პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება


დატოვე კომენტარი

როგორ გავაკეთოთ ხილის ნაყინი

ნაყინი ბავშვებს ძალიან უყვართ, თუმცა სასარგებლო თვისებები ჩვეულებრივ ნაყინს ნაკლებად აქვს. ამ ვიდეოში კი ნიკუშა და მარი გაჩვენებთ ისეთი ნაყინის მომზადების წესს, რომელიც სასარგებლოა და ძალიან გემრიელიც.

Advertisements


16 Comments

რა არის ფსიქოლოგიური ძალადობა და როგორ მოქმედებს ის ბავშვებზე

verbal abuseბავშვებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ჩვენს საზოგადოებაში სამწუხაროდ საკმარისად არ საუბრობენ, არადა როგორც კვლევები უჩვენებენ ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს გრძელ ვადაში და კიდევ უფრო დამანგრეველია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რადგანაც ფსიქოლოგიური ძალადობა აზიანებს ადამიანის ფსიქიკას ანუ მთლიანად პიროვნებას. Continue reading


დატოვე კომენტარი

ჯანსაღი კვება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის

5 წლის ასაკამდე ბავშვი ძალიან სწრაფად იზრდება და ვითარდება. ცხოვრების პირველ წელს ბავშვის წონა სამმაგდება, ხოლო სიმაღლე ნახევარჯერ იზრდება. 2 წლიდან ზრდის პროცესი შედარებით ნელდება და ბავშვი ყოველწლიურად 5-დან 7 სანტიმეტრამდე იზრდება სიმაღლეში და 1.5-დან 2.5 კილოგრამამდე იმატებს წონაში. ამ პერიოდში ბავშვის სწორი კვება, თამაშისა და ფიზიკური აქტიურობის საშუალება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ბავშვი გაიზარდოს ჯანმრთელი და გამოიმუშაოს სწორი და ჯანმრთელი ჩვევები.

ჭირვეული მჭამელები

მიუხედავად იმისა, რომ 2-დან 5 წლამდე ასაკში, ბავშვის ზრდის ტემპი შედარებით ნელი და სტაბილურია, ამ დროსაც არის პერიოდები, როდესაც ადგილი აქვს ძალიან სწრაფ ზრდას. სწორედ ასეთ დროს იზრდება ბავშვის მადაც, და ეს უკანასკნელი ხშირ შემთხვევაში ბავშვის ზრდის ტემპთან არის მიბმული. სწრაფი ზრდის პერიოდში ბავშვებს განსაკუთრებთ კარგი მადა აქვთ, ხოლო ზრდის შენელებასთან ერთდ მადაც იკლებს. ამ ასაკში არ არის გასაკვირი შემთხვევები, როდესაც ბავშვი მოულოდნელად უარს ამბობს ისეთი საჭმლის ჭამაზე, რომელსაც ადრე სიამოვნებით მიირთმევდა. შესაძლებელია ასევე, რომ ბავშვმა მოითხოვოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ერთი კონკრეტული საჭმელი.

ჭირვეულობას შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს: ეს შეიძლება იყოს ცუდი მადა, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი ან უბრალოდ დაღლილობა. ასეთ დროს უმჯობესია არ აქციოთ ჭამის საკითხი პრობლემად და ყურადღება გაამახვილოთ ბავშვის დადებით ქცევაზე. როგორც წესი ჭირვეულობის პრობლემა დროსთან ერთად ქრება. უბრალოდ ეცადეთ ამ დროს ბავშვს შესთავაზოთ მრავალფეროვანი საჭმელი და მიეცით არჩევანის საშუალება.

ჭამის პრობლემის მოხსნის ერთ-ერთი კარგი გამოსავალია საჭმლის სახალისო ფორმით მომზადება. შეგიძლიათ მისცეთ საჭმელს ცხოველების, მცენარეების ან ადამიანების ფორმა, რაც ჭამის პროცესს უფრო გაახალისებს.

ჭირვეულობის პრობლემის მოგვარების კიდევ ერთი ხერხია ბავშვის ჩართვა დღის მენიუს დაგეგმვაში, საკვები პროდუქტის შეძენასა და საჭმლის მომზადების პროცესშიც, რა თქმა უნდა უსაფრთხოების ზომების დაცვით.

ნუ დააძალებთ საჭმელს, ნუ გაუბრაზდებით ან შეაშინებთ ბავშვს და ნუ ეცდებით მის მოსყიდვას საჭმლის გამო, ეს ცუდი მიდგომაა პრობლემის გადასაჭრელად. გაითვალისწინეთ, რომ 8-10 ჯერ შეიძლება დაგჭირდეთ საჭმლის შეთავაზება სანამ ბავშვი უბრალოდ მას თუნდაც გასინჯვავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აჩვენეთ მაგალითი და თქვენ თვითონ მიირთვით მრავალფეროვანი ჯანმრთელი საჭმელი ბავშვთან ერთდ.

ხილი და ბოსტნეული

ხილი და ბოსტნეული ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის, შესაბამისად უნდა ეცადოთ, რომ ასეთი ტიპის საკვების რაოდენობა გაზარდოთ ბავშვის კვების რაციონში. რადგანაც ბავშვებს ხილთან შედარებით ბოსტნეულთან შეჩვევა უფრო უჭირთ, მნიშვნელოვანია მშობლის განსაკუთრებული მონდომება ამ მიმართულებით. ამ დროსაც შეგიძლიათ ბოსტნეული სახალისო ფორმით გააცნოთ ბავშვებს და შექმნათ რაიმე მხიარული გმირი ბოსტნეულის გამოყენებით. რაც მთავარია არ დანებდეთ და ბევრჯერ შესთავაზეთ ბავშვს ესა თუ ის ბოსტნეული, რომ მან საბოლოოდ გასინჯოს და შეიყვაროს კიდეც ის. შეგიძლიათ შესთავაზოთ მხოლოდ ერთი ტიპის ბოსტნეული დროის გარკვეულ მონაკვეთში და შესთავაზეთ ყოველი ჭამის დროს.

რა დავალევინოთ

ყველაზე საუკეთესო სასმელი ბავშვისთვის არის წყალი, რძე და 100% ნატურალური წვენი.

წყალი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ამიტომაც ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა საკმარისი რაოდენობით წყალი მიიღოს დღის განმავლობაში.  ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ბავშვმა დღეში უნდა დალიოს 5-8 ჭიქა წყალი, თუმცა შესაძლებელია, რომ ყველა ბავშვს ამ რაოდენობის წყალი არ ჭირდებოდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად აქტიურია ბავშვი დღის განმავლობაში. წყლის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ცხელა ან ბავშვი ავად არის. წყლის ნაკლებობამ ორგანიზმში შესაძლებელია გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი და მოთენთილობა.

რძე სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი წარმოადგენს A და D ვიტამინების, პროტეინისა და კალციუმის წყაროს. ეს ყოველივე კი ეხმარება ბავშვს ზრდაში, კალციუმი კი ხელს უწყობს ძლიერი ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებას. 2 წლამდე ბავშვებისთვის საჭიროა ცხიმიანი რძე (თუმცა ძროხის რძის მიცემა პირდაპირ არ არის რეკომენდირებული 1 წლამდე ბავშვისთვის), რაც ხელს უწყობს ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებას. ხოლო 2 წლიდან რეკომენდირებულია ნაკლებ ცხიმიანი რძე (1% ან უცხიმო).

  • 2–დან 3 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდირებულია დღეში 2 ჭიქა რძე
  • 4-დან 8 წლამდე ბავშვებისთვის კი მიზანშეწონილია 2½ ჭიქა რძე დღეში

ნატურალური წვენი სხვადასხვა ვიტამინის წყაროა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ წვენი, კარგად წაიკითხოთ ეტიკეტზე მითითებული შემადგენლობა და თან დაალევინოთ შეზღუდული რაოდენობით. სასარგებლო თვისებებთან ერთად, მკვლევარები საუბრობენ მის უარყოფით მხარეებზეც. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ დიდი რაოდენობით ნატურალური წვენის მიღებამ შესაძლებელია ბავშვებში გამოიწვიოს წონაში მომატება, კარიესი, გასტროენტეროლოგიური პრობლემები, გაზი, მუცლის შებერილობა და მუცლის ტკივილი. პედიატრების რეკომენდაცია წვენის დღიურ რაოდენობაზე:

  • 6 თვემდე ბავშვისთვის ხილის წვენი არ შეიძლება
  • 6-12 თვემდე ბავშვისთვის რეკომენდირებულია არაუმეტეს 120 მილილიტრი დღეში
  • 1-6 წლამდე ბავშვებისთვის არაუმეტეს 120-180 მილილიტრი დღეში

რატომ არ უნდა მივცეთ ბავშვს გაზიანი სასმელი

გაზიან სასმელის დალევა ბავშვისთვის საზიანოა რამდენიმე მიზეზის გამო. გაზიანი სასმელი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რაც თავისთავად მავნებელია, აზიანებს კბილებს, ხელს უწყობს წონაში მომატებას. ხოლო ზოგიერთი გაზიანი სასმელი შემადგენლობაში, მაგალითად როგორიცაა კოკა-კოლა და პეპსი, შედის კოფეინი. ამან კი შესაძლებელია დაარღვიოს ბავშვის ძილის რეჟიმი და გამოიწვიოს წყლის ნაკლებობა ორგანიზმში სიცხის დროს. ასევე ბოლო კვლევებმა უჩვენეს რომ E-150D რომელიც შედის ამ სასმელების შემადგენლობაში არის მავნებელი, რადგანაც ზრდის კარცინოგენული პროცესის განვითარების რისკს.

მოარიდეთ ბავშვების ნახევარფაბრიკატებს და სწრაფი კვების ობიექტებს

თუ გინდათ ბავშვი გაიზარდოს ჯანმრთელი, მოარიდეთ იგი სწრაფი კვების ობიექტებსა და არ აჭამოთ ნახევარფაბრიკატები, რადგანაც ასეთი ტიპის საჭმელში როგორც წესი დიდი რაოდენობითაა ქიმიური დანამატები, სინთეტიკური ცხიმი, ხელოვნური დამატკბობლები, საჭმლის საღებავი და ა.შ ყოველივე ეს კი ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ზრდის პროცესში. სხვა ნეგატიურ თვისებებთან ერთად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ საჭმლის საღებავები და ნახევარფაბრიკატები, რომლებიც მრავლად არის ასეთი ტიპის პროდუქტებში, მცირეწლოვან ბავშვებში იწვევს ყურადღების გაფანტულობას და ჰიპერაქტიურობას  (ADHD).

ფიზიკური აქტიურობა

თუ გინდათ თქვენი პატარა გაიზარდოს ჯანმრთელი იზრუნეთ მის სწორ კვებაზე და მიეცით ფიზიკური აქტიურობის საკმარისი საშუალება. გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე, ისეირნეთ და ითამაშეთ მასთან ერთად ეზოში და პარკში. ასე თქვენც და თქვენი შვილიც ჯანმრთელები და უფრო ხალისიანებიც იქნებით.

წყარო:

http://www.pubs.ext.vt.edu/348/348-150/348-150_pdf.pdf

http://www.healthybeveragesinchildcare.org/resources/HAP_TipSheet6.pdf

http://kidshealth.org/parent/nutrition_center/healthy_eating/drink_healthy.html#

http://www.livestrong.com/article/274633-how-much-water-should-a-child-drink-a-day/

http://www.parenting.com/article/got-milk

http://life.gaiam.com/article/10-ways-get-kids-eat-healthier

http://www.nutrition.com.sg/he/hechildren.asp

http://www.emedicinehealth.com/healthy_eating_for_children-health/article_em.htm

 


3 Comments

თამაშისა და სათამაშო მოედნის მნიშვნელობა

ალბათ ძნელია იპოვოთ ბავშვი, რომელსაც არ უყვარს თანატოლებთან ერთად სათამაშო მოედანზე გართობა და ხალისი, მაგრამ ბავშვების გარკვეულ ნაწილს ხშირად არ ეძლევა ასეთი გართობის საშუალება სხვადასხვა მიზეზის გამო. უახლესი კვლევები კი ამტკიცებენ, რომ ეზოში და სათამაშო მოედანზე თამაშს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ბავშვის განვითარებაში.

თამაში უბრალოდ გართობა არ არის. უკვე დიდი ხანია მეცნიერები და ფილოსოფოსები შეთანხმდნენ მასზედ, რომ თამაში ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, რადგანაც იგი მოითხოვს სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას და ეხმარება ბავშვს სამყაროს შესწავლაში. თამაშის საშუალებით ვითარდება ბავშვის გონება, სხეული და ინტელექტი.

ტელევიზორისა და კომპიუტერების აქტიურმა გამოყენებამ და მშობლების გადატვირთულმა რეჟიმმა საგრძნობლად შეამცირა ის დრო, რომელსაც ბავშვები ეზოში ატარებენ თანატოლებთან ერთად თამაშში, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგანაც ეს უარყოფითად მოქმედებს ბავშვების განვითარებაზე. გაგიზიარებთ იმ მიზეზებს, რის გამოც სპეციალისტები ეზოში და სათამაშო მოედნებზე თამაშს ანიჭებენ საკმაოდ დიდ მნიშვნელობას.

ჯანმრთელობა და გონებრივი განვითარება

პირველ რიგში  სუფთა ჰაერზე, ეზოში ბავშვის ყოფნა მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის, რადგანაც საკმარისი რაოდენობით ჟანგბადის მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვის ტვინის განვითარებისათვის. გარდა ამისა ბაქტერიები და ვირუსები დახურულ სივრცეში უფრო ადვილად ვრცელდება, ხოლო მათი რისკის შემცირება კი სუფთა ჰაერზე ყოფნითა არის შესაძლებელი. ასევე, ბავშვები, რომლებიც აქტიურად ატარებენ დროს სათამაშო მოედნებზე, უფრო აქტიურები და ენერგიულები არიან სახლში და დიდი ალბათობით უფრო მეტად ეყვარებათ სპორტი მოზრდილ ასაკშიც.

მოჭარბებული ენერგიის თეორიის მიხედვით თამაში საშუალებას აძლევს ბავშვს განთავისუფლდეს მოჭარბებული ენერგიისგან. ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ინტენსიური სასწავლო დღის შემდეგ სკოლის მოსწავლეებს განსაკუთრებით სჭირდებათ „ენერგიის გამოშვება“, რაც მათ ეხმარება ძალების აღდგენაში, რათა უფრო ნაყოფიერად დაუბრუნდნენ სწავლას. გარდა ამისა მთელი დღე შინ ყოფნა პატარებზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს. ბავშვები ასეთ დროს ხდებიან ჭირვეულები და ღიზიანდებიან ყველაფერზე. ასეთ დროს მათი ეზოში ან პარკში გაყვანა კარგი გამოსავალია.

მეტყველება, აზროვნება და სოციალური უნარები

თამაში ბავშვის ფანტაზიის, მეტყველებისა და ინტელექტის განვითარების ძირითადი საშუალებაა. სათამაშო მოედანი თანატოლებთან თამაშის მრავალფეროვან საშუალებას იძლევა. თანატოლებთან ურთიერთობა კი ბავშვებს აძლევს საშუალებას გამოხატონ საკუთარი აზრები და გრძნობები და ასევე განავითარონ მეტყველების უნარი. თამაშის საშუალებით ისინი სწავლობენ სოციალურ უნარებს და აკვირდებიან საკუთარ ემოციებს. სათამაშო მოედნები ხელს უწყობს ეგრეთწოდებულ „თავისუფალ თამაშს“ ანუ როდესაც ბავშვების სპონტანურად იგონებენ თამაშებს. ამ დროს თანატოლებთან ურთიერთობა მოითხოვს თამაშის წესების შექმნას. ასე ბავშვები სწავლობენ ისეთ მნიშვნელოვან სოციალურ უნარებს, როგორიცაა: მოლაპარაკება, კომპრომისზე წასვლა, გუნდური მუშაობა, საკუთარი გაღიზიანებისა და ემოციების კონტროლი, რადგანაც ამ ყველაფერის გარეშე თამაში უბრალოდ არ გამოვა.

უსაფრთხოება

თამაშთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების მიღება. სამწუხაროდ ეს საკითხი საქართველოში სრულიად უგულებელყოფილია და სათამაშო მოედნების უმრავლესობა არ პასუხობს უსაფრთხოების სტანდარტების მინიმალურ მოთხოვნებსაც. გარდა უსაფრთხოების სტანდარტებისა მნიშვნელოვანია, რომ შედარებით პატარების მშობლები და ძიძები მუდმივად თვალყურს ადევნებდნენ ბავშვებს, რომ მათ თავი საფრთხეში არ ჩაიგდონ. როდესაც მოზრდილი ბავშვებიც არიან სათამაშო მოედანზე პატარებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო, რადგანაც დიდებს უყვართ საკუთარი თავის გამოცდა და ხშირად უნებლიეთ შეიძლება პატარები საშიშ სიტუაციებში ჩააგდონ.

და ბოლოს არ დაგავიწყდეთ, რომ მისცეთ ბავშვებს საშუალება იყვნენ უბრალოდ ბავშვები და იხალისონ ისე, როგორც მათ უნდათ ზედმეტი არასაჭირო მითითებებისა და შენიშვნების გარეშე. 

გამოყენებული წყაროები:
http://www.first5shasta.org/pdfs/playgrounds0102.pdf
http://www.kidsafewa.com.au/playgroundimportance.htm
http://ezinearticles.com/?The-Importance-of-Play-and-Playgrounds&id=3683713
http://www.communityplaythings.com/resources/articles/outdoorplay/outdoorplay.html
http://opinionator.blogs.nytimes.com/2011/04/07/the-power-of-the-playground/
http://www.edutopia.org/students-design-school-playgrounds-research
http://www.curriculum.edu.au/leader/all_work_and_no_play_makes_jack_a_dull_boy,15436.html?issueID=10395


დატოვე კომენტარი

თავდაჯერებულობა ბავშვებში

ავტორი მორიინ ჰილი
ერთხელ სუფრასთან ჯდომის დროს დეიდაჩემს წამოცდა: „ნეტავ ჩემი ქალიშვილი უფრო თავდაჯერებული იყოსო“.  მისი 8 წლის შვილი ბედნიერი ჩანდა, მაგრამ მორიდებული იყო. მე პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, როცა ვინმე მორიდებულია, მაგრამ მესმის დეიდის სურვილი: მას უნდა რომ მისი ქალიშვილი ბავშვობის ასაკიდან უფრო თავდაჯერებული გამოვიდეს.

დავიწყე იმაზე ფიქრი თუ რა არის თავდაჯერებულობა? რა არის თავდაჯერებულობის საფუძველი? როგორ შეიძლება განვავითაროთ იგი?

Con-fidence – თავდაჯერებულობა

ინგლისურ სიტყვა Con-fidence-ს აქვს ლათინური ძირი, რომელიც ნიშნავს „ნდობის“ ან „რწმენის“ ქონას , რაც აბსოლუტურად შეესაბამება ამ სიტყვის შინაარს, რადგანაც თავდაჯერებულ ბავშვს აქვს რწმენა საკუთარ შესაძლებლობებში. ასეთი რწმენა ყალიბდება დროსთან ერთად, მაგრამ დაფუძნებულია საკუთარი თავისადმი რწმენის განვითრების უნარზე. რამდენად არის შესაძლებელი, რომ მშობელი დაეხმაროს ბავშვს ამ უნარის განვითარებაში?

მე ვიტყოდი რომ მშობლის როლი ძალიან დიდია ამ შემთხვევაში. ბავშვები ვითარდებიან მათი შინაგანი და გარე სამყაროს ურთიერთობის გზით. მშობლები უდიდეს როლს თამაშობენ ბავშვის სამყაროში. ბავშვები როგორც წესი ელიან რჩევებს მშობლებისგან, ისევე როგორც გამხნევებას და იმის სწავლებას თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამ სამყაროში და როგორ უნდა ირწმუნონ მისი.

ზოგიერთი  მნიშვნელოვანი რამ ბავშვის თვითდაჯერებულობისა და საკუთარი თავისადმი რწმენის განსავითარებლად:

  • ყოველთვის ხაზი გაუსვით ბავშვის უნარებსა და მის დადებით თვისებებს: მაგალითად უთხარით: „ ძალიან მოვიხიბლე შენი ნახატით ელენე“ ან „რა ყოჩაღი ხარ! როგორ სწრაფად ააწყვე ეს პაზლი“. ყოველი პატარა წარმატების ხაზგასმა თავდაჯერებულობის განვითარების პატარა მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილია.
  • გაამხნევეთ და წაახალისეთ -ეს მარტივი იდეაა, მაგრამ საკმაოდ რთული ბევრი მშობლისთვის. მაგალითად მოგიყვებით ერთ შემთხვევას: მე მქონდა გუშინ რადიო ინტერვიუ და შოუს წამყვანმა მითხრა, რომ იგი მხარს არ უჭერდა საკუთარს შვილს იმაში, რომ მას მუსიკა აერჩია მომავალ პროფესიად. „რაა?“ გავიფიქრე მე. ბედნიერი ბავშვის აღზრდა, ხომ მხოლოდ მისი მუდმივი წახალისებითა და მათი ოცნებების რწმენის მხარდაჭერითაა შესაძლებელი. ყური დაუგდეთ ბავშვებს: მათი ოცნებები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ისინი არასოდეს დაივიწყებენ თქვენს სიტყვებს, რამაც შეიძლება მათ საკმაოდ დიდი ტკივილიც მიაყენოს.
  • გჯეროდეთ მათი – ბავშვები მაშინვე ხვდებიან  თუ რას ფიქრობენ მშობლები მათზე სინამდვილეში. თუ თქვენ გექნებათ მათდამი ნდობა და მათი რწმენა, ისინი ამ რწმენას საკუთარ თავზე გადაიტანენ. მაგალითად: თქვენ გინდათ, რომ სახლის წინა მხარე გაალამაზოთ და ამ საქმეს ავალებთ 10 წლის ნინოს. მას უხსნით, რომ შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს თუ როგორ გაალამაზებს სახლს (დარგავს ყვავილებს, გასუფთავება, ღობის შეღებვა ან სხვა რამ). თქვენ მას უხსნით, რომ თუ დახმარება დასჭირდება  აქ ხართ, მაგრამ აძლევთ სრულ თავისუფლებას, რითაც აჩვენებთ, რომ თქვენ მისი გჯერათ.
  • დაანახეთ საკუთარი უნარები – ბავშვებს სჭირდებათ დაინახონ საკუთარი უნარები და იგრძნონ, რომ შეუძლიათ ამ უნარების გამოყენება. მაგალითად ნიკომ ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დაიწყო სიარული და ისწავლა უფრო რთული სიმღერების სწრაფად დაკვრა. წლის ბოლოს ჩატარებულ კონცერტზე მიიღო მედლები და ამან ხელი შეუწყო გაეძლიერებინა რწმენა მის მუსიკალურ შესაძლებლობებში და ზოგადად გაზარდა მისი თავდაჯერებულობა. ახლა მას უკვე შეუძლია უფრო ადვილად დაუკრას სხვების წინაშე.

ბავშვები რთული გარემოდან

შეუძლია თუ არა ყველა ბავშვს იყოს თავდაჯერებული?  დიახ. არის თუ არა სიტუაციები, როცა ამ მიმართულებით ბავშვებს პრობლემები ექმნებათ? დიახ. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ბავშვი (5-იდან 1) იზრდება ისეთ გარემოში, სადაც მათ გადააქვთ სერიოზული ტრამვა, დაცინვა ან ხდებიან ცუდად მოპყრობის მსხვერპლი. თუ ბავშვი ასეთ სიტუაციაში იზრდება, მას ბევრად უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნოს და განავითაროს საკუთარი თავისადმი რწმენა. თუმცა ეს მაინც ყოველთვის არის შესაძლებელი. მენტორების, განათლების, თერაპიისა და კრეატიული პროგრამების დახმარებით ასეთმა ბავშვებმა მოახერხეს და ისწავლეს თუ როგორ უნდა ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების.

რწმენა, დაჯერება და ნდობა  

თავდაჯერებულობა ეფუძნება საკუთარი შესაძლებლობების სათანადო შეფასებას. ბავშვის თვითშეფასება იზრდება, როდესაც მშობლები და მოზრდილები ენდობიან ბავშვს და აქვთ რწმენა მის შესაძლებლობებში. ეს რწმენა შემდეგ ბავშვის შინაგან სამყაროზე აისახება. ნაბიჯ-ნაბიჯ და ყოველდღიურად ბავშვი ავითარებს საკუთარი თავისადმი რწმენას.  ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს უთქვამს, რომ სწორედ მისი თვითდაჯერებულობის წყალობით შეძლო დიდი წარმატებების მიღწევა. აი მათი სიტყვები:

„წინსვლა ძნელ პროფესიაში მოთხოვს უზომო რწმენას საკუთარი თავისადმი“ – სოფი ლორენი

„ირწმუნეთ საკუთარი თავის. ჩამოაყალიბეთ საკუთარი თავი ისეთ პიროვნებად, რომელთანაც ბედნიერად იცხოვრებთ მთელი ცხოვრება. მაქსიმალურად გამოიყენეთ საკუთარი შესაძლებლობები და პატარა ნაპერწკლები გადააქციეთ წარმატების უზარმაზარ ალად“.- გოლდა მაერი

წყარო: http://www.psychologytoday.com/blog/creative-development/200903/confidence-in-children


დატოვე კომენტარი

კბილების კრაჭუნი ანუ ბრუქსიზმი სკოლამდელი ასაკის ბავშვებში

რატომ აკრაჭუნებს ჩემი პატარა კბილებს?

ექსპერტებმა არ იციან ზუსტად რა იწვევს კბილების კრაჭუნს, თუმცა მიუთითებენ რამდენიმე მიზეზზე, მათ შორისაა: დაძაბულობა და აღგზნებადობა, ტკივილი  კბილის ამოსვლის  ან ყურის ანთების დროს და არასწორი თანკბილვა. ზოგიერთი ალერგიასაც მიიჩნევს კბილების ღრაჭუნის მიზეზად.  არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმისა, რომ შესაძლებელია ნაწლავის ჭია (pinworms) იყოს კბილების კრაჭუნის მიზეზი. ზოგიერთი ექიმი კი იმასაც ამბობს, რომ თქვენს პატარას შესაძლებელია უბრალოდ ძალიან მოსწონდეს კბილები რომ აქვს იმის შეგრძნება და სწორედ ამ მიზეზითაც შესაძლებელია, რომ ის აჭრაჭუნებდეს კბილებს.

ყოველთვის უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ თქვენმა პატარამ აკრაჭუნოს კბილები, თუ თქვენ თვითონ ამას აკეთებთ (ანუ ითვლება, რომ ეს ჩვევა მემკვიდრეობით გადადის). თუ ბავშვი დიდი რაოდენობით გამოყოფს ნერწვს და ისველებს პირს ან საუბრობს ძილის დროს, უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ კბილებსაც აკრაჭუნებს.

ჟურნალში „სტომატოლოგია ბავშვებისთვის“ გამოქვეყნებულ 2005 წლის კვლევის მიხედვით, ბავშვების 38 პროცენტი აკრაჭუნებს კბილებს. კბილების კრაჭუნის დაწყების საშუალო ასაკი არის 3 ½ წელი, ხოლო კბილების კრაჭუნის შეჩერების საშუალო ასაკია 6 – თუმცა ყველა ასაკში შეიძლება აკრაჭუნოს ადამიანმა კბილები. კბილების კრაჭუნი თითქმის ყოველთვის ხდება ღამით.

 ცუდია თუ არა ბავშვისთვის?

როგორც წესი  უმრავლეს შემთხვევაში კბილების კრაჭუნი რაიმე სერიოზულ პრობლემას არ  წარმოადგენს და  ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ ამით ბავშვმა კბილები დაიზიანოს.  როგორც წესი გარკვეული პერიოდის მერე ბავშვები კბილებს აღარ აკრაჭუნებენ.

მოუყევით ამის შესახებ თქვენი შვილის სტომატოლოგს, რათა ექიმმა შეამოწმოს და ნახოს რამდენად გამოიწვია კბილების კრაჭუნმა მათი ცვეთა და თუ რამდენად შესაძლებელია უფრო სერიოზული პრობლემის მიზეზი გახდეს, როგორიცაა კბილის ბზარები, ცვეთა, კარიესი, ღრძილების გაღიზიანება.

არის თუ არა შესაძლებელი რაიმე ზომების მიღება?

ალბათ ბავშვის კბილების კრაჭუნის ხმა ძალიან გაღელვებთ, მაგრამ როგორც წესი ეს ჩვევა დროთა განმავლობაში გადაუვლის.  თუმცა, სანამ ეს დრი დადგება, ნამდვილად არ გაწყენდათ, გამოგემუშავებინათ ძილისპირული დამამშვიდებელი რუტინა – ეს შეიძლება იყოს დამამშვიდებელი აბაზანის მიღება, ზურგის მასაჟი, დიდი რაოდენობით ჩახუტება და მოფერება სარწეველა სკამზე. თუ ბავშვს კბილები ამოსდის ან აქვს ყურის ანთება, შეგიძლიათ იფიქროთ სპეციალური ბავშვებისთვის გათვალისწინებული ტკივილ გამაყუჩებლების მიღებაზე (მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდგომ), რათა შეუმსუბუქოთ ტკივილისგან გამოწვეული დისკომფორტი.

არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებს უკეთებენ სპეციალურ სამაგრს პირში, რომელიც ხელს უშლის კბილების კრაჭუნს ძილის დროს. მაგრამ ასეთ რამეს სავარაუდოდ  სტომატოლოგი არ გირჩევთ თუ ბავშვს ჯერ კიდევ არ აქვს გამოცვლილი ყველა სარძევე კბილი (დაახლოებით 6 -7 წლის ასაკამდე). ასევე არ დაგავიწყდეთ ჭიის ანალიზის აღება.
წყარო: www.babycenter.com


2 Comments

რა კავშირშია ძილი ბავშვის განვითარებასთან

ძილი აუცილებელია მცირეწლოვანი ბავშვისთვის ბევრი მიზეზის გამო. პირველ რიგში იგი აუცილებელია ენერგიის აღსადგენად და ბავშვის ტვინში არსებული კავშირების განსავითარებლად. უახლესმა მეცნიერულმა კვლევებმა კი უჩვენა, რომ ძილი ასევე ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ ზრდას.

რა შეიძლება გამოიწყვიოს ძილის ნაკლებობამ?

ძილის ნაკლებობამ  შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები:  ნელი ზრდა ან საერთოდ ზრდის შეჩერებაც. არასკმარისმა ძილმა შეიძლება ჰორმონებზეც იქონიოს ნეგატიური გავლენა, კონკრეტულად კი ისეთ ჰორმონებზე, რომლებიც არეგულირებენ შიმშმილის შეგრძნებას ორგანიზმში. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს მადის დაკარგვა ან პირიქით მადის ზედმეტად მომატება, რაც გამოიწვევს ბავშვის წონაში ზედმეტად მომატებას.  ძილის ნაკლებობამ შეიძლება ასევე სერიოზულად შეაფერხოს მეტაბოლიზმი და გამოიწვიოს რეზისტენტულობა ინსულინზე, რაც შესაძლებელია დიაბეტის გამომწვევი მიზეზიც გახდეს. ასევე ძილის ნაკლებობამ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის მოტორულ უნარებზე და კონცენტრაციაზე. ეს კი აისახება ბავშვის ქცევაზე და მის აღქმის უნარზე.

როგორ უზრუნველყოთ კარგი ძილი ღამით

როგორც წესი, ბავშვების უმრავლესობას უფრო მეტი ძილი სჭირდება ვიდრე მშობლების დიდ ნაწილს ჰგონია.

ძილის ნაკლებობის ნიშანია ბავშის ჭირვეულობა ან უღონობა, ასევე თუ ბავშვს ყოველთვის ეძინება მანქანით მგზავრობის დროს ან თუ ძნელია ხოლმე მისი გაღვიძება დილით. თუ ბავშვი ჰიპერაქატიულია დაძინებამდე ან ზედმეტად დაღლილია, ეს იმის ნიშანია, რომ მისი დღის განრიგი არ არის მოწესრიგებული.

იმისთვის, რომ დაეხმაროთ ბავშვს მიიღოს საკმარისი რაოდენობის ძილი:

  • შეადგინეთ ბავშვის დღის განრიგი და აუცილებლად დაიცავით იგი;
  • შეიმუშავეთ ძილისპირული რუტინა – რაიმე რიტუალი, რომელიც ბავშვს მიანიშნებს, რომ უკვე მოვიდა ძილისა და დასვენების დრო. ასეთი რიტუალი შეიძლება იყოს ბანაობა, წიგნის წაკითხვა, სიმღერა დ ა.შ.
  • დღისით ძილის დროს აუცილებელია, რომ ბავშვის ოთახი იყოს ჩაბნელებული და ბავშვი არ შეაწუხოს ხმაურმა.
  • თავიდან აიცილეთ ხმაურიანი თამაში და სირბილი ძილის წინ, რდგანაც ეს გამოაფხიზლებს ბავშვს და გაგიჭირდებათ მისი დაძინება.
  • ეცადეთ დაიცვათ ძილის იგივე რეჟიმი დასვენების დღეებშიც და შვებულებების დროს. განრიგის დარღვევამ შეიძლება შეაფერხოს ძველი რეჟიმის დაბრუნება დიდი ხნით. არეულმა ძილის რეჟიმმა კი შეიძლება საბოლოოდ ბავშვს დაურღვიოს ნორმალური ძილის რიტმი და უძილობის სერიოზული პრობლემის მიზეზიც გახდეს გრძელ ვადაში.

ძილი

ძილის მოთხოვნილება მაინც ინდივიდუალურია და ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა სჭირდებოდეს ოდნავ ნაკლები ძილი სხვებთან შედარებით.

* სტატიის წყარო: www.babycenter.com