პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება


2 Comments

გახმოვანებული ქართულენოვანი საბავშვო სურათებიანი წიგნები YouTube-ზე

 

სულ ცოტა ხნის წინ ახალი რამ წამოვიწყეთ – ქართულენოვანი საბავშო სურათებიანი წიგნების გახმოვანება და მათი ატვირთვა YouTube-ზე.

მიუხედავდ იმისა, რომ ყველამ კარგად ვიცით თუ რამდენად მავნებელია პატარებისთვის ეკრანთან დროის გატარება და რამდენად უკეთესია მათთვის ამის ნაცვლად წიგნების კითხვა, თამაში და გარეთ სირბილი, ამა თუ იმ მიზეზის გამო ისინი მაინც ატარებენ დროს ეკრანთან და ხშირად მათი ასაკისთვის სრულიად შეუფერებელი შინაარსის ფილმების თუ ვიდეო რგოლების ყურებაში.

რადგანაც გახმოვანებული ქართულენოვანი საბავშვო სურათებიანი წიგნების ნაკლებობაა ინტერნეტ სივრცეში, ვიფიქრეთ ეს წამოწყება სახალისოსთან ერთად, სასარგებლოც აღმოჩნდებოდა ქართველი პატარებისთვის. იმედია, ასეც იქნება.

10 წლის მარი, დიდი ხალისით ჩაერთო ამ წამოწყებაში და სიამოვნებით ახმოვანებს წიგნებს.  მარის ასევე შეურთდნენ 3 წლის ანასტასია და 6 წლის ლუკა 🙂

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ბავშვების მიერ გახმოვანებულ საბავშვო წიგნებს. იმედია მოგეწონებათ ისინი თქვენ და რაც მთავარია, თქვენს პატარებსაც.

#1 “კასტორი ღებავს” – ავტორი ლარს კლინტინგი

 

#2 “კასტორი აცხობს” – ავტორი ლარს კლინტინგი

 

#3 “კასტორი დურგლობს” ავტორი ლარს კლინტინგი

 

#4 “ოლივერი და პეჩი” ავტორები კლერ ფრიდმანი და კეიტ ჰინდლი

 

#5 “ბალეტი რა ძაღლის საქმეა?!” ავტორები ანა კემპი და სარა ოგილვი

 

#6 “ბაბუს კუნძული” ავტორი და ილუსტრატორი ბენჯი დეივისი

 

#7 “თეთრი ლომი” – ავტორები ჯიმ ჰელმორი და რიჩარდ ჯონსი

 

#8 “მიყვარხარ დედიკო” ავტორი ჯოანა ვოლში

 

#9 “მიყვარხარ მამიკო” ავტორი ჯოანა ვოლში

 

#10 “მარტორქები ბლინებს არ ჭამენ” –   ავტორები ანა კემპი და სარა ოგილვი 

 

#11 “ჰიპა ირჩევს პროფესიას” ავტორები ანა ჯანელიძე და ალექს ჩიყვინაძე

 

#12 “რუ – მრგვინავი დინოზავრი” ავტორები დევიდ ბედფორდი და მენდი სტენლი

 

#13 “მანდ ვინ არის?” 

 

#14 “ნადირობა უზარმაზარ ფხუკუნაზე” – ავტორები კლერ ფრიდმენტი და კეიტ ჰინდლი

 

#15 “კაკ-კუკ! აქ ვინ არის?”

#16 “როგორ დავბანოთ ფუმფულა მამონტი” – ავტორები მიშელ რობინსონი და ქეით ჰინდლი

Advertisements


6 Comments

საინტერესო სასწავლო სათამაშოები: “ჯაგრისა რობოტუნა” და “ამოთხარე დინოზავრი”

ტექნოლოგიური განვითარება და სწრაფად ცვალებადი ცხოვრების სტილი ახალ მოთხოვნებს უყენებს მშობლებს.  ბაღსა და სკოლაში მიღებულ განათლებასთან ერთად დღეს (და ალბათ არა მხოლოდ დღეს) საკმაოდ მნიშვნელოვანია მშობლის უშუალო ჩართულობა ბავშვის აღზრდასა და განათლებაში, ეს კი სხვა ბევრ რამესთან ერთად გულისხმობს მშობლის თანამონაწილეობას ბავშვის განათლების პროცესში. ამ თანამონაწილეობას კი შესაძლებელია ჰქონდეს ძალიან მრავალფეროვანი სახე – თუნდაც ბუნების შესწავლა ბავშვთან ერთად სეირნობის დროს, საინტერესო და სახალისო ხელსაქმეების ერთად გაკეთება, სხვადასხვა საინტერესო თემებზე საუბარი, ბევრი კითხვების დასმა შერჩეული საკითხის გარშემო და მათი ანალიზი – ასეთი რამ სკოლამდელი ასაკის ბავშვებთანაც შესაძლებელია თუ ამ საუბარს მათთვის გასაგებ ენაზე წარვმართავთ.

ამ ყველაფერთან ერთად მშობლის თანამონაწილეობა სათამაშოების სწორად შერჩევასაც გულისხმობს. რადგანაც გართობასთან ერთად სათამაშოებს ბევრად უფრო დიდი მისია აკისრიათ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულად მოვეკიდოთ სათამაშოების შერჩევის საკითხს და შევარჩიოთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც უბიძგებენ ბავშვებს ფიქრისა და აზროვნებისკენ, ხელს უწყობენ მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას, ეხმარებიან ფანტაზიის განვითარებაში და აღვიძებენ ინტერესს სხვადასხვა სფეროს მიმართ.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით შევარჩიეთ სათამაშო ნიკუშას დაბადების დღისთვის და წიგნთან ერთად შევიძინეთ სათამაშოები, რომელთაგან ერთი აცნობს არქეოლოგიას, ხოლო მეორე გამოყენებით მექანიკას და ასწავლის რობოტების აწყობას დამოუკიდებლად.

DSC_0486

მართალია ბავშვებს მზა რობოტებიც მოეწონებათ, მაგრამ თუ გვინდა ბავშვი თამაშთან ერთად განვითარდეს და ბევრი რამ ისწავლოს, უმჯობესი იქნება ასაწყობი რობოტის შეძენა. თან დიდია იმის ალბათობა, რომ მზა რობოტი ბავშებს საკმაოდ მალე მობეზრდეთ, ხოლო ასაწყობი რობოტის შეძენის შემთხვევაში მათ გაუჩნდებათ მოტივაცია და ინტერესი იმისა, რომ თვითონ შექმნან ახალი რამ. თან გაეცნობიან გამოყენებით მექანიკას და მარტივ რობოტიკას. ასეთი სათამაშოები ხელს უწყობს მოტორული უნარებისა და ხელისა და თვალის კოორდინაციის უნარის განვითარებას.

DSC_0492

სამწუხაროდ ასეთი სათამაშოები ჯერ-ჯერობით საქართველოში არ იყიდება (ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია), მაგრამ ამანათების გადამზიდი კომპანიების დახმარებით მათი გამოწერა შესაძლებელია amazon.com-იდან და დაახლოებით ღირს 10-12 დოლარი. დააჭირეთ ამ ბმულს Brush Robot და გადახვალთ  amazon.com-ზე სადაც რობოტ ჯაგრისთან ერთად სხვა ბევრ საინტერესო მსგავსი ტიპის სათამაშოს იპოვით.

თუ თქვენც გადაწყვეტთ მსგავსი რობოტის შეძენას, გაითვალისწინეთ, რომ ასაწყობ რობოტს მოყვება საკმაოდ დეტალური ინსტრუქცია, რომელიც აუცილებელია ასეთი რობოტის ასაწყობად. თუ თქვენი შვილი ინგლისურს კარგად ფლობს, მაშინ მას საშუალება ექნება დამოუკიდებლად ისწავლის ინსტრუქციებით მუშაობას, რაც გააუმჯობესებს ბავშვის კონცენტრაციისა და ხელსაწყოების გამოყენების უნარს. სხვა შემთხვევაში მოგიწევთ დახმარების გაწევა ინსტრუქციების თარგმნაში.

მაგრამ თუ ამ კონკრეტულ რობოტის შეძენას გადაწყვეტთ საქმე გაგიიოლდებათ, რადგანაც ბატონმა დაჩი გრძელიშვილმა იზრუნა ამ კონკრეტული რობოტის ინსტრუქციის თარგმნაზე, როდესაც ის შვილებისთვის შეიძინა და მისი ნაშრომი ჩვენც გაგვიზიარა. ქართულად თარგმნილი ინსტრუქზია იხილეთ ამ ბმულზე –რობოტი ჯაგრისის აწყობის ინსტრუქცია ქართულ ენაზე

DSC_0495

 აქ კი შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ გამოიყურება ეს საყვარელი რობოტი მუშაობის პროცესში 🙂

ალბათ გაინტერესებს უფრო მეტი რამ გაიგოთ იმაზე თუ რა იყო მეორე სათამაშოს ყუთში. იქ იყო თიხის მსგავსი შედარებით ადვილად დაფშვნადი მასა, რომელშიც ჩამალული იყო დინოზავრების ნაწილები. არქეოლოგიური ხელსაწყოების საშუალებით, რომელიც ამ ყუთს მოყვებოდა ნიკუშამ ისინი ამოთხარა, ააწყო და მიამატა თავის დინოზავრების კოლექციას. ეს სათამაშოც ასევე დაახლოებით 10 დოლარი ღირს და ესეც  amazon.com-ზე შევიძინეთ. აქ შეგიძლიათ პირდაპირ გადახვიდეთ ამ სათამაშოს ბმულზე Dig A Dino Tyrannosaurus Rex.

dino dino

თუ მეტი ინფორმაცია გაინტერესებთ სათამაშო ასაწყობ რობოტებზე და მათ სარგებელზე შეგიძლიათ ეწვიოთ ამ ვებ გვერდებს.

http://www.robots.org/GettingStarted.htm

http://www.nytimes.com/2008/12/02/technology/techspecial2/02robots.html?_r=0

http://hobbyschooling.org/reports/index.php?/archives/5-Jungle-Robot-Kit-Review.html

http://www.modrobotics.com/blog/

http://www.the-nref.org/in-the-news.lib/items/Buying-a-Child-a-Rob


10 Comments

PBS Kids – საგანმანათლებლო თამაშების ვებპორტალი

დღეს, როცა ბავშვების ტექნოლოგებისგან შორს ყოფნა ფაქტიურად ფანტასტიკის სფეროა, მშობლების დღის წესრიგში დადგა მულტფილმებისა და თამაშების სწორად შერჩევის საკითხი. სამწუხაროდ ინტერნეტში ხელმისაწვდომი თამაშების დიდი ნაწილი ძალადობის ელემენტებს შეიცავს ან უბრალოდ დროის კარგვაა და არანაირი სარგებელი არ მოაქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია მშობლებმა თვალყური ადევნონ იმას თუ რა თამაშებს ირჩევენ ბავშვები და თვითონ დაეხმარონ მათი ასაკისთვის შესაფერისი სასარგებლო თამაშების შერჩევაში. ყველაზე კარგი კი რა თქმა უნდა ის თამაშებია, რომლებიც საგანმანათლებლო მიზნით შეიქმნა. სწორედ ასეთი ტიპის ძალიან ბევრი თამაშია თავმოყრილი ვებპორტალზე PBS KIDS, რომელიც შექმილია PBS-ის ქსელის მიერ სხვადასხვა მიმართულების ექსპერტების დახმარებითა და აშშ-ს განათლების დეპარტამენტის დაფინანსებით.

PBS Kids ვებპორტალი

ამ ვებპორტალის მიზანია პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ბავშვების ცხოვრებაზე სასწავლო პროგრამებთან მიბმული თამაშების საშუალებით და დაეხმაროს მათ წარმატების მიღწევაში. მრავალფეროვანი თამაშები, რომლებიც აქ არის წარმოდგენილი ემსახურება ბავშვების განათლებას, მათში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და ცნობისმოყვარეობის გაძლიერებას. პორტალზე წარმოდგენილი თამაშები შეიქმნა ბავშვებისთვის 2-დან 8 წლამდე.როგორც პორტალის შემქმნელები ამტკიცებენ, კვლევებმა უჩვენეს, რომ აქ წარმოდგენილმა თამაშებმა საგრძნობლად გააუმჯობესეს ბავშვების შედეგები სასკოლო ტესტებში.

PBS Kids-ის თამაშები

როგორც განვითარებისთვის მნიშვნელოვან სფეროს, PBS ყურადღებას ამახვილებს მეცნიერებაზე, ტექნოლოგიაზე და მათემატიკაზე PBS Kids პორტალზე წარმოდგენილ თამაშებში. ამ მიმართულებებზეა განსაკუთრებით კონცენტრირებული თამაშები Sid the Science KidCurious George,Cyberchase და Dinosaur Train.

გარდა თამაშებისა აქ ასევე იპოვით ამოსაბეჭდ გასაფერადებელ ფურცლებს და სხვადასხვა ტიპის თამაშებს, რომლებიც ასევე უნდა ამობეჭდოთ და შეგიძლიათ ითამაშოთ კომპიუტერის გარეშე. სამწუხაროდ ლიცენზიის შეზღუდვის გამო ვებპორტალზე წარმოდგენილი ვიდეო შოუების ხილვა საქართველოდან არ არის შესაძლებელი, მაგრამ ეს არ ეხება თამაშებს და სხვა რესურსებს. რაც ამ პორტალზე საკმარისზე მეტია.

PBS Kids-ზე ასევე იპოვით ბმულებს მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის.

როგორც ხედავთ ეს ძალიან სასარგებლო ვებპორტალია და აქ ბევრ საინტერესო რამეს იპოვით როგორც ბავშვებისთვის, ასევე თქვენთვისაც. ბოლო–ბოლო ბავშვები მეტ სარგებელს მიიღებენ კომპიუტერთან გატარებული დროით თუ ამ პორტალიდან შეარჩევენ თამაშებს. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვისთვის ძალიან დიდი დროით კომპიუტერთან ჯდომა არ არის სასურველი.


დატოვე კომენტარი

სკოლამდელი ასაკის ბავშვები და ტელევიზორი

საკმაოდ ძნელია მუდმივად აკონტროლოთ ბავშვის მიერ ტელევიზორის ეკრანთან გატარებული დრო. მაგრამ უფრო ადვილია მკაცრი კონტროლის მოგვიანებით შერბილება, ვიდრე რაღაც დროის შემდეგ ეცადოთ თქვენი ორი წლის ბავშვი გადააჩვიოთ დღის დიდი ნაწილის ტელევიზორის ეკრანთან გატარებას.

 გაგიზიარებთ ამ მიმართულებით რამდენიმე რჩევას.

განსაზღვრეთ ტელევიზორთან გატარებული დროის ხანგრძლივობა

თუ თქვენი შვილი ჯერ 2 წლისაც არ არის, ეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ტელევიზორთან გატარებული დრო. თუ მაინც აძლევთ ბავშვს ტელევიზორის ყურების უფლებას, ეცადეთ ტელევიზორისთვის დღის განმავლობაში გამოყოფილი მთელი დრო 10-15 წუთიანი მონაკვეთებად დაყოთ. 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის დღის განმავლობაში ტელევიზორთან გატარებული დრო არ უნდა აჭარბებდეს 1 საათს. თუმცა, ეს დროც ბევრია ფიზიკურად აქტიური სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის. არავითარ შემთხვევაში არ დადგათ ტელევიზორი ბავშვის ოთახში და ყოველთვის გამორთეთ ჭამის დროს.

უყურეთ პროგრამებს და არა ტელევიზორს

იმის ნაცვლად, რომ უყუროთ ყველაფერს, რაც გადის ტელევიზორში, კარგად შეისწავლეთ თუ რა პროგრამები გადის დღის განმავლობაში სხვადასხვა არხებზე,  როდესაც სასურველი პროგრამა დამთავრდება, ტელევიზორი გამორთეთ. გააფრთხილეთ ბავშვი გადაცემის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე და უთხარით, რომ მისი საყვარელი პროგრამა ან მულტფილმი მალე მთავრდება. ეს შეამზადებს ბავშვს სხვა აქტივობისთვის და თავიდან აგაცილებთ წუწუნს იმაზე, რომ კიდევ უნდოდა ყურება.

შეარჩიეთ მშვიდი და წყნარი პროგრამები

მშვიდი, დაბალი ტემპის მქონე პროგრამები ბავშვს მისცემს ფიქრის საშუალებას, რაც დაეხმარება ეკრანზე ნანახის შესწავლაში. დიდი რაოდენობით სხვადასხვა აქტიური სცენა, როგორიც არის სათავგადასავლო ან მძაფრ სიუჟეტიან მულტფილმებში, მცირეწლოვანი ბავშვისთვის დამაბნეველიცაა. კვლევები უჩვენებენ, რომ ის ბავშვები, რომლებიც უყურებენ ძალადობის შემცველ გადაცემებს ან მულტფილმებს ტელევიზორით, ხშირად აგრესიულად იქცევიან. მოარიდეთ ბავშვები საშინელებათა ჟანრის პროგრამებს. აირჩიეთ მარტივი პროგრამები, რომლებიც აქცენტს ინტერაქტიულობაზე აკეთებენ და ბავშვებს მოუწოდებენ სიტყვების გამეორებას, სიმღერასა და ცეკვას. ასეთი გადაცემები მშვენიერი არჩევანი იქნება ბავშვისთვის.

ეცადეთ უყუროთ ტელევიზორს ბავშვებთან ერთად

ერთ-ერთმა უახლესმა კვლევამ შეისწავლა სამი სხვადასხვა ჯგუფი: ბავშვები, რომლებსაც ტელევიზორთან დროის გატარება არ ჰქონდა შეზღუდული, ბავშვები, რომლებსაც შეზღუდული ჰქონდათ ტელევიზორთან გატარების დრო, მაგრამ უყურებდნენ მშობლების გარეშე და ბავშვები, რომლებიც შეზღუდული დროით უყურებდნენ ტელევიზორს მშობლებთან ერთდ. ბავშვებმა ბოლო ჯგუფიდან ბევრად უფრო მაღალი ქულები დააგროვეს აკადემიური მიღწევების შეფასებისას, ვიდრე დანარჩენმა ორმა ჯგუფმა.

ასეთ დროს ბავშვის გვერდზე ყოფნა ბავშვს ეუბნება: „რასაც შენ აკეთებ ჩემთვის მნიშვნელოვანია“. რა თქმა უნდა ყველას გვაქვს მომენტები, როდესაც  ტელევიზორი და ვიდეო ჩანაწერები ძიძის მაგივრობას გვიწევს, მაგრამ როდესაც ბავშვს დიდი ხნით მარტო ტოვებთ ტელევიზორთან, თქვენ აძლევთ მას ნიშანს, რომ საერთოდ არ გაღელვებთ თუ რას უყურებს. თუ მოახერხებთ, ეცადეთ თქვენი ხელსაქმე ტელევიზორის ოთახში მიიტანოთ, რომ შეძლოთ საქმის გაკეთებაც და ბავშვთან ერთად ტელევიზორის ყურებაც.  ასე, ტელევიზორის ყურება გახდება უფრო სახალისო საქმე, რომლითაც ორივე ერთად გაერთობით.

დაეხმარეთ ბავშვს უყუროს კრიტიკული თვალით

რამდენადაც შესაძლებელია, ყურების დროს აუხსენით ყველაფერი რაც ეკრანზე ხდება პროგრამის მსვლელობის დროს და ასევე რეკლამის დროსაც (და გარკვევით აუხსენით თუ რა განსხვავებაა ამ ორს შორის). წაახალისეთ ბავშვი დასვას კითხვები და დააკავშიროს ერთმანეთთან ტელევიზორის ეკრანზე მიმდინარე ამბები მის ყოველდღიურ ცხოვრებასთან. თუ გაქვთ შესაძლებლობა, ჩაიწერეთ პროგრამები. ასე, შეგეძლებათ ტელევიზორს უყუროთ მაშინ, როცა თქვენთვის ეს უფრო მოსახერხებელია, დააჭიროთ პაუზას, როცა რაიმეს ახსნა გინდათ და გადაახვიოთ რეკლამები.

ეცადეთ ტელევიზორში ნანახი შინაარსი განავრცოთ წიგნებითა და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით.

თუ ტელევიზორში ნანახ გადაცემაში განხილული იყო ციფრები, გადაცემის დასრულების შემდეგ  ეცადეთ ბავშვს აჩვენოთ იგივე მაგალითები სხვაგანაც. მაგალითად უთხარით „დღეს გადაცემაში განხილული იყო ციფრი 3 და მაგიდასაც 3-ისთვის ვაწყობთ“. ან წაიკითხეთ და გაარჩიეთ წიგნი, რომელშიც ციფრებია განხილული.

წყარო: http://www.babycenter.com


2 Comments

როგორ მოქმედებენ ვიდეო თამაშები სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე და როგორ მიუდგეთ ამ საკითხს


ინტერაქტიული ვიდეო თამაშები „გახდი უფრო ჭკვიანი“ ტიპის სათამაშოების უახლესი დანამატია, რომელიც მასიურად გავრცელდა ბოლო დროს. ასეთ თამაშებს ხშირად უწოდებენ „საგანმანათლებლო თამაშებს“ და მათში ხშირად გამოყენებულია პოპულარული ზღაპრების გმირები, როგორიცაა მაგალითად ვინი პუჰი, რომელიც ბავშვებს ასწავლის ფერებს, ფორმებს და ციფრებს. ფერადი ღილაკები, პულტები და დიდი ზომის გმირები ამ თამაშებში გამოყენებულია, იმისთვის, რომ წარმოაჩინონ, როგორც ბავშებისთვის ადვილად სამართავი და ხშირად უკეთებენ რეკლამას, როგორც ტელევიზორის ალტერნატივას.

მაგრამ, არის თუ არა რეალურად ამ თამაშებსა და ტელევიზორის ყურებას შორის რაიმე განსხვავება? და მიიღებს თუ არა რაიმე სარგებელს ამ უახლესი ტექნოლოგიური განვითარებისგან თქვენი ორი წლის ბავშვი, რომელსაც ჯერ სახატავი ფანქრის ხელში დაჭერაც კი უჭირს?

სკოლამდელი ასაკის ბავშვის თავისებურებები

1-დან 4 წლამდე ასაკის ბაშვებს ყველაზე კარგად შეუძლიათ გრძნობის ორგანოების საშუალებით იმ სამყაროს შეცნობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ხელის შეხებით, დაგემოვნებით, შეგრძნებითა და ყნოსვის საშუალებით – ასე ბავშვი იკმაყოფილებს ცნობისმოყვარეობას და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტს სწავლობს. რამდენიმე კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვები, იდეალურ სიტუაციაში საერთოდ არ უნდა უყურებდნენ ტელევიზორს, რადგანაც ამ ასაკში მათ თითქმის არ აქვთ განვითარებული ის შემეცნებითი უნარები, რაც საჭიროა ტელევიზორში ნანახ გამოსახულებებში გასარკვევად და მათგან აზრის გამოსატანად.

2 დან  4 წლამდე ბავშვებისთვისაც კი პირისპირ საუბარი, ურთიერთობა და გამხნევება საუკეთესო გზაა მათი წარმოსახვისა და შემოქმედებითობის სტიმულირებისათვის. როგორც წესი ამ ასაკში ტელევიზორის ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს.

4 წლამდე ასაკში ტელევიზორთან დიდი დროის გატარება, დიდობაში შესაძლებელია ყურადღების კონცენტრაციის პრობლემის მიზეზი გახდეს. ამ პერიოდში თქვენი შვილი ჯერ კიდევ სწავლობს სოციალურ ურთიერთობების წესებსა და მსჯელობის უნარს; ტელევიზორის ეკრანის გამოსახულებები კი ამ უნარებს ვერ ავითარებს. დრო გატარებული კითხვაში ან ფერადი კუბების თამაშში ბევრად უფრო სასარგებლოა მისი მახსოვრობისა და აზროვნების განვითარებისათვის. კითხვისა და ტრადიციული თამაშების დროს იგი სწავლობს კავშირს სიტყვებს, ბგერებსა და გამოსახულებებს შორის. როცა ის ხედავს ყვავის სურათს და ამბობს „ყვა-ყვა“ – ღიმილი თქვენს სახეზე მისთვის იმის პირდაპირი დასტურია, რომ მან სწორი კავშირი გააკეთა. ამ დროს თქვენს მიერ გაკეთებულ ყველა დამატებით განმარტებას (მაგ. „ყვავი შავია“) ბავშვი ითვისებს გაუცნობიერებლად.

რას ითხოვს ვიდეო თამაშები?

ვიდეო თამაშები მოითხოვენ თვალისა და ხელის კოორდინაციას და მოტორულ უნარებს, რომელიც 3 წლის ბავშვს შესაძლებელია ჯერ არ ჰქონდეს განვითარებული. იგი ასევე ვერ წაიკითხავს მენიუს, რომელიც თამაშის ეკრანზე გამოჩნდება. მისთვის ასევე ძნელი გასაგები იქნება რა კავშირშია ის, რასაც მისი თითები აკეთებენ იმასთან რაც ეკრანზე ხდება.

კვლევებმა უჩვენეს, რომ ეკრანის წინ გატარებული დიდი დრო შესაძლებელია გახდეს იმპულსურობის, ხასიათის ცვალებადობისა და ჰიპერაქტიურობის მიზეზი.  ფიზიკური პრობლემები, როგორიცაა ხშირი კუნთების დაბეჟილობა, რაც კომპიუტერტან ხანგრძლივად გატარებული დროის მიზეზია, დღეს უკვე საკმაოდ ხშირია ბავშვებში. ბევრ მშობელს სჯერა, რომ ვიდეო თამაშები ასეთი დაზიანებების სიხშირის რისკს ზრდის.

რა შეუძლიათ გააკეთონ მშობლებს

ვიდეო თამაშების მომხრეები ამტკიცებენ, რომ კომპიუტერთან ურთიერთობის ადრეული ასაკიდან დაწყებას აქვს რამდენიმე დადებითი მხარე. ისინი ამბობენ, რომ კომპიუტერი აიძულებს ბავშვებს იფიქრონ და აუმჯობესებს მათი კოორდინაციის უნარს. რადგანაც კომპიუტერი გახდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ადრეული ასაკიდან კომპიუტერის გამოყენება, ბავშვებს გაუადვილებს ურთიერთობას მაუსთან და შეასწავლის მის სხვა ფუნქციებს. მშობლები, რომელთა შვილები კატეგორიულად ითხოვენ ეკრანთან დროის გატარებას, არჩევენ კომპიუტერს, როგორც უფრო ინტერაქტიულ ალტერნატივას ტელევიზორთან შედარებით.

მაგრამ რამდენსაც არ უნდა ცდილობდნენ ვიდეო თამაშების მომხრეები, მათი სარგებლიანობის მტკიცებას სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, ექპერტების უმრავლესობა თანხმდება მასზედ, რომ ორი წლისა და ორი წლისა და ნახევრის ბავშვები არანაირ სარგებელს არ იღებენ ასეთი თამაშებიდან და შესაბამისად საერთოდ არ უნდა მივაკაროთ მათ.  შედარებით უფრო დიდებისთვის კი თუ მაინც გადაწყვეტთ ამ თამაშების გაცნობას გართობისა და განათლების მიზნით, უნდა დაიმახსოვროთ შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:

ზომიერება: არ მისცეთ ბავშვს უფლება გაატაროს დღეში ნახევარ ან ერთ საათზე მეტი კომპიუტერთან, იგივე ეხება ტელევიზორსაც. დიდი დროის გატარება კომპიუტერთან ან ტელევიზორთან იმას ნიშნავს, რომ ბავშვს აკლია ის აუცილებელი ადამიანური ურთიერთობები. რაც ყველაზე მთავარია თქვენთან ახლო ურთიერთობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ზოგადი განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებისათვის. შესაძლებელია ასევე დღის განმავლობაში ეკრანთან გატარებული დრო დაყოთ პატარა მონაკვეთებად.

არავითარი ძალადობა: საბავშვო თამაში არ უნდა შეიცავდეს არანაირ ძალადობას და  ბავშვისთვის შეუფერებელ შინაარს. ცხოველებისა და ადამიანების დახოცვა, მაღალი სიჩქარით გასწრება და მანქანების დამსხვრევა და სხვა მსგავსი შინაარსის თამაშები არანაირ საგანმანათლებლო მიზნებს არ ემსახურება და ხელს უწყობს ბავშვებში ძალადობასთან შეგუებასა და სიბრალულის უნარის დაქვეითებას.

ადვილად გასაგები და ნელი: უნდა მოერიდოთ სწრაფად მოძრავ გამოსახულებებსა და ხმამაღალ ხმას თამაშის დროს. ეცადეთ თამაშები იყოს ნათელი, ნელა მოძრავი გამოსახულებებით, სადაც პირდაპირი კავშირია ხმასა და ეკრანზე წარმოდგენილ გამოსახლებას შორის. ასეთი ტიპის თამაშები არ გამოიწვევს აღგზნებადობას და ბავშვი ადვილად შეძლებს კონცენტრაციას თამაშში წარმოდგენილი ამოცანის ამოხსნაზე.

არ დატოვოთ ბავშვები მარტო კომპიუტერის ეკრანთან. დასხედით მათთან ერთად და ეცადეთ გახადოთ თამაში უფრო ინტერაქტიული ახსნა-განმარტებების საშუალებით. აუხსენით ბავშვს მენიუში წარმოდგენილი ბრძანებები, ასევე რას აკეთებს თითოეული ღილაკი. აირჩიეთ მარტივი თამაშები და ახსენით ნივთები და არსებები, რომლებიც ეკრანზე გამოჩნდება.

ყოველთვის ყურადღებით იყავით ჩამრთველებთან და ელექტრო შნურებთან. მოარგეთ სკამი ბავშვს ისე, რომ არ იყოს ბავშვი თამაშის დროს დაძაბული და ჰქონდეს ზურგისთვის კარგი საყრდენი. ასევე ეკრანიც არ უნდა იყოს ძალიან ახლოს ბავშვის სახესთან.

წყარო: http://www.babycenter.com


12 Comments

მულტფილმები ძალადობის გარეშე სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის

მულტფილმებიმიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის კომპიუტერისა და ტელევიზორის მავნე ზემოქმედების შესახებ, მშობლების დიდი ნაწილი მაინც ვაძლევთ საკუთარ შვილებს ეკრანთან გარკვეული დროის გატარების უფლებას. ეს ალბათ გარდაუვალიცაა, რადგანაც ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა და მისგან ბავშვების იზოლაცია  უბრალოდ უკვე შეუძლებელიცაა.

თუ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მცირე დროით მაინც მივცეთ ბავშვებს ეკრანთან დროის გატარების საშუალება, იმაზე მაინც კარგად უნდა დავფიქრდეთ თუ რა ღირებულებებს შეიძენენ ჩვენი შვილები ეკრანთან გატარებული დროის განმავლობაში. სკოლამდელი ასაკის ბავშვები პირდაპირ ირეკლავენ იმას, რასაც მათ გარემოში ხედავენ და იმეორებენ იმას, რასაც ეკრანზე უყურებენ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ ისეთი შინაარსის მულტფილმები, რომლებიც სიკეთეს, მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას ასწავლიან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდირებული არ არის ეკრანთან თუნდაც მინიმალური დროის გატარება, რადგანაც ამ გზით ფერხდება მათი გონებრივი განვითარება. გარდა ამისა, მცირეწლოვან ბავშვს მულტფილმები მეტყველების უნარს ვერ განუვითარებს. ამისათვის ბავშვთან ბევრი საუბარი და წიგნების ყოველდღიური კითხვაა საჭირო.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ საბავშვო მულტფილმებს ინგლისურ ენაზე, რომლებიც მისაღები იქნება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის:

  1. Tree Top Family/ოჯახი ხინ კენწეროზე – კომპანია Super Simple-ის მიერ შექმნილი ძალიან საყვარელი მულტფილმია ოჯახზე და მეგობრობაზე, სადაც შეგხვდებათ ბეღურები, თაგუნები და ციყვები, რომლებიც თამაშობენ და მღერიან ლამაზ და ადვილად დასამახსოვრებელ საბავშვო სიმღერებს.ა თითოეულ სერიაში პატარებს ასწავლიან რაღაც ახალს და საინტერესოს.

 

2. ვეფხვი დანიელის სამეზობლო/Daniel Tiger’s Neighborhood

ამ მულტფილმში წარმოდგენილია 4 წლის ვეფხვი დანიელისა და მისი ოჯახის ყოველდღიური ისტორიები. აქ გამოყენებულია ლამაზი სიმღერები სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების შეასასწავლად. წარმოსახვის, კრეატიულობისა და მუსიკის დახმარებით ვეფხვი დანიელი და მისი მეგობრები სწავლობენ ბევრ მნიშვნელოვან სოციაულურ უნარ-ჩვევებს (არხის ბმული).

 

3. ცნობისმოყვარე ჯორჯი/Curiouse George – სახალისო მულტფილმების სერიაა პატარა მაიმუნ ჯორჯზე, რომელიც ძალიან მხიარული, ცნობისმოყვარე და კეთილი არსებაა. ის მუდამ ცდილობს გაიგოს რა ხდება მის ირგვლივ და შეისწავლოს ყველაფერი.

 

4. გოჭი პეპა/Peppa Pig –  პეპა გოჭის, მისი ოჯახისა და მეგობრების ყოველდღიური ცხოვრება და მათი ისტორიები უკვე ბევრმა ბავშვმა იცის საქართველოში. ჩვენც, როგორც ბევრ სხვას, ძალიან გვიყვარს ეს სერიები, განსაკუთრებით იმის გამო, რომ აქ არ არიან საშიში გმირები, არ არის ძალადობა და ყოველდღიურ ისტორიებს სახალისოდ გადმოსცემენ.

 

4. Ben & Holly’s Little Kingdom – ეს არის სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მულტფილების სერიალი, რომელშიც გადმოცემულია ჯადოსნური ფერიების, ელფებისა და მწერების სამყაროს ამბები. მულლტფილმი შექმნილია იგივე ფირმის მიერ, რომელმაც შექმნა მულტფილმი გოჭუნა პეპაზე. ეს მულტფილმიც საკმაოდ საინტერესო საყურებელია ბავშვებისთვის და არ შეიცავს არანარის ძალადობის ელემენტებს.

 

 

 

 

.