პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება


8 Comments

როგორ გავაფორმეთ ძველი აბაჟური

სახლში გვქონდა ძველი მოსაწყენი აბაჟური, რომელიც ისე დაძველდა, რომ ზოგიერთი ადგილი დაუზიანდა კიდეც. მოკლედ გადავწყვიტეთ ამ აბაჟურის გახალისება.

DSC_0081

ინტერნეტში ადრე ნაპოვნი ღილებით გაფორმებული აბაჟურის აი ამ სურათმა მოგვცა შთაგონება, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ სახლში საკმარისი რაოდენობის ფერადი ღილები არ აღმოგვაჩნდა, რომ ჩვენც მსგავსი რამ გაგვეკეთებინა.

lamp

თუმცა ამან ვერ შეგვაჩერა და სხვა რამ მოვიფიქრეთ. ავიღეთ იგივე მასალა, რაც თოჯინას გაკეთების შემდეგ შემოგვრჩა (ანუ ავიღეთ ის რბილი ნაჭრები, რომელიც მაღაზიაში სახლის მოვლის სხვა საშუალებთან ერთად იყიდება და ძირითადად მაგიდის ტილოდ გამოიყენება).

DSC_0088

სხვადასხვა ფერის ამ ნაჭრებისგან ამოვჭერით ყვავილები და ასევე ყვავილის გულები და სათითაოდ მივამაგრეთ ისინი აბაჟურს სილიკონის წებოს გამოყენებით.

DSC_0089

და აი საბოლოო შედეგიც.

DSC_0098

ამ ყველაფრის გაკეთება იყო საკმაოდ მარტივი. რაც მთავარია ბავშვისთვის საკმაოდ სახალისო იყო ამ პროცესში მონაწილეობა და მარი ძალიან ამაყობდა საბოლოო შედეგით.

DSC_0118


დატოვე კომენტარი

როგორ გავაკეთეთ თოჯინა

ერთხელ მოწყენილობის ჟამს, როცა გარეთ წვიმდა და ჩვენ სახლში ვისხედით, მე და მარიმ გადავწყვიტეთ თოჯინის გაკეთება. რამე განსაკუთრებული ნაჭრები სახლში არ მქონდა და ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ფერადი რბილი ტილოს ნაჭრები გამომეყენებინა ამ საქმისთვის, აი ის ნაჭრები, ყველაგნ რომ იყიდება სახლის მოვლის სხვა საშუალებებთან ერთად.

DSC_0234

შემდეგ მოვიმარაგეთ მაკრატელი, ნემსი და ძაფი და შევუდექით საქმეს.

ნაჭერზე დავხატეთ თავი, ტანი, ხელები და ფეხები და ამოვჭერით ეს ყველაფერი.

DSC_0240

შემდეგ ეს ყველაფერი ცალცალკე შევკრეთ და შიგნით ჩავდეთ ბამბა.

DSC_0244

შემდეგ თავი, ხელები და ფესები ტანს მივაკერეთ და გამოგვვიდა თოჯინას ტანი.

DSC_0250

შემდეგ გადავედით თვალებზე. ვიპოვე რაღაც შავი ნაჭრის ნარჩენები და ამოვჭერით თვალის ფორმა და წარბები და მივაწებეთ ნაჭერზე. სხვათაშორის საკმაოდ ადვილად მიეწება  ემულსიის წებოთი. პირი კი ისევე ტილოს ნაჭრისგან გავაკეთეთ, რადგანაც ვარდისფერი ტილოს ნაჭერიც გვქონდა.

DSC_0251

პირიც რომ მივაწებეთ მარის უკვე თამაში მოუნდა ამ თოჯინით. მე კიდევ ისეთ აზარტში ვიყავი, რომ ერთი სული მქონდა როდის დავასრულებდი თმებს და კაბას. დიდი ხნის ხვეწნა მუდარის შემდეგ დავუბრუნდით საქმეს.

DSC_0254

უკვე საკმაოდ გვიანი იყო და კაბის და ბაფთის გაკეთების საქმე მეორე დღისთვის გადავიტანეთ და უკვე მეორე დღეს დავასრულეთ ამ საქმეზე მუშაობა. აი ჩვენი საბოლოო ნამუშევარიც.

DSC_0286მეორე დღეს კიდევ მოგვინდა მსგავსი რამის გაკეთება და იგივე მასალისგან სხვა თოჯინას აი ეს კაბა შევუკერეთ.

DSC_0289


4 Comments

ქვებზე ხატვა – ბავშვების გართობის კარგი საშუალება

ქვებზე ხატვა ბავშვებს ძალიან მოსწონთ და ზაფხულში (და არამარტო ზაფხულში) ბავშვების გასართობად მართლაც რომ კარგი საშაულებაა. გართობასთან ერთად ეს პროცესი ხელს უწყობს ბავშვის ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებას. სწორედ ამიტომაც ამ ზაფხულს ქვებზე ხატვისთის საჭირო მასალები მოვიმარაგეთ: აკრილის საღებავები და ბევრი ფუნჯი, ქვები კი იქვე ქუჩაში შევაგროვეთ ყველამ ერთად.

მოკლედ ყველა იმაზე ფიქრობდა თუ რა უნდა დაეხატათ ქვებზე. შთაგონებისთვის ვაჩვენე დახატული ქვების სურათები. ზოგმა ისინი გამოიყენა, ზოგიერთმა კი თვითონ  მოიფიქრა.

ყველამ ძალიან მოინდომა, რომ ნახატები ქვებზე კარგი გამოსულიყო.

ნამუშევრებით კმაყოფილი ბიჭები

ყველანი ძალიან კმაყოფილები არიან: ნიკუშა, ნინი, ნიკო და მარი

ესეც ნამუშევრების ახლო კადრი. როგორც ხედავთ ყველაზე პოპულარული იყო ხოჭოები და ჭიამაიები.