პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება


დატოვე კომენტარი

სახალისო ექსპერიმენტი – მოტივტივე კვერცხი

1მარიმ და მე გადავწყვიტეთ პერიოდულად ჩავატაროთ სახალისო ექსპერიმენტები და ამ გზით გამოვიკვლიოთ და შევისწავლოთ სხვადასხვა საინტერესო საკითხი.

ჩვენი წინა ექსპერიმენტი სიმკვრივის თემას შეეხებოდა, სადაც ვნახეთ თუ როგორ და რატომ იძირება ფორთოხალი მას შემდეგ რაც ის გაიფცქვნება.

გადავწყვიტეთ შემდეგ ესქპერიმენტშიც გაგვეგრძელებინა სიმკვრივის თემა. ამჯერად ამ საკითხზე დაკვირვება კვერცხის საშუალებით გავაკეთეთ და შევამოწმეთ თუ როდის და რატომ ტივტივებს კვერცხი წყალში.

ესეც ჩვენი ექსპერიმენტი

 

Advertisements


%(count)s კომენტარი

ნორვეგიულ საბავშვო ბაღებში ბუნებასთან სიახლოვე ადრეული განათლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია

1ნორვეგიელებს აქვთ გამოთქმა „ არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს მხოლოდ ამინდისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი“.  გარეთ, ბუნებაში ყოფნა ნორვეგიელი ბაღის მასწავლებლებისათვის, ისევე როგორც ნორვეგიელი მშობლებისთვის, ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

ნორვეგიულ ბაღებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშებს ჰქონდეთ მათ ბუნებრივ გარემოსთან კავშირის დამყარების საშუალება.  ამიტომაც, მიუხედავად ამინდისა,  ბავშვები იქ დღის უმეტეს ნაწილს გარეთ ატარებენ. ამ დროს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს დაბალი ტემპერატურა. მთავარია ბავშვები ამინდის შესაფერისად იყვნენ ჩაცმულნი.

გარდა ბუნებაში, სუფთა ჰაერზე ყოფნისა, ბავშვები ასევე დიდ დროს ატარებენ ცხოველებთან. ბაღების ნაწილს აქვს ცხოველთა პატარა ფერმა, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ხელით შეეხონ, დააპურონ და ითამაშობონ ცხოველებთან. ღორები, ცხვრები, ძროხები და ქათმები – ამ ცხოველებთან ურთიერთობა ამ ბაღების დიდი ნაწილისთვის ჩვეულებრივი დღის ნაწილია.

როგორც ნორვეგიელი მასწავლებლები ამბობენ, გარეთ ბუნებაში ყოფნისას ბავშვს შესაძლებლობა აქვს ისწავლოს ძალიან ბევრი რამ და ამ ყველაფერს, რაც მთავარია, სწავლობს საკუთარი გამოცდილებით, პროცესში უშუალო ჩართვით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებისათვის, რადგანაც ისინი ყველაფერს ამ ასაკში სწავლობენ შეხებით და უშუალო გაკეთებით. სწავლება ამ დროს ხდება არა ვიღაცის ნათქვამიდან გამომდინარე, ანუ არა როცა მასწავლებელი ეუბნება ბავშვს იმას თუ რა უნდა ისწვლოს, არამედ სწავლა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვს აქვს საშუალება მოსინჯოს საკუთარი თავი ამა თუ იმ საქმეში. ბუნებაში ყოფნა კი ბავშვს აძლევს ასეთი გამოცდილების ქონის უამრავ საშუალებას.

ნორვეგიულ ბაღებში გარეთ ყოფნის დროს ბავშვებს აქვთ აქტივობები სახალისო მეცნიერებაში: ქვთ საშუალება ხელით შეეხონ და შეისწავლონ ხოჭოები, ამოთხარონ ორმოები, გააკეთონ ამინდზე დაკვირვების სადგურები, შეიგრძნონ ყვავილების სურნელი, მოისმინონ ჩიტების გალობა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბაღების მიდგომაში კი ის არის, რომ  აქ ბავშვებს აქვთ დამოუკოდებლად თამაშის შესაძებლობა. ამ დროს მათ ეძლევათ საშუალება თვითონ, უფროსები ჩარევის გარეშე გაუმკლავდნენ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს და ასევე დამოუკიდებლად შეაფასონ მათ წინაშე არსებული რისკები. ბავშვებს აქ აქვთ სივრცე, თავისუფლება და შესაძებლობა გამოიყენონ საკუთარი წარმოსხავა, ისწავლონ საკუთარი გამოცდილებით  და განვითარდნენ.

 

Connecting with Nature, Early Childhood Care and Education in Norway – http://www.earlychildhoodireland.ie/policy-research-and-media/previous-events/a-recent-study-visit-to-norway/


2 Comments

სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტი – იძირება თუ არა ფორთოხალი?

მარის ძალიან უყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, ამიტომაც ვცდილობთ ხოლმე მოვიძიოთ ახალი საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა ჩატარებაც სახლშიც არის შესაძლებელი.

orange experimentამ შაბათსაც მოვძებნე ერთი ასეთი ექსპერიმენტი, რომელიც იყო ძალიან მარტივი, სახალისო და მოგვცა საშუალება დაგვესვა ბევრი კითხვა და გაგვეგო რაღაც ახალი და საინტერესო.

ბოლოს გადავწყვიტეთ ამ ჩვენი ექსპერიმენტის ვიდეოც გადაგვეღო და სხვა ბავშვებისთვისაც გაგვეზიარებინა.

ესეც ჩვენი ექსპერიმენტი.

იმედია თქვენთვისაც ისეთივე საინტერესო და სახალისო იქნება როგორც ის ჩვენთვის იყო 🙂


6 Comments

როგორ დავთესეთ ვაშლის ხეები

33

შარშან, ნოემბერში ჩვენს ეზოში მოვაწყვეთ ხეების დარგვის დღე ბავშვებისთვის. ეზოს ბავშებთან ერთად ამ პატარა ღონისძიებაში ჩვენი მეგობრები და მათი შვილებიც მონაწილეობდნენ. რადგანაც, ხეების დარგვაში დიდი გამოცდილება არ გვქონდა, დახმარება ვთხოვეთ ნატა ფერაძეს „პარტიზანული მებაღეობიდან“, რომელმაც მოგვამარაგა ყველანაირი ხელსაწყოთი, გვასწავლა რა როგორ უნდა გაკეთებულიყო და ჩვენთან ერთად დარგო 15 ხეხილის ხე ჩვენს ეზოში.

21

ეს პატარა ღონისძიება საკმაოდ სახალისო გამოგვივიდა. ხეების დარგვასთან ერთად ბავშვებს ერთი ამბავი მოვუყევით  ამერიკელ ჯონ ჩემპენზე, რომელსაც უფრო ხშირად მოიხსენიებენ როგორც ჯონ ეფპლსიდ (Johnny Appleseed), რომელმაც ვაშლის ხეები გაავრცელა მთელს ამერიკაში, ძირითადად მათი დათესვის გზით.

22

ამ ამბის დემონსტრირებისთვის, ნატამ ბავშვებს აჩვენა თუ როგორ შეიძლებოდა მართლაც ვაშლის ხის დათესვა. ყველა ბავშვმა ნატას დახმარებით ერთჯერად ჭიქაში ჩათესა ვაშლის ხე და დადო პირობა, რომ მოუვლიდა ისე როგორც ნატამ ასწავლა :).

23

მარისაც ჰქონდა ერთი ასეთი ჭიქა და ველოდეთ და ველოდეთ მოკლედ ამ ვაშლის ამოსვლას, მაგრამ არ ამოდიოდა. ვიფიქრეთ იქნებ თესლი ზედმეტად ღრმად მოვათავსეთ ჭიქაში და ამიტომაც არ გამოგვივიდაო (ნატამ როგორც გვასწავლა თესლი მხოლოდ თითის სიგრძეზე უნდა ჩავიდეს მიწაში, რომ მცენარემ მიწიდან ამოსვლა მოახერხოს). გადავწყვიტეთ მეორედ გვეცადა ბედი და აი მეორე მცდელობამ კი გაამართლა. ჩვენი წითელი ვაშლის თესლებიდან გაიზარდნენ პაწაწუნა ხეები, რამაც მარი ძაააალიან გაახარა.

34

გაზაფხულზე ვაშლის პაწაწუნა ხეები ნელ-ნელა გაიზარდნენ.

35

აი ზაფხულისთვის კი უკვე საკმაოდ დიდებიც გახდნენ.

36

მოკლედ ჩვენმა ექსპერიმენტმა გაამართლა 🙂 თურმე ნამდვილად ამოდის ვაშლის ხე თესლიდან. ახლა უკვე ჩვენი ხეები დიდ ქოთანში გადავრგეთ და ველოდებით იმას თუ როდის გახდებიან დიდი და ლამაზი ხეები 🙂

თუ თქვენც გიცდიათ ან აპირებთ მსგავსი ექპსერიმენტის ჩატარებას, ჩვენც გაგვიზიარეთ თქვენი ამბები:)


4 Comments

თამაში “იპოვე სიტყვები და ისწავლე კითხვა”

კითხვის შესწავლა, ბავშვისგან საკმაოდ დიდ შრომასა და ნებისყოფას მოითხოვს, მითუმეტეს თუ ეს ტრადიციული მეთოდით ხდება, რომელიც ხალისსა და თამაშის ელემენტებს სრულიად მოკლებულია.

დღეს, განათლების სპეციალისტები და ფსიქოლოგები უფრო და უფრო ამახვილებენ ყურადღებას თამაშის მნიშვნელობაზე და მიგვითითებენ, რომ თამაში ახალი უნარების ათვისების საუკეთესო გზაა, რადგანაც ის ეხმარება ბავშვს შესასწავლი მასალის უფრო კარგად გააზრებაში. ყველა ამ სასარგებლო თვისებასთან ერთად თამაში ხომ ძალიან სახალისოა და რატომ არ შეიძლება სწავლის პროცესიც ისეთვე სახალისო გავხადოთ, როგორც თამაში?

თამაშის მნიშვნელობაზე ბევრი სტატის წაკითხვისა და ინტერნეტით ლექციების მოსმენის შემდეგ, გადავწყვიტე სხვადასხვა თამაში მე თვითონაც მომეფიქრებინა, რაც მარისთან ერთად გატარებულ დროს უფრო გაახალისებდა და თან მის განვითარებას და განათლებასაც შეუყწობდა ხელს.

ამ მიზნით პირველ ეტაპზე საკმაოდ მარტივი თამაში მოვიფიქრე, რომელიც მიზნად ისახავს კითხვის უნარის გაუმჯობესებას. სახელიც შესაბამისი დავარქვი – “იპოვე სიტყვები და ისწავლე კითხვა”.

ამ თამაშისთვის გამოვიყენე ფერადი ფურცელი, მაკრატელი და ფლომასტერი:

2პატარა ზომებად დაჭრილ ფერად ქაღალდზე დავაწერე იმ ნივთების სახელწოდებები, რომლებიც სახლში გვქონდა.

3

შემდეგ ეს ქაღალდები ოთახში სხვადასხვა არასწორ ადგილას დავდე და მარის ვუთხარი, რომ უნდა ეპოვა 15 პატარა ქაღალდი წარწერებით, წაეკითხა ისინი და სწორ ადგილას უნდა დაედო. იმ ფაქტმა, რომ ქაღალდები თავიდანვე მოსაძებნი იყო -გაამართლა, რადგანაც ბავშვებს უყვართ მოქმედებაში ყოფნა და მარიმაც ხალისით დაიწყო ამ ფურცლების ძებნა მთელს ოთახში და თან გამუდმებით ითვლიდა, რომ გაეგო კიდევ რამდენი დარჩა მოსაძებნი.

5

თხუთმეტივე პატარა ფურცლის პოვნის შემდეგ, მარი კითხვას შეუდგა, რომ გაეგო თუ რა ეწერა თითოეულ ფურცელზე.

7

სანამ მარი სიტყვებს კითხულობდა და სწორ ადგილას დებდა თითოეულ მათგანს, მე სურათებს ვიღებდი და ვერთობოდით 🙂

9

მარის ეს თამაში ბევრად უფრო მეტად მოეწონა, ვიდრე მე მქონდა წარმოდგენილი. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ყოველი სიტყვის წაკითხვას სიხარულით ხვდებოდა და დიდი ხალისით დარბოდა ოთახში აქეთ იქით, რომ ნივთები სწორ ადგილას “დაემალა”. ფურცლების გადანაწილების შემდეგ ჯერი ჩემზე მიდგა და მე დავიწყე მათი ძებნა, რომ შემემოწმებინა ყველა სიტყვამ თავისი ადგილი სწორად იპოვა თუ არა. ყველაფერი სწორად იყო, რამაც მარი ძალიან გაახარა და თამაშის გამეორება სამჯერ მთხოვა, ამ დროს ხან თვითონ მალავდა ამ სიტყვებს და ხან მე.

 გადავწყვიტეთ, რომ ეს თამაში სხვადასხვა სიტყვებით სხვადასხვა ადგილას პერიოდულად ვითამაშოთ ხოლმე, თან ისეთი სიხშირით, რომ ძალიანაც არ მოგვეზრდეს არც მარის და არც მე :).

მოკლედ, თამაშების მოფიქრება ძალიან ძნელი საქმე არ არის, მთავარია იცოდე რა არის შენი მიზანი, გაითვალისწინო იმ ადამიანის თუ ჯგუფის მოთხოვნები, ვისთვისაც ამ თამაშს ქმნი და რაც მთავარია ხალისით და სიყვარულით გააკეთო ეს ყველაფერი :).


5 Comments

რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა სწავლა სკოლაში?

school kidრა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა სწავლა სკოლაში? ეს კითხვა სერიოზული განხილვის თემაა ბოლო წლების მანძილზე მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ერთიანი შეთანხმება ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით არ არსებობს. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, შვეიცარია, ფინეთი, დანია, უნგრეთი, ლიხტენშტეინი და ესტონეთი ოფოციალური სკოლის დაწყების ასაკია 7 წელი, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში 5 წელი, ხოლო დანარჩენ განვითარებულ ქვეყნებში 6 წელი.

5 წლის ასაკში სწავლის დაწყების მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამ ასაკის ბავშვებს აქვთ სასკოლო პროგრამის შემეცნების უნარი და ფორმალური სწავლების ადრე დაწყება მათი განათლების საქმეს საგრძნობლად წინ წასწევს.

დიდი ბრიტანეთის განათლების კვლევის ეროვნული ფონდის, კვლევითი განყოფილების დირექტორი, ადრეული განათლების სპეციალისტი კაროლინ კლარკი საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა განაპირობა ბრიტანეთში 5 წლის სავალდებულო სასკოლო ასაკად დაწესება, მაშინ როდესაც განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში 6 წელია განსაზღვრული. კლარკი აღწერს, რომ 1870 წელს დიდ ბრიტანეთში დამტკიცებული საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც 5 წელი განისაზღვრა სავალდებულო სასკოლო ასაკად, განპირობებული იყო იმით, რომ მთავრობა მაშინ ამ გადაწყვეტილებით ცდილობდა ბავშვის დაცვას სახლში ექსპლუატაციისა და ქუჩებში არსებული არაჯანსაღი გარემოსაგან. გარდა ამისა, ამბობს კლარკსონი, მთავრობა ამ გზით ასევე ცდილობდა ხელი შეეწყო დამსაქმებლებისათვის, რადგანაც ბავშვების სკოლაში ადრე შეყვანა ნიშნავდა სკოლის ადრე დამთავრებას და შესაბამისად სამსახურისთვის უფრო ადრეულ მზაობას. მისი მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ ედო არც საგანმანათლებლო და არც ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებული რაიმე მოტივი.

ბოლო წლების განმავლობაში განათლების სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების დიდი ნაწილი  მკაცრად დაუპირისპირდა სასკოლო განათლების ადრე დაწყებას. 2013 წელს დიდ ბრიტანეთში ამ მიზნით კამპანიაც კი წამოიწყეს სახელწოდებით „ზედმეტად ბევრი, ზედმეტად სწრაფად“, რომელიც აერთიანებს ადრეული განათლების ექსპერტების დიდ ჯგუფს (რომლებიც ასევე არიან მოძრაობა „გადაარჩინე ბავშვობის“ ნაწილი).

ფორმალური სწავლების 5 წლის ასაკში დაწყების მოწინააღმდეგენი მიუთითებენ, რომ ეს მიდგომა არასასურველი შედეგების მომტანია გრძელ ვადაში. ისინი მიუთითებენ კვლევებზე, რომლებიც უჩვენებენ, რომ წერა-კითხვის უნარების ადრე ათვისების უპირატესობა ვერ ნარჩუნდება გრძელ ვადაში. მაგალითად კემბრიჯის უნივერსიტეტის ლექტორი დევიდ ვაითბრედი დიდი ბრიტანეთის პარლამენტისთვის მომზადებულ პრეზენტაციაში უჩვენებს, რომ  5 წლის ასაკში კითხვის შესწავლა არ გულისხმობს უკეთესი შედეგების ქონას 11 წლის ასაკში. 2009-2012 წლებში ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც კითხვას უფრო გვიან, 6-7 წლის ასაკში სწავლობენ, 11 წლის ასაკში უფრო მეტად კითხულობენ სიამოვნებისთვის და ტექსტის აღქმის უკეთესი უნარი.

სპეციალისტები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას ბავშვის ნეგატიურ ემოციურ მდგომარეობაზე, რომელიც გამოწვეულია ფორმალური განათლების ზედმეტად ადრე დაწყებით. იმის გამო, რომ უმეტეს შემთხვევაში სასწავლო პროგრამების სირთულე არ ითვალისწინებს ბავშვის ასაკის შესაძლებლობებს, ბავშვი ღიზიანდება, უყალიბდება დაბალი თვითშეფასება და კარგავს სწავლის მოტივაციას.

ამ ჯგუფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ასევე არის თამაშის აუცილებლობა განსაკუთრებით 7 წლამდე (რომელიც ბავშვთა უფლებების კონვენციაშიც არის შეტანილი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბავშვის უფლება), რომელსაც ფორმალური განათლება ძალიან ზღუდავს.

დევით ვაითბრედი თავის ნაშრომში „თამაშის მნიშვნელობა“ მიუთითებს, რომ თამაში უმნიშვნელოვანესია ბავშვის ჯანმრთელი გონებრივი, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის და ის ეხმარება ბავშვს ცხოვრების სირთულეებისათვის მომზადებაში. ხოლო იმ ბავშვებს, რომლებიც მოკლებულნი არიან საკმარისი რაოდენობით თავისუფალი თამაშის შესაძლებლობას, უმეტეს შემთხვევაში აქვთ ნევროლოგიური განვითარების პრობლემები. ამ მიზეზის გამო სპეციალისტები მიუთითებენ, რომ მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკის გაზრდა 6-7 წლამდე. ამ არგუმენტის მართებულობის განსამტკიცებლად ისინი მიუთითებენ 15 წლის მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების PISA-ს შედეგებზე, რომელიც უჩვენებს, რომ საუკეთესო შედგები იმ ქვეყნებს აქვთ რომლებიც გვიან იწყებენ სწავლას.

2010 წლის 17 ივლისს, ყოველგვარი საჯარო განხილვებისა და ანალიზის გარეშე, საქართველოს „კანონში განათლების შესახებ“ შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ფორმალური განათლების დაწყების ასაკი 5 წელი გახდა.  მაშინ ქართველი ფსიქოლოგების ნაწილი აღნიშნავდა, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ისინი მიუთითებდნენ, რომ ასეთ ცვლილებას აუცილებლად სჭირდება მასწავლებლების გადამზადება და სკოლის შესაბამისი აღჭურვა, რათა მოერგოს 5 წლის ბავშვის თავისებურებს. თუმცა მსგავსი ცვლილებები არ განხორციელებულა.

2012 წელს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ საქართველოში 5 წლის ბავშვების სწავლების პროცესში არაერთი პრობლემა გამოვლინდა, როგორც აკადემიური უნარ-ჩვევების ათვისებაში, ასევე  ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, რაც სპეციალისტების აზრით ბევრად უფრო საგულისხმოა.

კვლევა საუბრობს იმაზე, რომ ქართული სახელმწიფო სკოლების რეჟიმი, რომელიც გულისხმობს 35 წუთი მერხთან ჯდომას, მიუღებელია ამ ასაკში ბავშვის ფიზიკური განვითარებისათვის. შედეგი კი ის არის, რომ ქართველ ბავშვებში გახშირებულია სქოლიოზის შემთხვევები. გარდა ამისა, კვლევაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო სკოლებში არსებული მიდგომა ძირითადად მოითხოვს მასწავლებლის პასიურ მოსმენას ხანგრძლივი დროით, რაც აღემატება 5 წლის ბავშვის შესაძლებლობებს. ბავშვების ასაკობრივი მოთხოვნილებების გაუთვალისწინებლობა კი შესაბამის შედეგებს იწვევს, მაგალითად მასწავლებლები საუბრობენ შემთხვევებზე, როდესაც ბავშვები იწყებენ კალმების  დაგდებას და შემდეგ აღებას, იმისთვის, რომ დაიკმაყოფილონ თამაშის მოთხოვნილება, არ აქვთ კარგად განვითარებული მოტორიკა და უჭირთ კალმის და მაკრატლის გამოყენება, ითხოვენ მოფერებას, კალთაში ჩასმას, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ჭამა და თხოვენ მასწავლებელს რომ აჭამოს, ეძინებათ მერხზე და ხშირად უარს აცხადებენ საკლასო სამუშაოებზე.

2013 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ფორმალური განათლების დაწყების ასაკი აწეულიყო 6 წლამდე. თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება ამაზე არ მიუღიათ. როგორც მედია საშუალებები იუწყებიან, განათლების სამინისტრო მუშაობს განათლების სტრატეგიაზე, რომლის საჯარო განხილვებიც 2014 წლის თებერვალში დაიწყება. იმედია განხილვებში იმ სპეციალისტებსაც ჩართავენ, რომლებსაც კარგად ესმით ადრეული განათლების თავისებურებები და ბავშვის ფსიქოლოგია და ასევე გაითვალისწინებენ, იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომელთა განათლების სისტემები განსაკუთრებით გამორჩეულია და მათი შედეგებიც ასახულია საერთაშორისო შეფასებებში.

გამოყენებული მასალები:

Ptimary School Starting Age (years). World Bankhttp://data.worldbank.org/indicator/SE.PRM.AGES

School Starting Age.  European Policy and Recent Research. Caroline Sharphttp://www.nfer.ac.uk/nfer/publications/44410/44410.pdf

National Foundation for Educational Research. Caroline Sharp, Research Director. – http://www.nfer.ac.uk/about-nfer/whos-who/caroline-sharp/

The Importance of Play. Dr. David Whitebread. University of Cambridge (2012) http://www.importanceofplay.eu/IMG/pdf/dr_david_whitebread_-_the_importance_of_play.pdf

PISA  Results: Which country does best at reading, maths and science? The Guardian http://www.theguardian.com/news/datablog/2013/dec/03/pisa-results-country-best-reading-maths-science

Too Much Too Soon: the case for extending informal play-based education. David Whitebread. Faculty of Education. University of Cambridge (2013).  http://www.toomuchtoosoon.org/uploads/2/0/3/8/20381265/david_whitebread_-_presentation_of_the_evidence_oct_2013.pdf

ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემის კვლევა. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (2012) http://www.tpdc.ge/uploads/pdf_documents/5%20wliani%20bavSvebis%20swavlebis%20problemebi.%20final.pdf

უნდა მივიყვანოთ თუ არა 5 წლის ბავშვი სკოლაში? ორი აზრი. ჟურნაი ლიბერალი (2011). http://www.liberali.de/unda-miviqvanot-tu-ara-5-tslis-bavshvi-skolashi

Too Much Too Soon Campaign. A Save Childhood Movement Initiative. http://www.toomuchtoosoon.org/about.html

ხუთი წლის ბავშვი – ბაღში თუ სკოლაში? საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00—off-0period–00-1–0-10-0–0-0—0prompt-10–..-4—-4—0-1l–11-en-10—10-preferences-50–00-3-help-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=period&cl=CL4.10&d=HASH016ba8d9955116f53b7f0d93.5.1

 


3 Comments

როგორ გავახალისოთ ბავშვებისთვის წიგნის კითხვის პროცესი

Mindy Pierce Illustration

კითხვა – ბავშვებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ პასიური პროცესის ნაცვლად, წიგნის კითხვა შეგვიძლია გადავაქციოთ სახალისო და ინტერაქატიულ აქტივობად.

გაგიზიარებთ 10 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვებისთვის კითხვის პროცესის გახალისებაში:

  • ბავშვებს ძალიან უყვართ საკუთარი ემოციების გადმოცემა ხატვის საშუალებით, ამიტომაც შეგიძლიათ კითხვის დასრულების შემდეგ ერთად დახატოთ და ასე ნახატებში გადმოსცეთ წიგნიდან მიღებული შთაბეჭდილებები.
  • პატარები ძალიან გახალისდებიან, თუ კითხვის დასრულების შემდეგ, ერთად მოიფიქრებთ ახალ ისტორიებს წიგნის გმირებზე.
  • თუ რბილი სათამაშოებით პატარა სპეკტაკლს გაითამაშებთ წაკითხული ზღაპრის მიხედვით, ბავშვებს ნამდვილ სიხარულს მიანიჭებთ და გააცოცხლებთ წაკითხულ ზღაპარს.
  •  კითხვის პროცესი უფრო საინტერესო გახდება თუ ბავშვს კითხვებს დაუსვამთ წაკითხულის გარშემო, მაგალითად კითხეთ “გააკეთებდა თუ არა თვითონაც იგივეს, რაც გააკეთა მთავარმა გმირმა?”
  • ნამდვილად გახალისდებით თუ ეცდებით და ერთად მოიფიქრეთ ზღაპრის სხვა, ახალ და განსხვავებულ დასასრულს.
  • შეგიძლიათ ზღაპრის რომელიმე ნაწილი თქვენი შეხედულებისამებრ შეცვალოთ. ამით ბევრად უფრო საინტერესო და ახლობელი გახადოთ წიგნში გადმოცემული ისტორია.
  • შეგიძლიათ სცადოთ და მოყვეთ ზღაპარი სხვა გადმოსახედიდან. მაგალითად: მოიფიქრეთ თქვენ ან ბავშვმა თუ როგორ მოყვებოდა მგელი სამი გოჭის ამბავს.
  • გააკეთეთ მთავარი გმირების თოჯინები. ეს შესაძლებელია იყოს უბრალოდ ამოჭრილი ნახატებიც კი, რომლებიც ჯოხებზეა დამაგრებული. ასეთი თოჯინებით მშვებიერ სპეკტაკლსაც მოაწყობთ.
  • ხანდახან შეგიძლიათ სხვადასხვა ზღაპრის გმირებიც შეახვედროთ ერთმანეთს. მაგალითად ვინი პუჰი შეახვედრეთ ალისას და მოიფიქრეთ სულ ახალი ზღაპარი.
  • შეგიძლიათ ითამაშოთ თამაში “გამოიცანი გმირი”: გაითამაშეთ ეპიზოდები ზღაპრებიდან და ასე ხან თქვენ და ხან ბავშვებმა გამოიცანით თუ რომელ გმირზეა საუბარი.

კითხვა ადრეული ასაკიდან ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის და თუ კითხვის პროცესს სხვადასხა საშუალებით გაახალისებთ, ბავშვებს წიგნებს აუცილებლად შეაყვარებთ და თან ძალიან.

წყარო:

http://creativewithkids.com/12-ways-to-make-reading-interactive/