პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

ბავშვების შეკითხვები და მათი ფარული მნიშვნელობა

%(count)s კომენტარი

ბავშვებთან საუბარი ერთგვარი ხელოვნებაა, რომელსაც თავისმოწყენილი ბავშვიი წესები და განსხვავებული მნიშვნელობები აქვს. ბავშვების საუბარი იშვიათად თუ არის გულუბრყვილო, მათ კითხვებში ხშირად, გარკვეული ფარული კოდი იმალება, რომელსაც გაშიფვრა სჭირდება.

***

ერთ დღეს, ათი წლის ენდიმ მამას ჰკითხა:

–  რამდენია მიტოვებული ბავშვების რაოდენობა ჰარლემში?

ენდის იურისტ მამას გაუხარდა, რომ მისი შვილი სოციალური პრობლემებით დაინტერესდა და საკმაოდ ბევრი ესაუბრა საკითხის გარშემო. ბოლოს, მან ზუსტი ციფრიც კი მოიძია ენდის კითხვაზე პასუხის გასაცემად, მაგრამ შვილი ამით არ დაკმაყოფილდა. ის კვლავაც განაგრძობდა კითხვების დასმას იგივე თემის გარშემო: – რამდენია მიტოვებული ბავშვების რაოდენობა ნიუ იორკში? – ამერიკის შეერთებულ შტატებში? – მსოფლიოში?

ბოლოსდაბოლოს, ენდის მამამ გააცნობიერა, რომ მისი ვაჟიშვილი სინამდვილეში სოციალური პრობლემით კი არ იყო დაინტერესებული, არამედ საკუთარ თავზე ღელავდა. ენდის კითხვა გამომდინარეობდა არა იმდენად მიტოვებულ ბავშვებზე ფიქრით, რამდენადაც პირადად მისი მიტოვების შესაძლებლობაზე შფოთვით. რეალურად, მას მიტოვებული ბავშვების რაოდენობა კი არ აინტერესებდა, არამედ ის, თუ რამდენად დიდი იყო მისი მიტოვების შესაძლებლობა.

შვილის შფოთვის რეალური მიზეზის გააზრების შემდეგ, მამამ მას უთხრა: – შენ გეშინია, რომ შენმა მშობლებმაც  შესაძლოა ერთ დღეს  მიგატოვონ, როგორც ამას ზოგიერთი მშობლები აკეთებენ. მინდა დაგარწმუნო, რომ ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ. თუ მსგავსი ფიქრები ოდესმე კიდევ შეგაწუხებს, გთხოვ, მითხარი ამის შესახებ, რომ დაგეხმარო და ბოლო მოვუღო შენს მშფოთვარე აზრებს.

***

დედასთან ერთად საბავშვო ბაღში პირველად სტუმრობისას, 5 წლის ნენსიმ კედელზე გამოფენილ ნახატებს შეხედა და ხმამაღლა იკითხა: – ვინ დახატა ეს უშნო ნახატები?

ნენსის დედამ თავი უხერხულად იგრძნო, მან უკმაყოფილოდ შეხედა ქალიშვილს და სწრაფად უთხრა: –  ნახატებზე „უშნოს“ თქმა კარგი საქციელი არ არის, მითუმეტეს, რომ ისინი ასეთი ლამაზებია.

მასწავლებელმა კი, რომელმაც ამოიცნო შეკითხვის რეალური მნიშვნელობა, გაიღიმა და თქვა: -აქ ლამაზი ნახატების დახატვა არ არის აუცილებელი. თუ მოგინდება, შეგიძლია ბოროტი ნახატებიც კი დახატო. ნენსის სახე ღიმილმა გაუნათა, რადგან მან პასუხი მიიღო მის ფარულ კითხვაზე – „რა მოუვა გოგონას, რომელიც კარგად ვერ ხატავს?“.

ამის შემდეგ, ნენსიმ აიღო გატეხილი სათამაშო სახანძრო მანქანა და თამამად იკითხა, – ვინ გატეხა ეს სახანძრო მანქანა? მის შეკითხვას დედამ უპასუხა, – რა მნიშვნელობა აქვს ვინ გატეხა? შენ აქ არავის იცნობ.

სინამდვილეში, ნენსის სულაც არ აინტერესებდა სახელები. მას უნდოდა გაეგო თუ რა ბედი ეწეოდა იმ ბავშვებს, რომლებიც სათამაშოებს ტეხავენ. მასწავლებელმა, რომელიც მიხვდა შეკითხვის რეალურ მნიშვნელობას, მას შესაბამისი პასუხი გასცა, – სათამაშოები თამაშისთვისაა და ზოგჯერ ისინი ტყდება. ასეთი რამ ხდება ხოლმე.

ნენსის შეეტყო, რომ პასუხით კმაყოფილი იყო. კითხვების დასმის უნარმა მას საშუალება მისცა მიეღო მისთვის საჭირო ინფორმაცია: ეს მასწავლებელი საკმაოდ კეთილი ჩანს, ის სწრაფად არ ბრაზდება, მაშინაც კი, როცა ნახატი ლამაზი არ გამოდის ან სათამაშო ტყდება. შიშის მიზეზი არ მაქვს, აქ დარჩენა უსაფრთხოა. ნენსი დედას ხელის დაქნევით დაემშვიდობა და მასწავლებელთან მივიდა. ის მზად იყო საბავშვო ბაღში მისი პირველი დღის გასატარებლად.

***

თორმეტი წლის კეროლი აღელვებული იყო და თვალები აცრემლებოდა. მისი საყვარელი ბიძაშვილი სახლში ბრუნდებოდა ზაფხულის არდადეგების მასთან გატარების შემდეგ.  დედის რეაქცია კი ამ დროს კეროლისადმი არც თანაგრძნობას გამოხატავდა და არც მისი გაგების მცდელობას.

კეროლი:   (ცრემლიანი თვალებით) სიუზი მიდის. მე ისევ სულ მარტო დავრჩები.

დედა:        სხვა მეგობარს იპოვი.

კეროლი:  ძალიან მარტო ვიქნები.

დედა:       ამას როგორმე გადაიტან.

კეროლი:  კარგი რა დედა! (ქვითინებს)

დედა:       შენ უკვე თორმეტი წლის ხარ და კვლავ ასეთი მტირალა.

კეროლმა დედას მომაკვდინებელი მზერა ესროლა, თავის ოთახში  გაიქცა და კარი მიიხურა.

ამ ეპიზოდს წესით ბედნიერი დასასრული უნდა ჰქონოდა. ბავშვის გრძნობები სერიოზულად უნდა აღვიქვათ, მიუხედავად იმისა, სიტუაცია საგანგაშოა თუ არა. შესაძლოა, რომ ზაფხულის დასრულებით გამოწვეული განშორება დედის თვალში ძალიან უმნიშვნელო უსიამოვნება იყო, მაგრამ მისი რეაქცია შვილის გრძნობებისადმი თანაგრძნობას არ უნდა ყოფილიყო მოკლებული. კეროლის დედას შეეძლო ეთქვა შემდეგი:  -კეროლი აღელვებულია. ყველაზე მეტად იმით დავეხმარები თუ ვაჩვენებ, რომ მისი განცდები კარგად მესმის. როგორ შეიძლება ეს მოვახერხო? მასთან მის გრძნობებზე საუბრით. ასეთ შემთხვევაში კი, ის ქვემოთ მოცემული ვარიანტებიდან, რომელიმეს იტყოდა:

– სიუზის გარეშე სიმარტოვე იქნება.

– შენ ის უკვე გენატრება.

– განშორება რთულია, როცა ასე ეჩვევი ერთად ყოფნას.

– სახლი ალბათ ძალიან ცარიელი გეჩვენება სიუზის გარეშე.

ასეთი პასუხები  მშობელსა და ბავშვს შორის სიახლოვეს ქმნის. როცა ბავშვები გრძნობენ, რომ მათი ესმით, მარტოობისა და ტკივილის შეგრძნება უმცირდებათ. როდესაც ბავშვები ხედავენ, რომ მათი ნამდვილად ესმით, სიყვარული მშობლის მიმართ ღმრავდება. მშობლის მიერ გამოხატული თანაგრძნობა მათ მტკივნეულ გრძნობებს მალამოსავით ედება.

როდესაც ბავშვს თანავუგრძნობთ და გულთან ახლოს მიგვაქვს მისი განცდები, სიტყვებით გამოვხატავთ მისი გრძნობებისა და ემოციების არსებობას, ის, როგორც წესი, ახერხებს ძალების მოკრებას და უმკლავდება არასასურველ ემოციებს.

***

შვიდი წლის ალისას შუადღის გატარება მეგობარ ლეასთან ერთად ჰქონდა დაგეგმილი. მოულოდნელად გაახსენდა, რომ მისი კლუბის შეხვედრაც შუადღეს ტარდებოდა. მან ტირილი დაიწყო.

დედა: – ოჰ, ვხედავ, რომ იმედგაცრუებული ხარ. ძალიან ელოდებოდი ლეასთან თამაშს.

ალისა: – ჰო! რატომ არ შეიძლება ჩემი კლუბის შეხვედრა სხვა დროს იყოს?

ცრემლები შეწყდა. ალისამ მეგობარ ლეას დაურეკა და მასთან თამაში სხვა დღისთვის დაგეგმა. შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა და კლუბის შეხვედრისთვის მზადება დაიწყო.

ის ფაქტი, რომ დედა გაგებითა და თანაგრძნობით მოეკიდა ალისას იმედგაცრუებას, შვილს სირთულესთან და იმედგაცრუებასთან გამკლავებაში დაეხმარა. დედამ ალისას გრძნობები და ემოციები გააჟღერა და არ უცდია სიტუაციის შემსუბუქება. მას ასევე არ უთქვამს შვილისთვის რატომ ატეხე ასეთი ამბავი არაფრის გამოო ან ლეასთან თამაშს სხვა დროსაც ხომ შეძლებ და რა დიდი ამბავია ეს ყველაფერი, ერთი ვიცოდეო.

ის გამიზნულად მოერიდა ისეთი გაცვეთილი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა: „კარგად იცი, რომ ორ ადგილას ერთდროულად ვერ იქნები“. ამ სიტუაციაში დედას შვილი არ დაუდანაშაულებია, არც შეურცხვენია და არ უთქვია: „კი მაგრამ რატომ დაგეგმე მეგობართან შეხვედრა, როცა იცოდი, რომ ოთხშაბათი სკაუტების კლუბის შეხვედრის დღეა?“

***

ქვემოთ წარმოდგენილი დიალოგი ნათლად უჩვენებს თუ როგორ მოახერხა ერთმა მამამ შვილის ემოციებისა და წუხილის განელება მათი აღიარებითა და გაჟღერებით.

როდესაც, ღამის ცვლაში მომუშავე მამა, რომელიც დედის სამსახურში წასვლის შემდეგ დღისით სახლის საქმეებზეც ზრუნავდა, მაღაზიიდან სანოვაგით დაბრუნდა, სახლში ძალიან გაბრაზებული 8 წლის ვაჟიშვილი დახვდა.

მამა:  – გაბრაზებულ ბიჭს ვხედავ! არა, გაბრაზებულს კი არა, ძალიან გაბრაზებულს.

დევიდი: – გაბრაზებული ვარ! არა, ძალიან გაბრაზებული!

მამა: – ვაა.

დევიდი: – (ძალიან ჩუმად) მენატრებოდი. შენ არასოდეს მხვდები სახლში, როცა სკოლიდან მოვდივარ.

მამა: – კარგია, რომ მითხარი. აწი მეცოდინება, რომ სახლში გინდა დაგხვდე, როცა სკოლიდან ბრუნდები.

დევიდი მამას ჩაეხუტა და ეზოში  სათამაშოდ გავიდა. მამამ იცოდა, თუ როგორ უნდა გამოესწორებინა შვილის განწყობა. მას არ დაუწყია თავის მართლება და ახსნა იმისა თუ რატომ არ იყო სახლში: „საყიდლებზე ხომ უნდა წავსულიყავი. აბა რას შეჭამდი საჭმელი, რომ არ მეყიდა“. მას არ უკითხავს შვილისთვის რატომ ხარ გაბრაზებულიო. ამის ნაცვლად მამამ შვილის გრძნობები და ემოციები თვითონვე გააჟღერა.

მშობლების უმეტესობა ვერ აცნობიერებს, რომ სრულიად უშედეგოა ბავშვების დარწმუნება იმაში, რომ მათი საჩივრები უსაფუძვლოა და მათ მიერ სიტუაციის აღქმა კი – არასწორი. ამის საბოლოო შედეგი მხოლოდ კამათი და ბრაზია.

***

ერთ დღეს თორმეტი წლის ელენი სკოლიდან ძალიან გაბრაზებული დაბრუნდა.

ელენი: – ვიცი, რომ იმედგაცრუებული იქნები, ტესტში 100-დან 80 ქულა მივიღე. ვიცი  რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის, რომ 90-ზე მაღალი ქულა მივიღო.

დედა: – ჩემთვის მართლა სულერთია. და საერთოდაც, როგორ ამბობ ასეთ რამეს? სულაც არ ვარ იმედგაცრუებული შენი ქულებით. ვფიქრობ, რომ 80 ქულა ძალიანაც კარგია.

ელენი: – მაშინ რატომ მეჩხუბები ყოველთვის, როცა 90-ზე დაბალ ქულას ვიღებ?

დედა: – როდის გეჩხუბე? მე კი არა, ეს შენ ხარ იმედგაცრუებული და ახლა დგახარ და მე მადანაშაულებ.

ელენამ ტირილი დაიწყო და ოთახიდან გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ დედამ გააცნობიერა შვილი საკუთარი იმედგაცრუების აღიარების ნაცვლად დედას ადანაშაულებდა, ამ ფაქტზე თითის გაშვერითა და კამათით მან შვილის გრძნობები და ემოციები ვერ გამოასწორა. დედა ბევრად უფრო სასარგებლო საქმეს გააკეთებდა არსებული სიტუაციის შვილისეული აღქმა უბრალოდ რომ გაეჟღერებინა:

– ძალიან გინდა, რომ შენი ქულები ჩემთვის მნიშვნელოვანი სულაც არ იყოს. შენ გინდა თვითონ გადაწყვიტო რომელი ქულა შეიძლება ჩაითვალოს შენთვის კარგ ქულად და რომელი არა. გასაგებია ყველაფერი“.

არამხოლოდ ბავშვები, არამედ თუნდაც სრულიად უცნობი ზრდასრული ადამიანები აფასებენ იმას, როცა ჩვენ მათ სირთულეებს გაგებით ვეკიდებით.

მისის გრაფტონს საშინლად არ უყვარდა ბანკში მისვლა,  -იქ ყოველთვის ხალხმრავლობაა. მენეჯერი კი ყოველთვის ისე იყურება და იქცევა, თითქოს დიდ პატივს მდებდეს უბრალოდ იქ ყოფნით. ყოველთვის, როცა მასთან მიწევს მიახლოება, ძალიან ვიძაბები.

ერთ პარასკევ დღეს, მას ბანკის მენეჯერის ხელმოწერა დასჭირდა რაღაც საბანკო დოკუმენტზე. ძალიან ღიზიანდებოდა, როცა აკვირდებოდა მენეჯერის ქცევისა და საუბრის მანერას სხვებთან მიმართებაში. მაგრამ მისის გრაფტონმა გადაწყვიტა საკუთარი თავი წარმოედგინა ბანკის მენეჯერის სიტუაციაში და თანაგრძნობა და მისი გაგების მცდელობა შემდეგი სიტყვების თქმით გამოხატა:

– კიდევ ერთი მძიმე პარასკევი დღე გაქვთ დღეს, არა? ყველა თქვენს ყურადღებას ითხოვს, ჯერ კი შუადღეც არ არის. არც კი ვიცი როგორ ახერხებთ მთელი დღე ამ ყველაფერთან გამკლავებას.

კაცს სახე გაუნათდა. ქალი მას პირველად ხედავდა გაღიმებულს.

– დიახ, აქ ყოველთვის ბევრი საქმეა. ყველას უნდა, რომ პირველი მას მოვემსახურო. თქვენ რით შემიძლია დაგეხმაროთ?

მენეჯერმა არა მხოლოდ ხელი მოუწერა მის გრაფტონს ჩეკზე, არამედ ოპერატორამდეც კი მიაცილა, რომ სწრაფად დაესრულებინათ მისი საბანკო ოპერაცია.

 

წყარო: თავი 1 – ჰაიმ გინოტის წიგნიდან “მშობელსა და ბავშვს შორის” 

Advertisements

ავტორი: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

One thought on “ბავშვების შეკითხვები და მათი ფარული მნიშვნელობა

  1. გამოხმაურება: უშედეგო დიალოგები მშობლებსა და შვილებს შორის | პატარა ჟირაფი

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s