პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

არის თუ არა ყველა ზღაპარი შესაფერისი მცირეწლოვანი ბავშვისთვის?

2 Comments

red riding hood2009 წელს ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დედების 25% არ უკითხავს შვილებს კლასიკურ ზღაპრებს, რადგანაც ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ზღაპრები ზედმეტად საშიშია ბავშვებისთვის და აყალიბებენ არასწორ სტერეოტიპებს. მათი აზრით ზღაპრები „კონკია“ და „რაპუნცელი“ ემოციურ ზიანს აყენებენ პატარებს, რადგანაც კონკიას ექცევიან როგორც მონას და აიძულებენ მარტომ აკეთოს ყველა საშინაო საქმე, ხოლო რაპუნცელში ბავშვის გატაცების ძალიან ბნელი ამბავია მოყოლილი. გამოკითხვის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ მშობლების მესამედი შვილებს არ უკითხავდა „წითელქუდას“ ზღაპარსაც, რადგანაც მათი აზრით მიუღებელი იყო ბავშვისთვის ისეთი ზღაპრის წაკითხვა, სადაც პატარა გოგონა მარტო მიდის ტყეში და მგელი მის ბებიას ჭამს.

ბავშვობაში მეც, როგორც ბავშვების უმეტესობას, ძალიან მიყვარდა ზღაპრების კითხვა, მაგრამ არ მახსოვს მეშინოდა თუ არა იმ ბნელი ამბების, რაც ზღაპრებში იყო მოყოლილი, უბრალოდ ის მახსოვს, რომ ძალიან მიკვირდა ბევრი რამ, რაც ზღაპრებში ხდებოდა. მას შემდეგ კი რაც შვილი შემეძინა და მისთვის დავიწყე ზღაპრების კითხვა, სერიოზულად დავფიქრდი ამ საკითხზე, რადგანაც ახლა უკვე სხვანაირად დავუკვირდი იმას თუ რა შინაარსი დევს რეალურად ხალხურ ზღაპრებში და რომ ზოგიერთი მათგანი საშინელებათა ფილმების შინაარს გავს ძალიან.

ბევრი ქართული ხალხური ზღაპარიც სავსეა საშინელი შავბნელი სცენებით, სადაც ადამიანები უმოწყალოდ ხოცავენ ერთმანეთს, დედაბრები იპარავენ ბაშვებს, რომ შემდეგ შეჭამონ. მოკლედ საშინელებები ხდება. მართალია ყველა ზღაპარი თითქოს ბოლოს მაინც კარგად მთავრდება, მაგრამ როგორ გინდა პატარა ბავშვს ელაპარაკო დედაბრებზე, რომლებსაც უნდათ ბავშვების შეჭმა ან დედა ჩიტზე, რომელიც საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად სამივე შვილს უგდებს მელას. მე არ ვიცი როგორ ავუხსნა შვილს თუ რატომ გააკეთა დედა ჩიტმა ასეთი რამ, ამიტომაც გადავწყვიტე ასეთი ზღაპრების დიდი ნაწილი საერთოდ არ წამეკითხა ბავშვისთვის და შეძლებისდაგვარად საშინელებებს მოკლებული ზღაპრების შერჩევა დავიწყე. თუმცა ამავე დროს ძალიან დავინტერესდი გამეგო თუ რას ფიქრობენ სპეციალისტები ამ საკითხზე და გავეცანი ბევრ სხვადასხვა მოსაზრებას კლასიკურ ზღაპრებზე, რაც მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

როგორც მოსალოდნელი იყო არსებობენ საშინელებების შემცველი ძველი ხალხური და კლასიკად ქცეული ზღაპრების როგორც დამცველები და ქომაგები, ასევე მათი მოწინააღმდეგები და თითოეულ მათგანს აქვს საკმაოდ მყარი არგუმენტები საკუთარი პოზიციის ასახსნელად.

კლასიკური ზღაპრების მომხრეების აზრით, ასეთი ზღაპრები ეხმარებიან ბავშვებს ბევრი რამ ისწავლონ არა პირდაპირი ახსნისა და ქადაგების გზით, არამედ ისტორიების მოსმენის საშუალებით. მათი მტკიცებით თუ ჩვენ, მშობლები, ვეცდებით დავიცვათ ბავშვები არასასიამოვნო მოვლენებისგან, ვერ მოვამზადებთ მათ რეალური ცხოვრებისათვის. ასეთი ზღაპრები კი, როგორც ისინი ამტკიცებენ, ასწავლიან ბავშვებს, რომ ცხოვრება ყოველთვის გართობა არ არის და რომ იქ სევდაც არის და სიხარულიც, ასწავლიან ერთმანეთისგან კეთილისა და ბოროტის გარჩევას, ეცნობიან ადამიანური ბუნების სისუსტეებსა და ძლიერ მხარეებს, ამზადებენ მათ რეალური ცხოვრებისეული სირთულეებისთვის, ეხმარებიან ემოციური დილემების გარკვევაში, უვითარებენ კრიტიკული ანალიზის უნარს და ასევე ეხმარებიან პატარებს მეტყველებისა და ფანტაზიის განვითარებაში.

ზოგიერთი ზღაპრების მკვლევარის აზრით თუ ჩვენ ბავშვებს წავუკითხავ მხოლოდ უწყინარ ამბებს პატარა ბავშვებზე და საყვარელ უცოდველ ცხოველებზე, სადაც ამაღელვებელი და საოცარი არაფერი ხდება, ჩვენ ვერ ვასწავლით მათ თუ როგორ შეიძლება გადალახონ ცხოვრებისეული სირთულეები და გაუმკლავდნენ რთულ სიტუაციებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ზღაპრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარის განსავითარებლად, რადგანაც სწორედ ზღაპრები აძლევენ საშუალებას მკითხველებს გადალახონ დროისა და მანძილის შეზღუდვები და აძლევენ რწმენას იმისა, რომ შეუპოვრობისა და მოთმინების გზით შესაძლებელია უსუსურმა არსებმაც მოიპოვოს გამარჯვება და რომ შეუძლებელი თითქმის არაფერია.

rapuntzelკლასიკური ზღაპრების კრიტიკოსები კი, რომლებიც საშინელი ამბების შემცველ ზღაპრებს ნაკლებად წყალობენ ამტკიცებენ, რომ კლასიკურ ზღაპრებში საკმაოდ დიდია ძალადობის შემცველი ფაქტები და ზედმეტად ხშირად გამოიყენება სიტყვები: სისხლი, გაჭრა, მოკვდა და მსგავსი, რაც არასასურველია მოისმინოს მცირეწლოვანმა ბავშვმა, რადგანაც იწვევს ემოციურ სტრესსა და ხშირად ხდება კოშმარული სიზმრების მიზეზი.

მართალია ეს ჯგუფი აღიარებს ზღაპრების ისტორიულ და მხატვრულ ღირებულებას, მაგრამ ამავე დროს მიუთითებს, რომ კლასიკური ზღაპრების დიდი ნაწილის ორიგინალები უფროსი ასაკის მკითხველისთვის იყო შექმნილი და არა ბავშვებისთვის და ისინი კიდევ უფრო დიდი დოზით შეიცავდნენ ძალადობის ფაქტებს, ვიდრე ის ვერსიები, რომლებიც დღეს შედარებით თანამედროვე ვერსიებში გვხვდება.

მიუხედავად ბევრი ცვლილებისა, რომლებიც ამ ზღაპრებმა დროთა განმავლობაში განიცადა, ბევრი მიიჩნევს, რომ ისინი მაინც მიუღებელია დღევანდელობისთვის, რადგანაც დიდი ნაწილი არ გადმოსცემს იმ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენ გვინდა პატარებს გადავცეთ დღეს და ბევრი მათგანი ხელს უწყობს სტერეოტიპების ჩამოყალიბებასა და მათ გამყარებას.

ბევრი კრიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კლასიკური ზღაპრები ცუდ გავლენას ახდენენ გოგონებზე, რადგანაც იქ ზედმეტად დიდი ყურადღებაა გამახვილებული ქალის სილამაზეზე, რადგანაც მთავარი ქალი პერსონაჟები ზღაპრებში ძირითადად მათი სილამაზით, სიმღერისა და ცეკვის ნიჭით გამოირჩევიან და თითქმის არასოდეს გონიერებითა და განათლებით. ზოგიერთ წყაროს, რომელსაც გავეცანი, მოყავს კვლევის შედეგები, რომლებშიც საუბარია იმაზე თუ როგორ უარყოფითად მოქმედებს ზღაპრები ქალის თვითშეფასებაზე, რადგანაც ის გოგონები, რომლებიც დიდი რაოდენობით ისმენდნენ ასეთი ტიპის ზღაპრებს ბავშვობაში, საკუთარ თავს იმ ულამაზეს, უნაკლო პრინცესებს ადარებენ, რომელთა ამბებსაც ისმენდნენ მთელი ბავშვობა, რაც შემდეგ უარყოფითად აისახება მათ თვითშეფასებაზე, რადგანაც ისინი ვერ აკმაყოფილებენ სილამაზის იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ზღაპრებშია აღწერილი.

hansel and gretelსაინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ გამჭრიახი, ჭკვიანი და მებრძოლი ქალები ძირითადად უარყოფითი და საეჭვო გმირები არიან. მოხუცები და შედარებით ასაკოვანი ქალები ხშირად კუდიანებად და ბოროტ პიროვნებებად არიან წარმოდგენილი და რატომღაც ყოველთვის ებრძვიან ლამაზ პრინცესებს, მაშინ როდესაც ასეთი ბოროტი გმირი მამაკაცი თითქმის არასოდეს არ არის.

ძველი კლასიკური ზღაპრების კრიტიკოსები მიუთითებენ იმაზეც, რომ კლასიკური ზღაპრები მცდარ ღირებულებაზე ამახვილებენ ყურადღებას და ქმნიან ქალის ახალგაზრდული სილამაზის კულტს და უმეტეს შემთხვევაში სილამაზეს მიიჩნევენ ქალის ბედნიერების ძირითად საშუალებას. ისინი ამახვილებენ ყურადღებას იმ ფაქტზეც, რომ ქალები ასეთ ზღაპრებში თითქმის არასოდეს მიდიან თავგადასავლებისა და ბედის საძიებლად. ისინი ყოველთვის ელოდებიან სხვას – ძირითადად მომხიბვლელ პრინცს ან რაინდს, რომელიც მოვა, იხსნის მას გარკვეული სახის ბოროტებისგან და თითქმის არასოდეს იბრძვიან იმისთვის, რომ თვითონვე დაიხსნან საკუთარი თავი ბოროტებისგან.

ბევრმა შეხედულებამ, რაც კლასიკური ზღაპრების კრიტიკოსებისა და მომხრეების მოსაზრებებშია, დამაფიქრა და ვაღიარებ, რომ ამ კუთხით ზღაპრებზე ადრე არ მიფიქრია. ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ გადავწყვიტე უფრო ფრთხილად და ასაკისთვის შესაფერისად შევარჩიო შვილისთვის ზღაპრები, უფრო მეტი სიფრთხილით მოვეკიდო ზღაპრების კითხვის პროცესსაც და ყოველთვის ავუხსნა ბავშვს თუ რა არის და რა არ არის ზღაპარში მოყოლილ ამბებში მისაღები.

იმედი მაქვს თქვენთვისაც საინტერესო იყო აქ მოწოდებული ინფორმაცია და გამოგადგებათ ბავშვებისთვის ზღაპრების სწორად შერჩევის პროცესში.

გამოყენებული რესურსები:

Why Fairy Tales Matter

Why We Need Fairy Tales and Fantasy

The importance of Fairy Tales

Violence and Fear in Folktales

Fairytales too scary for modern children, say parents

Eight Reasons Why Fairy Tales Are Essential to Childhood

How Fairy Tales Shape our Life

THE WORTH OF FAIRY TALES

Awakening the Moral Imagination: Teaching Virtues Through Fairy Tales

The Importance of Fairy Tales

Fairy Tales and their Hidden Power

Influence of Fairy Tales on Children

Are Fairy Tales Really for Children?

 LEARNING WITH FAIRY TALES

The peril of the princesses: How Gender Stereotypes Affect Young Readers

Should children be told fairy tales? A 1903 debate

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

2 thoughts on “არის თუ არა ყველა ზღაპარი შესაფერისი მცირეწლოვანი ბავშვისთვის?

  1. ზღაპრებს გვიკითავდნენ მშობლები, მაგრამ ისეთი აგრესიული თაობა არ ვიყავით, როგორიც ეხლა მოდის. მაგ ზღაპრების კრიტიკას ის გააკრიტიკონ, რაც დღეს ხდება. კომპიუტერულ თამაშებში ხოცვა-ჟლეტვის და სისხლის მეტი არაფერი რომ არ დევს და ბავშვები 24 საათი (იმიტომ , რომ დედას არ სცალია, ან ზის და დაქალებთან ჭორაობს და ოღონდ ბავშვი გაჩერდეს) ზიან და მიშტერებიან ამ თამაშებს. ამიტომაც ისმის ბაღის ასაკის ბავშვებში სულ ასეთი სიტყვები: გადაგჩეხო, ჩაგარჭო სისხლ გამოგადინო. ამიტომ არის მოჭარბებული აგრესია ბაღის და სკოლის ასაკში, თორემ გვიკითხავდნენ ჩვენ ზღაპრებს, მაგრამ სად იყვნენ ასეთი აგრესიული ბავშვები ეხლა რომ არიან. ეს ზღაპრები საუკუნეებს ითვლის.

    Like

    • დიდი მადლობა ბესო თქვენი მოსაზრების გაზიარებისთვის.

      გეთანხმებით, რომ ვიდეოთამაშები ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ბავშვების ფსიქოლოგიაზე. ამ თემაზე საკმაოდ ბევრი სტატია დაწერილა, იწერება და კვლევებიც სულ ტარდება, სადაც ახალ ახალ შედეგებს ვიგებთ იმაზე თუ როგორია რეალურად ვიდეო თამაშების ზეგავლენა პატარებზე. მეც ჩემს ერთ-ერთ პოსტში შევეხე ამ თემას “როგორ მოქმედებენ ვიდეო თამაშები სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე და როგორ მიუდგეთ ამ საკითხს “ http://wp.me/p1ILux-41.

      რაც შეეხება ზღაპრებს, ალბათ ყველას აქვს უფლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება ზღაპრებზეც და სულაც არ არის რა თქმა უნდა სავალდებულო დავეთანხმოთ ყველა მოსაზრებას. ჩემთვის აღმოჩენა იყო ასეთი განსხვავებული მოსაზრებების არსებობა, რადგანაც კითხვები ძველი ზღაპრების მიმართ არავის არ უჩნდებოდა (ყოველ შემთხვევაში ჩემს ირგვლივ). ბევრი საკმაოდ განსხვავებული მოსაზრება წავიკითხე ამ თემაზე და ბოლოს ერთ პოსტად ვაქციე, იმ ადამიანებისთვის ვინც შეიძლება მსგავსი საკთხით დაინტერესებულიყო და უბრალოდ გაეგო რამდენად განსხვაბული მოსაზრებები აქვთ ხალხს ამ თემის ირგვლივ.

      მადლობა კიდევ ერთხელ გამოხმაურებისთვის.

      Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s