პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

როგორ ვეუბნებით ბავშვებს გაუცნობიერებლად იმას, რომ არ გვისმინონ

%(count)s კომენტარი

 

notlisten

 როგორც წესი მშობლების უმეტესობა წუხს იმაზე, რომ ბავშვები არ უსმენენ და არ ითვალისწინებენ მათ მითითებებს. მოსმენის უნარის გამომუშავება კი ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებს სჭირდებათ ისწავლონ თუ როგორ უნდა გახდნენ აქტიური მსმენელები, მაგრამ უფროსებსაც ასევე უნდა ახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია თვითონაც იყვნენ ყურადღებიანი, კარგი მსმენელები. არის გარკვეული ნიუანსები, რომელთა გათვალისწინებაც გაცილებით ზრდის იმის ალბათობას, რომ ბავშვები მოისმენენ ჩვენს ნათქვამს.

 

გაგიზიარებთ იმ გავრცელებული შეცდომის ჩამონათვალს, რომელთა გამოყენებითაც თქვენ გაუცნობიერებლად ეუბნებით ბაშვებს რომ არ გისმინონ. ასევე გაგიზიარებთ რჩევებსაც, რომლებიც დაგეხმარებათ ამ  შეცდომების თავიდან აცილებაში.

  1. ეუბნებით ისე, თითქოს სხვა არჩევანის საშუალებაც აქვს:

ზოგჯერ, როდესაც ბავშვს ვაძლევთ მითითებას, ამას ისე ვაკეთებთ თითქოს მას სხვა არჩევანის საშუალებასაც ვუტოვებდეთ. მაგალითად ვეუბნებით: „მიირთმევ საუზმეს“? ან „შენი ტანსაცმელი ჩაალაგე კარადაში, კარგი?“

უფროსებისთვის გასაგებია, რომ ამ ნიუანსებში სულაც არ იგულისხმება სხვა არჩევანის არსებობა, მაგრამ ბავშებისთვის ეს, ასე არ არის.

თუ საქმე ეხება ისეთ საკითხს, რომლის შესრულება ბავშვის მხრიდან აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაშინ თქვენი სიტყვებიც და საუბრის ტონიც შესაბამისი უნდა იყოს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ბავშვს უნდა უყვიროთ ან იყოთ უხეში მასთან.

კვლევები უჩვენებენ, რომ ბაშვები ყველაზე კარგად რეაგირებენ მაშინ, როდესაც უფროსები მშვიდი, რბილი ტონით და პოზიტიური სიტყვების გამოყენებით ესაუბრებიან მათ.  

ზემოთ მოცემული წინააღმდეგობრივი მაგალითის ნაცვლად, შეგიძლიათ სცადოთ იგივე აზრის ბავშვისთვის ასეთი გზით მიწოდება: „საუზმის დროა და ახლა შენც უნდა შემოგვიერთდე“,  „გეთაყვა, ჩაალაგე შენი ტანსაცმელი კარადაში.“

  1. მითითების არასწორად გადმოცემა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვები ყველაზე კარგად მაშინ რეაგირებენ უფროსების მითითებებზე, როდესაც ეს პოზიტიურად არის გამოხატული. ამ მიდგომას შესაძლებელია ვუწოდოთ „თქვი ის რისი ნახვაც გსურს“.

თუ არის იმის ალბათობა, რომ თქვენი მითითება ბავშვის გონებაში წარმოქმნის განსხავებულ სურათს იმისგან, რის მიღწევასაც ცდილობთ ანუ თუ პირდაპირ და გარკვევით არ ეუბნებით იმას, რასაც მისგან ითხოვთ, არ გაგიკვირდეთ თუ თქვენი მიზნისგან სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღეთ.

მაგალითად, ეუბნებით ბავშვს „ ნუ ხტუნაობ სკამზე“. ასეთ დროს ბავშვი როგორც წესი წარმოიდგენს თუ როგორ ხტუნაობს ვიღაც მის სკამზე და უმეტეს შემთხვევაში, უფრო მეტი მონდომებით იწყებს სკამზე ხტუნვას და თუ ამ დროს სხვა ბავშვებიც სხედან მაგიდასთან, ისინიც იწყებენ სკამზე ხტუნვას. საქმე იმაშია, რომ ამ დროს ბავშვების გონებაში წარმოიქმნება სურათი იმისა, თუ როგორ ხტუნაობს ვიღაც სკამზე და ყველას უჩნდება სურვილი თვითონაც ჩაერთოს ამ პროცესში.

ამ დროს, უმჯობესია ბავშვს უთხრათ: „გთხოვ, ჭამის დროს გააჩერე ტანი სკამზე და ფეხებიც იატაკზე დადევი“. ანუ ასე თქვენ პირდაპირ ეუბნებით ბავშვს იმას, რისი დანახვაც გინდათ. ასეთი მითითება არ აბნევს ბავშვს და თან თქვენი სიტყვებიც არ ეწინააღმდეგება იმას, რისი მიღწევაც რეალურად გსურთ.

  1. საუბრის დროს თვალებში ყურების ეფექტის უგულებელყოფა

მშობლები, როგორც წესი, ძალიან დაკავებულები ვართ. მაგრამ თუ არ მოვიცლით იმისთვის, რომ როგორც საჭიროა ისე დაველაპარაკოთ ბავშვებს, მაშინ არც უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ბავშვები ჩვენს ნათქვამს გაიგებენ და ჩვენს თხოვნას შეასრულებენ.

სულაც არ არის ისე, როგორც ჩვენ ხშირად გვგონია, რომ თითქოს ბავშვები მიზანმიმართულად  ცდილობენ ჩვენს იგნორირებას. საქმე იმაშია, რომ ჩვენ საჭირო მიდგომის გამოყენებით არ ვთხოვთ მათ ჩვენთან მოსვლას და მოსმენას.

თუ გინდათ ბავშვმა გაიგოს თქვენი ნათქვამი, ეცადეთ საუბრის დროს არ იაროთ და პარალელურად სხვა საქმე არ აკეთოთ. როცა ცდილობთ რაიმეს ახსნას ბავშვისთვის, დაიხარეთ ბავშვის სიმაღლემდე და შეხედეთ მას თვალებში. გაგიკვირდებათ თუ რამდენად უფრო ყურადღებით მოისმენს ბავშვი თქვენს ნათქვამს ასეთ ვითარებაში.

  1. ზედმეტად რთული მითითებები

მცირეწლოვან ბავშვებს უჭირთ მითითებების გაგება განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ მათ ვაძლევთ ისეთ მითითებებს, რომლებიც რამდენიმე შესასრულებელ ეტაპს შეიცავენ. თუ ასეთ დროს ბავშვები ჩვენს მითითებებს სრულიად უგულებელყოფენ, უნდა ვცადოთ მითითებების გამარტივება და ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ან ორი მითითების გაკეთება. შესაძლებელია დაგვჭირდეს საუბრის ტემპის შენელებაც და თითოეული მითითების შემდეგ გარკვეული პაუზის გაკეთებაც, რათა პატარას მივცეთ საშუალება გაანალიზოს ის, რაც უკვე ვუთხარით. მაგალითად ვთხოვოთ ასე: „დადევი სათამაშო (პაუზა), დაჯექი წყნარად (პაუზა) და ნელა ჭამე საჭმელი.

  1. ახლო ურთიეთრობის დამყარების მნიშვნელობის იგნორირება

თუ გვინდა რომ ბაშვებს ჩვენი ესმოდეთ, აუცილებელია პირველ რიგში მათ ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ მათზე მთელი სულითა და გულით ვზრუნავთ. ამისთვის კი აუცილებელია, ჩვენი ზრუნვა მათთან ურთიეთრობის ყველა ნიუანსში ჩანდეს, განსაკუთრებით კი მითითებების მიცემის დროს. ამისთვის სხვადასხვა ხერხი არსებობს. შესაძლებელია იუმორის გამოყენება ან პატარა ისტორიების მოყოლა, რომლითაც ბავშვი იგრძნობს, რომ მითითების მიცემა მასზე ზრუნვის ნაწილია.

მაგალითად: უფროსი ძმა ძალიან ბრაზდება ხოლმე, როდესაც მისი უმცროსი ძმა მიდის და უნგრევს ლეგოს კონსტრუქციებს. ასეთ სიტუაციებში დედა მიუთითებს ხოლმე, რომ მას არ უნდა დაედო კონსტრუქციები ისეთ ადგილას, სადაც პატარა ძმა ადვილად მივიდოდა.

რა შედეგი მოაქვს ამ დროს დედის ასეთ მითითებას? თითქმის არანაირი. ადვილი შესაძლებელია, რომ ბავშვი ვერაფერს მიხვდა გარდა იმისა, რომ დედამ უთხრა დამნაშავე მხოლოდ შენ ხარო.

შემდეგ ბავშვი მიდის მამასთან და მის გასაჭირზე უყვება. ის გულდასმით უსმენს, ჯდება მასთან ერთად იატაკზე და უყვება ისტორიას მისი ბავშვობიდან იმაზე

თუ როგორ უშლიდა მუდმივად ხელს მისი პატარა ძმა, ანუ ბიძია ჯონი მისი საყვარელი პაზლების აწყობაში ხელს. როგორ უნებართვოთ იღებდა და ფანტავდა პაზლის ნაწილებს ოთახში და ამ მოქმედებით როგორ ძალიან აბრაზებდა მას. ერთხელაც ბებომ ურჩია, რომ პაზლები აეწყო მეორე ოთახში ჩაკეტილ კარს მიღმა, იქ სადაც ჯონი მას ხელს ვერ შეუშლიდა. ამბის დასრულების შემდეგ კი მამა ეკითხება შვილს: „არ შეგიძლია შენც იპოვო სადმე სახლში ისეთი ადგილი, სადაც ხელის შეშლის გარეშე შეძლებ შენს ლეგოს კონსტრუქციებზე წყნარად მუშაობას?“

ეს უკვე აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებაა. მამის ასეთი მოქცევა ბავშვს კარგად აგრძნობინებს, რომ ის გულით ზრუნავს შვილზე და  ნამდვილად აწუხებს მისი გასაჭირი. ასე გადმოცემული მითითება ადვილად გასაგები ხდება და თან ბავშვი მეტ სიახლოვეს და კავშირს გრძნობს მშობელთან. ასეთი ურთიეთრობის დროს, ბავშვი ზოგადად უფრო გულისხმიერი ხდება მშობლის მითითებების მიმართ და მეტი სითბოთი და პატივისცემითაც იმსჭვალება მის მიმართ.

  1. როცა არ ვასრულებთ იმას, რასაც ვამბობთ

სიტყვები კარგავენ მნიშვნელობას, როდესაც ისინი არ არიან მოქმედებითაც გამყარებული. თუ გვინდა ბავშვებმა სახლში დაიცვან გარკვეული წესები (მაგალითად ის, რომ ბურთის თამაში შეიძლება მხოლოდ ეზოში და არა სახლში), უნდა ვიზრუნოთ კიდეც იმაზე, რომ ბავშვებმა არ გაუკეთონ ამ წესს იგნორირება.  თუ არაფერს ვეტყვით ბავშვებს, როცა ისინი ცოტა ხნის წინ დათქმულ წესს არღვევენ, ჩვენს სიტყვებს ვუკარგავთ ფასს და ბავშვებსაც ვუბიძგებთ იმისკენ, რომ ჩვენც გაგვიკეთონ ხოლმე იგნორირება. თუ ერთ წესზე დავუშვებთ გამონაკლისს, მაშინ სხვა წესებსაც იგივე ბედი ეწევა.

თუ ვამბობთ რომ „კბილები უნდა გავიხეხოთ ზღაპრის წაკითხვის შემდეგ“ უნდა ვეცადოთ და შევასრულოთ ის რაც ვთქვით. თუ ბავშვს უხსნით, რომ მაგიდაზე ასვლა არ შეიძლება“, მაშინ უნდა ეცადოთ და არ მისცეთ მაგიდაზე ასვლის უფლება და ყოველი მცდელობის შემდეგ ჩამოიყვანოთ ის დაბლა მაგიდიდან.

გასაგებად ახსნილი ქცევის წესების არსებობა და შემდეგ იმის უზრუნველყოფა, რომ მოხდეს მათი დაცვა მუდმივად, კარგი აღზრდის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს აუცილებელია უფროსებსა და პატარებს შორის ურთიერთპატივისცემის დასამყარებლად, რაც საერთოდ არ საჭიროებს  მშობლების მხრიდან არც უხეშობასა და მითუმეტეს ავტორიტარულ მიდგომას.

როგორია თქვენი მიდგომა ბავშვის აღზრდისადმი? გაგვიზიარეთ თუ როგორ ახერხებთ იმას, რომ ბავშვებმა თქვენი მითითებები გაითვალისწინონ და შეასრულონ?

 

წყარო:

http://notjustcute.com/2014/09/10/six-ways-youre-unintentionally-telling-kids-not-to-listen/

 

 

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

One thought on “როგორ ვეუბნებით ბავშვებს გაუცნობიერებლად იმას, რომ არ გვისმინონ

  1. Spot on with this write-up, I truly believe that this web site needs a grwat deal
    more attention. I’ll probably be returning too see more, thanks
    for the advice!

    Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s