პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება


დატოვე კომენტარი

როგორ გავაკეთოთ პინგვინი მუყაოს რულონის გამოყენებით

თუ გადაწყვიტეთ მხიარული ცხოველების გაკეთება ბავშვებთან ერთად, მაგრამ არ იცით, როგორ გააკეთოთ,  ნუ იღელვებთ. აქ ნაჩვენები სურათები, სადაც წარმოდგენილია მუყაოს რულონით პინგვინის გაკეთების თითოეული ეტაპი, დაგარწმუნებთ იმაში, რომ ასეთი რამის გაკეთება სულაც არ არის რთული. აქ მთავარია სურვილი და მონდომება.

პინგვინის გასაკეთებლად დაგჭირდებათ სამზარეულოს ქაღალდის გამოყენების შემდეგ დარჩენილი მუყაოს რულონი,  შავი, ნარინჯისფერი და თეთრი ქაღალდი, შავი საღებავი, მაკრატელი და წებო.

PENGUIN

 

თავდაპირველად მიეცით მუყაოს სასურველი ზომა – ანუ რა ზომის პინგვინის გაკეთებაც გსურთ. შემდეგ შეღებეთ მუყაო შავად. ამოჭერით ფრთები, ნისკარტი, ფეხები, თეთრი გულმკერდის ფორმა. დიდი და პატარა ზომის მრგავლი ფორმები თეთრი და შავი ქაღალდისგან თვალებისთვის (თუ ჭყეტელა თვალები გაქვთ, შეგიძლიათ პირდაპირ ის გამოიყენოთ) და ბოლოს სურათზე ნაჩვენები ფორმის ნარინჯისფერი ქაღალდი გვირგვინისთვის. ამისათვის ქაღალდს უბრალოდ ჩაჭრით წვრილ ხაზებად.

????????????????????????????????????

ამოჭრის დასრულების შემდეგ ვიწყებთ ფორმების დაწებების პროცესს. ვიწყებთ გულმკერდის ფორმით.

????????????????????????????????????

შემდეგ გადავდივართ თვალებზე. ჯერ ვაწებებთ ოდნავ დიდი ზომის თეთრ მრგავლ ფორმას და თეთრზე ზემოდან ვაწებებთ პატარა შავ წრეებს.

????????????????????????????????????

შემდეგ ვაწებებთ ნისკარტს.

ჩვენი ნამუშევარი უკვე დაემსგავსა პინგვინს, თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით და ვამატებთ სხვა დეტალებს, რომ ის კიდევ უფრო საყვარელი გახდეს 🙂

????????????????????????????????????

ვაწებებთ ფრთებს.

იმისათვის, რომ არ მოგვიწიოს ფრთების ხელებით დიდხანს დამაგრება, შეგვიძლია გამოვიყენოთ დამჭერი.

????????????????????????????????????

სანამ წებო შრება ფრთებზე, ჩვენ შეგვიძლია დრო არ დავკარგოთ და პინგვინს მივაწებოთ ფეხები.

????????????????????????????????????

ჩვენი სამუშაოს დამაგვირგვინებელი ეტაპია თვით გვირგვინის დამაგრება და ჩვენი სამეფო პინგვინიც მზად არის.

იმედი მაქვს, ეს სურათები გამოგადგებათ ერთი ლამაზი დღის, ბავშვებთან ერთად, კიდევ უფრო ლამაზად გატარებაში.


1 კომენტარი

სათაფლიის ნაკრძალი და პრომეთეს მღვიმე

ამ ზაფხულს სხვადასხვა საინტერესო ადგილს ვეწვიეთ, მათ შორის სათაფლიას ნაკრძალს და პრომეთეს მღვიმეს. ორივე ადგილი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის. განსაკუთრებული ინტერესი კი რა თქმა უნდა დინოზავრების ამბებმა და დინოზავრის ნაკვალევმა გამოიწვია. ამ ვიზიტის შემდეგ, მარიმ გადაწტვიტა დინოზავრები უფრო კარგად შეისწავლოს და ითხოვა დინოზავრებზე წიგნების შეძენა, რაზეც რა თქმა უნდა თანხმობა მიიღო.

1234

პრომეთეს მღვიმეც ძალიან შთამბეჭდავი იყო ორივესთვის. მარიმ თქვა, რომ ეს მღვიმე ზღაპრულ სასახლეს ჰგავდა. მოკლედ ორივე აღფროთავენბულები დარჩნენ ნანახით.

თუ ჯერ არ ყოფილხართ ამ ადგილებში, ჩვენი ვიდეო წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე თუ როგორია ისინი. მართალია, მთელი სილამაზის გადმოცემა გაგვიჭირდა ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას მაინც შეიქმნით ამ ადგილებზე ჩვენი პატარა ვიდეოთი.


დატოვე კომენტარი

მარშრუტი – “სვანური კოშკი”

გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე ბავშვებს ძალიან აკლიათ ბუნებასთან სიახლოვე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ხელსაყრელი დრო გამოვიყენოთ და დასვენება და გართობა მათთვის სწორედ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე დავგეგმოთ. მართალია, თბილისში ძალიან დიდი არჩევანი არ არის, მაგრამ მაინც შეიძლება საინტერესო ადგილების პოვნა, თუ ძალიან მოვინდომებთ.

ერთ ლამაზ მაისის დღეს, ამ მიზნით ახალი მარშრუტი შევარჩიეთ და გადავწყვიტეთ დაგველაშქრა ის სვანური კოშკი, რომელიც  კუს ტბიდან ძალიან ლამაზად მოჩანს. გადავწყვიტეთ იქ პიკნიკი მოგვეწყო, მოვემზადეთ შესაბამისად და გავუდექით გზას.

Image

უნდა ითქვას, რომ თვით სვანური კოშკისკენ მიმავალი გზაც ფრიად საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის.

Image

რადგანაც იქ ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინეს, მათ შორის ძალიან ბევრი ჭიანჭველას ბუდე, საინტერესო პეპლები, ხოჭოები

Image

 

და ყვავილები.

Image

რადგანაც სიცხემ ბავშვები ცოტა დაღალა, პერიოდულად ჩრდილში დასვენებებს ვაწყობდით. ამ დასვენებების დროს კი ხან წიგნს ვკითხულობდით, ხან ვთამაშობდით და ხანაც საინტერესო თემებზე ვსაუბრობდით.

Image

და ბოლოს გამოჩნდა მარშრუტის სამიზნე – სვანური კოშკი.

Image

კოშკი მაღალი და ლამაზი იყო, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად შესასვლელი კარი არ ჰქონდა.

Image

ირგვლივ წრეზე ვიარეთ, მაგრამ კარი ნამდვილად არ ჰქონდა :).

Image

ხედი კუს ტბაზე იქიდან განსაკუთრებით ლამაზი იყო და ჰაერიც გრილი და ძალიან სასიამოვნო.

Image

რადგანაც კოშკს შესასვლელი კარი არ ჰქონდა, გადავწყვიტეთ, რომ იქ ცხოვრობდნენ პატარა ჯუჯიკოები, რომლებიც კარს უმალავდნენ ადამიანებს და მას მხოლოდ მაშინ აჩენდნენ, როცა ირგვლივ არავინ იყო.

კოშკის ირგვლივ ჯუჯიკოების ქვებისა და კრისტალების ძიების შემდეგ მივხვდით, რომ ცოტა მოგვშივდა და გადავწყვიტეთ სადმე ხის ჩრდილში პიკნიკისთვის შესაფერისი ადგილი გვეპოვა.

სამწუხაროდ ვიპოვეთ მიმოფანტული ცელოფნის პარკები (როგორც ჩანს სხვა მოპიკნიკეების მიერ დაყრილი) რაც ძალიან გვეწყინა, რადგანაც გულდასაწყვეტია ყოველთვის, როდესაც ვინმე არ უფრთხილდება და ასე უგულოდ ექცევა ბუნებას. თუმცა უნდა ითქვას, რომ ნაგავი მაინც იმდენი არ იყო იქ, რამდენიც სხვა ადგილებში გვინახია ხოლმე.

Image

ასე და ამგვარად ცოტა წავიხემსეთ ჩვენს პატარა პიკნიზე, რის შემდეგაც ბავშვებმა დაიწყეს ირგვლივ ყველაფერის შესწავლა. შედეგად აღმოაჩინეს ულამაზესი ხე, სადაც აისრულეს ოცნება და ისწავლეს ხეზე დამოუკიდებლად ასვლა.

DSC_1122

ასე დიდხანს იძრომიალეს ზევით და ქვევით. მერე ცოტა ირბინეს და სხვა თამაშიც ითაშეს.

ბოლოს კი ძალიან კმაყოფილები და სუფთა ჰაერით სავსე ფილტვებით დავეშვით დაბლა. კუს ტბაზე ჩასვლის შემდეგ მივხვდით, თუ რამდენად განსხვავებული იყო ჰაერი ასეთ მოკლე მანძილზეც კი.

DSC_1158

ეს იყო ერთ-ერთი ძალიან ლამაზი და ბედნიერი დღე ყველა ჩვენთაგანისთვის.

 


დატოვე კომენტარი

შაბათ-კვირა ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიურად დავდივართ ერთნოგრაფიულ მუზეუმში ბავშვებთან ერთდ და ყოველ ჯერზე ძალიან მხიარულად და სასიამოვნოდ ვატარებთ დროს.

DSC_0631

იქ სუფთა ჰაერიც არის და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი საინტერესო რამ.

ალბათ ყველამ იცის, რომ მუზეუმი 52 მიწის ჰექტარს მოიცავს და საქართველოს სხვადასხვა ეთნოგრაფიული ზონიდან 14 სახლს წარმოადგენს. ამ სახლებში კი ძალიან ბევრი საინტერესო საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნივთების, ხელსაწყოების, ქსოვილებისა და კერამიკის ნახვაა შესაძლებელი.

მაგრამ ამ მუზეუმში კიდევ არის რაღაც, რაც განსაკუთრებით  იზიდავთ ბავშვებს

DSC_0781

არა, ამ თხას არ გვულიხმობდი 🙂

მართალია ეს თხა ბავშვებისა და არა მხოლოდ ბავშვების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ მე კიდევ უფრო საინტერესო რამეს ვგულისხმობდი, რაც ყველაზე მეტად ხიბლავთ ბავშვებს. ეს ხალხური რეწვის უფასო გაკვეთილებია, სადაც ბავშვებსაც და დიდებსაც შეუძლიათ ისწავლონ მჭედლობა, ქსოვა, ქარგვა, ხეზე კვეთა და თიხაზე მუშაობა.

DSC_0656

ამ გაკვეთილებს შორის კი ბავშვებისთვის გამორჩეულად საყვარელი თიხაზე მუშაობაა.

DSC_0790

ჩვენ სულ  რამდენჯერმე ვიყავით მუზეუმში და ამ ხნის განმავლობაში ბავშვებმა უკვე მოასწრეს თიხისგან პატარა ქვევრების, ლარნაკების, ჯამებისა და ბაჭიების გამოძერწვაც კი.

DSC_0678

ესეც ნინის მიერ გაკეთებული თასი.

DSC_0831

ესეც ნიკუშას პირველი თიხის ნამუშევარი.

DSC_0801

მარიმ და სალიმ პატარა ჯამები გააკეთეს და შიგნით მათ მიერ თიხისგან გაკეთებული თხილიც ჩაალაგეს.

ყველა ნამუშევარს მასწავლებელი ერთად ინახავს და ნოემბრის ბოლოს, როდესაც  წლევანდელი გაკვეთილების სეზონი დასრულდება, სპეციალურ ღუმელში გამოაშრობს. ყველას შესაძლებლობა ექნება მისი ნამუშევარი სამახსოვროდ სახლში წაიღოს.

DSC_0803

მოკლედ,  თუ ეძებთ იდეებს ბავშვებთან ერთად საინტერსო შაბათ-კვირის გასატარებლად, ეთნოგრაფიული მუზეუმი ამისთვის უდაოდ ერთ-ერთი კარგი ადგილია.


2 Comments

ერთი დღე მედიათეკაში

თბილისში სამწუხაროდ ბევრი ისეთი ადგილი არ არის, სადაც ბავშვებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება შეიძლება,  მაგრამ მშობლებისა და ბავშვების გასახარად რამდენიმე ხნის წინ თბილისს ერთი ასეთი ადგილი შეემეტა – მედიათეკა ვაკის პარკში. გასულ შაბათს  მე და მარი მედიათეკას  მეგობრებთან ერთად  ვესტუმრეთ და გვინდა გაგიზიაროთ ამ ერთი დღის გამოცდილება. ალბათ თქვენთვის უფრო საინტერესო იქნება ეს ყველაფერი თუ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ სტუმრად მედიათეკაში. ეს ის ადგილია, სადაც შეძლებთ კარგი წიგნების სასიამოვნო გარემოში წაკითხვას, დასვენებას და თამაშსაც კი. ეს ყველაფერი განსაკუთრებით უფრო სასიამოვნო ხდება თუ თქვენ ზაფხულის ცხელ ამინდებში გაგვიანდებათ თბილისიდან ბავშვების გაყვანა და არ იცით სად და როგორ გაართოთ ისინი. DSC_0028

ალბათ გაინტერესებთ, როგორ შეიძლება მედიათეკით სარგებლობა?

ამისთვის დაგჭირდებათ ერთწლიანი აბონიმენტის ყიდვა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 15 ლარს.  5 წლიდან ბავშვებს შეუძლიათ მედიათეკაში გაწევრიანება. საბავშვო წიგნებითა და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის მათ, ისევე როგორც დიდებს, სჭირდებათ აბონემენტი, რომელიც იგივე ფასი 15 ლარი ღირს.

ესეც მარი,  რომელიც ელოდება მის აბონიმენტს მეგობრებთან:  ელენესთან, თეკლესთან და ანიტასთან ერთად.

DSC_0036

ესეც მარის აბონიმენტი, რომელითაც ერთი წლის განმავლობაში ვისარგებლებთ მედიათეკითა და მისი სხვადასხვა მომსახურებით.

DSC_0040

აბონიმენტის აღების შემდეგ გავეშურეთ წიგნის ასარჩევად.

DSC_0043

ბევრი საინტერესო საბავშვო წიგნის დათვალიერების შემდეგ, გავეშურეთ გარეთ მედიათეკის პლედებით, ბალახზე მოვკალათდით და დავიწყეთ მარის მიერ შერჩეული წიგნის კითხვა. კითხვის დასრულების შემდეგ პატარა მხიარული დისკუსიაც გავმართეთ წიგნის გარშემო. მოკლედ ფრიად სასიამოვნოდ ჩაიარა კითხვის პროცესმა სუფთა ჰაერზე.

DSC_0059

შემდეგ ანიტამ ბავშვებს ძალიან საინტერესო სპეციალური საბავშვო კარტების თამაში ასწავლა. ასეთი გართობისთვის წინასწარ მოვემზადეთ და შესაფერისი რამდენიმე სათამაშო სახლიდან წამოვიღეთ, რომ უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო ჩვენი დღე.

DSC_0071

ამ თამაშის საშუალებით ბავშვებმა ისწავლეს ბევრი რამ სხვადასხვა პროფესიებზე.

DSC_0093

ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ მარიმ ცოტა ხანი ჰამაკზე დასვენება მოინდომა :).

DSC_0121

შემდეგ კი აქტიურ სპორტულ თამაშზე გადავედით.

მფრინავი თეფში საკმაოდ კარგი გასართობი აღმოჩნდა ბავშვებისთვის  და მედიათეკის ტერიტორიაც ფრიად შესაფერისი ასეთი თამაშისთვის.

DSC_0154

ბოლოს ისევ წიგნის კითხვით დავასრულეთ მხიარული დღე. ამჯერად უკვე ელენეს მიერ შერჩეული და მის მიერვე წაკითხული ზღაპარი მოვისმინეთ ერთ მეფეზე.

DSC_0168

ჩვენ ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ დღე და ბავშვები ძალიან კმაყოფილი დარჩნენ ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანით.

თბილისის მედიათეკების გაერთიანება მუშაობს ყოველდღე 11:00-დან 20:00 საათამდე.

მისამართი: ვაკის პარკი, ი. ჭავჭავაძის გამზირი, 76.

წლიური აბონიმენტის ღირებულებაა 15 ლარი და აბონიმენტში შედის:

– დარბაზით სარგებლობა.

– წიგნის გატანა.

– ელექტრონული ფონდებით სარგებლობა.

– არის უფასო WiFi.

– კითხვის საათი ბავშვებისათვის შაბათ-კვირას 12:00-დან 14:00 საათამდე.

– მულტფილმების ჩვენება შაბათ-კვირას 15:00-დან 17:00 საათამდე.

– შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან ყოველ ხუთშაბათს 18:00 საათზე.

– კინო-ჩვენებები ყოველ პარასკევს 19:00 საათზე.

პრეზენტაციებზე დასწრება სხვადასხვა აქტივობები ღია ცის ქვეშ.

მედიათეკაში ასევე არის კაფე.

იმედია ჩვენს მიერ “პატარა ჟირაფის” ბლოგით გაზიარებული გამოცდილება მედიათეკაზე თქენთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება.


4 Comments

საშობაო ბაზრობა თბილისის თავისუფალი ვალდორფის საბავშვო ბაღში

15 დეკემბერს თბილისის თავისუფალი ვალდორფის საბავშვო ბაღში გაიმართა საშობაო ბაზრობა, სადაც შესაძლებელი იყო ბაღისა და სკოლის მასწავლებლებისა და სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ულამაზესი საახალწლო საჩუქრებისა და სათამაშოების შეძენა.

გარდა ამისა ბაზრობაზე ასევე იყო საშობაო კაფე, სადაც იყიდებოდა მშობლების მიერ გამომცხვარი გემრიელი ტკბილეული. ბავშვებს, მშობლებს და მათ სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ ამოევლოთ ჩურჩხელა ეზოში და ადგილზევე დაეგემოვნებინათ. მოკლედ ამ საშობაო ბაზრობაზე ხალისიანი და საზეიმო განწყობა სუფევდა.

წელს პირველად ჩვენც ამ ბაზრობის მონაწილეები ვიყავით და როგორც მშობლების უმრავლესობამ ჩვენც მივიტანეთ ტკბილეული საშობაო ბაზრობის კაფესთვის.

DSC_0015

ესეც ჩვენი საფირმო ტკბილეული J რომელიც მარიმ და მე მოვამზადეთ დილით ბაზრობაზე წასვლამდე.

DSC_0016

ბაზრობაზე როდესაც მივედით იქ უკვე დიდი ფუსფუსი იყო. საშობაო კაფეშიც, ეზოშიც და ბაზრობის დახლებთან ყველგან ხალხი მრავლად იყო. საშობაო კაფეს კი ვალდორფის სკოლის ბავშვები მუსიკალურად აფორმებდნენ, რაც უფრო ალამაზებდა სიტუაციას.

DSC_0019ესეც ბაზრობის კაფეზე წარმოდგენილი ტკბილეული და ხაჭაპურები.

DSC_0021 პატარა ანა და მარი საშობაო ბაზრობის კაფეში

DSC_0024ესეც ჩურჩხელების ამოვლების პროცესი ეზოში.

DSC_0035

ესეც მხიარული საშობაო ბაზრობა და ამაყი ხელოვანები 🙂

DSC_0042

თექისგან გაკეთებული ნაძვის ხის სათამაშოები.

DSC_0041ძალიან ლამაზი ფერიები და თოვლის პაპები

DSC_0037ესეც საინტერესო ნაძვის ხეები

DSC_0026ეს კი ჩვენი სტუმრები ლიკა და მარიამი

DSC_0065ესენი კი მარის მიერ ბაზრობაზე არჩეული საჩუქრები.

მოკლედ ბავშვებიც და მშობლებიც ძალიან კმაყოფილები დავრჩით ამ მხიარული საშობაო ბაზრობით.


2 Comments

ერთი დღე მზიურში

თბილისში სამწუხაროდ არ არის ბევრი ადგილი სადაც შეიძლება ბავშვი წაიყვანო და გაართო უსაფრთხო, ჯანმრთელ და მხიარულ გარემოში. როცა ინტერნეტით ცდილობ რამე ასეთი ადგილი  მონახო, პოულობ მხოლოდ დაბადების დღის ცენტრებს და თითქმის სხვა არაფერს. პარკებიც სულ რამდენიმეა თბილისში და უმეტესად არა კეთილმოწყობილი, სადაც უმეტეს წილად უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. რატომ არ აინტერესებს არავის ბავშვები საქართველოში? თუ ფიქრობენ, რომ საქანელები და სასრიალოები, რომლებიც ამ ბოლო დროს მომრავლდა საკმარისია და სულ ეს არის რაც ბავშვებს ჭირდებათ? იმედი მაქვს მალე შეიცვლება ასეთი ინდიფერენტულობა ბავშვებისადმი და ნელ-ნელა დავიწყებთ მეტ ზრუნვას მათზე ყველა ერთად.

ამჟამად კი ვცდილობთ გავერთოთ იმ ადგილებში, რაც არსებობს და ერთი ასეთ ადგილად გასულ კვირას ავირჩიეთ „მზიური“ და მოვახერხეთ სასიამოვნო და მხიარული დღის გატარება სუფთა ჰაერზე. მიუხედავად იმისა, რომ 2 დეკემბერი იყო საკმაოდ თბილოდა და გარეთ ყოფნა ნამდვილად სასიამოვნო იყო.

წამოვიყვანეთ ჩვენი საუკეთესო მეგობარი და მეზობელი ნინი და გავუდექით მხიარულად გზას „მზიურისკენ“.

DSC_0258

ისე იმ დღეს კუნთებზე კარგად ვიმუშავე, რადგანაც მოუხერხებელი გზების გამო, მე მომიწია ბავშვების “ტრანსპორტის“ ხელით ტარება ბევრ ადგილას. თუ მზიურში ჭავჭავაძის გამზირიდან შედიხართ ან გამოდიხართ ეს განსაკუთრებით რთულია, რადგანაც საკმაოდ მოუხერხებელია ველოსიპედის ტარება მოკირწყლულ აღმართებზე. თუმცა მიუხედავად სირთულეებისა მაინც ბოლომდე არ დავნებებულვარ ბავშვების გახარებულ სახეებს რომ ვუყურებდი.

DSC_0308

პირველი გაჩერება – სათამაშო მოედანი. თურმე ახალი საკმაოდ კარგი სათამაშო მოედანი გაუკეთებიათ, რაც ზაფხულში არ იყო. მარის და ნინის ძალიან მოეწონათ მოედანი და შესაბამისად კარგა ხნით დავყოვნდით იქ.

DSC_0326

ხან ერთ ადგილას მირბოდნენ და ხან მეორე ადგილას.

DSC_0282

ცოცვაშიც კარგად ივარჯიშეს.

DSC_0335

შემდეგ გადავინაცვლეთ პარკის ქვედა ზონაში, სადაც არის ველოსიპედის გზა და სხვასხვა ტიპის სათამაშო მოედანი.

DSC_0349

ეს მოედანიც ვცადეთ, თუმცა დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა. ალბათ უფრო დიდებს მოეწონებათ.

DSC_0346

მიუხედავად იმისა, რომ პარკის შიგნით საკმაოდ დიდ მანძილზეა გაკეთებული ველოსიპედის გზა, ბავშვებისთვის მაინც ცოტა ძნელია გადაადგილება აღმართ-დაღმართების გამო. თუმცა შესაძლებელია ამას ცოტა ვარჯიშმა უშველოს, ალბათ ხშირად თუ ვივლით შეეჩვევიან ასეთ ადგილებში ველოსიპედის ტარებას და ადვილად არ დაიღლებიან.

DSC_0356

შედარებით წყნარი საათისთვის წამოვიღე აპლიკაციების ამოსაჭრელი წიგნი. როგორც აღმოჩნდა კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგანაც კარგა ხანი ბავშვები ამ საქმით დაკავდნენ და ბოლოს ნამუშევრებითაც დიდად კმაყოფილები იყვნენ. ამ დროს მეც კარგად დავისვენე, რადგანაც ვაღიარებ, რომ აღმართებზე ველოსიპედის მიწოლამ საკმაოდ დამღალა.

DSC_0363

ესეც ნამუშევრებით კმაყოფილი ბავშვები.

ამ საქმის დასრულების შემდეგ კი ნინიმ და მარიმ აღმოაჩინეს, რომ თურმე ძალიან მოშივდათ. გავიხედეთ იქით-აქეთ, მაგრამ არსად არანაირი კვების ობიექტი არ ჩანდა პარკის შიგნით. სხვა რა გზა იყო გავუყევით უკან გზას ჭავჭავაძის გამზირისკენ. სანამ იქამდე მივაღწიეთ ბევრჯერ დაგვჭირდა დასვენება. მე კი კიდევ უფრო გავაძლიერე ჩემი კუნთები აღმართზე ორივე „ტრანსპორტის“ ტარებით.

DSC_0369

დაღლილობაზე სულ ცოტა წუწუნის შემდეგ მივაღწიეთ სასურველ ადგილს, გემრიელად მივირთვით და კმაყოფილებმა მხიარულად დავასრულეთ დღე.

DSC_0377