პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა სწავლა სკოლაში?

5 Comments

school kidრა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა სწავლა სკოლაში? ეს კითხვა სერიოზული განხილვის თემაა ბოლო წლების მანძილზე მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ერთიანი შეთანხმება ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით არ არსებობს. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, შვეიცარია, ფინეთი, დანია, უნგრეთი, ლიხტენშტეინი და ესტონეთი ოფოციალური სკოლის დაწყების ასაკია 7 წელი, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში 5 წელი, ხოლო დანარჩენ განვითარებულ ქვეყნებში 6 წელი.

5 წლის ასაკში სწავლის დაწყების მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამ ასაკის ბავშვებს აქვთ სასკოლო პროგრამის შემეცნების უნარი და ფორმალური სწავლების ადრე დაწყება მათი განათლების საქმეს საგრძნობლად წინ წასწევს.

დიდი ბრიტანეთის განათლების კვლევის ეროვნული ფონდის, კვლევითი განყოფილების დირექტორი, ადრეული განათლების სპეციალისტი კაროლინ კლარკი საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა განაპირობა ბრიტანეთში 5 წლის სავალდებულო სასკოლო ასაკად დაწესება, მაშინ როდესაც განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში 6 წელია განსაზღვრული. კლარკი აღწერს, რომ 1870 წელს დიდ ბრიტანეთში დამტკიცებული საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც 5 წელი განისაზღვრა სავალდებულო სასკოლო ასაკად, განპირობებული იყო იმით, რომ მთავრობა მაშინ ამ გადაწყვეტილებით ცდილობდა ბავშვის დაცვას სახლში ექსპლუატაციისა და ქუჩებში არსებული არაჯანსაღი გარემოსაგან. გარდა ამისა, ამბობს კლარკსონი, მთავრობა ამ გზით ასევე ცდილობდა ხელი შეეწყო დამსაქმებლებისათვის, რადგანაც ბავშვების სკოლაში ადრე შეყვანა ნიშნავდა სკოლის ადრე დამთავრებას და შესაბამისად სამსახურისთვის უფრო ადრეულ მზაობას. მისი მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ ედო არც საგანმანათლებლო და არც ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებული რაიმე მოტივი.

ბოლო წლების განმავლობაში განათლების სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების დიდი ნაწილი  მკაცრად დაუპირისპირდა სასკოლო განათლების ადრე დაწყებას. 2013 წელს დიდ ბრიტანეთში ამ მიზნით კამპანიაც კი წამოიწყეს სახელწოდებით „ზედმეტად ბევრი, ზედმეტად სწრაფად“, რომელიც აერთიანებს ადრეული განათლების ექსპერტების დიდ ჯგუფს (რომლებიც ასევე არიან მოძრაობა „გადაარჩინე ბავშვობის“ ნაწილი).

ფორმალური სწავლების 5 წლის ასაკში დაწყების მოწინააღმდეგენი მიუთითებენ, რომ ეს მიდგომა არასასურველი შედეგების მომტანია გრძელ ვადაში. ისინი მიუთითებენ კვლევებზე, რომლებიც უჩვენებენ, რომ წერა-კითხვის უნარების ადრე ათვისების უპირატესობა ვერ ნარჩუნდება გრძელ ვადაში. მაგალითად კემბრიჯის უნივერსიტეტის ლექტორი დევიდ ვაითბრედი დიდი ბრიტანეთის პარლამენტისთვის მომზადებულ პრეზენტაციაში უჩვენებს, რომ  5 წლის ასაკში კითხვის შესწავლა არ გულისხმობს უკეთესი შედეგების ქონას 11 წლის ასაკში. 2009-2012 წლებში ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც კითხვას უფრო გვიან, 6-7 წლის ასაკში სწავლობენ, 11 წლის ასაკში უფრო მეტად კითხულობენ სიამოვნებისთვის და ტექსტის აღქმის უკეთესი უნარი.

სპეციალისტები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას ბავშვის ნეგატიურ ემოციურ მდგომარეობაზე, რომელიც გამოწვეულია ფორმალური განათლების ზედმეტად ადრე დაწყებით. იმის გამო, რომ უმეტეს შემთხვევაში სასწავლო პროგრამების სირთულე არ ითვალისწინებს ბავშვის ასაკის შესაძლებლობებს, ბავშვი ღიზიანდება, უყალიბდება დაბალი თვითშეფასება და კარგავს სწავლის მოტივაციას.

ამ ჯგუფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ასევე არის თამაშის აუცილებლობა განსაკუთრებით 7 წლამდე (რომელიც ბავშვთა უფლებების კონვენციაშიც არის შეტანილი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბავშვის უფლება), რომელსაც ფორმალური განათლება ძალიან ზღუდავს.

დევით ვაითბრედი თავის ნაშრომში „თამაშის მნიშვნელობა“ მიუთითებს, რომ თამაში უმნიშვნელოვანესია ბავშვის ჯანმრთელი გონებრივი, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის და ის ეხმარება ბავშვს ცხოვრების სირთულეებისათვის მომზადებაში. ხოლო იმ ბავშვებს, რომლებიც მოკლებულნი არიან საკმარისი რაოდენობით თავისუფალი თამაშის შესაძლებლობას, უმეტეს შემთხვევაში აქვთ ნევროლოგიური განვითარების პრობლემები. ამ მიზეზის გამო სპეციალისტები მიუთითებენ, რომ მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკის გაზრდა 6-7 წლამდე. ამ არგუმენტის მართებულობის განსამტკიცებლად ისინი მიუთითებენ 15 წლის მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების PISA-ს შედეგებზე, რომელიც უჩვენებს, რომ საუკეთესო შედგები იმ ქვეყნებს აქვთ რომლებიც გვიან იწყებენ სწავლას.

2010 წლის 17 ივლისს, ყოველგვარი საჯარო განხილვებისა და ანალიზის გარეშე, საქართველოს „კანონში განათლების შესახებ“ შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ფორმალური განათლების დაწყების ასაკი 5 წელი გახდა.  მაშინ ქართველი ფსიქოლოგების ნაწილი აღნიშნავდა, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ისინი მიუთითებდნენ, რომ ასეთ ცვლილებას აუცილებლად სჭირდება მასწავლებლების გადამზადება და სკოლის შესაბამისი აღჭურვა, რათა მოერგოს 5 წლის ბავშვის თავისებურებს. თუმცა მსგავსი ცვლილებები არ განხორციელებულა.

2012 წელს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ საქართველოში 5 წლის ბავშვების სწავლების პროცესში არაერთი პრობლემა გამოვლინდა, როგორც აკადემიური უნარ-ჩვევების ათვისებაში, ასევე  ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, რაც სპეციალისტების აზრით ბევრად უფრო საგულისხმოა.

კვლევა საუბრობს იმაზე, რომ ქართული სახელმწიფო სკოლების რეჟიმი, რომელიც გულისხმობს 35 წუთი მერხთან ჯდომას, მიუღებელია ამ ასაკში ბავშვის ფიზიკური განვითარებისათვის. შედეგი კი ის არის, რომ ქართველ ბავშვებში გახშირებულია სქოლიოზის შემთხვევები. გარდა ამისა, კვლევაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო სკოლებში არსებული მიდგომა ძირითადად მოითხოვს მასწავლებლის პასიურ მოსმენას ხანგრძლივი დროით, რაც აღემატება 5 წლის ბავშვის შესაძლებლობებს. ბავშვების ასაკობრივი მოთხოვნილებების გაუთვალისწინებლობა კი შესაბამის შედეგებს იწვევს, მაგალითად მასწავლებლები საუბრობენ შემთხვევებზე, როდესაც ბავშვები იწყებენ კალმების  დაგდებას და შემდეგ აღებას, იმისთვის, რომ დაიკმაყოფილონ თამაშის მოთხოვნილება, არ აქვთ კარგად განვითარებული მოტორიკა და უჭირთ კალმის და მაკრატლის გამოყენება, ითხოვენ მოფერებას, კალთაში ჩასმას, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ჭამა და თხოვენ მასწავლებელს რომ აჭამოს, ეძინებათ მერხზე და ხშირად უარს აცხადებენ საკლასო სამუშაოებზე.

2013 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ფორმალური განათლების დაწყების ასაკი აწეულიყო 6 წლამდე. თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება ამაზე არ მიუღიათ. როგორც მედია საშუალებები იუწყებიან, განათლების სამინისტრო მუშაობს განათლების სტრატეგიაზე, რომლის საჯარო განხილვებიც 2014 წლის თებერვალში დაიწყება. იმედია განხილვებში იმ სპეციალისტებსაც ჩართავენ, რომლებსაც კარგად ესმით ადრეული განათლების თავისებურებები და ბავშვის ფსიქოლოგია და ასევე გაითვალისწინებენ, იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომელთა განათლების სისტემები განსაკუთრებით გამორჩეულია და მათი შედეგებიც ასახულია საერთაშორისო შეფასებებში.

გამოყენებული მასალები:

Ptimary School Starting Age (years). World Bankhttp://data.worldbank.org/indicator/SE.PRM.AGES

School Starting Age.  European Policy and Recent Research. Caroline Sharphttp://www.nfer.ac.uk/nfer/publications/44410/44410.pdf

National Foundation for Educational Research. Caroline Sharp, Research Director. – http://www.nfer.ac.uk/about-nfer/whos-who/caroline-sharp/

The Importance of Play. Dr. David Whitebread. University of Cambridge (2012) http://www.importanceofplay.eu/IMG/pdf/dr_david_whitebread_-_the_importance_of_play.pdf

PISA  Results: Which country does best at reading, maths and science? The Guardian http://www.theguardian.com/news/datablog/2013/dec/03/pisa-results-country-best-reading-maths-science

Too Much Too Soon: the case for extending informal play-based education. David Whitebread. Faculty of Education. University of Cambridge (2013).  http://www.toomuchtoosoon.org/uploads/2/0/3/8/20381265/david_whitebread_-_presentation_of_the_evidence_oct_2013.pdf

ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემის კვლევა. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (2012) http://www.tpdc.ge/uploads/pdf_documents/5%20wliani%20bavSvebis%20swavlebis%20problemebi.%20final.pdf

უნდა მივიყვანოთ თუ არა 5 წლის ბავშვი სკოლაში? ორი აზრი. ჟურნაი ლიბერალი (2011). http://www.liberali.de/unda-miviqvanot-tu-ara-5-tslis-bavshvi-skolashi

Too Much Too Soon Campaign. A Save Childhood Movement Initiative. http://www.toomuchtoosoon.org/about.html

ხუთი წლის ბავშვი – ბაღში თუ სკოლაში? საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00—off-0period–00-1–0-10-0–0-0—0prompt-10–..-4—-4—0-1l–11-en-10—10-preferences-50–00-3-help-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=period&cl=CL4.10&d=HASH016ba8d9955116f53b7f0d93.5.1

 

ავტორი: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

5 thoughts on “რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა სწავლა სკოლაში?

  1. mshvenier asakshi vicyebdit skolas saqartveloshi da im asakshive unda daicyos axlac.ar vici axla ra asakshi icyeben magram roca me skolashi vmushaobdi 6celi iyo saskole asaki,da mshvenieri shedegebic gvqonda mxolod atasi sisuleleebit ar vuchedavdit bavshvebs tvins,scored rom tamashi scavlebis metodit xalisit vscavlobdit cerasac kitxvasac da angarishsac,arc aravin acxadebda scavlaze uars,ra tqma unda gaaprotestebs bavshi imas risi gagebac mis 6 clis tvins ar sheudzlia,es mistvis mosacyenia da tan GAUGEBARI.is droa seriozulad gadaixedos sascavlo programebi da 6 clis bavshvis logikastan axlos mivides rogorc iyo ise,arc sqoliozi ar aris skolis brali,sqoliozi bolo gamokvlevebvis mixedvit genetikur daavadebebs miakutvnes ramdenadac vici, is rom bavshvi 35 tu 45 cuti gakvetilze zis da amitom saqartveloshi sqoliozianma bavshvebma imates es cota sasaciloaa,chvenc vijeqit magram mashin ar iyo ase,es imitom rom medicina xelmisacvdomi iyo mshoblistvis drois tu materialuri tvalsrisit da bavshvic shesabamisad daculi iyo.dges ise izrdebian bavshvebi rom mat janmrtelobis mxriv kontroli ar aqvt,da tundac akontrolebdes vinme 10 bavshvidan 7is mshobels ar aqvs imis sashvualeba rom umkurnalos tavis shvils tavidan bolomde.ai es aris realuri mizezi yovelive amisa tu vinmes simartle ainteresebs.

    Like

    • ნინო, საქართველოში ახლა 5 წლის ბავშვებს იღებენ სკოლაში, რაც 2010 წელს მიღებული კანონის შემდეგ მოხდა. კვლევაში, რომელიც აქ არის ნახსენები, სწორედ 5 წლის ასაკში და ზოგჯერ უფრო ადრეც შეყვანილი ბავშვების მდგომარეობას იკვლევდა და არა 6 წლის ასაკში შეყვანილი ბავშვებისას.

      Like

  2. გამოხმაურება: რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა სწავლა სკოლაში? | ახალი ამბები განათლების სფეროში | news.edu.aris.ge

  3. და 4 ან 3 წლიდან რატომ არ შეიძლება , კიდევ უფრო მალე არ დაამთავრებს სკოლას? ახლა უფრო საინტერსოზე გადავიდეთ. მე როგორც ერთი უბრალო მოკვდავი არსება მოგახსენებთ ჩემს აზრს ; სკოლასთან შეგუება ,შემეცნების მოთხოვნილება არც ისე ძლიერია , ამ ასკში ხომ უფრო თამაშის და თავისუფალი ქცევის მოთხოვნილება ჭარბობს ბავშვში.ადვილად იღლება , მალე ბეზრდება ერთი და იგივე ანუ ნებისყოფა ჯერ დასახვეწია. ახლა ყველაზე კარგად დამეხმარება ჩემი ძველი მეგობრის თეორია ; 6-7 წელი ის ასაკია საიდანაც იწყება ცნობილი ფსიქოლოგის პიაჟეს საკმაოდ ცნობილი თეორიის “ბავშვთა კოგნიტური განვითარების” მიხედვით ; “კონკრეტულ ოპერაციული” ეტაპი , ეს იმას ნიშნავს რომ ის უნარები რაც 6-7 დან 11-12 წლამდე უნდა განუვითარდეს , მანამდე ანუ 6-7 წლამდე არ აქვს განვითარებული. ინგლისელები თუკი 5 წლიდან იწყებენ სწავლას ეს არ ნიშნავს იმას რომ სწორი გადაწყვეტილებაა…

    Liked by 1 person

  4. გამოხმაურება: რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა სწავლა სკოლაში? | ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი