პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება


5 Comments

რა არის წარმოსახვითი თამაში და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის


pretendთამაშს ხშირად მიიჩნევენ უმნიშვნელო საქმიანობად, რომელსაც რაიმე სერიოზული მიზანი არ გააჩნია, საქმიანობა, რომელშიც ბავშვი იმიტომ ერთვება, რომ ჯერ სხვა არაფერი შეუძლია, საქმიანობა, რომელსაც ის ასაკთან ერთად ივიწყებს.

სინამდვილეში კი თამაშს გადამწყვეტი როლი აქვს პიროვნების სრულფასოვან ჩამოყალიბებაში. როგორც ამაზე ფსიქოლოგები და ადრეული განათლების ექსპერტები მიუთითებენ, თამაშით ბავშვი იძენს არამხოლოდ სხვადასხვა მნიშვნელოვან ცოდნასა და უნარს, არამედ მთლიანობაში მისი გონებრივი, ფიზიკური და ემოციური განვითარება პირდაპირ თამაშზეა დამოკიდებული. ხოლო იმ ბავშვებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ჰქონდათ თამაშის შეზღუდული შესაძლებლობა, ახასიათებთ ნევროლოგიური დარღვევები, რომელთა მკურნალობაც ხშირად ისევ თამაშის თერაპიით ხდება.

განვითარებულ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია აქტიურად დაიწყო სწავლების პროცესში თამაშის პრინციპების ფართოდ გამოყენება, რადგანაც კვლევებმა უჩვენა, რომ თამაში ბავშვისთვის არის სწავლის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება.

ფსიქოლოგები თამაშის შემდეგ ძირითად კატეგორიებს გამოჰყოფენ:  ფიზიკური თამაში, თამაში ნივთებით, თამაში სიმბოლოებით, თამაშები, რომლებსაც აქვთ წინასწარ განსზღვრული წესები და წარმოსახვითი (სოციალურ-დრამატული) თამაშები. თამაშის თითოეული ეს კატეგორია გარკვეული უნარების განვითარებას უწყობს ხელს, მაგრამ დღეს ჩვენი ინტერესის სფეროა წარმოსახვითი თამაშები.

რას გულისხმობს წარმოსახვითი თამაში და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი?

დაახლოებით 2 წლის ასაკიდან ბავშვები იწყებენ წარმოსახვით თამაშებს, რომლებიც უფრო და უფრო კომპლექსური ხდება ასაკის მატებასთან ერთად. წარმოსახვითი თამაში ნიშნავს ისეთ თამაშს, როდესაც ბავშვი გარდაქმნის ნივთებს თავის წარმოსახვაში და მათ განსხვავებულ ფუნქციას ანიჭებს, თამაშობს სხვადასხვა პროფესიის ადამიანის როლს, ახმოვანებს ნივთებს ან სათამაშოებს და ქმნის სცენებს მის მიერ მოფიქრებული სიტუაციებისთვის.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ბავშვი ზის სათამაშო მაგიდასთან და აჭმევს საჭმელს თოჯინას და თან ესაუბრება მას და თვითონაც „მიირთმევს“ წარმოსახვით საჭმელს მასთან ერთად. ბავშვმა შეიძლება ასეთი სიტუაციები გაითამაშოს უამრავი თემის გარშემო. შესაძლებელია წარმოსახვაში გადავიდეს პრეისტორიულ ხანაში და გააცოცხლოს დინოზავრები, ესაუბროს მათ და ისაუბროს მათ ნაცვლადაც. შესაძლებელია გაითამაშოს სიტუაცია ფერმაში, ან წარმოიდგინოს სცენა ოკეანის ფსკერზე სხვადასხვა სახის თევზის მონაწილეობით. წარმოსახვითი თამაშის ერთ-ერთი ფორმაა ასევე გარდასახვა რომელიმე გმირად ტანსაცმლის, ნაჭრებისა და აქსესუარების გამოყენებით.

ზოგჯერ ბავშვები ქმნიან სრულიად ახალ, ალტერნატიულ სამყაროს მათ ფანტაზიაში. შესაძლებელია მათ მიერ შექმნილ სამყაროში თამაში საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდეს, თუნდაც რამდენიმე თვე. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ბაშვები ახალ ენასაც კი ქმნიან მათ მიერ გამოგონილი სამყაროსთვის. ასეთი კომპლექსური წარმოსახვითი თამაშის ფორმა უფრო ხშირად 9-10 წლის ასაკის ბავშვებში გვხდება და როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ასეთი თამაშებით გატაცებული ბავშვების უმეტესობა ზრდასრულ ასაკში განსაკუთრებულ შემოქმედებით უნარებს ავლენს.

წარმოსახვითი თამაშის თითქოსდა ერთი შეხედვით უმნიშვნელო პროცესის დროს ადგილი აქვს საკმაოდ სერიოზულ და მრავალმხრივ სწავლის პროცესს. ასეთი თამაშების საშუალებით ხდება ბავშვების ინტელექტუალური, ფიზიკური, სოციალური და ემოციური უნარების განვითარება. წარმოსახვითი თამაშების დროს ბავშვები იკვლევენ და სწავლობენ სხვადასხვა მასალას, ატარებენ ექსპერიმენტებს და აანალიზებენ შესაძლებლობებს, უპირისპირდებიან პრობლემებს და პოულობენ მათი გადაჭრის გზებს. სხვა ბავშებთან ერთად თამაშის დროს სწავლობენ მოლაპარაკებას, თანამშრომლობას და ერთობლივს დაგეგმვას, ავითარებენ სიტყვების მარაგსა და კომუნიკაციის უნარს. ასევე, ავითარებენ სიტუაციების სხვადასხვა კუთხიდან გაანალიზების უნარს, რაც სათამაშოების გახმოვანების საშუალებით ხდება.

მაგრამზემოთ ჩამოთვლილ ბევრ სასარგებლო თვისებასთან ერთად, არის ერთი, რომელიც წარმოსახვითი თამაშების ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ თვისებად მიიჩნევა. ეს არის კრეატიულობის ანუ შემოქმედებითი უნარის განვითარება.

რა იგულისხმება კრეატიულობაში და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი?

კრეატიულობა ანუ შემოქმედებითი უნარი, გულისხმობს სხვადასხვა მოვლენების, ნივთებისა თუ იდეების ახლებურად დანახვის უნარს და მათი სინთეზით რაიმე ორიგინალურისა და სასარგებლოს შექმნას. ასევე პრობლემების მოსაგვარებლად ახალი, უფრო ეფექტური გზების აღმოჩენას. ეს ყველაფერი ნებისმიერ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, თანამედროვე, კარგი ლიდერისთვის აუცილებელი თვისებების სიაში  სწორედ კრეატიულობას უჭირავს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი.

მაგრამ კრეატიულობის მნიშვნელობაზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთების ფონზე, ამერიკაში ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ უჩვენა, რომ 1990-იანი წლებიდან კრეატიულობის ანუ შემოქმედებითი უნარის მაჩვენებლებმა დაიწყო საგრძნობლად დაბლა დაწევა, როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში. აქედან კი, ყველაზე დიდი ვარდნა საბავშვო ბაღისა და მე-3 კლასამდე ასაკის ბავშვების შედეგებში აღმოჩნდა (მანამდე კი ეს მაჩვენებლები სტაბილურად იზრდებოდა ყოველწლიურად). ამის პარალელურად კი როგორც აღმოჩნდა, ყოველი ახალი თაობის IQ (ინტელექტის კოეფიციენტი)ტესტის შედეგები მსოფლიოს მასშტაბით მაღლა ადის დაახლოებით 10 ქულით (Flynn effect). რადგანაც ითვლება, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ბავშვების ინტელექტის დონეს მაღლა წევს.

ამ ტენდენციის შესასწავლად მკვლევარებმა გაანალიზეს 300 000 ადამიანის ტორანსის ტესტის შედეგი. ტორანსის ტესტი კი 1966 წელს შექმნა მკვლევარმა პოლ ტორანსმა. მას შემდეგ ეს ტესტი ოქროს სტანდარტად მიიჩნევა და მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად გამოიყენება ბიზნესისა და განათლების სფეროში ადამიანის შემოქმედებითი უნარების შესამოწმებლად.

რამ გამოიწვია კრიზისი შემოქმედებითი უნარის მაჩვენებლებში?

მკვლევარების თქმით, ჯერ კიდევ ადრეა დაბეჯითებით იმაზე საუბარი თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ასეთი ვარდნა შემოქმედებითი უნარის მაჩვენებლებში. მაგრამ ერთ-ერთ მიზეზად ამ ეტაპისთვის მიიჩნევა ის ფაქტი, რომ ძალიან შეიზღუდა ის დრო, რომელსაც ბავშვები ეზოში და კლასიკურ თამაშებზე ხარჯავენ, მაშინ როდესაც ძალიან გაიზარდა მათ მიერ ტელევიზორთან გატარებული საათების რაოდენობა, ისევე, როგორც ის დრო, რომელსაც ისინი ვიდეო თამაშებისთვის ხარჯავენ. მკვლევარების აზრით ამას ისიც ემატება, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები ზედმეტად დიდ ყურადღებას ამახვილებენ ტესტირებაზე და ფაქტების უბრალო დამახსოვრებაზე, ხოლო შემოქმედებითი უნარების განვითარებას ნაკლებად უწყობენ ხელს.

არსებული რეალობიდან გამოსავლის ძიების მიზნით, განვითარებულ ქვეყნებში დაიწყეს სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის ისეთი სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომლებიც ხელს უწყობს კრეატიულობის განვითარებას. საბავშვო ბაღების შემთხვევაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება თამაშის მნიშვნელობაზე, სადაც წარმოსახვით თამაშს, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ასევე, ადრეული განათლების სპეციალისტები  ურჩევენ მშობლებს, რომ თვითონ წაახალისონ და ხელი შეუწყონ ასეთი ტიპის თამაშებს სახლში. ამისთვის, მათი თქმით, ამისათვის პირველ რიგში აუცილებელია ზედმეტად არ გადაიტვირთოს ბავშვის დღის განრიგი, რათა მას დარჩეს დრო თამაშისთვის. ხოლო კომპიუტერისა და ტელევიზორიდან ყურადღების გადასატანად სასურველია ხანდახან მშობლების ინიციატივით მოხდეს მსგავსი თამაშების წამოწყება, მითუმეტეს თუ თვითონ ბავშვი არ იჩენს ინტერესს, მაგრამ ამ დროს აუცილებელია, რომ მშობელმა ბავშვს მისცეს თამაშის მიმართულების განსაზღვრის საშუალება და თვითონ არ აიღოს მაკონტროლებლის როლი. მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოები და წარმოსახვითი თამაშებისთვის გამოსადეგი ნივთები იდოს ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.

და ბოლოს,  რა უფრო მნიშვნელოვანია მაღალი IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) თუ კრეატიულობა?

ალბათ ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია, თუმცა თუ ალბერტ აინშტაინს დავუჯერებთ „წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცოდნა. რადგანაც ცოდნა შემოიფარგლება იმით, რაც ჩვენ ახლა ვიცით დ აგვესმის, მაშინ, როდესაც წარმოსახვას სშეუძლია მოიცვას მთელი სამყარო, და ყველაფერი ის, რაც კი შეიძლება ოდესმე შევისწავლოთ და გავიგოთ“.

გამოყენებული მასალები:

Kyung Hee Kim (2011): The Creativity Crisis: The Decrease in Creative Thinking Scores on the Torrance.

Tests of Creative Thinking, Creativity Research Journal, 23:4, 285-295 – http://kkim.wmwikis.net/file/view/Kim_2011_Creativity_crisis.pdf 

 Lauren Lowery. The Land of Make Believe: How and Why to Encourage Pretend Play. The Hanen Centre -Helping You Help Children Communicate. http://www.hanen.org/Helpful-Info/Articles/The-Land-of-Make-Believe.aspx

Dr. Betty Liebovich, G. Pretend and Imaginary Play. Goldsmiths, University of London.  CBeebies, BBC – http://www.cbeebies.com/asia/grown-ups/helpful-articles/?article=pretend-and-imaginative-play

Lesley Hendy, Lucy Toon. Supporting Drama and Imaginative Play in the Early Years. Open University Press. Buckinghem. Philadelphia – http://www.ratingsexpress.com/openup/chapters/0335206654.pdf

Amanda Morgan. Enchanted Learning: The Benefits of Fantasy Play for Children – http://notjustcute.com/2010/07/06/enchanted-learning-the-benefits-of-fantasy-play-for-children/

Tom Jacobs. The Value of Unstructured Play- Time for Kids. Pacific and Standards – The Science of Society – http://www.psmag.com/navigation/books-and-culture/value-unstructured-play-time-kids-81177/

Elizabeth Blair. More Than 5- Years Of Putting Kids’ Creativity To The Test. NPR http://www.npr.org/2013/04/17/177040995/more-than-50-years-of-putting-kids-creativity-to-the-test

Ellen Booth Church. The Benefits of Imaginative Play. Barnes & Nobles.  http://www.barnesandnoble.com/u/ellen-booth-church-imaginative-play/379002453

The Child Development Institute. When a Child Pretends. Understanding Pretend Play – http://www.slc.edu/cdi/media/pdf/SLC_WhenAChildPretends_Booklet.pdf

Po Bronson, Ashley Merryman. The Creativity Crisis. Newsweek. http://www.newsweek.com/creativity-crisis-74665

Sandra W. Russ, Claire E. Wallace. Pretend Play and Creativity. American Journal of Play, volume 6 – http://www.journalofplay.org/sites/www.journalofplay.org/files/pdf-articles/6-1-article-pretend-play.pdf