პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება


7 Comments

მხიარული თამაში – “გააცოცხლე ყველაფერი ჭყეტელა თვალებით”

ტელევიზორით, კომპიუტერით, პლანშეტებთ თუ მობილური ტელეფონებით გართობას შეჩვეული ბავშვები დღეს ისეთი თამაშებით შედარებით ნაკლებად ერთობიან, რომელიც ფიზიკურ მოძრაობასა და ეზოში ყოფნას მოითხოვს. იმდენად მიმზიდველი და ჩამთრევია ტექნოლოგიები დღევანდელი ბავშვებისთვის, რომ მათ ფონზე სხვა თამაშები მოსაწყენი და ადვილად მოსაბეზრებელი ეჩვენებათ. არადა მათი ჯანმრთელობისთვის და გონებრივი განვითარებისთვის ფიზიკური მოძრაობა და წარმოსახვითი თამაშები, რომლებიც ფიქრს და ფანტაზიის აქტიურ გამოყენებას მოითხოვს – ძალიან მნიშვნელოვანია.

მარიც არ არის გამონაკლისი და შემთხვევას არ უშვებს, რომ არ ითხოვოს ტექნოლოგიებით გართობა. მე კი სულ ვფიქრობ იმაზე, რომ ასეთი თხოვნები მინიმუმამდე დავიყვანო და მოვიფიქრო ისეთი თამაშები, რომლებიც აჩვენებს მას, რომ ტექნოლოგიების გარდა სხვა ბევრი რამ საინტერესო და სახალისო არსებობს მის ირგვლივ.

სწორედ ამ მიზნით ერთ დღეს მოვიფიქრე ძალიან მარტივი და მხიარული თამაში „გააცოცხლე ყველაფერი ჭყეტელა თვალებით“. ამ თამაშისთვის დაგვჭირდა ორი ჭყეტელა თვალი, პლასტელინი და წარმოსახვის ამუშავება.

თამაშის არსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ უნდა გვეპოვა ჩვენს ირგვლივ ისეთი ნივთები თუ მცენარეები, რომელთა „გაცოცხლებას“ ჭყეტელა თვალებით შევძლებდით.

პირველი გაცოცხლება შიგნით სახლში მოხდა – გავაცოცხლეთ პატარა მსხალი 🙂

DSC_0512

 

მსხლის გაცოცხლების შემდეგ, გადავწყვიტეთ ეზოში ჩასვლა, რათა იქ გაგვეგრძელებინა ჩვენი შემოქმედება.

მივადექით ხეებს.

DSC_0517

 

მოგვეჩვენა, რომ ხეები საკმაოდ გაკვირვებულები შეხვდნენ. ისეთი სახეები გამოუვიდეთ თითქოს ამბობდნენ ეს რა ხდება ჩვენს თავსო…

DSC_0525

ეს გადაჭრილი ხე ძალიან მოწყენილი მოგვეჩენა….

DSC_0543

ეს ხე აშკარად გაოგნდა

DSC_0551

 ეს შედარებით ნაკლებად.

მერე ნინიც შემოგვიერთდა და ჩვენი ჯადოსნური მოგზაურობა უკვე მასთან ერთად გავაგრძელეთ.

DSC_0530

 

მერე ასეთი მხიარული ხეც ვიპოვეთ.


DSC_0531

 

შემდეგ მორიდებული სკამის საზურგე…

DSC_0552

ღობეში საცოდავად შეკუჭული პლასმასის ჭიქაც ვიპოვეთ და ისიც გავაცოცხლეთ

DSC_0562

 გოგონებმა ძებნის არეალი გააფართოვეს

DSC_0576

 

 და აი რა იპოვეს 🙂

DSC_0577

 ქვებიც არ დავიწყებიათ

DSC_0585

 

გადავიდნენ სასრიალოზე

DSC_0587

და ბოლოს საკუთარ თითებზე.

DSC_0597

ჩვენი თამაში საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში მარიმ და ნინიმ  ბევრი რამ გააცოცხლეს მათ ირგვლივ, რითაც წარმოსახვის უნარიც გაავარჯიშეს და კარგადაც იმხიარულეს.

ვფიქრობ, რომ ნამდვილად ღირს ხოლმე დროის დახარჯვა ასეთი თამაშების მოსაფიქრებლად. იმედი მაქვს, რომ თქვენც ითამაშებთ ხოლმე ამ მხიარულ თამაშს თქვენს პატარებთან ერთად.  თან ასეთი თამაშები ძვირფასია იმითაც, რომ ისინი მშობლებს და ბავშვებს ერთმანეთთან ძალიან აახლოებს და ბავშვობის უძვირფასეს პერიოდს კიდევ უფრო საინტერესოს, მხიარულს და ბედნიერს ხდის.

 


დატოვე კომენტარი

პატარა მზარეულები ანუ მხიარულება ბებოს სამზარეულოში

წინა პოსტის მე-10 პუნქტში მითითებული მიზეზით ანუ ზაფხულის ერთი დღის მხიარულად გატარების მიზნით დავგეგმეთ ერთობლივად ნამცხვრის გამოცხობა. ამ გეგმას კი წინ დიდი სამზადისი უსწრებდა: ზაფხულის არდადეგებისთვის მზადების პროცესში გავაკეთე სია, სადაც ჩამოვწერე სახალისო საქმეები ბავშვებისთვის, რომელშიც ერთ-ერთი იყო “ნამცხვრის ცხობის დღე”.  ამ მიზნით სპეციალურად გამოვიწერე მარისთვის წინსაფარი მზარეულის ქუდით, რომელსაც ასევე მოჰყვებოდა ცომის გასაბრტყელებელი და ხის კოვზი, შევიძინეთ კექსების (თუ cup cake-ების) ფორმა და მოკლედ, სერიოზულად მოვემზადეთ ამ “ღონისძიებისთვის”.

როცა ბებოსთან სტუმრად ყოფნის დროს ბავშვებს გამოვუცხადე, რომ “ნამცხვრის ცხობის დღე” გვექნებოდა, ძალიან გაუხარდათ, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. მარიმ დიდი სიხარულით გაიკეთა წინსაფარი, დაიხურა მზარეულის ქუდი და მზადყოფნა გამოაცხადა ამ საპასუხისმგებლო საქმისთვის. მართალია ნიკუშასთვის არ გვქონდა წინსაფარი და ქუდი, მაგრამ ამის გამო დიდად არ აღელვებულა, მოიმარჯვა ცომის გასაბრტყელებელი და მანაც სრული მზადყოფნა გამოაცხადა.

რეცეპტი გულდასმით წავიკითხეთ, მოვიმარაგეთ ყველაფერი რაც გვჭირდებოდა და შევუდექით საქმეს, რასაც ნიკუშა და მარი მთელი სერიოზულობით მოეკიდნენ.

ორივემ რიგრიგობით ათქვიფა ბანანი.

ყველაფერი კარგად დათვალეს, აწონეს და გაზომეს, რომ არაფერი შეგვშლოდა რეცეპტიდან.

მერე მზა მასა ფორმაში გადავიტანეთ.

ბავშვები ნამდვილად ძალიან ამაყები იყვნენ იმით, რომ ყველაფერს თვითონ აკეთებდენ.

ესეც მათი შრომის შედეგი. ნამდვილად კარგად ვიხალისეთ ამ პროცესით და ბოლოს პირიც ჩავიტკბარუნეთ.

კიდევ რამდენჯერმე გავიმეორეთ “ნამცხვრის ცხობის დღე” ზაფხულის დამთავრებამდე.

მემგონი სურათებიდან კარგად ჩანს, რომ ბავშვებთან ერთად სამზარეულოში ფუსფუსი სულაც არ არის “საშიში” ან “საშინელი” როგორც ეს შეიძლება გეგონოთ, პირიქით ძალიან სახალისოა.

მოეშვით, მიეცით პატარებს საკმარისი თავისუფლება და ნამდვილად კარგად იხალისებთ ასეთი დღით.


2 Comments

რატომ არის კარგი ბავშვების ჩართვა კერძების მომზადების პროცესში

გასაგებია, რომ ბავშვებთან ერთდ საჭმლის მომზადება მოითხოვს ბევრად უფრო დიდ დროს, ორგანიზებულობასა და მოთმინების უნარს, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ ამ პროცესის დადებით მხარეებს, ამის გაკეთება ნამდვილად ღირს ხანდახან მაინც.

გაგიზიარებთ იმ  10 მიზეზს, რატომაც ღირს ბავშვებთან ერთად სამზარეულოში ფუსფუსი

1. წიგნიერება

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საჭმლის მომზადების პროცესი ხელს უწყობს ბავშვის წიგნიერებას. საქმე იმაშია, რომ საჭმლის მომზადების დროს თქვენ ბავშვთან საუბრობთ იმ ინგრედიენტებზე და ეტაპებზე, რაც საჭიროა შერჩეული კერძის მოსამზადებლად, ეს კი ბავშვს აცნობს ახალ სიტყვებსა და მათ მნიშვნელობებს. ხოლო რეცეპტის ხმამაღლა კითხვა და მასში ხშირი ჩახედვა კერძის მომზადების პროცესში ბავშვს უჩვენებს წიგნიერების ძირითად დანიშნულებას – ანუ ის სწავლობს, რომ კითხვის უნარი აუცილებელია ინფორმაციის მისაღებად.

2. ინფორმაცია ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე
კერძების მომზადების პროცესი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ არაფორმალურ გარემოში ასწავლოთ ბავშვებს ჯანმრთელი კვების მნიშვნელობაზე. გარდა ამისა საჭმლის მომზადების პროცესში ჩართვა და კვების საკითხებზე საუბარი უფრო მეტად წაახალისებს ბავშვს გასინჯოს ახალი და სასარგებლო კერძები (რასაც როგორც წესი ბავშვების დიდი ნაწილი რთულად უდგება). როგორც რამდენიმე კვლევამ უჩვენა, კერძების მომზადების შესწავლის შედეგად ბავშვებში გაიზარდა ჯანსაღი საკვების მიღების სურვილი.

3. გონებრივი განვითარება

საჭმლის მომზადება მოითხოვს ყველა გრძნობის ჩართვას – მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეხება და ყველაზე მეტად კი გემოს შეგრძნებას – ასეთი გამოცდილება კი ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას.

4. მოტორული უნარები
მორევა, თქვეფა, გაფცქვნა, მოზელა, გაცრა, დაჭრა – ყველაფერი ეს, რაც საჭმლის მომზადების პროცესის ნაწილია, ხელს უწყობს ფიზიკური უნარების განვითარებას. ამ დროს ბავშვი ავითარებს მის მოტორულ უნარებს – თითების, ხელების, მკლავებისა  და მთლიანად ტანის მართვასა და კოორდინაციას (თუმცა არ დაგავიწყდეთ ამ დროს უსაფრთხოების ზომების მიღება –ბასრ ნივთებს პატარებს ნუ მისცემთ).

5. მათემატიკური უნარები

კერძების მომზადება იძლევა საშუალებას იმისთვის, რომ ბავშვებს პრაქტიკულად და მხიარულ გარემოში აუხსნათ მათემატიკური ცნებები. ინგრედიენტების აწონვა და დათვლა დაეხმარება მათ მათემატიკის შესწავლაში ფურცლისა და კალმის გარეშე და თან ასე უფრო კარგად გაიაზრებენ მათემატიკის პრაქტიკულ დანიშნულებასაც. როცა ბავშვები დაინახავენ მათემატიკური უნარების სარგებელს ყოველდღიურ ცხოვრებაში, უფრო მეტი ხალისით ისწავლიან მას შემდეგ სკოლაში.

6. თავდაჯერებულობა

პატარებისთვის დიდი მიღწევის ტოლფასია, როცა მათ საშუალება ეძლევათ ის კერძი მიიტანონ სუფრასთან, რომლის შექმნაშიც მონაწილოება თავად მიიღეს. არა აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად დიდი იყო რეალურად მათი წვლილი ამ პროცესში, შესაძლებელია უბრალოდ აურიეს ერთმანეთში სხვადასხვა ინგრედიენტები და მთელი მათი წვლილი კერძის მომზადების დროს მხოლოდ ამით შემოიფარგლა, მაგრამ შეგრძნება იმისა, რომ მათი მონაწილეობით მომზადებული კერძი ყველამ მიირთვა უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და მათ თვითშეფასებაზე ძალიან დადებითად მოქმედებს.

7. ოჯახური ტრადიციები
სუფრა და კერძები ოჯახური ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.  ოჯახების დიდი ნაწილისთვის, კერძებს და სუფრის ტრადიციას ზოგადად მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს როგორც დღესასწაულებზე ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. სწორედ ეს ტრადიციები ქმნის ოჯახურ სითბოს, რომელიც ბავშვებს მთელი ცხოვრება მიჰყვებათ.

8. ცხოვრებისეული უნარების გამომუშავება
კერძების მომზადების ცოდნა თავისთავად საკმაოდ სასარგებლო ცხოვრებისეული უნარია, ხოლო ადრეული ასაკიდან ბავშვების სამზარეულოს საქმეებში ჩართვა კი ხელს უწყობს მათი დამოუკიდებლობის უნარის განვითარებას.

9. კომუნიკაცია მშობელთან
ზოგადად ბავშვებთან სუბარი და მათი მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხელს უწყობს მშობელსა და ბავშვს შორის სიახლოვეს და კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. სამზარეულოში ფუსფუსი და ერთად მუშობა კი ასეთი ურთიერთობებისთვის კარგ გარემოს ქმნის. ეს კი საბოლოო ჯამში ბავშვის თავდაჯერებულობაზე დადებითად მოქმედებს.

10. და ბოლოს ეს ხომ ძალიან სახალისოა  

ამ მიზეზის განმარტება კი დამეთანხმებით საჭირო არ არის.

წყარო:


4 Comments

ქვებზე ხატვა – ბავშვების გართობის კარგი საშუალება

ქვებზე ხატვა ბავშვებს ძალიან მოსწონთ და ზაფხულში (და არამარტო ზაფხულში) ბავშვების გასართობად მართლაც რომ კარგი საშაულებაა. გართობასთან ერთად ეს პროცესი ხელს უწყობს ბავშვის ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებას. სწორედ ამიტომაც ამ ზაფხულს ქვებზე ხატვისთის საჭირო მასალები მოვიმარაგეთ: აკრილის საღებავები და ბევრი ფუნჯი, ქვები კი იქვე ქუჩაში შევაგროვეთ ყველამ ერთად.

მოკლედ ყველა იმაზე ფიქრობდა თუ რა უნდა დაეხატათ ქვებზე. შთაგონებისთვის ვაჩვენე დახატული ქვების სურათები. ზოგმა ისინი გამოიყენა, ზოგიერთმა კი თვითონ  მოიფიქრა.

ყველამ ძალიან მოინდომა, რომ ნახატები ქვებზე კარგი გამოსულიყო.

ნამუშევრებით კმაყოფილი ბიჭები

ყველანი ძალიან კმაყოფილები არიან: ნიკუშა, ნინი, ნიკო და მარი

ესეც ნამუშევრების ახლო კადრი. როგორც ხედავთ ყველაზე პოპულარული იყო ხოჭოები და ჭიამაიები.

 


6 Comments

მახსოვრობის კარტები (memory cards), რომლებიც ჩვენ თვითონ გავაკეთეთ

მარიკუნას ბაღში ჰქონდათ მახსოვრობის კარტები, რომელიც მას ძალიან მოეწონა და მთხოვა მიყიდეო. ასეთი კარტები თბილისში არსად არ შემხვედრია და ვერ ვუყიდე, მაგრამ მერე ვიფიქრე ჩვენ თვითონ რომ გავაკეთოთ ნეტავ რა მოხდებათქო. გავაკეთეთ კიდეც და ძალიანაც ვიხალისეთ გაკეთების პროცესით და კარტებითაც კარგად ვითამაშეთ. მერე ეს კარტები მარიმ ბაღშიც წაიღო და როგორც მითხრა კარგადაც ვიხალისეთ ჩვენი გაკეთებული კარტებითო.

ბავშვებს ძალიან მოსწონთ ამ კარტებით თამაში თან მახსოვრობის განვითარებას უწყობს ხელს, ასე რომ მე ვფიქრობ სახალისო და სასარგებლო რამეა.  ასეთი კარტების საგანმანათლებლო თვისებებზე შეგიძლიათ ამ სტატიაში წაიკითხოთ “The Educational Benefits of Card Games”.

აი როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ ასეთი კარტები:

მასალა: თეთრი ქაღალდი, მაკრატელი და ფერადი ფანქრები.

ვიღებთ თეთრ ქაღალდს, რომელიც სასურველია იყოს საკმაოდ სქელი.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ხარისხიანი სახატავი რვეულის ფურცლებიც.

ვჭრით კარტის ზომის ნაწილებად. სასურველია ყველაზე ცოტა 8 კარტი მაინც გააკეთოთ, შესაძლებელია მეტიც და დახატეთ ნებისმერი რამ წყვილად. ანუ თუ მზეს დახატავთ ერთ კარტზე, მეორეზეც უნდა დახატოთ ზუსტად ისეთივე მზე წყვილი კარტი რომ გამოვიდეს.

ბავშვების ძალიან ხალისობენ ამ პროცესით და იმაზე ფიქრით თუ რა უნდა დახატონ კარტებზე. ფანქრის გამოყენება ამ დროს სასურველია, რადგანაც ფანქრით დახატული ფურცლის მეორე მხარეს ნაკლებად გამოჩნდება. ფლომასტერით დახატული კი დიდი ალბათობით მეორე მხარესაც გამოჩნდება, რაც თამაშის დროს ხელს შეგიშლით.

ჩვენ ასეთი წყვილები გამოგვივიდა.

როცა წყვილების ხატვას დაასრულებთ, კარგად აურიეთ კარტები და თავდაღმა დაალაგეთ. ამის შემდეგ კი იწყება წყვილების ძებნა.

თუ ერთნაირი კარტები ამოატრიალა მოთამაშემ ცალკე ალაგებს. თუ ორი ერთნაირი კარტი ვერ იპოვა სვლა სხვა მოთამაშეზე გადადის. თამაშის დროს კარტებს არ უნდა შეუცვალოთ ადგილი, რადგანაც მიზანი ის არის, რომ კარტები და მათი ადგილმდებარეობა უნდა დაიმახსოვრონ მოთამაშეებმა და ამ გზით იპოვონ ყველა წყვილი. თამაშის ბოლოს ვისაც ყველაზე მეტი წყვილი ექნება ნაპოვნი ის იქნება გამარჯვებული.

ჩვენ ძალიან ვიხალისეთ და დარწმუნებული ვარ თქვენს შვილებაც მოეწონებათ, როგორც თამაში, ასევე კარტების გაკეთების პროცესიც.


%(count)s კომენტარი

როგორ მოვხატეთ ქვები

თუ გიყვართ ბავშვებთან ერთად სახალისო ნივთების გაკეთება, გაგიზიარებთ იმას, რაც მე და ჩემმა 4 წლის შვილმა მარიკუნამ ერთად გავაკეთეთ. ეს იდეა ინტერნეტში ნანახი სურათებიდან მომივიდა და იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე მეც მეცადა.

ამ მიზნით  შევიძინე აკრილის საღებავები 8 ლარად რუსთაველზე მდრებარე მაღაზიაში, ასევე სპეციალური ლაქი რომელიც 9 ლარი ღირდა, ფუნჯები უკვე მქონდა სახლში, ხოლო ქვები ქუჩაში მოვძებნე. მარიკუნას ადრე ვანახე შეღებილი ქვების სურათები ინტერნეტში, ძალიან მოეწონა და ელოდებოდა, როდის გავაკეთებდით ჩვენც ასეთ რამეს. ჰოდა გუშინ დადგა ეს დღეც.

საღამოს სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი…მარიკუნამ გარეცხა ქვები.

შემდეგ ყველა ნივთი დავალაგეთ მაგიდაზე, რომ მერე არ გვეძებნა: ფუნჯები, აკრილის საღებავები, ქვები და ლაქი.

და შევუდექით ღებვას…ცოტა ხელებიც დაგვესვარა მაგრამ საპნით საღებავი ადვილად მოშორდა ხელების დაბანის დროს…უბრალოდ იმდენად ემოციებში ვიყავით, რომ დაგვავიწყდა სპეციალური წინსაფრის გაკეთება და კაბა დაგვესვარა…მაგრამ იმედია საღებავი მოშორდება 🙂

რადგანაც პირველად ვაკეთებდით ასეთ რამეს საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი, საღებავი სქელი იყო და ძნელად ნაწილდებოდა ქვაზე…მაგრამ ნელ-ნელა გავერკვიე რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა.

რადგანაც უკვე გვიანი იყო მარიკუნა ცოტა დაიღალა და დავაძინე…მაგრამ მე აბა რა გამაჩერებდა და სანამ ბოლომდე არ მივიყვანე ეს საქმე არ გავჩერებულვარ და აი საბოლოო შედეგიც.

მე კმაყოფილი ვარ :). მემგონი პირველი მცდელობისთვის ცუდი არ არის. რაც მთავარია დილით როცა შედეგი მარიკუნას ვანახე ძალიან მოეწეონა და მაშინვე დაიწყო ქვებით  თამაში. მერე კი საბავშო ბაღში წაიღო, უნდა ვაჩვენო ბავშვებს და მასწავლებლებსო :).