პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

რატომ არის კარგი ბავშვების ჩართვა კერძების მომზადების პროცესში

2 Comments

გასაგებია, რომ ბავშვებთან ერთდ საჭმლის მომზადება მოითხოვს ბევრად უფრო დიდ დროს, ორგანიზებულობასა და მოთმინების უნარს, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ ამ პროცესის დადებით მხარეებს, ამის გაკეთება ნამდვილად ღირს ხანდახან მაინც.

გაგიზიარებთ იმ  10 მიზეზს, რატომაც ღირს ბავშვებთან ერთად სამზარეულოში ფუსფუსი

1. წიგნიერება

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საჭმლის მომზადების პროცესი ხელს უწყობს ბავშვის წიგნიერებას. საქმე იმაშია, რომ საჭმლის მომზადების დროს თქვენ ბავშვთან საუბრობთ იმ ინგრედიენტებზე და ეტაპებზე, რაც საჭიროა შერჩეული კერძის მოსამზადებლად, ეს კი ბავშვს აცნობს ახალ სიტყვებსა და მათ მნიშვნელობებს. ხოლო რეცეპტის ხმამაღლა კითხვა და მასში ხშირი ჩახედვა კერძის მომზადების პროცესში ბავშვს უჩვენებს წიგნიერების ძირითად დანიშნულებას – ანუ ის სწავლობს, რომ კითხვის უნარი აუცილებელია ინფორმაციის მისაღებად.

2. ინფორმაცია ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე
კერძების მომზადების პროცესი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ არაფორმალურ გარემოში ასწავლოთ ბავშვებს ჯანმრთელი კვების მნიშვნელობაზე. გარდა ამისა საჭმლის მომზადების პროცესში ჩართვა და კვების საკითხებზე საუბარი უფრო მეტად წაახალისებს ბავშვს გასინჯოს ახალი და სასარგებლო კერძები (რასაც როგორც წესი ბავშვების დიდი ნაწილი რთულად უდგება). როგორც რამდენიმე კვლევამ უჩვენა, კერძების მომზადების შესწავლის შედეგად ბავშვებში გაიზარდა ჯანსაღი საკვების მიღების სურვილი.

3. გონებრივი განვითარება

საჭმლის მომზადება მოითხოვს ყველა გრძნობის ჩართვას – მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეხება და ყველაზე მეტად კი გემოს შეგრძნებას – ასეთი გამოცდილება კი ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას.

4. მოტორული უნარები
მორევა, თქვეფა, გაფცქვნა, მოზელა, გაცრა, დაჭრა – ყველაფერი ეს, რაც საჭმლის მომზადების პროცესის ნაწილია, ხელს უწყობს ფიზიკური უნარების განვითარებას. ამ დროს ბავშვი ავითარებს მის მოტორულ უნარებს – თითების, ხელების, მკლავებისა  და მთლიანად ტანის მართვასა და კოორდინაციას (თუმცა არ დაგავიწყდეთ ამ დროს უსაფრთხოების ზომების მიღება –ბასრ ნივთებს პატარებს ნუ მისცემთ).

5. მათემატიკური უნარები

კერძების მომზადება იძლევა საშუალებას იმისთვის, რომ ბავშვებს პრაქტიკულად და მხიარულ გარემოში აუხსნათ მათემატიკური ცნებები. ინგრედიენტების აწონვა და დათვლა დაეხმარება მათ მათემატიკის შესწავლაში ფურცლისა და კალმის გარეშე და თან ასე უფრო კარგად გაიაზრებენ მათემატიკის პრაქტიკულ დანიშნულებასაც. როცა ბავშვები დაინახავენ მათემატიკური უნარების სარგებელს ყოველდღიურ ცხოვრებაში, უფრო მეტი ხალისით ისწავლიან მას შემდეგ სკოლაში.

6. თავდაჯერებულობა

პატარებისთვის დიდი მიღწევის ტოლფასია, როცა მათ საშუალება ეძლევათ ის კერძი მიიტანონ სუფრასთან, რომლის შექმნაშიც მონაწილოება თავად მიიღეს. არა აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად დიდი იყო რეალურად მათი წვლილი ამ პროცესში, შესაძლებელია უბრალოდ აურიეს ერთმანეთში სხვადასხვა ინგრედიენტები და მთელი მათი წვლილი კერძის მომზადების დროს მხოლოდ ამით შემოიფარგლა, მაგრამ შეგრძნება იმისა, რომ მათი მონაწილეობით მომზადებული კერძი ყველამ მიირთვა უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და მათ თვითშეფასებაზე ძალიან დადებითად მოქმედებს.

7. ოჯახური ტრადიციები
სუფრა და კერძები ოჯახური ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.  ოჯახების დიდი ნაწილისთვის, კერძებს და სუფრის ტრადიციას ზოგადად მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს როგორც დღესასწაულებზე ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. სწორედ ეს ტრადიციები ქმნის ოჯახურ სითბოს, რომელიც ბავშვებს მთელი ცხოვრება მიჰყვებათ.

8. ცხოვრებისეული უნარების გამომუშავება
კერძების მომზადების ცოდნა თავისთავად საკმაოდ სასარგებლო ცხოვრებისეული უნარია, ხოლო ადრეული ასაკიდან ბავშვების სამზარეულოს საქმეებში ჩართვა კი ხელს უწყობს მათი დამოუკიდებლობის უნარის განვითარებას.

9. კომუნიკაცია მშობელთან
ზოგადად ბავშვებთან სუბარი და მათი მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხელს უწყობს მშობელსა და ბავშვს შორის სიახლოვეს და კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. სამზარეულოში ფუსფუსი და ერთად მუშობა კი ასეთი ურთიერთობებისთვის კარგ გარემოს ქმნის. ეს კი საბოლოო ჯამში ბავშვის თავდაჯერებულობაზე დადებითად მოქმედებს.

10. და ბოლოს ეს ხომ ძალიან სახალისოა  

ამ მიზეზის განმარტება კი დამეთანხმებით საჭირო არ არის.

წყარო:

ავტორი: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

2 thoughts on “რატომ არის კარგი ბავშვების ჩართვა კერძების მომზადების პროცესში

  1. მე, როგორც სამი შვილის დედა, მაქსიმალურად ვცდილობ ყველა ის სიახლე, ექსპერტთა მოსაზრება თუ გამოცდილება გავითვალისწინო და გავიზიარო რომელსაც გვთავაზობს დღევანდელი საინფორმაციო სივრცე. მადლობა პატარა ჟირაფს ასეთი კონკრეტული და ძალიან სასარგებლო რჩევებისათვის!

    Like

    • დიდი მადლობა ნატო კომენტარისთვის. მიხარია, რომ მოგწონთ და სარგებლობთ “პატარა ჟირაფის” საშუალებით გაზიარებული რჩევებით.

      Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი