პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

ბავშვები ფილოსოფოსებად იბადებიან

10 Comments

whyველა ბავშვს რაღაც დროს უჩნდება ფილოსოფიური კითხვები სამყაროზე, მაგრამ როგორ ვიქცევით და როგორ ვპასუხობთ ამ კითხვებს ჩვენ, მშობლები. ამ საკითხზე ფიქრის დროს, წავაწყდი ერთ-ერთი თანამედროვე ინგლისელი ფილოსოფოსის სტეფან ლოს სტატიას, რაც მინდა თქვენც გაგიზიაროთ, რომ გავიგოთ თუ რას ფიქრობენ ამ საკითხზე ფილოსოფოსები.

 

„ბავშვები ბუნებრივად ფილოსოფოსები არიან“ ამტკიცებს ფილოსოფოსი სტეფან ლო.

ორიგინალი სტატია

ბავშვები ფილოსოფოსებად იბადებიან. ისინი მუდმივად ცდილობენ გაიგონ ყველა მოვლენის მიზეზი, მიიღონ ახსნა-განმარტებები, გაერკვიონ ყველაფრის თვისებაში. მათ ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ აქვს. ჩვენს თითოეულ პასუხზე მათ მალევე ახალი კითხვა უჩნდებათ. მათ აინტერესებთ პასუხი ისეთ კითხვებზე, როგორიცაა „ როგორ შეიქმნა სამყარო?” “როგორ განისაზღვრა რა არის სწორი და რა არის არასწორი?” “საიდან უნდა მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი არ გვესიზმრება?”

როდესაც ჩვენ ვიზრდებით და ღრმად ვეფლობით ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დეტალებში და საზრუნავში, ასეთი კითხვებისადმი ინტერესი მალე გვიქრება. ადამიანების უმეტესობა, მოზრდილ ასაკში შემოიფარგლება მისთვის საინტერესო და საზრუნავი საკითხების ვიწრო სპექტრით. მაშინ როდესაც ბავშვებს აქვთ საკმარისი დრო, ცნობისმოყვარე ბუნება და არანაირი წინასწარ გამჯდარი წარმოდგენები ამა თუ იმ საკითხზე, რის გამოც ისინი ჯერ კიდევ ხედავენ სამყაროს მთლიან სურათს.

როგორია ჩვენი რეაქცია, როდესაც ბავშვებს უჩნდებათ ფილოსოფიური კითხვები და როგორი უნდა იყოს ის?

რეალობა სამწუხაროდ ის არის, რომ ხშირად ჩვენ თავიდან ვიშორებთ ხოლმე ბავშვებს, როდესაც ისინი მოგვმართავენ ისეთი კითხვებით, როგორიცაა მაგალითად „რატომ მოხდა დიდი აფეთქება?“ ხშირად ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენ, დიდებს, დროის ფუჭ კარგვად მიგვაჩნია და შესაძლებელია მათ ასეთი პასუხიც კი გავცეთ: „უბრალოდ მოხდა და მორჩა. ნუ მეკითხები ასეთ სულელურ კითხვებს“.

თუ ბავშვი ნახავს, რომ მისი ფილოსოფიური კითხვები იწვევს უფროსების გაღიზიანებას, საყვედურსა და ხშირად მის გაკიცხვასაც კი, ძალიან დიდი ალბათობით ის ამ კითხვების დასმას უბრალოდ შეწყვეტს.

მეორე მიდგომა, რომლითაც ჩვენ ასევე თავს ვარიდებთ ბავშვების ფილოსოფიურ კითხვებს არის ის, რომ ჩვენ ვუდგებით მათ უფრო სერიოზულად, მაგრამ ვთვალთმაქცობთ, როცა ვაჩვენებთ, თითქოს ამ კითხვებს ძალიან მარტივი პასუხები აქვთ. რელიგია, ამ სიტუაციებში კარგი დასაყრდენია, თუნდაც ნაკლებად მორწმუნე, ათეისტი ადამიანებისთვისაც: „როგორ შეიქმნა სამყარო?“ – ღმერთმა შექმნა. „რატომ ითვლება ამის ან იმის გაკეთება არასწორად?“ – იმიტომ რომ ღმერთმა ასე თქვა. შესაძლებელია ამ პასუხებმა დააკმაყოფილოს ბავშვის ცნობისმოყვარეობა, მაგრამ ისინი ხშირ შემთხვევაში არაადექვატურია, რადგანაც ეს პასუხები ხშირად ვერ ხსნიან იმ საიდუმლოებებს, რომლებში გარკვევის მცდელობაც დაიწყო ბავშვმა. ხშირად ბავშვები ერთ საიდუმლოებაში გარკვევის ინტერესს ანაცვლებენ მეორეთი, რომელზეც პასუხის გაცემა უფრო მეტად რთულდება.

მაგალითად, სოფია, მისი რაციონალური ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე კითხულობს თუ საიდან გაჩნდა სამყარო. ამ შემთხვევაში თავდაჯერებული ტონით იმის თქმა, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, სულაც არ იქნება საკმარისი კითხვაზე ნათელის მოსაფენად, მითუმეტეს, თუ მის მომდევნო კითხვაზე „და როგორ გაჩნდა ღმერთი?“ პასუხის გაცემის ნაცვლად ვეცდებით ყურადღება მაგალითად ნაყინზე გადავატანინოთ.

ამ შემთხვევაში მე არ ვგულისხმობ ასეთ კითხვებზე პასუხის გასაცემად რელიგიური ახსნის გამოყენებაზე უარის თქმას. მაგრამ მე ვეწინააღმდეგები მათ გამოყენებას ბავშვების ნორჩ გონებაში ძიების სურვილისა და ცნობისმოყვარეობის ჩასახშობად.

რატომ ვიშორებთ ხოლმე ბავშვებს თავიდან ასეთი კითხვების დასმის დროს? ამის ბევრი მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი ძალიან აშკარა მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ თვითონ არ ვიცით ასეთ კითხვებზე პასუხები და ჩვენი უცოდინარობის აღიარება კი საკმაოდ რთულია, მითუმეტეს ჩვენს საკუთარ შვილებთან.

მეორე მიზეზი ის არის, რომ ფილოსოფიურ საკითხებში ძიება საკმაოდ ღრმა ფიქრს მოითხოვს, ხოლო დიდების უმეტესობას ბავშვებზე ბევრად უკეთესად არც აქვს განვითარებული ეს უნარი. ჩვენ ვიცით, რომ შვილებთან დებატებში შესვლა დიდი ალბათობით იქნება რთული, გახდება თავის ტკივილის მიზეზი და მალე დასრულდება ჩვენი სიღრმისეული ფიქრის უნარის ნაკლებობიდან გამომდინარე.

მესამე მიზეზი კი ის არის, რომ ასეთ საკითხებზე ფიქრი ჩვენთვის არც ისე სასიამოვნოა და ეს არა მხოლოდ იმის გამო, რომ ზოგიერთი მათგანი შეგვახსენებს იმას, ჩვენ მოკვდავნი ვართ და შესაძლოა ჩვენს ხანმოკლე ცხოვრებას განსაკუთრებული აზრი სულაც არ ჰქონდეს. ფილოსოფიურმა კითხვებმა შესაძლოა ინტელექტუალურად ძალიან აგვაღელვოს. მათ შესაძლოა იძულებით დაგვაფიქრონ იმაზე, რომ რაც აქამდე „საღი აზრი“-ს ნაყოფი გვეგონა და მარტივად გასაგები, მხოლოდ ილუზიაა და ჩვენს მყარად გამჯდარ შეხედულებებს საყრდენი გამოაცალოს. დაგვანახონ, რომ ჩვენ დაკიდებული ვართ ინტელექტუალურ სიცარიელეზე. ფილოსოფიურად ფიქრი, ნიშნავს აზროვნებას უსაფრთხოების ბადის გარეშე.

განვიხილოთ მაგალითი. ზრდასრული ადამიანების უმეტესობა ამ ქვეყანაში [ინგლისი] დიდი ალბათობით იტყოდა, რომ „სრულიად აშკარაა“ ის ფაქტი, რომ ადამიანების დახოცვა და მათი ჭამა მორალურად აბსოლუტურად მიუღებელია, მაშინ როდესაც სხვა არსებების (ცხოველებისა თუ ფრინველების) დახოცვა და ჭამა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ბავშვები კი რაღაც პერიოდში აუცილებლად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ ასეთ მორალს. ისინი ინტუიტიურად გრძნობენ, რომ ამ მორალში რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს და საეჭვოა. ამიტომაც ითხოვენ მის განმარტებას.

პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, როგორც ეს ფილოსოფოსმა პიტერს სინგერმა უჩვენა, ეს უკიდურესად რთული დასამტკიცებელი შეხედულებაა (ამ შემთხვევაში არ იქნება საკმარისი ასახსნელად უბრალოდ იმის თქმა, რომ ღორები და ძროხები ჩვენზე უფრო ნაკლებად გონიერი არსებები არიან; რადგანაც ეს იგულისხმებდა იმას, რომ ასეთ შემთხვევაში მისაღები იქნებოდა გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანების იგივე მდგომარეობაში ჩაყენება). ფაქტი ის არის, რომ ჩვენ გაგვიჭირდება თავიდან ავირიდოთ ის დასკვნა, რომ ჩვენ გვახასიათებს, დაუჯერებელი სიძულვილი სხვა ტიპის არსებების მიმართ, რომელიც ჰგავს რასიზმს (რასაც სინგერი „speciesism“ უწოდებს ).

მართლაც, რთულია არ დაეთანხმო სინგერის დასკვნას იმაში, რომ ჩვენ ყოველწიურად ვხოცავთ მილიარდობით ცხოველს, მხოლოდ იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენი გემოვნება გარკვეული ტიპის საკვებისადმი, რაც მორალურად სრულიად გაუმართლებელია, იმ დონეზე, როგორც მიუღებელია და გაუმართლებელია მაგალითად მონებით ვაჭრობა.

სულაც არ არის გასაკვირი როცა იმის ნაცვლად, რომ ბავშვის თხოვნით მივაწოდოთ მას ახსნა-განმარტება ამა თუ იმ საკითხზე, ჩვენთვის უფრო კომფორტულია მათი თავიდან მოშორება (ალბათ ისევე, როგორც ორასი წლის წინ თავიდან იშორებდნენ იმ ბავშვს, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ადამიანების მონებად გაყიდვის მართებულობას). ჩვენ, უფროსები უგულებელვყოფთ ბავშვების წუხილს ხორცის ჭამაზე, როგორც სულელურ და ბავშვურ აზრებს. ვუდგებით ამ საკითხს ასე ან ვცდილობთ გადავკეტოთ მათი ცნობისმოყვარეობის ხაზი მზა მარტივი რელიგიური პასუხით: „ღმერთმა ცხოველები დედამიწაზე ადამიანებისთვის საკვებად გააჩინა. ასეა ნათქვამი ბიბლიაში“.

რატომ ვიცილებთ თავიდან ბავშვის ფილოსოფიურ შეკითხვას? ჩვენ ამას არ უნდა ვაკეთებდეთ , გრძელ ვადაში მაინც არ უნდა ვიქცეოდეთ, რისთვისაც არსებობს სამი მნიშვნელოვანი მიზეზი.

პირველი, მათ ვისაც არ აძლევდნენ დიდ თემებზე ფიქრის საშუალებას და უბრალოდ ფიქრის გარეშე პირდაპირ შეიწოვეს მარტივი რელიგიური პასუხები, აქვთ ძალიან უღიმღამო და არასაინტერესო, დაცლილი ცხოვრება. ისევე როგორც ოქროს თევზსს,  რომელსაც არ აქვს არანაირი წარმოდგენა იმაზე არის თუ არა მისი აკვარიუმის შუშის კედლებს იქით საერთოდ რამე. ასეთ ადამიანებს არანაირი შეგრძნება არ აქვთ იმისა, თუ რა საიდუმლოებები არსებობენ  მათი ყოველდღიური ცხოვრების საზღვრებს მიღმა.

მეორე, და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – ის ადამიანები, ვისაც არასოდეს არ გადაუდგამთ ნაბიჯი უკან, რათა თვალი გადაევლოთ და გაეანალიზებინათ მათი ცხოვრება, არიან არამხოლოდ საოცრად ცარიელნი, არამედ პოტენციურად საშიშებიც კი. ადამიანი, რომელსაც ჩვევაში აქვს მარტივად მიიღოს და შეითვისოს გონებრივი ჩვევები და გადაუმოწმებელი ვარაუდები მათ გარშემო არსებული ადამიანებისა – მორალურად ცხვრის როლში იმყოფება. ცხვრის მორალის მქონე ადამიანებმა შესაძლებელია გააკეთონ ყველაფერი სწორად. მაგრამ ამას ისინი იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ ეს სწორია, არამედ იმიტომ, რომ ამას მის ირგვლივ არსებული სხვა ცხვრები აკეთებენ. თუ მოხდება ისე, რომ მთელი ფარა აირჩევს ვერაგულ და საშინელ მიმართულებას, აირჩევს სიძულვილისა და ფანატიზმის გზას, მორალურად ცხვრის როლში მყოფი ადამიანი ბრმად მიყვება ფარას. ხოლო მორალურად ცხვრების მდგომარეობაში მყოფი ადამიანების საზოგადოება კი ძალიან საშიშია.

და მესამე , უნარები, რომლებიც განუვითარდება ადამიანს ადრეული ასაკიდან დიდ თემებზე ღრმა ფიქრის გზით ძალიან ღირებულია და მნიშვნელოვანია. მკაფიო არგუმენტის ჩამოყალიბება, კომპლექსური აზროვნების ხაზის გაყოლის უნარი ან ლოგიკაში შეცდომის პოვნა, ეს ის უნარებია, რომელთა ქონაც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე ცოტა კი, ასეთ უნარებს შეუძლია გამოიმუშაოს ადამიანში იმუნიზაცია მატყუარა ვაჭრებისა და სხვადასხვა მიმდინარეობის რელიგიური ფანატების წინააღმდეგ, რათა მათი გავლენისგან დაიცვას თავი.

დიდ კითხვებზე ღრმა ფიქრი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არის ის, რაც ჩვენ სრულყოფილ ადამიანებად გვაქცევს. ამიტომაც არ უნდა ჩავახშოთ ბავშვების მიერ დასმული ფილოსოფიური კითხვები, პირიქით აქტიურად უნდა წავახალისოთ ისინი.

წყარო:

http://rationalist.org.uk/articles/455/natural-born-philosophers

ავტორი: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

10 thoughts on “ბავშვები ფილოსოფოსებად იბადებიან

  1. ძალიან საინტერესოა!

    Liked by 1 person

  2. Reblogged this on ძიებანი and commented:
    პირველი, მათ ვისაც არ აძლევდნენ დიდ თემებზე ფიქრის საშუალებას და უბრალოდ ფიქრის გარეშე პირდაპირ შეიწოვეს მარტივი რელიგიური პასუხები, აქვთ ძალიან უღიმღამო და არასაინტერესო, დაცლილი ცხოვრება. ისევე როგორც ოქროს თევზსს, რომელსაც არ აქვს არანაირი წარმოდგენა იმაზე არის თუ არა მისი აკვარიუმის შუშის კედლებს იქით საერთოდ რამე. ასეთ ადამიანებს არანაირი შეგრძნება არ აქვთ იმისა, თუ რა საიდუმლოებები არსებობენ მათი ყოველდღიური ცხოვრების საზღვრებს მიღმა.

    Like

  3. მართლაც საინტერესო სტატიაა და სასარგებლო.კიდევ ერთელ დავფიქრდი იმაზე,რომ ბავშვები მართლაც უსაზღვრო ფანტაზიის მქონენი არიან და აქედან გამომდინარე,ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ხშირად ჩვენთვის “უცნაური” კითხვებით ცდილობენ.ჩვენც ალბათ ოდესღაც ასეთები ვიყავით.საქმე იმაშია,რომ მყავს 4 წლის გოგონა,რომელსაც ხშირად აქვს ასეთი კითხვები,მაგრამ მას მერე რაც საუბარი და კითხვების დასმა დაიწყო,ვცდილობ მას მივუდგე როგორც ადამიანს და არა როგორც ბავშვს და მისთვის გასაგებ ენაზე გავცე პასუხი არც თუ ისეთ ადვილ კითხვებზე.ყველაზე მეტად კი ის მაოცებს,რომ ასეთი საუბრების მერე,მას საკუთარი ჯანსაღი აზრი და დამოკიდებულება უჩნდება მისთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით.შედეგად კი მაოცებს იმ დასკვნებით,რომლებსაც თავის კითხვებზევე მოგვიანებით თვითონ აკეთებს.საოცარია ბავშვთთან ურთიერთობა.ის კიდევ ერთელ გაბრუნებს ბავშვობაში და თავისდაუნებურად გახსენდება შენც ის გულუბრყვილო შეკითხვები,რომლებიც ღმა ბავშობაში “გაწუხებდა” 🙂 .

    Liked by 1 person

    • სალომე, მადლობა საინტერესო კომენტარისთვის.

      ბავშვების შეკითხვები ყოველთვის ძალიან საინტერესოა, რადგანაც ისინი ჯერ კიდევ სუფთა და თავისუფალნი არიან ამა თუ იმ საზოგადოებაში უკვე ღრმად გამჯდარი წარმოდგენებისაგან, რომელიც ჩვენ, უფროსებს გვაქცევს გარკვეულ ჩარჩოში და შემდეგ უკვე ამ ჩარჩოს აღარ ვცდებით შეფასებების გაკეთებისას.

      ბავშვები კი სრულიად ღია არიან ყველაფრის მიმართ და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე აკეთებენ შეფასებებს, რაც საოცრად საინტერესოა და გვაიძულებს სხვა კუთხითაც შევხედოთ ხოლმე სამყაროს.

      სამწუხაროა, რომ ბავშვობასთან ერთად ამ უნარს როგორც წესი ვკარგავთ ხოლმე.

      Like

  4. მართალია ეს ყველაფერი და ვფიქორბ,რომ მშობელმა ყოველთვის უნდა გამონახოს დრო საკუთარი შვილისათვის,მათთან ურთიერთობის ყოველი ახალი დღე ხომ ახალი თავგადასავლის ტოლფასია,ამით კი ჩვენც ვიბრუნებთ ბავშვობის უზრუნველ წუთებს და თუნდაც ცოტა ხნით მაინც შეგვიძლია მივცეთ თავს უფლება დავივიწყოთ,რომ ვართ უფროსები და ბავშვობისაგან რეალურად წლები გვაშორებს. თქვენი საიტის დიდი მოყვარული ვარ და ხშირად ვადევნებ თვალს თქვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს და ვცდილობ თითოეული რჩევა პრაქტიკაში გამოვიყენო ხოლმე.ასე რომ დიდი მადლობა,რომ არსებობთ 🙂

    Liked by 1 person

    • დიდი მადლობა სალომე. ძალიან მიხარია, რომ საიტი მოგწონთ და მისი ხშირი სტუმარი ხართ 🙂

      Like

  5. Zalian sainteresoa, magram ikneb tkven gvitxrat mainc ra unda vupasuxiot bavshvs, ratom mivirtmevt cxovelis xorcs? dametanxmet, rom xorcis da tevzis arseboba bavshvebis sakveb racionshi absluturad sheucvleli da aucilebelia. amas nebmisemiri ekimi dagidasturebt. mashin ras gvtavazobt? ra pasuxi unda gavcet iseti romelic arc madas daukargavs da tan arc “tkuili” ikneba. am kitxvis dasmisas vgulisxmob rom tkven ar ucevt propagandas bavshvebshi vegetarianobas 🙂 tu vcdebi?

    Like

  6. გამოხმაურება: ბავშვები ფილოსოფოსებად იბადებიან | ახალი ამბები განათლების სფეროში | news.edu.aris.ge

  7. გამოხმაურება: ბავშვები ფილოსოფოსებად იბადებიან | ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი