პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

როგორ წავახალისოთ ბავშვის შემოქმედებითი უნარის განვითარება

დატოვე კომენტარი

 

imagination

მდიდარი ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარის მქონე ბავშვებისთვის სამყარო განსაკუთრებით საინტერესოა და სავსეა თავგადასავლებითა და უსასრულო შესაძლებლობებით.

შემოქმედებითი უნარი ანუ როგორც ამას დღეს უფრო ხშირად უწოდებენ – კრეატიულობა გულისხმობს ნებისმიერ საქმიანობაში ახალი გზების ძიებას და პრობლემების საინტერესოდ გადაჭრის უნარს. ხშირად შემოქმედებითობას/კრეატიულობას უკავშირებენ მხოლოდ ხელოვნებას, მაგრამ ექსპერტ კენ რობინსონის აზრით მისი ასე განცალკევება არ არის სწორი, რადგანაც შემოქმედებითი მიდგომა ყველა სფეროშია საჭირო, იქნება ეს მუსიკა, ცეკვა თუ მეცნიერება. კენ რობინსონის აზრით მოსაზრება, რომლის მიხედვითაც შემოქმედებითი უნარი მხოლოდ გამონაკლისებს აქვთ – მცდარია. ის ამტკიცებს, რომ ყველა ადამიანს აქვს ეს უნარი დაბადებიდან, უბრალოდ სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება მისი  ნელ-ნელა ჩახშობა და ადამიანების დიდ ნაწილს არ ეძლევა მისი განვითარების საშუალება.

კრეატიულობა ანუ შემოქმედებითი მიდგომა ბევრად უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ რაიმეს შექმნა  ან დახატვა. კრეატიულობა გულისხმობს იდეების გენერირებას, სხვადასხვა მოვლენების, ნივთებისა თუ არსებების ახლებურად დანახვასა და შეცნობას, გადაწყვეტილებების მიღებას, სადაც პროცესიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საბოლოო შედეგი.

რატომ არის კრეატიულობა მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის?

სპეციალისტების აზრით, კრეატიულობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანსაღი გონებრივი განვითარებისათვის და შესაბამისად უნდა ხდებოდეს ამ უნარის განვითარების მუდმივი წახალისება. შემოქმედებითი პროცესის დროს, როდესაც ბავშვები ფიქრობენ ახალ იდეებზე, ერთვებიან ახალ სიტუაციებში, აქვთ სხვადასხვა სიტუაციებისა და ნივთების გამოცდის და შესწავლის საშუალება, იღებენ გადაწყვეტილებებს და აგვარებენ პრობლემებს – ხდება გონებრივი განვითარების სტიმულირება.

კრეატიულობა ასევე ეხმარება ბავშვებს საკუთარი აზრებისა და ემოციების გამოხატვაში და ხელს უწყობს მათ ემოციურ კეთილდღეობას. კრეატიული აქტივობები განსაკუთრებით დადებით ეფექტს იძლევა ბავშვებში სტრესული სიტუაციების დროს. მარტივი ნახატის საშუალებით ბავშვები ხშირად ბევრად უფრო კარგად გადმოსცემენ იმ ემოციას, რომელსაც ისინი განიცდიან სტრესის დროს, ვიდრე ამას სიტყვების საშუალებით შეძლებდნენ.

რატომ არის კრეატიული თამაში მნიშვნელოვანი?

  • იგი ხელს უწყობს პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებას;
  • ამაღლებს თვითშეფასებას, თავდაჯერებულობას და სრულფასოვნების შეგრძნებას;
  • აძლევს საშუალებას უკეთესად გაუმკლავდეს სირთულეებსა და ჩახლართულ სიტუაციებს;
  • ხელს უწყობს მოაზროვნისა და ნოვატორის ჩამოყალიბებას

როგორ წავახალისოთ კრეატიულობა ბავშვებში?

მცირეწლოვან ასაკში ბავშვები ნაკლებად განიცდიან ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარის ნაკლებობას, მაგრამ დროსთან ერთად ეს უნარი კლებულობს, რადგანაც გარშემო მყოფი ადამიანები ხშირად გაუცნობიერებლად ახშობენ ამ უნარის განვითარებას ბავშვებში.

ბავშვები იბადებიან სამყაროს შეცნობის დიდი სურვილით და მათი შემოქმედებითი უნარი ვითარდება მათი ცნობისმოყვარეობის შედეგად. ამ უნარის განვითარება დამოკიდებულია გარემოზე და ურთიერთობებზე, რომლის ფონზეც იზრდებიან ბავშვები.გარკვეული მიდგომების გამოყენება მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან კი ხელს უწყობს ამ უნარების განვითარებას.

თუ გინდათ ბავშვს დაეხმაროთ ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებაში მაშინ:

  • წაახალისეთ ახალი, განსხვავებული და უცნაური იდეები – მიეცით ბავშვებს საშუალება მაქსიმალურად თავისუფლად გამოხატონ საკუთარი იდეები და ნუ ეტყვით, რომ მათი აზრი სისულელეა და სასაცილო. პატარები არ იბადებიან უკვე ჩამოყალიბებული წარმოდგენებით სამყაროზე და შესაბამისად უფრო გახსნილები არიან ახალი შესაძლებლობების მიმართ. მაგალითად მათ შეიძლება ბევრად უფრო მეტი გამოყენება მოუძებნონ ნივთებს, რომლებსაც დიდები ერთი კონკრეტული მიზნით იყენებენ. ზოგჯერ ეს იდეები დიდებს სასაცილოც შეიძლება მოეჩვენოთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მათი აზრები ჩარჩოში არ არის მოქცეული და გახსნილია ახალი იდეებისთვის.
  • ნუ გააკეთებთ ზედმეტ აქცენტს შედეგზე – პატარებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რაიმეს შექმნის პროცესი ვიდრე შედეგი, რადგანაც შექმნის პროცესის დროს ხდება ექსპერიმენტების ჩატარება, პრობლემების გადაჭრა, სხვადასხვა იდეების გენერირება, რაც ხელს უწყობს გონებრივ განვითარებას. ნუ ეცდებით ბავშვის შეზღუდვას ამ პროცესში და ნუ მისცემთ მუდმივ მითითებს და შენიშვნებს. მიეცით სრული თავისუფლება გამოხატოს საკუთარი თავი. მაგალითად ხატვის დროს ნუ ეტყვით, რომ რაღაც არასწორად დახატა. შესაძლებელია, რომ იგი უბრალოდ თავისებურად ხედავს რაიმე არსებას. თქვენი შენიშვნები კი მას ბოჭავს, უკარგავს საკუთარი თავისადმი რწმენას და აქცევს ჩარჩოებში და ეს ეხება არ მხოლოდ ხატვას.
  • მიეცით საშუალება გამოსცადოს სხვადასხვა ტიპის მასალა და გარემო  – წაიყვანეთ ბავშვი ხშირად სხვადასხვა საინტერესო ადგილას, ეს შეიძლება იყოს თუნდაც ეზო, პარკი ტყე და ა.შ. და ერთად გაეცანით და შეისწავლეთ ბუნება. სეირნობისას წააქეზეთ თვითონ მოიფიქროს ამბები სხვადასხვა ნივთებსა თუ არსებებზე ან თუნდაც საკუთარ თავზე. ექსპერტების აზრით ბავშვის ბევრს ვერაფერს ისწავლის და ვერც განვითარდება თუ მას აიძულებენ იჯდეს წყნარად. ამიტომ ნუ ეცდებით შეზღუდოთ თამაშის პროცესი ზედმეტი შენიშვნებით. უსაფრთოხების ზომების დაცვით მიეცით მას საშუალება გამოსცადოს ყველაფერი და ზედმეტად ნუ იდარდებთ თუ ტალახში ისვრება. ეს ხომ დიდი ტრაგედია არ არის, რადგანაც თამაშის დასრულების შემდეგ დაბანთ და ეს პრობლემაც მოგვარდება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტად ბევრი ან ზედმეტად ცოტა არჩევანიც უარყოფითად მოქმედებს და აქვეითებს მოტივაციას. ასე რომ ნუ დაუყრით ხოლმე ზედმეტად ბევრ სათამაშოს თქვენს პატარას.
  • მიეცით საშუალება თვითონ მართოს სიტუაცია – ნუ ეცდებით აკონტროლოთ თამაშის პროცესი და მიეცით საშუალება თვითონ იყოს ლიდერი და მართოს სიტუაცია. თუ ჩაერთვებით თამაშში მისი თხოვნით ეცადეთ მიჰყვეთ მის სურვილებსა და მითითებს. ბავშვები, რომლებსაც მუდმივად უყენებენ მოთხოვნას მისდიოს უფროსის მითითებას ვერ ავითარებენ იმ უნარებს, რაც კრეატიულობისთვისაა საჭირო, რადგაგნაც კრეატიულობა მოითხოვს რამის ახლებურად გაკეთებას და არა როგორც ამას სხვები აკეთებენ. შემოქმედებითი უნარის მქონე ბაშვები არ არიან დამოკიდებული სხვის იდეებზე – მათ აქვთ საკუთარი იდეები და საკუთარი თავის რწმენა.
  • მიეცით საშუალება დაუშვან შეცდომები – უდიდესმა მოაზროვნეებმა სწორედ რისკისა და შეცდომების მიმართ შიშის ნაკლებობის შედეგად შეძლეს წარმატების მიღწევა.  სწორედ თავდაპირველმა შეცდომებმა მისცა მათ დაფიქრების საშუალება და მიიყვანა დიდ აღმოჩენებამდე. ასე რომ სწავლის და რაიმეს შექმნის პროცესში ნუ გაკიცხავთ ბავშვებს შეცდომების გამო. უბრალოდ ამ დროს დაეხმარათ მათ პრობლემის მოგვარების ახალი გზების პოვნაში. წააქეზეთ ისინი შეხედონ საკითხს ახლებურად. მიეცით ფიქრის დრო და ნუ მოსთხოვთ პასუხს მაშინვე. ერთად გააანალიზეთ შეცდომები. რადგანაც შეცდომებში და ცუდ იდეებშიც არის სწორი და კარგი იდეების მარცვალი. როგორც აღმოჩნდა იაპონიაში, მასწავლებლები ზოგჯერ მთელ გაკვეთილსაც კი უთმობენ მათემატიკურ აზროვნებაში შეცდომების ანალიზს. რადგანაც შეცდომების ანალიზი იძლევა სწავლისა და ზრდის საშუალებას.

ასე, რომ თუ გინდათ თქვენი შვილი გამოვიდეს მომავალი გამომგონებელი და დიდი მოაზროვნე მიეცით მას მეტი თავისუფლება, აიტანეთ არეულობა სახლში, უფრო მეტად მოუსმინეთ და დააფასეთ მისი აზრები, შეაქეთ მცდელობისთვის და არა მხოლოდ მიღებული შედეგისთვის, მიეცით საშუალება დამოუკიდებლად გადაჭრას პრობლემები და შეისწავლოს მის ირგვლივ არსებული სამყარო.

წყარო:

http://www.ascd.org/publications/educational-leadership/sept09/vol67/num01/Why-Creativity-Now%C2%A2-A-Conversation-with-Sir-Ken-Robinson.aspx

http://online.wsj.com/article/SB10001424052748703344704574610002061841322.html

http://www.parents.com/toddlers-preschoolers/development/intellectual/boost-your-childs-imagination/

http://www.relaxkids.com/tips/entry/Teaching_creativity_to_Children_/416

http://www.ahaparenting.com/parenting-tools/raise-great-kids/intellegent-creative-child/child-creativity

http://www.cdl.org/resource-library/articles/teaching_creativity.php

http://www.helium.com/items/2176911-why-creativity-is-important-for-children

http://www.nagc.org/index.aspx?id=326

http://www.education.com/print/Ref_Creativity_Young/

http://www.handsonscotland.co.uk/flourishing_and_wellbeing_in_children_and_young_people/creativity/creativity.html

http://www.teachingthinking.net/thinking/web%20resources/robert_fisher_expandingminds.htm

http://www.hoddereducation.co.uk/SiteImages/f3/f3966925-d0a6-4de8-ac77-6c10066e762d.pdf

http://edition.cnn.com/2012/01/03/living/let-kids-be-creative-p

http://prezi.com/lzmtdmuokqy9/creativity-in-education-introduction/

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s