბავშვის გაღიზიანება უკვე მწვერვალს აღწევს იმის გამო, რომ ის ვერ აკეთებს იმას, რაც თვითონ სურს, დაეხმარებათ მას დამშვიდებაში. იმის ნაცვლად, რომ უთხრათ “ახლავე წადი შენს ოთახში“ უთხარით, წავიდეს და ჩამოჯდეს მის საყვარელ ადგილას სახლში, რომ სიბრაზემ გადაუაროს. შესაძლებელია ასეთი მომენტებისთვის ბავშვმა თვითონვე გააკეთოს სახლში თავისი კუთხე, საყვარელი ბალიშით  და საყვარელი წიგნებით. თუ ის უარს სიტყვის წასვლაზე, შესთავაზეთ მასთან ერთად წასვლა და წიგნების ერთად წაკითხვა.

თუ ის ისევ უარზეა, თქვენ თვითონ წადით და დამშვიდდით. ასეთი მოქცევით თქვენ არა მხოლოდ კარგ მაგალითს მისცემთ ბავშვს, არამედ ნამდვილად მიიღებთ სრულიად დამსახურებულ დასვენებასაც. მას შემდეგ, რაც ორივე დაწყნარდებით, შეგიძლიათ ისაუბროთ სწორ ქცევაზე და დაშვებულ შეცდომებზე.

აჩვენეთ უფრო მეტად რომ მას ენდობით

ეცადეთ მისცეთ ბავშვს უფრო მეტი საშულება იმისთვის, რომ მან თავი იგრძნოს დამოუკიდებლად, რომელიც მას ასე ძალიან უნდა. მიეცით საშუალება თვითონ აირჩიოს ტანსაცმელი (თუ რა თქმა უნდა აირჩევს სუფთა და დაუზიანებელ ტანსაცმელს). მიეცით საშუალება გააკეთოს არჩევანი რვეულების ყიდვის დროს და ა.შ. ასეთი ტიპის ჩართულობა ბავშვის მხრიდან სულაც არ გულისხმობს, რომ ის მართავს სიტუაციას, ამბობს ნელსონი „ ასეთი ქცევა ბავშვს უბრალოდ აჩვენებს, რომ თქვენ მას და მის საჭიროებებს აფასებთ“

დახმარების სხვა გზაც არსებობს. იმის ნაცვლად, რომ უთხარით ბავშვს თუ რისი გაკეთება მას არ შეუძლია, უთხარით ის თუ რისი გაკეთების უფლება აქვს. მაგალითად, იმის ნაცვლად რომ უთხარ „ არა, ნუ აქნევ იმ ჯოხს სახლში“ უთხარით, ჯოხის ქნევაში შეგიძლია ივარჯიშო ეზოში’. 8 წლის ასაკში ბავშვს უკვე ესმის თუ რას გულისხმობთ ამ დროს. ასე რომ შეგიძლიათ აუხსნათ კიდეც თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი სახლში ჯოხის ქნევა.

სწორად შეარჩიეთ ბრძოლის ველი.

თუ თქვენს შვილს უცებ მოუნდა სამხედრო სტილის ტანსაცმლის ჩაცმა, რა პრობლემაა? ან საუზმეზე მოისურვა პური და მურაბა ამით რა დაშავდება? თუ ჩარევა და შენიშვნის მიცემა ძალიან აუცილებელი არ არის, ეცადეთ ამისგან თავი შეიკავოთ. არის სიტუაციები, როდესაც მნიშვნელოვანია რჩევის მიცემა. მაგალითიდ, როდესაც ბავშვის დაუვარცხნელი აპირებს სკოლაში წასვლას ან სუფთა ტანსაცმელს ყრის საწოლის ქვეშ, იმის ნაცვლად რომ ჩაალაგოს კარადაში.

წადით კომპრომისზე

ეცადეთ თავიდან აცილოთ სიტუაციები, რომელიც გამოიწვევს თქვენი შვილის სიჯიუტის და პროტესტის შემოტევებს. თუ ხედავთ, რომ რომელიმე მეგობართან ბოლო დროს გაახშირა კინკლაობა, ეცადეთ მისი სხვა მეგობარი მოიწვიოთ სახლში. თუ ის ღიზიანდება, როდესაც მის პოკემონების კოლექციას ვინმე ხელს კიდებს, ეცადეთ კარადაში შეინახოთ ბიძაშვილების მოსვლამდე. პატივი ეცით მის ასაკს და მდგომარეობას. როდესაც ეუბნებით თქვენს 8 წლის შვილს გაწმინდოს აბაზანა ან დაალაგოს საწოლი, ჯერ დარწმუნდით იმაში, რომ მან იცის თუ როგორ უდნა შეასრულოს თქვენი დავალება. ნუ იჩქარებთ ახალი საქმის სწავლების დროს და გააკეთეთ ის ერთად, სანამ ბავშვი ყველაფერში კარგად არ გაერკვევა. ზოგჯერ ჯიუტობის და დაუმორჩილებლობის მიზეზი შესაძლებელია იყოს დავალების სირთულე ან მისი შესრულებისთვის საჭირო ცოდნის არ ქონა. და ბოლოს, პატივი ეცით იმ უნიკალურ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობს თქვენი შვილი. იმის ნაცვლად, რომ მოთხოვოთ უცებ ახტეს და თავი დაანებოს თამაშს, რომელშიც ის იმარჯვებს, მიეცით მას გაფრთხილება რამდენიმე წუთით ადრე, რომ დრო მისცეთ სხვა საქმეზე ყურადღების გადასატანად (მაგ. „გიო, 5 წუთში გვექნება სადილი და გთხოვ დაამთავრე თამაში და დაალაგე მაგიდაზე თეფშები“). ალბათ მას ძალიან არ გაუხარდება, რომ მოუწევს თამაშის მიტოვება და სანაცვლოდ, მაგიდაზე თეფშების დალაგება და სავარაუდოდ ამაზე იწუწუნებს კიდევაც. მაგრამ თუ თქვენ იქნებით თანმიმდევრული და მომთმენი, თქვენი შვილი საბოლოოდ ისწავლის, რომ დაუმორჩილებლობითა და სიჯიუტით ვერ მიიღებს იმას, რაც მას სურს.

წყარო:

http://www.greatschools.org/special-education/health/903-developmental-milestones-your-8-year-old-child.gs

http://www.babycenter.com/0_how-to-raise-a-happy-child-ages-5-to-8_1492445.bc

http://www.babycenter.com/0_defiance-why-it-happens-and-what-to-do-about-it_67683.bc

http://www.babycenter.com/0_alternatives-to-no-ages-6-to-8_67726.bc

http://www.babycenter.com/0_moving-beyond-threats-ages-6-to-8_67722.bc

ავტორი: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

2 thoughts on “როგორები არიან ბავშვები 8 წლის ასაკში

  1. ეგებ სხვა ასაკებიც განიხილოთ, მაგალითად 10-11 წელი. წინასწარ დიდი მადლობა

    Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი