პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

გარდატეხის ასაკის 5 ძირითადი პრობლემა და როგორ გავუმკლავდეთ მათ

2 Comments

ავტორი ქრისტინა ფრანკი

parenting-teenagersალბათ არავინ უარყოფს იმას, რომ მშობლების უმეტესობისთვის რთულია შვილის გარდატეხის ასაკის თავისებურებებთან გამკლავება. ბევრი მშობელი, რომლის შვილიც ჯერ კიდევ საკმაოდ პატარაა, შესაძლებელია ფიქრობს, რომ მისთვის და მისი შვილისთვის ეს ასაკი უპრობლემოდ ჩაივლის. როგორც იტყვიან, ოცნებას არავინ მოუკლავს.

გარდატეხის ასაკი ძალიან სწრაფი ცვლილებების პერიოდია, როგორც ფიზიკური ასევე გონებრივი თვალსაზრისითაც, ამბობს ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს ფსიქიატრიული განათლების ცენტრის დირექტორი ექიმი სტუარტ გოლდმანი. „ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვები ასე ვთქვათ „სამსახურიდან ხსნიან“ მშობლებს და წლების შემდეგ ისევ აბრუნებენ მათ, მაგრამ უკვე როგორც კონსულტანტებს და არა როგორც მენეჯერებს“.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სწორი მიდგომის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული აქ ჩამოთვლილი პრობლემების შედარებით ცივილიზებული გზით მოგვარებას.

გარდატეხის ასაკის პრობლემა  #1 – გგონიათ, რომ თქვენს შვილს სძულხართ

შესაძლებელია სულ ცოტა ხნის წინ თქვენი ტკბილი შვილი გთხოვდათ მასთან ერთად კლასის ექსკურსიაზე წასვლას ან დაძინების დროს მასთან წამოწოლას. უცებ კი, ფაქტიურად ერთ დღეში, აღმოაჩენთ, რომ ის იწყებს თქვენს მიმართ საშინელი აგრესიის გამოვლენას, ყველა თქვენი სიტყვის აბუჩად აგდებას და თქვენი რჩევების დაცინვასაც კი. თუ კარგად დააკვირდებით მის საქციელს და დაფიქრდებით, გაიხსენებთ, რომ თქვენ მსგავს სიტუაციაში უკვე ყოფილხართ, როცა თქვენი შვილი იყო 2-3 წლის ასაკის. განსხვავება ისაა, რომ მაშინ თქვენი შვილი ყვიროდა გამუდმებით „არაა“ „ არ მინდა“-ს, ახლა კი  უმეტეს შემთხვევაში ყველაფერზე ზიზღის და მიუღებლობის გამომხატველ სახეს იღებს.

„ძალიან რთულია მშობლებისთვის ასეთ რამესთან გამკლავება“ ამბობს ფსიქოლოგი, ემორის უნივერსიტეტის ბავშვებისა და ოჯახების ურთიერთობის სპეციალისტი დოქტორი ნადინე კასლოუ. „გარდატეხის ასაკის არსი სწორედაც რომ გამოყოფა და ინდივიდუალიზმის ძიებაა. ბევრ ბავშვს ამ დროს სჭირდება კიდევაც მშობლებისგან შორს თავის დაჭერა, რათა შეძლოს საკუთარი იდენტობის პოვნა“, ამბობს კასლოუ. თინეიჯერობის ასაკში ბავშვები უფრო მეტ აქცენტს მეგობრებზე აკეთებენ, ვიდრე მშობლებზე, რაც ნორმალური მოვლენაა.

როგორ მივუდგეთ ამ საკითხს

ზოგჯერ მშობლები იმდენად გულნატკენები არიან შვილების ქცევით, რომ მათ საქციელს იგივე ფორმით – ანუ შვილის ერთგვარი უარყოფით პასუხობენ. ეს შეცდომაა. „გარდატეხის ასაკში ბავშვებმა იციან, რომ მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ მშობლები, თუნდაც უჭირდეთ ამის აღიარება“, ამბობს გოლდმანი. თუ თქვენ ნერვიულობთ მათი ქცევის გამო, არ დაგავიწყდეთ, რომ ისინიც ძალიან დიდ შინაგან ცვლილებებს განიცდიან ამ დროს და ფაქტიურად ემოციების ერთგვარ კარუსელზე არიან მოქცეული. როგორც მშობელმა, თქვენ უნდა ეცადოთ და მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სიმშვიდე და გაუმკლავდეთ ამბოხების ასაკს, რომელიც როგორც წესი გადაივლის ხოლმე 16-17 წლამდე.

რა თქმა უნდა არავინ არ ამბობს იმას, რომ შვილს უფლება უნდა მისცეთ შეურაცხოფა მოგაყენოთ და ცუდად მოგექცეთ. თუ ასეთი რამ ხდება, თქვენ უნდა მოითხოვოთ მარტივი ქცევის წესების დაცვა. ასეთ დროს კარგია ძველი მიდგომის გამოყენება ანუ „თუ კარგს ვერაფერს იტყვი, ჯობია საერთოდ არ თქვა არაფერი“. თუ თქვენს თინეიჯერ შვილს აგრძნობინებთ, რომ მის გვერდით ხართ ყოველთვის მიუხედავად ყველაფერისა, ის პერიოდულად მაინც დაიბრუნებს თქვენდამი ნდომას, რომელიც შეიძლება ითქვას საკმაოდ იშვიათია გარდატეხის ასაკში.

გარდატეხის ასაკის პრობლემა #2 – საკომუნიკაციო მოწყობილობები მართავენ მათ ცხოვრებას.

ირონიულია ის ფაქტი, რომ ურთიერთობა მობილური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, მოზარდებს ნაკლებად კომუნიკაბელურს ხდის გარდატეხის ასაკში. ყოველ შემთხვევაში, მობილური მოწყობილობების გამოყენების გამო, მათ უფრო ნაკლები კომუნიკაცია აქვთ იმ ადამიანებთან ვისთანაც ისინი ცხოვრობენ. მაგრამ თანამედროვე ცხოვრების სტილის გათვალისწინებით, ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების მთლიანი აკრძალვა არამხოლოდ არარეალურია, არამედ ზედმეტად მკაცრი სასჯელია. „თანატოლებთან კომუნიკაცია და მეგობრების წრესთან სიახლოვე თინეიჯერისთვის უმნიშვნელოვანესია“ ამბობს გოლდმანი.

როგორ მივუდგეთ ამ საკითხს

ამ დროს ეცადეთ მთლიანობაში შეაფასოთ სიტუაცია, ამბობს ნიუ იორკის მოზარდთა ფსიქოლოგი, დოქტორი სიუზან ბარტელი. თუ თქვენი შვილი სკოლაში კარგად სწავლობს, აკეთებს აუცილებელ საქმეებს სახლში და მთლიანად არ არიდებს თავს ოჯახის წევრებთან ურთიერთობას, მაშინ უკეთესია ზედმეტად არ გაამახვილოთ ამ საკითხზე ყურადღება.

შესაძლებელია გარკვეული წესების შემოღება, მაგალითად: არავითარი მესიჯების გაგზავნა და მობილურ ტელეფონზე საუბარი სადილის დროს. ზოგიერთი მშობელი მაგალითად არ აძლევს უფლებას მის თინეიჯერ შვილს იქონიოს კომპიუტერი მის ოთახში, რადგანაც ასე უფრო რთულია კომპიუტერით სარგებლობის კონტროლი და ეს აბსოლუტურად მისაღები მიდგომაა. ბევრი ექსპერტი გვირჩევს, რომ შემოვიღოთ წესი, რომლის მიხედვითაც მოზარდი ვალდებულია დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე გამორთოს კომპიუტერი, რაც  უზრუნველყოფს საკმარისს დროს ძილისთვის.

რადგანაც განვითარებულ ქვეყნებში მოზარდები ადრევე იწყებენ მუშაობას და აქვთ საკუთარი შემოსავალიც, სპეციალისტები  ურჩევენ მშობლებს, რომ თინეიჯერმა შვილებმა თვითონვე გადაიხადონ მობილური ტელეფონის მომსახურების თანხა, რაც გარკვეულ ლიმიტს დააწესებს მობილური ტელეფონის გამოყენებაზე. ასევე ეცადეთ მაქსიმალურად გააკონტროლოთ მოზარდი იმ შემთხვევაში თუ ის იყენებს სოციალურ ქსელებს, მაგალითად როგორიცაა Facebook-ი. ეცადეთ გამოიყენოთ სპეციალური პროგრამები, რომლებიც კომპიუტერის გამოყენების მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ამ პროგრამების საშუალებით, ასევე შესაძლებელია არასასურველია საიტებზე წვდომის დაბლოკვა.

გარდატეხის ასაკის პრობლემა #3 – სახლში გვიან დაბრუნება

უკვე ღამის თერთმეტის ნახევარია. თქვენ შვილს უთხარით, რომ სახლში თერთმეტი საათისთვის დაბრუნებულიყო და ის ჯერაც არ ჩანს. თქვენ ღიზიანდებით და ვერ იგებთ თუ რატომ უკეთებს თქვენი შვილი იგნორირებას დაწესებულ შეთანხმებას ისევ და ისევ.

„გარდატეხის ასაკის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა დაწესებული ლიმიტების ტესტირება და ყველა წესებისთვის რეალური გამოცდის მოწყობა“ ამბობს გოლდმანი. მისი აზრით თინეიჯერებს სწორედაც, რომ სჭირდებათ ლიმიტების დაწესება და მშობლებმაც სულ უნდა იზრუნონ აუცილებელი ლიმიტების არსებობაზე ამ ასაკში.

როგორ მივუდგეთ ამ საკითხს:

სანამ დასჯის მკაცრ ზომებს მიმართავდეთ, ეცადეთ დაელაპარაკოთ თქვენი შვილის მეგობრების მშობლებს და გაარკვიოთ თუ რომელ საათზე ითხოვენ ისინი შვილების სახლში დაბრუნებას.

შესაძლებელია, რომ თქვენს მიერ სახლში დაბრუნებისთვის დაწესებული დრო ზედმეტად მკაცრი და არარეალური აღმოჩნდეს თქვენი შვილის მეგობრების წრეში. ამიტომაც აჯობებს სიტუაციის კარგად შესწავლის შემდეგ შეთანხმდეთ სახლში დაბრუნების აუცილებელ დროზე. მკაცრად გააფრთხილეთ თქვენი შვილი, რომ დაგვიანება შესაძლებელია მხოლოდ 10 წუთით და თუ ამ წესს არ დაიცავს ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი შედეგი. ასეთი შედეგი შესაძლებელია იყოს გვიან საღამოს მეგობრებთან სეირნობის უფლების ჩამორთმევა ერთი კვირის მანძილზე.

თუ ხვდებით, რომ თქვენი შვილი სახლში მოსვლას აგვიანებს იმის გამო, რომ არასასურველ საქმეებშია გარეული ან თუ ამის მიზეზი არის ის, რომ თავს სახლში ბედნიერად ვერ გრძნობს, აუცილებლად უნდა დაელაპარაკოთ მას და გაარკვიოთ თუ რაშია რეალურად საქმე. მაგრამ თუ თქვენს მიერ დადგენილი სახლში დაბრუნების აუცილებელი დრო ნორმალურია და მისაღებია თქვენი შვილის მეგობრების წრეშიც, მაშინ აუცილებელია იცოდეს მოზარდმა, რომ ამ წესის დარღვევას შესაბამისი შედეგები აუცილებლად მოყვება. თუ ადგენთ რაიმე წესს, ამას ნამდვილად უნდა გულისხმობდეთ და რეალურად უნდა განახორციელოთ იგი. ხოლო არარეალური „ვითომ წესებით“ თქვენ ვერ შეაშინებთ თქვენ თინეიჯერ შვილს და ის ამას აუცილებლად პირდაპირ გეტყვით კიდევაც.

გარდატეხის ასაკის პრობლემა #4 – შვილის მეგობრები, რომელიც თქვენ საშინლად არ მოგწონთ

თქვენ ყოველ ჯერზე გაჟრიალებთ, როცა ხედავთ თქვენი შვილის უცნაურად ჩაცმულ და საოცარი ვარცხნილობის მქონე თქვენთვის არასასურველ მეგობრებს. ხშირად ფიქრობთ და არ იცით როგორ უნდა მოიქცეთ – თქვათ რამე თუ უმჯობესია გაჩუმდეთ?

როგორ მივუდგეთ ამ საკითხს:

იცოდეთ, რომ შესაძლებელია ბავშვები უცნაურად იცვამდნენ, თმას თქვენთვის მიუღებლად იკეთებდნენ და საშინლად ხმაურიანებიც იყვნენ, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ისინი შესაძლებელია, რომ წესიერი ბავშვებიც იყვნენ, ამბობს ბარტელი, რომელიც ურჩევს მშობლებს თავი შეიკავონ მათი შვილის მეგობრების ჩაცმის თუ ვარცხნილობის სტილის გაკრიტიკებისგან. გარდატეხის ასაკში ბავშვები იმდენად მიჯაჭვულები არიან მეგობრებს, რომ მეგობრების კრიტიკა მათ მიერ აღიქმება პირდაპირ როგორც მათი საკუთარი კრიტიკა.

მაგრამ მეორეს მხივ, თუ იცით, რომ თქვენი შვილი მეგობრობს პრობლემურ ბავშვებთან, რომლებიც აცდენენ სკოლას და იღებენ ნარკოტიკულ საშუალებებს, საუბარი ბავშვთან აუცილებელია. მაგრამ ეცადეთ არ ჩააგდოთ თქვენი საუბრით მოზარდი ისეთ სიტუაციაში, რომ მას საკუთარი თავის დაცვა და გამართლება მოუწიოს. უბრალოდ უთხარით, რომ ნერვიულობთ მასზედ, რომ ის ცუდი ბავშვების წრეშია გარეული და გეშინიათ, რომ ისიც შესაძლებელია იღებდეს ნარკოტიკულ საშუალებას, ამბობს ბარტელი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მთლიანად ვერ აუკრძალავთ თქვენს შვილს ურთიერთობა ჰქონდეს საეჭვო თანატოლებთან, შეგიძლიათ მეტი აქტიურობა გამოიჩინოთ და მაქსიმალურად ეცადოთ თავიდან აიცილოთ შესაძლო პრობლემები. ნუ შეგეშინდებათ მიმართოთ პროფესიონალს. ფსიქოლოგის რჩევა ამ დროს საკმაოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ.

გარდატეხის ასაკის პრობლემა # 5 – ამ ასაკში ყველაფერი ტრაგედიაა

ბოლო დროს ამჩნევთ, რომ თქვენი შვილი ყველაფერზე ნერვიულობს და ბრაზდება, რაც უფრო მეტად ცდილობთ დახმარებას მით უფრო მეტად  რთულდება სიტუაცია და მატულობს გაღიზიანება და კარების მოჯახუნების რაოდენობაც.

გარდატეხის ასაკში მოზარდები ყველაფერს განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიან.  თქვენთვის რაც უმნიშვნელოა, მათთვის შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

როგორ მივუდგეთ ამ საკითხს:

როგორც ბარტელი ამბობს, მშობლები ძალიან ხშირად აუფასურებენ და უმნიშვნელოდ თვლიან ბევრ ისეთ საკითხს, რაც თინეიჯერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასეთი მიდგომის გამო ბავშვი ფიქრობს, რომ მას მშობლები საერთოდ ვერ უგებენ და საბოლოოდ

უარს ამბობს მშობლებთან საუბარზე და არაფერს უყვება მათ. შესაძლებელია მისთვის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ფლირტაობს მის შეყვარებულთან, რიც გამოც თქვენც ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეთ.

ნუ შესთავაზებთ მას რჩევას, ნუ დაამცირებთ და აგდებულად ისაუბრებთ მის მეგობრებზე. ეცადეთ ეს ყველაფერი მინიმუმადე დაიყვანოთ და შემოიფარგლეთ იმის თქმით, რომ ერთ დღეს ის მიხვდება თუ რამდენად უმნიშვნელოა სკოლის დროინდელი რომანტიკული ურთიერთობები. უბრალოდ მოუსმინეთ და გამოხატეთ თანაგრძნობა, ამბობს ბარტელი. ეცადეთ თქვენი თავი წარმოიდგინოთ მის ადგილას – თქვენც ხომ იყავით ერთ დროს თინეიჯერი.

მიუხედავად იმისა, რომ ბლოგი უფრო მცირეწლოვანი ასაკის ბავშვების აღზრდაზეა ორიენტირებული, ბლოგის ერთ-ერთი მკითხველის თხოვნით ითარგმნა ეს სტატია გარდატეხის ასაკის პრობლემებზე.

სტატიის წყარო:

http://www.webmd.com/parenting/teen-abuse-cough-medicine-9/behavior-problems

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

2 thoughts on “გარდატეხის ასაკის 5 ძირითადი პრობლემა და როგორ გავუმკლავდეთ მათ

  1. Pingback: გარდატეხის ასაკის 5 ძირითადი პრობლემა და როგორ გავუმკლავდეთ მათ | ახალი ამბები განათლების სფერო

  2. Pingback: გარდატეხის ასაკის 5 ძირითადი პრობლემა და როგორ გავუმკლავდეთ მათ | ყველაფერი განათლებისთვის და გ

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s