პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

როგორ შევარჩიოთ სათამაშო

დატოვე კომენტარი

toy storeახალი წლის მოახლოებასთან ერთად მშობლებისთვის აქტუალური ხდება სათამაშოების შერჩევის საკითხი. ეს კი არც ისე მარტივია მაღაზიებში წარმოდგენილი მრავალფეროვანი არჩევანის ფონზე, განსაკუთრებით თუ გვინდა, რომ ბავშვს ნამდვილად მოეწონოს ჩვენს მიერ შერჩეული სათამაშო და რამდენიმე წუთში სადღაც კუთხეში არ მიაგდოს ის.

ძირითადი შეცდომა, რასაც ჩვენ ვუშვებთ არის ის, რომ როგორც წესი ვყიდულობთ ისეთ სათამაშოს, რომელიც ჩვენ თვითონ მოგვწონს და ხშირად ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე თუ როგორი სათამაშო მოეწონება თვითონ ბავშვს. მერე, როცა ვხედავთ, რომ ბავშვი დიდად არ არის აღფრთოვანებული ჩვენი არჩევანით და დიდ ინტერესს არ იჩენს სათამაშოს მიმართ, ვბრაზდებით და ვფიქრობთ, რომ სულ ტყუილად გადავყარეთ ფული.

როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია და შევარჩიოთ ისეთი სათამაშო, რომელიც ბავშვს მოეწონება?

იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რა სათამაშო მოეწონება ბავშვს, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ მას და კარგად დავფიქრდეთ იმაზე თუ რა უყვარს მას ზოგადად: რა ტიპის თამაშები უყვარს, რა ტიპის აქტივობები, როგორ ერთობა თავისუფალ დროს, რის გაკეთება უყვარს, რა უნარები აქვს, ჰყავს თუ არა გამორჩეულად საყვარელი ზღაპრის ან მულტფილმის გმირი. თუ ასეთი საყვარელი გმირი ჰყავს, დიდია ალბათობა იმისა, რომ მასთან დაკავშირებული სათამაშოც მოეწონება. თუმცა ნუ წახვალთ პირველივე სათამაშოების მაღაზიაში და ნუ ეცდებით იყიდოთ პირველივე სათამაშო, რომელიც თქვენი ბავშვის საყვარელ გმირს უკავშირდება, რადგანაც არის გარკვეული ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია სათამაშოს შერჩევის დროს.

ზოგჯერ ბავშვებმა საკმაოდ კარგად იციან თუ რა სათამაშო უნდათ, ითხოვენ კიდევაც მას და ეს სათამაშოს შერჩევის პრობლემასაც აგვარებს. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. შესაძლებელია უბრალოდ გინდათ, რომ ბავშვს სიურპრიზი გაუკეთოთ და თქვენ თვითონ დამოუკიდებლად გააკეთოთ არჩევანი. ასეთ დროს კი შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

  • ბავშვის ასაკი – ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო: 1) თუ სათამაშო შექმნილია  ასაკით უფრო დიდი ბავშვისთვის ვიდრე თქვენი შვილია, შესაძლებელი სათამაშოს არასწორი მოხმარების გამო ბავშვი დაზიანდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ სათამაშოზე მითითებული ასაკობრივი შეზღუდვა, რომ თავიდან აიცილოთ არასასურველი შედეგები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა სათამაშო შეიცავს მცირე ზომის ნაწილებს, რაც შეიძლება 3 წლამდე ასაკის ბავშვმა პირში ჩაიდოს და გადაეყლაპოს. 2) თუ ასაკით უფრო პატარა ბავშვისთვის გათვალისწინებულ სათამაშოს უყიდით ბავშვს დიდია იმის ალბათობა, რომ მას სათამაშო არ მოეწონება, რადგანაც ის მოსაწყენი და საკმარისად საინტერესო არ იქნება მისთვის. ასე, რომ ეცადეთ სათამაშო ყოველთვის შეუსაბამოთ თქვენი შვილის ასაკს.
  • უსაფრთხოება – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სათამაშოს შერჩევის დროს. სამწუხაროდ მშობლები ხშირად უგულებელყოფენ სათამაშოს უსაფრთხოების შემოწმებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალი ხარისხის სათამაშოების შეძენის დროს.
  • საგანმანათლებლო ფუნქცია – კარგი იქნება თუ თქვენს მიერ შერჩეულ სათამაშოს საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს და დაეხმარება ბავშვს ახალი უნარების განვითარებაში. თუმცა, სათამაშო ყუთზე გაკეთებული წარწერა „საგანმანათლებლო“ სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ნამდვილად ასეა, რადგანაც ბევრი ახლად შექმნილი სათამაშო სათანადოდ არ არის შემოწმებული და სათანადო კვლევები არ არის გაკეთებული იმისთვის, რომ ნამდვილად დადასტურდეს მისი საგანმანათლებლო მხარე.  ამ მიზნით ძალიან კარგი არჩევანია საბავშვო წიგნის ყიდვა, რადგანაც ბავშვებს ძალიან უყვართ, როდესაც ლამაზ ზღაპრებს უსმენენ დედიკოს ან მამიკოს კალთაში და შესაბამისად წიგნსაც ისეთივე სიხარულით მიიღებენ საჩუქრად, როგორც სათამაშოს.
  • ბავშვის გემოვნება და ინტერესები – არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენსა და თქვენს შვილს შორის საკმაოდ დიდია ასაკობრივი განსხვავება და სულაც არ არის აუცილებელი, რომ თქვენს შვილს მოეწონოს ის სათამაშო, რომელიც ბავშვობაში თქვენ ძალიან გიყვარდათ. სხვადასხვა თაობის ბავშვებს როგორც წესი სხვადასხვა ინტერესები აქვთ და შესაბამისად სხვადასხვა სათამაშოები მოსწონთ. ამისთვის კარგი იქნება ესაუბროთ თქვენს შვილს და გაიგოთ რა მოსწონს მას.

ეცადეთ, რომ ახალი სათამაშო საინტერესო ფორმით გადასცეთ ბავშვს

ნუ გადასცემთ ბავშვს სათამაშოს „აჰა შენი ახალი სათამაშო და მიდი ახლა და ითამაშე“ მიდგომით. თუ სათამაშოს ასეთი ფორმით მიაწვდით ბავშვს, იგი ნაკლებად ღირებული იქნება მისთვის და გახდება „უბრალო ნივთი“. ამის ნაცვლად კი თქვენ შეგიძლიათ ამ პროცესს მისცეთ ბევრად უფრო საინტერესო თამაშის ფორმა: დამალეთ სადმე სათამაშო და ერთად მოძებნეთ იგი, ხოლო როცა ბავშვი მას იპოვის, ნუ დატოვებთ მას მარტო სათამაშოსთან ერთად, თქვენც ჩაერთეთ თამაშში. გახსოვდეთ, რომ მშობელი ბავშვისთვის პირველი და საუკეთესო მეგობარია და თქვენთან თამაში კიდევ უფრო ღირებულია მისთვის ვიდრე უბრალოდ ახალი სათამაშოს მიღება საჩუქრად.

წყარო:
http://www.pioneerthinking.com/webbtoy.html

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s