პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება


4 Comments

თამაში “იპოვე სიტყვები და ისწავლე კითხვა”

კითხვის შესწავლა, ბავშვისგან საკმაოდ დიდ შრომასა და ნებისყოფას მოითხოვს, მითუმეტეს თუ ეს ტრადიციული მეთოდით ხდება, რომელიც ხალისსა და თამაშის ელემენტებს სრულიად მოკლებულია.

დღეს, განათლების სპეციალისტები და ფსიქოლოგები უფრო და უფრო ამახვილებენ ყურადღებას თამაშის მნიშვნელობაზე და მიგვითითებენ, რომ თამაში ახალი უნარების ათვისების საუკეთესო გზაა, რადგანაც ის ეხმარება ბავშვს შესასწავლი მასალის უფრო კარგად გააზრებაში. ყველა ამ სასარგებლო თვისებასთან ერთად თამაში ხომ ძალიან სახალისოა და რატომ არ შეიძლება სწავლის პროცესიც ისეთვე სახალისო გავხადოთ, როგორც თამაში?

თამაშის მნიშვნელობაზე ბევრი სტატის წაკითხვისა და ინტერნეტით ლექციების მოსმენის შემდეგ, გადავწყვიტე სხვადასხვა თამაში მე თვითონაც მომეფიქრებინა, რაც მარისთან ერთად გატარებულ დროს უფრო გაახალისებდა და თან მის განვითარებას და განათლებასაც შეუყწობდა ხელს.

ამ მიზნით პირველ ეტაპზე საკმაოდ მარტივი თამაში მოვიფიქრე, რომელიც მიზნად ისახავს კითხვის უნარის გაუმჯობესებას. სახელიც შესაბამისი დავარქვი – “იპოვე სიტყვები და ისწავლე კითხვა”.

ამ თამაშისთვის გამოვიყენე ფერადი ფურცელი, მაკრატელი და ფლომასტერი:

2პატარა ზომებად დაჭრილ ფერად ქაღალდზე დავაწერე იმ ნივთების სახელწოდებები, რომლებიც სახლში გვქონდა.

3

შემდეგ ეს ქაღალდები ოთახში სხვადასხვა არასწორ ადგილას დავდე და მარის ვუთხარი, რომ უნდა ეპოვა 15 პატარა ქაღალდი წარწერებით, წაეკითხა ისინი და სწორ ადგილას უნდა დაედო. იმ ფაქტმა, რომ ქაღალდები თავიდანვე მოსაძებნი იყო -გაამართლა, რადგანაც ბავშვებს უყვართ მოქმედებაში ყოფნა და მარიმაც ხალისით დაიწყო ამ ფურცლების ძებნა მთელს ოთახში და თან გამუდმებით ითვლიდა, რომ გაეგო კიდევ რამდენი დარჩა მოსაძებნი.

5

თხუთმეტივე პატარა ფურცლის პოვნის შემდეგ, მარი კითხვას შეუდგა, რომ გაეგო თუ რა ეწერა თითოეულ ფურცელზე.

7

სანამ მარი სიტყვებს კითხულობდა და სწორ ადგილას დებდა თითოეულ მათგანს, მე სურათებს ვიღებდი და ვერთობოდით 🙂

9

მარის ეს თამაში ბევრად უფრო მეტად მოეწონა, ვიდრე მე მქონდა წარმოდგენილი. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ყოველი სიტყვის წაკითხვას სიხარულით ხვდებოდა და დიდი ხალისით დარბოდა ოთახში აქეთ იქით, რომ ნივთები სწორ ადგილას “დაემალა”. ფურცლების გადანაწილების შემდეგ ჯერი ჩემზე მიდგა და მე დავიწყე მათი ძებნა, რომ შემემოწმებინა ყველა სიტყვამ თავისი ადგილი სწორად იპოვა თუ არა. ყველაფერი სწორად იყო, რამაც მარი ძალიან გაახარა და თამაშის გამეორება სამჯერ მთხოვა, ამ დროს ხან თვითონ მალავდა ამ სიტყვებს და ხან მე.

 გადავწყვიტეთ, რომ ეს თამაში სხვადასხვა სიტყვებით სხვადასხვა ადგილას პერიოდულად ვითამაშოთ ხოლმე, თან ისეთი სიხშირით, რომ ძალიანაც არ მოგვეზრდეს არც მარის და არც მე :).

მოკლედ, თამაშების მოფიქრება ძალიან ძნელი საქმე არ არის, მთავარია იცოდე რა არის შენი მიზანი, გაითვალისწინო იმ ადამიანის თუ ჯგუფის მოთხოვნები, ვისთვისაც ამ თამაშს ქმნი და რაც მთავარია ხალისით და სიყვარულით გააკეთო ეს ყველაფერი :).