პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

რა უნარები აქვთ ბავშვებს 5 წლის ასაკში

დატოვე კომენტარი

baloonsბავშვის განვითარება უნიკალური და კომპლექსური პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების დიდი ნაწილი ზოგადად ჩამოყალიბებულ განვითარების ეტაპებს მიჰყვება, არ არის სავალდებულო, რომ ყველა ბავშვი ზუსტად ერთნაირად მიყვებოდეს ამ  ეტაპებს. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ბავშვის განვითარება დამოკიდებულია იმ გარემოზე, რომელშიც ის იზრდება და იმ გამოცდილებაზე, რასაც იგი ამ გარემოში იღებს.

დაბლა ჩამოთვლილია ის უნარები, რომლებიც ბავშვთა განვითარების ექსპერტების აზრით 5 წლის ასაკის ბავშვების დიდ ნაწილს აქვს. ამ სიის წაკითხვის დროს გთხოვთ გაითვალისწინოთ გარემო და კონტექსტი, რომელშიც იზრდება ბავშვი:

  • 5 წლის ბავშვები არიან კრეატიულები  და უყვართ პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. შეუძლიათ შემოგვთავაზონ პრობლემის გადაჭრის ან რაიმეს გაკეთების რამდენიმე გზა. ახალ სიტუაციებში მონაწილეობის და ახალი გამოცდილების მიღების დროს უყვართ ანალიტიკური კითხვების დასმა. აანალიზებენ საკუთარ არჩევანს. ამ ასაკში ბავშვები უფრო მეტად სოციალურები ხდებიან ახალი რამის შესწავლის პროცესში. ურჩევნიათ ისეთი აქტივობები, რომელიც მოითხოვს სხვა ბავშვებთან ურთიერთობას.
  • 5 წლის ასაკში, როგორც წესი, ბავშვებს მეტყველების უნარი კარგად აქვთ განვითარებული. ისინი სიტყვებს გამართულად წარმოთქვამენ, იყენებენ რთულ წინადადებებს საუბრის დროს. ძირითადად გრამატიკულ შეცდომებს არ უშვებენ და მათი ლექსიკონი მდიდარია სიტყვებით, რომელთა რაოდენობაც სწრაფად იზრდება.
  • 5 წლის ასაკში ბავშვები ავითარებენ წერისა და კითხვის უნარს. ესმით, რომ დაწერილი ასოები შეესაბამება გარკევულ ბგერას მეტყველების დროს, რაც მათ ეხმარება სიტყვების წერილობითი ფორმით გადმოცემაში. შეუძლიათ ზღაპრებზე საკუთარი აზრის გაზიარება და საკუთარი ზღაპრების შეთხზვაც.
  •  ამ ასაკის ბავშვების მათემატიკური აზროვნება ხდება უფრო აბსტრაქტული და ესმით გეომეტრიული ფორმებისა და ციფრების მნიშვნელობაც. მათ შეუძლიათ დაითვალონ 20-მდე ნივთი, განახორციელონ მარტივი მიმატება და გამოკლება და განსაზღვრონ თუ რომელი ნივთების ჯგუფია მეტი ან ნაკლები რაოდენობის. 5 წლის ბავშვებს შეუძლიათ ქრონოლოგიურად დაალაგონ მოვლენები და სწავლობენ საათის ცნობას. მათ ასევე შეუძლიათ ნივთების დაჯგუფება ერთზე მეტი მახასიათებლის მიხედვით.
  • 5 წლის ბავშვები საკმაოდ ენერგიულები არიან და შესაბამისად უყვართ აქტიური თამაშები და აქტიური გარემო. უფრო მეტად განვითარებული კოორდინაციისა და ბალანსის უნარების წყალობით შეუძლიათ ატარონ ველოსიპედი დამხმარე ბორბლებით, შეუძლიათ ცურვა, თოკით ხტუნაობა და ბურთთან დაკავშირებული ყველა ძირითადი მოძრაობის შესრულება. შეუძლიათ სწრაფად სირბილი და ტემპის სურვილისებრ შეცვლა მოძრაობის პროცესში. აქვთ უნარი კარგად გამოიყენონ თითები წერისა და ფუნჯით ხატვის დროს, ჩააცვან და გახადოთ თოჯინებს ტანსაცმელი, რომელსაც აქვს ელვა ან ღილები.
  • 5 წლის ბავშვებს აინტერესებთ თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო. პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალება ეხმარება მათ გაერკვიონ იმაში თუ „როგორ“ და „რატომ“ ხდება ესა თუ ის მოვლენა, მოძრაობა და ა. შ. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ისეთი ნივთები როგორიცაა სასწორი ან (უსაფრთხო) თერმომეტრი ინფორმაცის შესაგროვებლად და შეუძლიათ შედარებით დამოუკიდებლად აწარმოონ პატარა გამოძიებები. ამ ასაკში ბაშვები უფრო მეტად იყენებენ აღწერებს მეტყველების დროს. უყვართ ბევრი შეკითხვების დასმა და მოვლენებსა თუ სიტუაციებზე საკუთარი მოსაზრების გაზიარება.
  •  ამ ასაკში ბავშვები ბევრად უფრო დამოუკიდებლად მართავენ საკუთარ თავს საზოგადოებაში. შეუძლიათ საკუთარი ემოციების მართვაც. შეუძლიათ აღელვების მომენტში თვითონვე გადაწყვიტონ მეორე ოთახში გასვლა დასამშვიდებლად. იყენებენ ისეთ სტრატეგიებს, როგორიცაა მოლაპარაკება ან კომპრომისზე წასვლა პრობლემის გადაჭრის გზების ძიების დროს, სანამ უფროს მიმართავენ დასახმარებლად. მათ ასევე გაუმჯობესებული აქვთ სხვა ბავშვებთან და უფროსებთან დამეგობრებისა და ამ მეგობრობის შენარჩუნებისთვის საჭირო უნარები. ამ ასაკში „ჯგუფის“ მიერ აღიარება უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
  • რაც შეეხება ხელოვნების სფეროს, 5 წლის ბავშვებს აქვთ უნარი გარკევულ ჩარჩოს ფარგლებში შექმნან სხვადასხვა ტიპის მუსიკა. ასევე შეუძლიათ შექმნან რეალისტური ხელოვნების ნიმუშები ადვილად ამოსაცნობი ნივთებით. უყვართ დეტალების გამოყენება მათ მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებში.  მათ ასევე იციან, რომ ხელოვნების საშუალებით შესაძლებელია ამბის გადმოცემა. 5 წლის ასაკში ბავშვებს აქვთ უნარი გაითამაშონ პატარა დადგმები, შეასრულონ პანტომიმის მოძრაობები და ითამაშონ თოჯინების თეატრი.

წყარო:

http://www.pbs.org/parents/childdevelopmenttracker/five/

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s