პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

ჯანსაღი კვება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის

დატოვე კომენტარი

5 წლის ასაკამდე ბავშვი ძალიან სწრაფად იზრდება და ვითარდება. ცხოვრების პირველ წელს ბავშვის წონა სამმაგდება, ხოლო სიმაღლე ნახევარჯერ იზრდება. 2 წლიდან ზრდის პროცესი შედარებით ნელდება და ბავშვი ყოველწლიურად 5-დან 7 სანტიმეტრამდე იზრდება სიმაღლეში და 1.5-დან 2.5 კილოგრამამდე იმატებს წონაში. ამ პერიოდში ბავშვის სწორი კვება, თამაშისა და ფიზიკური აქტიურობის საშუალება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ბავშვი გაიზარდოს ჯანმრთელი და გამოიმუშაოს სწორი და ჯანმრთელი ჩვევები.

ჭირვეული მჭამელები

მიუხედავად იმისა, რომ 2-დან 5 წლამდე ასაკში, ბავშვის ზრდის ტემპი შედარებით ნელი და სტაბილურია, ამ დროსაც არის პერიოდები, როდესაც ადგილი აქვს ძალიან სწრაფ ზრდას. სწორედ ასეთ დროს იზრდება ბავშვის მადაც, და ეს უკანასკნელი ხშირ შემთხვევაში ბავშვის ზრდის ტემპთან არის მიბმული. სწრაფი ზრდის პერიოდში ბავშვებს განსაკუთრებთ კარგი მადა აქვთ, ხოლო ზრდის შენელებასთან ერთდ მადაც იკლებს. ამ ასაკში არ არის გასაკვირი შემთხვევები, როდესაც ბავშვი მოულოდნელად უარს ამბობს ისეთი საჭმლის ჭამაზე, რომელსაც ადრე სიამოვნებით მიირთმევდა. შესაძლებელია ასევე, რომ ბავშვმა მოითხოვოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ერთი კონკრეტული საჭმელი.

ჭირვეულობას შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს: ეს შეიძლება იყოს ცუდი მადა, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი ან უბრალოდ დაღლილობა. ასეთ დროს უმჯობესია არ აქციოთ ჭამის საკითხი პრობლემად და ყურადღება გაამახვილოთ ბავშვის დადებით ქცევაზე. როგორც წესი ჭირვეულობის პრობლემა დროსთან ერთად ქრება. უბრალოდ ეცადეთ ამ დროს ბავშვს შესთავაზოთ მრავალფეროვანი საჭმელი და მიეცით არჩევანის საშუალება.

ჭამის პრობლემის მოხსნის ერთ-ერთი კარგი გამოსავალია საჭმლის სახალისო ფორმით მომზადება. შეგიძლიათ მისცეთ საჭმელს ცხოველების, მცენარეების ან ადამიანების ფორმა, რაც ჭამის პროცესს უფრო გაახალისებს.

ჭირვეულობის პრობლემის მოგვარების კიდევ ერთი ხერხია ბავშვის ჩართვა დღის მენიუს დაგეგმვაში, საკვები პროდუქტის შეძენასა და საჭმლის მომზადების პროცესშიც, რა თქმა უნდა უსაფრთხოების ზომების დაცვით.

ნუ დააძალებთ საჭმელს, ნუ გაუბრაზდებით ან შეაშინებთ ბავშვს და ნუ ეცდებით მის მოსყიდვას საჭმლის გამო, ეს ცუდი მიდგომაა პრობლემის გადასაჭრელად. გაითვალისწინეთ, რომ 8-10 ჯერ შეიძლება დაგჭირდეთ საჭმლის შეთავაზება სანამ ბავშვი უბრალოდ მას თუნდაც გასინჯვავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აჩვენეთ მაგალითი და თქვენ თვითონ მიირთვით მრავალფეროვანი ჯანმრთელი საჭმელი ბავშვთან ერთდ.

ხილი და ბოსტნეული

ხილი და ბოსტნეული ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის, შესაბამისად უნდა ეცადოთ, რომ ასეთი ტიპის საკვების რაოდენობა გაზარდოთ ბავშვის კვების რაციონში. რადგანაც ბავშვებს ხილთან შედარებით ბოსტნეულთან შეჩვევა უფრო უჭირთ, მნიშვნელოვანია მშობლის განსაკუთრებული მონდომება ამ მიმართულებით. ამ დროსაც შეგიძლიათ ბოსტნეული სახალისო ფორმით გააცნოთ ბავშვებს და შექმნათ რაიმე მხიარული გმირი ბოსტნეულის გამოყენებით. რაც მთავარია არ დანებდეთ და ბევრჯერ შესთავაზეთ ბავშვს ესა თუ ის ბოსტნეული, რომ მან საბოლოოდ გასინჯოს და შეიყვაროს კიდეც ის. შეგიძლიათ შესთავაზოთ მხოლოდ ერთი ტიპის ბოსტნეული დროის გარკვეულ მონაკვეთში და შესთავაზეთ ყოველი ჭამის დროს.

რა დავალევინოთ

ყველაზე საუკეთესო სასმელი ბავშვისთვის არის წყალი, რძე და 100% ნატურალური წვენი.

წყალი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ამიტომაც ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა საკმარისი რაოდენობით წყალი მიიღოს დღის განმავლობაში.  ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ბავშვმა დღეში უნდა დალიოს 5-8 ჭიქა წყალი, თუმცა შესაძლებელია, რომ ყველა ბავშვს ამ რაოდენობის წყალი არ ჭირდებოდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად აქტიურია ბავშვი დღის განმავლობაში. წყლის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ცხელა ან ბავშვი ავად არის. წყლის ნაკლებობამ ორგანიზმში შესაძლებელია გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი და მოთენთილობა.

რძე სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი წარმოადგენს A და D ვიტამინების, პროტეინისა და კალციუმის წყაროს. ეს ყოველივე კი ეხმარება ბავშვს ზრდაში, კალციუმი კი ხელს უწყობს ძლიერი ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებას. 2 წლამდე ბავშვებისთვის საჭიროა ცხიმიანი რძე (თუმცა ძროხის რძის მიცემა პირდაპირ არ არის რეკომენდირებული 1 წლამდე ბავშვისთვის), რაც ხელს უწყობს ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებას. ხოლო 2 წლიდან რეკომენდირებულია ნაკლებ ცხიმიანი რძე (1% ან უცხიმო).

  • 2–დან 3 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდირებულია დღეში 2 ჭიქა რძე
  • 4-დან 8 წლამდე ბავშვებისთვის კი მიზანშეწონილია 2½ ჭიქა რძე დღეში

ნატურალური წვენი სხვადასხვა ვიტამინის წყაროა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ წვენი, კარგად წაიკითხოთ ეტიკეტზე მითითებული შემადგენლობა და თან დაალევინოთ შეზღუდული რაოდენობით. სასარგებლო თვისებებთან ერთად, მკვლევარები საუბრობენ მის უარყოფით მხარეებზეც. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ დიდი რაოდენობით ნატურალური წვენის მიღებამ შესაძლებელია ბავშვებში გამოიწვიოს წონაში მომატება, კარიესი, გასტროენტეროლოგიური პრობლემები, გაზი, მუცლის შებერილობა და მუცლის ტკივილი. პედიატრების რეკომენდაცია წვენის დღიურ რაოდენობაზე:

  • 6 თვემდე ბავშვისთვის ხილის წვენი არ შეიძლება
  • 6-12 თვემდე ბავშვისთვის რეკომენდირებულია არაუმეტეს 120 მილილიტრი დღეში
  • 1-6 წლამდე ბავშვებისთვის არაუმეტეს 120-180 მილილიტრი დღეში

რატომ არ უნდა მივცეთ ბავშვს გაზიანი სასმელი

გაზიან სასმელის დალევა ბავშვისთვის საზიანოა რამდენიმე მიზეზის გამო. გაზიანი სასმელი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რაც თავისთავად მავნებელია, აზიანებს კბილებს, ხელს უწყობს წონაში მომატებას. ხოლო ზოგიერთი გაზიანი სასმელი შემადგენლობაში, მაგალითად როგორიცაა კოკა-კოლა და პეპსი, შედის კოფეინი. ამან კი შესაძლებელია დაარღვიოს ბავშვის ძილის რეჟიმი და გამოიწვიოს წყლის ნაკლებობა ორგანიზმში სიცხის დროს. ასევე ბოლო კვლევებმა უჩვენეს რომ E-150D რომელიც შედის ამ სასმელების შემადგენლობაში არის მავნებელი, რადგანაც ზრდის კარცინოგენული პროცესის განვითარების რისკს.

მოარიდეთ ბავშვების ნახევარფაბრიკატებს და სწრაფი კვების ობიექტებს

თუ გინდათ ბავშვი გაიზარდოს ჯანმრთელი, მოარიდეთ იგი სწრაფი კვების ობიექტებსა და არ აჭამოთ ნახევარფაბრიკატები, რადგანაც ასეთი ტიპის საჭმელში როგორც წესი დიდი რაოდენობითაა ქიმიური დანამატები, სინთეტიკური ცხიმი, ხელოვნური დამატკბობლები, საჭმლის საღებავი და ა.შ ყოველივე ეს კი ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ზრდის პროცესში. სხვა ნეგატიურ თვისებებთან ერთად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ საჭმლის საღებავები და ნახევარფაბრიკატები, რომლებიც მრავლად არის ასეთი ტიპის პროდუქტებში, მცირეწლოვან ბავშვებში იწვევს ყურადღების გაფანტულობას და ჰიპერაქტიურობას  (ADHD).

ფიზიკური აქტიურობა

თუ გინდათ თქვენი პატარა გაიზარდოს ჯანმრთელი იზრუნეთ მის სწორ კვებაზე და მიეცით ფიზიკური აქტიურობის საკმარისი საშუალება. გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე, ისეირნეთ და ითამაშეთ მასთან ერთად ეზოში და პარკში. ასე თქვენც და თქვენი შვილიც ჯანმრთელები და უფრო ხალისიანებიც იქნებით.

წყარო:

http://www.pubs.ext.vt.edu/348/348-150/348-150_pdf.pdf

http://www.healthybeveragesinchildcare.org/resources/HAP_TipSheet6.pdf

http://kidshealth.org/parent/nutrition_center/healthy_eating/drink_healthy.html#

http://www.livestrong.com/article/274633-how-much-water-should-a-child-drink-a-day/

http://www.parenting.com/article/got-milk

http://life.gaiam.com/article/10-ways-get-kids-eat-healthier

http://www.nutrition.com.sg/he/hechildren.asp

http://www.emedicinehealth.com/healthy_eating_for_children-health/article_em.htm

 

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s