პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება


3 Comments

გახმოვანებული ქართულენოვანი საბავშვო სურათებიანი წიგნები YouTube-ზე

 

სულ ცოტა ხნის წინ ახალი რამ წამოვიწყეთ – ქართულენოვანი საბავშო სურათებიანი წიგნების გახმოვანება და მათი ატვირთვა YouTube-ზე.

მიუხედავდ იმისა, რომ ყველამ კარგად ვიცით თუ რამდენად მავნებელია პატარებისთვის ეკრანთან დროის გატარება და რამდენად უკეთესია მათთვის ამის ნაცვლად წიგნების კითხვა, თამაში და გარეთ სირბილი, ამა თუ იმ მიზეზის გამო ისინი მაინც ატარებენ დროს ეკრანთან და ხშირად მათი ასაკისთვის სრულიად შეუფერებელი შინაარსის ფილმების თუ ვიდეო რგოლების ყურებაში.

რადგანაც გახმოვანებული ქართულენოვანი საბავშვო სურათებიანი წიგნების ნაკლებობაა ინტერნეტ სივრცეში, ვიფიქრეთ ეს წამოწყება სახალისოსთან ერთად, სასარგებლოც აღმოჩნდებოდა ქართველი პატარებისთვის. იმედია, ასეც იქნება.

10 წლის მარი, დიდი ხალისით ჩაერთო ამ წამოწყებაში და სიამოვნებით ახმოვანებს წიგნებს.  მარის ასევე შეურთდნენ 3 წლის ანასტასია და 6 წლის ლუკა 🙂

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ბავშვების მიერ გახმოვანებულ საბავშვო წიგნებს. იმედია მოგეწონებათ ისინი თქვენ და რაც მთავარია, თქვენს პატარებსაც.

#1 “კასტორი ღებავს” – ავტორი ლარს კლინტინგი

 

#2 “კასტორი აცხობს” – ავტორი ლარს კლინტინგი

 

#3 “კასტორი დურგლობს” ავტორი ლარს კლინტინგი

 

#4 “ოლივერი და პეჩი” ავტორები კლერ ფრიდმანი და კეიტ ჰინდლი

 

#5 “ბალეტი რა ძაღლის საქმეა?!” ავტორები ანა კემპი და სარა ოგილვი

 

#6 “ბაბუს კუნძული” ავტორი და ილუსტრატორი ბენჯი დეივისი

 

#7 “თეთრი ლომი” – ავტორები ჯიმ ჰელმორი და რიჩარდ ჯონსი

 

#8 “მიყვარხარ დედიკო” ავტორი ჯოანა ვოლში

 

#9 “მიყვარხარ მამიკო” ავტორი ჯოანა ვოლში

 

#10 “მარტორქები ბლინებს არ ჭამენ” –   ავტორები ანა კემპი და სარა ოგილვი 

 

#11 “ჰიპა ირჩევს პროფესიას” ავტორები ანა ჯანელიძე და ალექს ჩიყვინაძე

 

#12 “რუ – მრგვინავი დინოზავრი” ავტორები დევიდ ბედფორდი და მენდი სტენლი

 

#13 “მანდ ვინ არის?” 

 

#14 “ნადირობა უზარმაზარ ფხუკუნაზე” – ავტორები კლერ ფრიდმენტი და კეიტ ჰინდლი

 

#15 “კაკ-კუკ! აქ ვინ არის?”

#16 “როგორ დავბანოთ ფუმფულა მამონტი” – ავტორები მიშელ რობინსონი და ქეით ჰინდლი


დატოვე კომენტარი

გაიცანით ნამდვილი ალისა: როგორ დაიბადა ამბავი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“

341862 წლის 4 ივლისს, ახალგაზრდა მათემატიკოსი ჩარლზ დოჯსონი, უფრო მეტად კი ცნობიი, როგორც ლუის კეროლი, ავიდა ნავში ადამიანების პატარა ჯგუფთან ერთად ოქსფორდიდან ახლომდებარე ქალაქ გოდსტოუში გასამგზავრებლად. ამ პატარა კამპანიას კი გამიზნული ჰქონდა ჩაის წვეულების გამართვა მდინარის სანაპიროზე.

ჯგუში შედიოდა ლუის კეროლი, მისი მეგობარი რევერენდ რობინსონ დაქვორსი და კეროლის მეგობრის ჰარი ლიდელის შვილები, სამი და – ედისი (8 წლის), ალისა (10 წლის) და ლორინა (13 წლის).

დოჯსონმა, რომელსაც მიანდეს გოგონების გართობა, მოგზაურობის დროს მოიფიქრა ისტორია უცნაურ სამყაროზე, რომელიც სავსე იყო საოცარი არსებებით და ამ ამბის მთავარ გმირს დაარქვა ალისა.

32

ალისა ლიდელი, 7 წლის. ფოტო გადაღებულია ჩარლზ დოჯსონის (ლუის კეროლის) მიერ 1860 წელს.

ალისა ლიდლს იმდენად მოეწონა ეს ისტორია, რომ დოჯსონს სთხოვა მისთვის დაეწერა იგი. დოჯსონმა ეს თხოვნა შეუსრულა ალისას და მალე გაუგზავნა კიდეც ხელნაწერი სახელწოდებით „ალისას თავგადასავლები მიწის ქვეშ.“

35

ალისა ლიდლი (მარჯვნივ) მის დებთან ერთად. 1859 წელი. ფოტო გადაღბულია ლუის კეროლის მიერ.

 

36

ალისა ლიდლი. 7 წლის. ფოტო გადაღებულია ჩარლს დოჯსონის (ლუის კეროლის) მიერ 1860 წელს.

შემდეგ, ამ ისტორიის ხელნაწერი მოხვდა დოჯსონის კუმირის, ჯორჯ მაკდონალდსის ხელში, რომელმაც იგი თავის შვილებს წაუკითხა. მის შვილებს ისტორია ძალიან მოეწონათ. მოწონებით გამხნევებულმა დოჯსონმა კი შემდეგ შეასწორა ხელნაწერი, შეცვალა სახელწოდება, დაარქვა „ალისას თავგადასავლები საოცრებათა ქვეყანაში“, დაამატა გიჟ მექუდესთან ჩაის სმის სცენა და ახალი გმირი – ჩეშირული კატა. საბოლოოდ ხელნაწერი ორჯერ უფრო დიდი გამოვიდა, ვიდრე ის ვარიანტი, რომელიც მან თავდაპირველად გაუგზავნა ალისა ლიდლს.

1865 წელს, ჯონ ტენიელმა შექმნა ამ ისტორიისთვის ილუსტრაციები, რომელიც წიგნის პირველ ვარიანტებში იქნა გამოყენებული. ისტორიკოსი მარტინ გარდნერი იხსენებს დოჯსონისა და ტენიელის თანამშრომლობის უცნაურ ისტორიას.

„ტენიელის ილუსტრაციები არ შექმნილა ალისა ლიდლის სურათების მიხედვით, რომელსაც ჰქონდა მუქის ფერის თმა, რომელიც შუბლზე მოკლედ იყო შეჭრილი. დოჯსონმა (ანუ იგივე ლუის კეროლმა) ტენიელს გაუგზავნა მისი მეგობრის ქალიშვილის, მერი ჰილტონ ბედქოქის სურათი და მისცა რეკომენდაცია, რომ ის გამოეყენებინა მოდელად ილუსტრაციებისთვის. მიიღო თუ არა ტენიელმა ეს რჩევა, განსჯის საკითხია. როგორც წიგნის გამოცემის შემდგომ კეროლის მიერ დაწერილი წერილიდან ჩანს, ლიდლის კეროლის რჩევა არ გაუთვალისწინებია“.

‘ბატონი ტენიელი არის ერთადერთი მხატვარი, რომელმაც დახატა ჩემთვის, ასევე რომელმაც მტკიცე უარი განაცხადა მოდელის გამოყენებაზე და მითხრა, რომ მას ისევე სჭირდებოდა მოდელის გამოყენება ილუსტრაციების შესაქმნელად, როგორც მე გამრავლების ტაბულის გამოყენება მათემატიკურ პრობლემებზე მუშაობისას. გავბედავ და ვიფიქრებ იმას, რომ ის შეცდა, როცა არ ისურვა მოდელის გამოყენება და ალისას რამდენიმე ილუსტრაცია სრულიად არაპროპორციურლად დახატა – თავი გამიზნულად დიდი, ხოლო ფეხები გამიზნულად პატარა“.

37

ჯონ ტენიელისმიერ შექმილი ალისას თავდაპირველი ილუსტრაცია.

 

 

 

წყარო:

Meet the Real Alice: How the Story of Alice in Wonderland Was Born. Brain Pickings. http://www.brainpickings.org/2012/07/04/story-of-alice/


3 Comments

როგორ გავახალისოთ ბავშვებისთვის წიგნის კითხვის პროცესი

Mindy Pierce Illustration

კითხვა – ბავშვებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ პასიური პროცესის ნაცვლად, წიგნის კითხვა შეგვიძლია გადავაქციოთ სახალისო და ინტერაქატიულ აქტივობად.

გაგიზიარებთ 10 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვებისთვის კითხვის პროცესის გახალისებაში:

  • ბავშვებს ძალიან უყვართ საკუთარი ემოციების გადმოცემა ხატვის საშუალებით, ამიტომაც შეგიძლიათ კითხვის დასრულების შემდეგ ერთად დახატოთ და ასე ნახატებში გადმოსცეთ წიგნიდან მიღებული შთაბეჭდილებები.
  • პატარები ძალიან გახალისდებიან, თუ კითხვის დასრულების შემდეგ, ერთად მოიფიქრებთ ახალ ისტორიებს წიგნის გმირებზე.
  • თუ რბილი სათამაშოებით პატარა სპეკტაკლს გაითამაშებთ წაკითხული ზღაპრის მიხედვით, ბავშვებს ნამდვილ სიხარულს მიანიჭებთ და გააცოცხლებთ წაკითხულ ზღაპარს.
  •  კითხვის პროცესი უფრო საინტერესო გახდება თუ ბავშვს კითხვებს დაუსვამთ წაკითხულის გარშემო, მაგალითად კითხეთ “გააკეთებდა თუ არა თვითონაც იგივეს, რაც გააკეთა მთავარმა გმირმა?”
  • ნამდვილად გახალისდებით თუ ეცდებით და ერთად მოიფიქრეთ ზღაპრის სხვა, ახალ და განსხვავებულ დასასრულს.
  • შეგიძლიათ ზღაპრის რომელიმე ნაწილი თქვენი შეხედულებისამებრ შეცვალოთ. ამით ბევრად უფრო საინტერესო და ახლობელი გახადოთ წიგნში გადმოცემული ისტორია.
  • შეგიძლიათ სცადოთ და მოყვეთ ზღაპარი სხვა გადმოსახედიდან. მაგალითად: მოიფიქრეთ თქვენ ან ბავშვმა თუ როგორ მოყვებოდა მგელი სამი გოჭის ამბავს.
  • გააკეთეთ მთავარი გმირების თოჯინები. ეს შესაძლებელია იყოს უბრალოდ ამოჭრილი ნახატებიც კი, რომლებიც ჯოხებზეა დამაგრებული. ასეთი თოჯინებით მშვებიერ სპეკტაკლსაც მოაწყობთ.
  • ხანდახან შეგიძლიათ სხვადასხვა ზღაპრის გმირებიც შეახვედროთ ერთმანეთს. მაგალითად ვინი პუჰი შეახვედრეთ ალისას და მოიფიქრეთ სულ ახალი ზღაპარი.
  • შეგიძლიათ ითამაშოთ თამაში “გამოიცანი გმირი”: გაითამაშეთ ეპიზოდები ზღაპრებიდან და ასე ხან თქვენ და ხან ბავშვებმა გამოიცანით თუ რომელ გმირზეა საუბარი.

კითხვა ადრეული ასაკიდან ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის და თუ კითხვის პროცესს სხვადასხა საშუალებით გაახალისებთ, ბავშვებს წიგნებს აუცილებლად შეაყვარებთ და თან ძალიან.

წყარო:

http://creativewithkids.com/12-ways-to-make-reading-interactive/

 


3 Comments

რა ეტაპებს გადიან ბავშვები კითხვის სწავლამდე და როგორ წავახალისოთ ისინი

ბავშვები ცალკეული ასოების შესწავლამდე ახერხებენ იმ სიტყვების კითხვას, რომლებსაც ხშირად ხედავენ. ეს შეიძლება იყოს წარწერები საგზაო ნიშნებზე, ლოგოები და სიმბოლოები, რომელსაც ხედავენ ნაცნობ რესტორნებთან ჩავლის დროს.

პატარები სწავლობენ, რომ ზღაპრებსა და მოთხრობებს აქვთ სტრუქტურა და კონკრეტული ელემენტები

როდესაც პატარა ისმენს ზღაპრებს, ის სწავლობს, რომ ყველა კარგ ამბავს აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. ის ასევე სწავლობს წიგნის ყდის გაფორმების მიხედვით ზღაპრის შინაარსის გამოცნობას, ასევე სწავლობს იმის გამოცნობას თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ან დასრულდეს ზღაპარი. ბავშვები სწავლობენ, რომ ზღაპრებში არიან გმირები და რომ მკითხველს აინტერესებს თუ სად და როდის ხდება ზღაპარში მოყოლილი ამბავი. ბავშვებს, როგორც წესი, მოსწონთ საკუთარი თავის და ასევე სხვა მათთვის ნაცნობი ადამიანების ზღაპრის გმირებთან შედარება.

ბავშვებს უყვართ „ვითომ კითხვა”

იმ ბავშვებს, რომლებსაც ხშირად უკითხავენ,  უყვართ წიგნების „ვითომ კითხვა“. მათ შეიძლება ასე წაუკითხონ წიგნები თოჯინებს და ცხოველებს და გამოიყენონ საკუთარი სიტყვები და ფრაზები ამბის მოსაყოლად. შესაძლებელია ასეთი რამ თამაშის დროსაც გამოიყენონ და მაგალითად ვითომ წაიკითხონ იმ საჭმლის ‘რეცეპტი’ რომელსაც ისინი თოჯინებს უმზადებენ ან წაიკითხონ საყიდლების სია, თოჯინებისთვის პროდუქტების ყიდვის პროცესში.

ბავშვები სწავლობენ, რომ სამყარო სავსეა ასოებით

სკოლამდელი პერიოდში, ბავშვების დიდი ნაწილი სწავლობს ანბანს ზეპირად. ისინი სწავლობენ ასოებს, განსაკუთრებით ადვილად სწავლობენ იმ ასოებს, რომლებიც მათ სახელში შედის, ამას მოყვება ასოები მშობლების სახელებიდან, და-ძმების , მეგობრებისა და ნათესავების სახელების შემადგენელი ასოები. ასევე სწავლობენ ნაცნობი ასოების გამოცნობას სხვადსხვა წარწერებზე და ამის შესახებ სიხარულით ამცნობენ ხოლმე მშობლებს.

წაახალისეთ ბავშვები

წაუკითხეთ თქვენს შვილს საყვარელი წიგნები ყოველდღე

ისეთი წიგნების წაკითხვა, რომელიც რითმულ ლექსადაა მოყოლილი, ბავშვებს ასწავლის, რომ ენაში არის ბგერები, რაც მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში კითხვის ეფექტურად შესასწავლად.

 წაიკითხეთ წიგნები მრავალფეროვანი გმირებით

ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა წაიკითხონ წიგნები ისეთი გმირებით, რომლებიც გვანან მათ და საუბრობენ როგორც ისინი. მაგრამ ამავე დროს, მათ ძალიან მოსწონთ არაბუნებრივ გმირებზე ამბების კითხვა, ასეთი გმირები შეიძლება იყონ მოსაუბრე ცხოველები. ეს ავითარებს მათ ფანტაზიას და ხელს უწყობს წარმოსახვითი თამაშების სიყვარულს.

კითხვის დროს ყურადღება გაამახვილეთ წიგნის მნიშვნელოვან ასპექტებზე

სანამ კითხვას დაიწყებთ, აჩვენეთ ბავშვს წიგნის სათაური და ავტორი. მაგალითად თქვენ შეგიძლიათ ასე განუმარტოთ: „წიგნის სათაურია ალისა საოცრებათა ქვეყანაში, რომელიც დაწერა ლუის ქეროლმა“.

კითხვის დროს თითი გააყოლეთ სიტყვებს

ეს უჩვენებს ბავშვს, რომ წარმოთქმული სიტყვები ზუსტად შეესაბამება დაწერილს. თითის გაყოლება ასევე ასწავლის ბავშვს იმას, რომ ჩვენ ვკითხულობთ ზემოდან ქვევით და მარცხენიდან მარჯვნივ.

ახალი სიტყვების შესასწავლად გამოიყენეთ ზღაპრები

კითხვის დროს ახალ სიტყვებზე ყურადღების გამახვილება ხელს უწყობს წაკითხულის კარგად აღქმას. თქვენ შეგიძლიათ თქვენი შვილის ლექსიკონის მარაგის გაზრდა თუ გააგებინებთ ახალი და უცნაური სიტყვების მნიშვნელობას, რომლებიც გხვდებათ ზღაპარში. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ასწავლოთ ამ სიტყვების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

წყარო – PBS Parents: http://www.pbs.org/parents/education/reading-language/reading-milestones/preschooler-language-development-milestones/preschooler-reading/


6 Comments

მეტყველების უნარი და შესაძლო პრობლემები ადრეულ ასაკში

როდის რას უნდა ველოდოთ

ბავშვის მეტყველების უნარის განვითარების ყველაზე კარგი შემფასებელი მშობელია. როგორც წესი 2 წლის ბავშვების უმრავლესობის ლექსიკონის მარაგი დაახლოებით 50 სიტყვით შემოიფარგლება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამ ასაკში ბავშვები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან სიტყვების მარაგითა და მათი სწორად წარმოთქმის უნარით.

ცხოვრების მეორე წელი საკმაოდ საოცარი პერიოდია ბავშვის მეტყველების განვითარებისათვის. ამ დროს ნახავთ თუ როგორ გადადის ბავშვი მარტივი სიტყვების წარმოთქმიდან კითხვების შედგენაზე, ასევე შესაძლებელია ბავშვმა მოახერხოს მის მიერ შეთხზული ამბების მოყოლაც. არ გაგიკვირდეთ თუ ხარვეზებს შეამჩნევთ ამ პროცესში.

აი რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ასეთ დროს.

სიტყვების არასწორად წარმოთქმა: ბევრი ბავშვი ენას იჩლექს ზოგიერთი ბგერის წარმოთქმის დროს. მაგალითად, ბევრი იყენებს ასო „ლ“, ასო „რ“-ს ნაცვლად. მაგალითად „ტლაქტოლი“ – ტრაქტორის ნაცვლად.

ბავშვებს ასევე უჭირთ ხოლმე სიტყვის წარმოთქმა თუ ბევრი თანხმოვანი იყრის ერთად თავს და ხშირად გრძელ სიტყვებში მარცვლებს ერთმანეთში ურევენ. ყველა ეს შეცდომა მისაღებია 7 წლამდე, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმას თუ რამდენად იცვლება თქვენი შვილის საუბარი უკეთესობისკენ დროსთან ერთად. 3 წლის ასაკში მეტ-ნაკლებად უკვე გასაგები უნდა იყოს ბავშვის საუბრის დიდი ნაწილი.

გარკვეული ტიპის შეცდომებს ამ ასაკში ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლებელია პრობლემა იყოს ის, რომ ბავშვს არ ესმის ყველა ბგერა სიტყვაში. ამის მიზეზი შესაძლებელია იყოს ყურის ანთების შედეგად გამოწვეული სმენის დროებითი მსუბუქი დაქვეითებაც, რამაც შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს გამართული საუბრის უნარზე.

ენის მოჩლექა: ბავშვი შესაძლებელია ენი მოჩლექით საუბრობდეს. მაგალითად შეიძლება თქვას: ‘ჩემი და 5 წლიშ ალიშ“, მაგრამ ასეთი რამ საშიში არ არის და როგორც წესი 7 წლის ასაკამდე ასეთი ჩვევები ქრება ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

წინადადებების აწყობა: თუ ბავშვს უჭირს წინადადების აწყობა, იცოდეთ რომ ის გამონაკლისებს არ მიეკუთვნება. აბსოლუტურად ნორმალურია 2 წლის ბავშვისთვის საუბარში შეფერხებები. კარგის ნიშანია თუ ბავშვი ბრაზდება თუ მისი არ გესმით. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი კარგად ხვდება, როცა სათქმელს ვერ გაგებინებთ მაშინ, როცა დიდი სურვილი აქვს თქვენთან კომუნიკაციის.

ენის ბორძიკით ლაპარაკი: თითქმის ყველა ბავშვი გადის ენის ბორძიკით საუბრის ეტაპს. ამას როგორც წესი ადგილი აქვს განსაკუთრებულად სწრაფი ზრდის პერიოდში, როცა ბავშვს თვითგამოხატვის უნარი საკმარისად არ აქვს განვითარებული. პრობლემა მაშინ იქმნება, როცა ბავშვის გონებრივი შესაძლებლობები აჭარბებს მისი სწრაფი მეტყველების უნარს. ზოგჯერ ბავშვი ვერ ახერხებს სიტყვების გამართულად წარმოთქმას რამდენიმე მიზეზის გამო: შესაძლებელია რაღაცის გამო ძალიან აღელვებულია, დაღლილია ან, გაბრაზებული, რაც ხელს უშლის მას სწორ საუბარში.  თუ ენის ბორძიკი საუბრის დროს დროთა განმავლობაში  უფრო გაუარესდა, მაგალითად თუ სახეს ჭიმავს საუბრის დროს ან სახეს მანჭავს სიტყვების წარმოთქმის მცდელობისას, მაშინ ექიმს უნდა დაელაპარაკოთ.

აპრაქსია: ეს არის ნერვული სისტემის დაზიანების შედეგად გამოწვეული მეტყველების პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ბავშვს ბგერების, მარცვლებისა და სიტყვების სწორად წარმოთქმაში. ამას არ იწვევეს კუნთების სისუსტე ან პარალიზი. მიზეზი ის არის, რომ ამ დროს ტვინი ვერ აწვდის ორგანოებს სათანადო ინსტრუქციას, რაც საჭიროა ბგერების სწორად წარმოთქმისათვის.

ბავშვები, რომლებსაც აწუხებთ აპრაქსია ხშირად ძნელ ბგერებს საერთოდ ტოვებენ საუბრისას, ან ანაცვლებენ მათ უფრო მარტივი ბგერებით. ამ ბავშვებს ბევრად უფრო მეტად ესმით საუბარი ვიდრე თვითონ აქვთ საუბრის უნარი.

მიმართეთ პროფესიონალს მაშინვე თუ ოდნავ მაინც შეგეპარათ ეჭვი იმაში, რომ შესაძლებელია თქვენს შვილს ჰქონდეს აპრაქსია. ბავშვებს როგორც წესი სჭირდებათ ინტენსიური თერაპია ადრეულ ასაკშივე (თუ სერიოზულ პრობლემასთან გაქვთ საქმე), იმისათვის, რომ გადალახოთ დარღვევა მეტყველებაში იმ დონემდე მაინც, რომ მათი საუბარი სხვებისთვის გასაგები გახდეს.

 რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ?

ბავშვისთვის ბევრი წიგნების წაკითხვა მეტყველების გაუმჯობესების ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალებაა. წიგნები ეხმარებათ ბავშვებს დაამატონ სიტყვები მათ ლექსიკონს, გაიგონ გრამატიკული წესები და აზრები დააკავშირონ ნახატებთან.

ასეთივე შედეგი მოაქვს 2 წლის ბავშვთან ჩვეულებრივ საუბარს. სადილის დრო და ძილისთვის მზადების პერიოდი საკმაოდ კარგი დროა ასეთი საუბრებისთვის. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, რაც უფრო მეტ სიტყვას გაიგებს ბავშვი მით უფრო მდიდარი იქნება მისი ლექსიკონი.

რადგანაც ბავშვები სწავლობენ ენას, რომელსაც თვითონ ისმენენ, ეცადეთ მისცეღ კარგი მაგალითი. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად საყვარლად გეჩვენებათ ბავშვის მიერ არასწორად წარმოთქმული ბგერები, ყოველთვის ეცადეთ გამოიყენოთ სწორი სიტყვები, როდესაც ბავშვთან საუბრობთ და ეცადეთ ხაზი გაუსვათ იმ სიტყვებს ან ბგერებს, რომელთა წარმოთქმაც მას უჭირს. არ არის საჭირო მკაცრი შესწორებების გაკეთება – უბრალოდ თქვენ გაიმეორეთ ის სიტყვები სწორად მაშინათვე.

ასევე მიაქციეთ ყურადღება სუნთქვას, ალერგიებს ან სურდოს, რომელიც შესაძლებელია ხელს უშლის ბავშვს ნორმალურ სუნთქვის პროცესში, რაც აბრკოლებს მის საუბარს. ღია პირით სუნთქვა იწვევს ენის წინ გამოტანას, რაც აბრკოლებს გამართულ საუბარს. თუ ცხვირი სურდოს დროს გაჭედილი აქვს, ხშირად გამოუწმინდეთ, რადგანაც გაჭედილი ცხვირიც ხდება ხოლმე ბგერების არასწორად წარმოთქმის მიზეზი.

ეცადეთ მაქსიმალურად გადააჩვიოთ ბავშვი ხელების პირში ჩადებას, რამდენადაც ამ ჩვევამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს ბგერების დამახინჯებას საუბრის დროს. იგივე მიზეზით მოერიდეთ მატყუარას და საწოვრიანი ბოთლებისა და ჭიქების გამოყენებას.

იმისთვის, რომ ბავშვმა წინადადებები სწორად წარმოთქვას, ასწავლეთ მას თუ როგორ უნდა ჟღერდეს სწორად წარმოთქმული წინადადებები. მაგალითად მას უნდა რომ სასწრაფოდ ჩააცვათ წინდები. მან შეიძლება თქვას: „ დედი! შენ წინდა, ჩემი წინდა, გთხოვ…“ ყველაზე სასარგებლო ამ დროს იქნება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სწორად წარმოთქვათ იგივე წინადადება. „დედა“ (ის იმეორებს „დედა“), გთხოვ დამეხმარე (ის იმეორებს „გთხოვ დამეხმარე“).

რადგანაც მას უკვე ჰქონდა წინადადების წარმოთქმის სურვილი, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ის თვითონვე მოინდომებს თქვენ მიერ წარმოთქმული წინადადების გამეორებას. თუ არ გაიმეორებს, მაშინ წარმოთქვით თქვენ თვითონ კიდევ ერთხელ. შესაძლებელია შემდეგ ჯერზე სცადოს თქვენი მიბაძვა საუბარში.

ენის ბორძიკი: ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი რეაქცია ბავშვის ენის ბორძიკის დროს. ეცადეთ თქვენი ხმა იყოს რბილი და დაძაბულობას მოკლებული და რაც მთავარია ძალიან მშვიდი.  ნუ ეტყვით, რომ შეანელოს საუბარი – უბრალოდ თქვენ თვითონ ილაპარაკეთ ნელა და ის მოგყვებათ და ეცდება მოგბაძოთ. უყურეთ თვალებში, გაუღიმეთ და იყავით მომთმენი.

თუ ზურგს შეაქცევთ და ფაცი-ფუცი შეგეტყობათ ქცევაში, ბავშვი იგრძნობს დაძაბულობას იმაზე, რომ მას მკაცრად მოეთხოვება სწორად წარმოთქმას სათქმელი, რაც კიდევ უფრო ცუდ შედეგს გამოიღებს. თუ თქვენ გაღიზიანდებით, ბავშვი ამაზე ყურადღებას გაამახვილებს, რაც გაზრდის მის დაძაბულობას საუბრის დროს.

აპრაქსია: ბავშვებს, რომელთაც აქვთ აპრაქსია, სჭირდებათ ინტენსიური მეტყველების თერაპია ლოგოპედთან. თერაპია შესაძლებელია კონცენტრირებული იყოს ბგერების, ბგერათა თანმიმდევრობისა და სამეტყველო აპარატის სხვადასხვა ტიპის მოძრაობის ხშირ გამეორებაზე, რათა ეს ყოველივე გახდეს უფრო ავტომატური.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქი ვერბალური სავარჯიშოები, მაგალითად როგორიცაა მოკლე სიმღერები ან პატარა ლექსები სადაც სიტყვები მეორდება, ასევე შეგიძლიათ წაუკითხოთ ასეთი ტიპის წიგნებიც და დღის განმავლობაში ხშირად ათქმევინოთ თამაშის დროს ეს ლექსები ან ამღეროთ სიმღერები.

როდის უნდა მიმართოთ პროფესიონალს?

თუ 2 წლის ასაკში თქვენ შვილს არ აქვს საუბრის ან სხვისი მიბაძვის მცდელობა, არ აქვს რეაქცია, როცა მას ეძახით, არ აინტერესებს საუბარი – მიმართეთ ექიმს. თუ 2 წლის ბოლოს ის ჯერ კიდევ მხოლოდ თითო ოროლა სიტყვას ამბობს და მათ ხშირად არ იმეორებს ან არ პასუხობს ისეთ მარტივ შეკითხვებს, როგორიცაა “რა არის ე?” ან ” სად არის შენი ქუდი?” – მაშინ შესაძლებელია ბავშვს მეტყველების პრობლემა ჰქონდეს.

თითეული ასეთი შემთხვევის დროს აუცილებლად დაელაპარაკეთ პედიატრს.

წყარო: http://www.babycenter.com


დატოვე კომენტარი

როგორ გავზარდოთ წიგნის მოყვარული?

ავტორი მერი ვანქლეი

“არასორდეს არ არის ადრე მივმართოთ ბავშვის ყურადღება წიგნებისკენ, თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის, რომ ბავშვებს შეურჩიოთ მათი ასაკისთვის შესაფერისი წიგნები”-ამბობს საოჯახო ცენრტის წარმომადგენელი რონი ლეიდერმანი.”ძალიან ხშირად  ჩემთან მოდიან მშობლები, რომლებსაც უნდათ ძალიან ბევრი ასწავლონ ბავშვებს და თან ძალიან სწრაფად. ბავშვები კი ყველაზე უკეთესად სწავლობენ თამაშის საშუალებით. ასე რომ ეცადეთ, კითხვის პროცესმა მათთვის მიიღოს თამაშის ფორმა”.

ასაკისთვის შესაფერისი ძალიან ბევრი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ თქვენს პატარას შეაყვაროთ კითხვა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველა ეს საშუალება არ გულისხმობს დაჯდომასა და უშუალოდ წიგნის წაკითხვას.

გამოიყენეთ წიგნები, როგორც დაახლოების საშუალება

“სკოლამდელ ასაკში მნიშვნელოვანი არ არის უშუალოდ კითხვა” ამბობს ლეიდერმანი.”ამ ასაკში უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ პატარამ ისწავლოს დედასთან, მამასთან ან ძიძასთან ურთიერთობა”. როდესაც თქვენი შვილი კალთაში გიზით წიგნის ხმამაღლა კითხვის დროს, მას არამხოლოდ წიგნში აღწერილი ამბის მოსმენა სიამოვნებს, არამედ განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს თქვენი ყურადღება, რომელსაც ამ დროს სხვა რამე არ არღვევს.

შეიმუშავეთ რიტუალი

კითხვისთვის კონკრეტული დროის დაწესება აყალიბებს სასიამოვნო რუტინას, რომელიც ბავშვებს უყვართ. სწორედ ამიტომაც არის ძილის წინ წიგნების კითხვა განსაკუთრებით მნშვნელოვანი ტრადიცია. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ დღის განმავლობაშიც ხდება ბევრი ისეთი რამ, რაც კითხვისთვის კარგ საშუალებას იძლევა. ეცადეთ პერიოდულად მოიფიქროთ ახალ-ახალი რიტუალი, თუნდაც კითხვა ბანაობის წინ,  კითხვა საბავშო ბაღიდან დაბრუნების შემდეგ. ზოგიერთ ბავშვებს, რომელთაც ძალიან უყვართ ძილი და ჭირვეულობენ დილით საწოლიდან ადგომის დროს, მოსწონთ, როდესაც საწოლიდან ფაცხა-ფუცხით აყენების ნაცვლად მშობლები მათ კითხვის საშუალებით აფხიზლებენ.

შეარჩიეთ შესაფერისი წიგნები

სკოლამდელი ასაკის ბავშვებს როგორც წესი უყვართ ისეთი წიგნები, რომელთა დაჭერას ხელში ადვილად შეძლებენ. ასეთი შეიძლება იყოს სქელი მუყაოს ყდიანი წიგნები, წიგნები, რომლების განკუთვნილია აბაზანისთვის და ირეცხება ან წიგნები, რომელსაც აქვს მოძრავი ფიგურები. მათ უყვართ წიგნები, რომელთაც აქვთ ფერადი, გარკვევით დახატული რეალისტური ილუსტრაციები და უყვართ ლექსები. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი 2 წლის შვილი არ დააფასებს იმ წიგნებს, რომლებსაც ირჩევს მისი უფროსი ძმა, უბრალოდ ეცადეთ, მას ჰქონდეს საშუალება მოისმინოს ამბები უფრო მარტივი წიგნებიდან.

გაიმეორეთ, გაიმეორეთ, გაიმეორეთ

შეიკავეთ თავი მთქნარებისგან თუ თქვენი შვილი ითხოვს რომელიმე წიგნის წაკითხვას ყოველ ღამე და უკვე ერთი თვის განმავლობაში. გამეორება ძალიან მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. “იმიტომ ითხოვენ ბავშვები ერთიდაიგივე წიგნის წაკითხვას ბევრჯერ, რომ მათ ძალიან უნდათ ისწავლონ”, ამბობს ლეიდერმანი. მალე ნახავთ, რომ თქვენმა შვილმა დაიმახსოვრა მისი საყვარელი ადგილები წიგნიდან და ძალიან მონდომებით ცდილობს მნიშნელოვანი ნაწილები თვითონ თქვას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის მზად არის კითხვისთის”.

გაახმოვანეთ და ითამაშეთ

ეცადეთ მოეშვათ როცა ბავშვს უკითხავთ და ითამაშოთ. ეცადეთ თუნდაც იღმუვლოთ როგორც მამა დათვი, “ოქროსფერთმიანი გოგონა და სამი დათვის” კითხვის დროს ან იჭყივლეთ გოჭივით ‘ვინი პუჰის” კითხვის დროს. ბავშვებს უყვართ სპექტაკლის გათამაშება კითხვის დროს, შესაძლებელია თქვენს ბავშს ძალიან მოეწონოს საშიში მგელის თამაში “სამი გოჭის” კითხვის დროს. წაახალისეთ ბავშვი ასეთ დროს, თუნდაც ეს ყველაფერი ძალიან ანელებდეს კითხვის პროცესს. ასეთი აქტიურობით ის ბევრად უფრო მეტს მიიღებს წაკითხულიდან.

გაითვალისწინეთ მისი ინტერესები

ეცადეთ შეარჩიოთ წიგნები მისი საყვარელი საქმიანობის მიხედვით , ისეთ თემებზე როგორიცაა ვიზიტი ზოოპარკში, ცურვა, ბურთის თამაში და ა.შ. ასევე ეცადეთ შეიძინოთ წიგნები თქვენი შვილის საყვარელ მულტფილმის გმირებზე. გაითვალისწინეთ მისი სურვილები, მაგრამ ეცადეთ  სცადოთ ბევრი სხვადასხვა რამე სანამ გადაწყვიტავთ თუ რა მოსწონს თქვენს შვილს. თქვენს პატარა გოგონას, რომელსაც ასე ძალიან უყვარს გაპრანჭვა და თოჯინების თამაში, თქვენდა გასაკივირად შეიძლება ძალიან მოსწონდეს წიგნები დინოზავრებზე და საშიშ არსებებზე და გთხოვოთ მათი წაკითხვა ყოველ დღე.

წადით ბიბლიოთეკაში

სულ პატარა ბავშვებსაც კი უყვართ ბიბლიოთეკის წიგნის კითხვის საათები და ასეთი ღონისძიებები მათთვის საოცარი თავგადასავალია (თბილსში ილიას უნივერსიტეტის მაღაზია “ლიგამუსი” ყოველ შაბათს ატარებს ზღაპრის საათებს უფასოდ. ასევე საჯარო ბიბლიოთეკაშიც არის საბავსო ოთახი სადაც შეგიძლიათ იპოვონ სხვადასხვა ასაკისთვის ფერადი ზღაპრის წიგნები).

წაახალისეთ თამაში

ძალიან ბევრი წიგნი არის ჩაწერილი CD-ზე. შესაძლებელია თქვენს შვილს ისინი არ მოსწონს, რადგანაც წიგნების კითხვის დროს მას განსაკუთრებით ის მოსწონს, რომ თქვენთან ერთად ერთობა, ამბობს პედეატრი ლორა ჯანა. მაგრამ თუ თქვენს შვილს მოსწონს ჩაწერილი ზღაპრები, ეს კარგია. მას შეიძლება მოეწონოს ნახატებიანი წიგნის ხელში დაჭერა ჩაწერილი ზღაპრის მოსმენის დროს ან შესაძლებელია ჩაწერილი ზღაპრები ჩართოთ მაშინ ,როცა სხვა რამითაც ერთობით. ასევე კარგი აზრია თუ ჩაწერთ ზღაპრებს თქვენი ან რომელიმე თქვენი ოჯახის წევრის ხმით. მხოლოდ გახსოვდეთ, ამბობს ჯანა, რომ ჩაწერილი ზღაპრები ვერასოდეს ვერ შეცვლის წიგნის ერთად კითხვის პროცესის ღირებულებას .

ნუ გამოიყენებთ წიგნს როგორც ჯილდოს

ნუ ეტყვით თქვენს შვილს, რომ წიგნს წაუკითხავთ თუ ის სადილს ბოლომდე დაამთავრებს. როდესაც წიგნების კითხვა ასოცირებულია დასჯისა და დაჯილდოების სისტემასთან, ეს უკვე აღარ არის პოზიტიური გამოცდილება. ამის ნაცვლად ეცადეთ შეარჩიოთ დრო, რომელიც უფრო ბუნებრივია წიგნის კითხვისთის, მაგალითად როდესაც გინდათ, რომ თქვენი პატარა დაწყნარდეს და მოემზადოს დღის ძილისთვის.

როგორ გაუმკლავდეთ მოუსვენრებს

ზოგიერთი მოუსვენარი პატარა წყნარად ვერ ჯდება, რომ ზღაპარი ბოლომდე მოისმინოს. რა უნდა ვქნათ? აირჩიეთ რაიმე ძალიან მოკლე, რომელსაც 30 წამშიც კი წაიკითხავთ და კითხვის დამთავრების შემდეგ თქვით: ” რა მაგარია – მთელი წიგნი დავამთავრეთ!” და შემდეგ ნება მიეცით ბავშვს აკეთოს ის რაც მას უნდა, ამბობს ლაიდერმანი. მომდევნო დღეს სცადეთ ოდნავ უფრო დიდი წიგნი. “ზოგიერთი ბავშვი ყოველთვის უფრო მეტად იქნება დაინტერესებული აქტიური თამაშით ვიდრე კითხვით” ამბობს ის. “დააფასეთ ეს და ნუ გადააქცევთ კითხვას არასასიამოვნო გამოცდილებად”. თუ თქვენი პატარა ფიზიკურად აქტიურია, მისთვის შესაძლებელია უფრო საინტერესო იყოს სხვა ტიპის აქტივობები ,რომელიც დაბლაა აღწერილი.

გადააქციათ ამბის მოყოლა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად

“კითხვის უნარის განვითარება და სიყვარული შესაძლებელია უშუალოდ წიგნის კითხვის გარდა სხვა საშუალებებითაც მოახერხოთ”, ამბობს ლეიდერმანი. როდესაც ზიხართ მაგიდასთან ან მანქანაში, მოუყევით პატარას ამბები – ზღაპრები თქვენი ბავშობიდან “სამი დათვი” ან ისეთი ამბები, სადაც თქვენი შვილი იქნება მთავარი გმირი. შექმენით წიგნები თქვენი ბავშვის ნახატებით ან საყვარელი სურათების საშუალებით და მათ შესახებ მოუყევით ისტორიები – ან თვითონ ბავშვს თხოვეთ მოიფიქროს ამბავი მათ მიხედვით.

ეცადედ ყველგან გაამახვილოთ ყურადღება სიტყვებზე

სადაც არ უნდა წახვიდეთ, ეცადეთ დაანახოთ თქვენს პატარას, რომ სიტყვები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ მაცივრის მაგნიტები რომელზეც არის წარწერები. ზოგიერთ ოჯახში ნივთებსაც კი უკეთებენ ამ მიზნით წარწერებს, მაგალითად თაროებზე, რომელზეც ალაგებთ სათამაშოებს შეგიძლიათ მოუფიქროთ სახელები სათამაშოების კატეგორიების მიხედვით და მიაკრათ წარწერები. თუ თქვენი შვილი დადის საბავშო ბაღში, შეგიძლიათ პატარას ჩანთით გაატანოთ ფურცელზე დაწერილი დღის სიტყვა. მიუხედავად იმისა შეუძლია თუ არა ბავშვს უკვე წაიკითხოს სიტყვა “კატა” , ამ სიტყვის დანახვა ფურცელზე, რომელსაც თან ზედ დახატული იქნება ლამაზი ფისო, იქნება საკმაოდ საინტერესო რამ ბავშვისთვის და წაახალისებს ბავშის ინტერეს კითხვისადმი. თუ ეს ზედმეტად ამბიციური გგონიათ, შეგიძლიათ დახატოთ გული ან მომღიმარი სახე (სმაილი) და უბრალოთ მიაწეროთ “მე შენ მიყვარხარ”, რომელიც უფრო მეტ ინტერეს გამოიწვევს ბავშვში, რომ დაინტერესდეს სიტყვების უკან მდგარი მნიშვნელობებით.

ისაუბრეთ

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარების მტკიცებით ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან ისეთ ოჯახებში, რომელთა ტრადიციაც არის სადილის დროს ერთად საუბარი, აქვთ საკმაოდ მდიდარი ლექსიკონი. ესაუბრეთ თქვენს შვილს და ნუ შეგეშინდებათ გამოიყენოთ რთული სიტყვები. წაახალისეთ ბავშვის კითხვები და განმარტებები. სკოლამდელი ასაკის ბავშვები საკმაოდ ცნობისმოყვარენი არიან და მუდმივად აქვთ კითხვები მათ გარშემო არსებული სამყაროს შესახებ, ასე რომ თამამად გამოიკვლიეთ თქვენი შვილების ინტერესები მათთან ერთად.

აჩვენეთ თქვენი სიყვარული წიგნების მიმართ

თქვენს შვილს უნდა რომ თქვენ მოგბაძოთ. თუ ის ხედავს წიგნებს მთელს სახლში და თუ იცის, რომ თქვენ გიყვართ წაკითხვა, ყოველთვის როცა დრო გაქვთ, ის ისწავლის, რომ წიგნი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თქვენი წიგნებისადმი სიყვარულის მაგალითის ჩვენება ბავშვისთვის ბევრად უფრო ძლიერი საშუალებაა კითხვის სიყვარულის გასაღვივებლად, ვიდრე ის, რომ აიძულოთ თქვენი პატარა დაჯდეს და მოუსმინოს ზღაპარს რომელიმე თქვენს მიერ განსაზღვრულ დროს.

წყარო: www.babycenter.com