პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება


Leave a comment

სკოლამდელი ასაკის ბავშვები და ტელევიზორი

საკმაოდ ძნელია მუდმივად აკონტროლოთ ბავშვის მიერ ტელევიზორის ეკრანთან გატარებული დრო. მაგრამ უფრო ადვილია მკაცრი კონტროლის მოგვიანებით შერბილება, ვიდრე რაღაც დროის შემდეგ ეცადოთ თქვენი ორი წლის ბავშვი გადააჩვიოთ დღის დიდი ნაწილის ტელევიზორის ეკრანთან გატარებას.

 გაგიზიარებთ ამ მიმართულებით რამდენიმე რჩევას.

განსაზღვრეთ ტელევიზორთან გატარებული დროის ხანგრძლივობა

თუ თქვენი შვილი ჯერ 2 წლისაც არ არის, ეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ტელევიზორთან გატარებული დრო. თუ მაინც აძლევთ ბავშვს ტელევიზორის ყურების უფლებას, ეცადეთ ტელევიზორისთვის დღის განმავლობაში გამოყოფილი მთელი დრო 10-15 წუთიანი მონაკვეთებად დაყოთ. 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის დღის განმავლობაში ტელევიზორთან გატარებული დრო არ უნდა აჭარბებდეს 1 საათს. თუმცა, ეს დროც ბევრია ფიზიკურად აქტიური სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის. არავითარ შემთხვევაში არ დადგათ ტელევიზორი ბავშვის ოთახში და ყოველთვის გამორთეთ ჭამის დროს.

უყურეთ პროგრამებს და არა ტელევიზორს

იმის ნაცვლად, რომ უყუროთ ყველაფერს, რაც გადის ტელევიზორში, კარგად შეისწავლეთ თუ რა პროგრამები გადის დღის განმავლობაში სხვადასხვა არხებზე,  როდესაც სასურველი პროგრამა დამთავრდება, ტელევიზორი გამორთეთ. გააფრთხილეთ ბავშვი გადაცემის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე და უთხარით, რომ მისი საყვარელი პროგრამა ან მულტფილმი მალე მთავრდება. ეს შეამზადებს ბავშვს სხვა აქტივობისთვის და თავიდან აგაცილებთ წუწუნს იმაზე, რომ კიდევ უნდოდა ყურება.

შეარჩიეთ მშვიდი და წყნარი პროგრამები

მშვიდი, დაბალი ტემპის მქონე პროგრამები ბავშვს მისცემს ფიქრის საშუალებას, რაც დაეხმარება ეკრანზე ნანახის შესწავლაში. დიდი რაოდენობით სხვადასხვა აქტიური სცენა, როგორიც არის სათავგადასავლო ან მძაფრ სიუჟეტიან მულტფილმებში, მცირეწლოვანი ბავშვისთვის დამაბნეველიცაა. კვლევები უჩვენებენ, რომ ის ბავშვები, რომლებიც უყურებენ ძალადობის შემცველ გადაცემებს ან მულტფილმებს ტელევიზორით, ხშირად აგრესიულად იქცევიან. მოარიდეთ ბავშვები საშინელებათა ჟანრის პროგრამებს. აირჩიეთ მარტივი პროგრამები, რომლებიც აქცენტს ინტერაქტიულობაზე აკეთებენ და ბავშვებს მოუწოდებენ სიტყვების გამეორებას, სიმღერასა და ცეკვას. ასეთი გადაცემები მშვენიერი არჩევანი იქნება ბავშვისთვის.

ეცადეთ უყუროთ ტელევიზორს ბავშვებთან ერთად

ერთ-ერთმა უახლესმა კვლევამ შეისწავლა სამი სხვადასხვა ჯგუფი: ბავშვები, რომლებსაც ტელევიზორთან დროის გატარება არ ჰქონდა შეზღუდული, ბავშვები, რომლებსაც შეზღუდული ჰქონდათ ტელევიზორთან გატარების დრო, მაგრამ უყურებდნენ მშობლების გარეშე და ბავშვები, რომლებიც შეზღუდული დროით უყურებდნენ ტელევიზორს მშობლებთან ერთდ. ბავშვებმა ბოლო ჯგუფიდან ბევრად უფრო მაღალი ქულები დააგროვეს აკადემიური მიღწევების შეფასებისას, ვიდრე დანარჩენმა ორმა ჯგუფმა.

ასეთ დროს ბავშვის გვერდზე ყოფნა ბავშვს ეუბნება: „რასაც შენ აკეთებ ჩემთვის მნიშვნელოვანია“. რა თქმა უნდა ყველას გვაქვს მომენტები, როდესაც  ტელევიზორი და ვიდეო ჩანაწერები ძიძის მაგივრობას გვიწევს, მაგრამ როდესაც ბავშვს დიდი ხნით მარტო ტოვებთ ტელევიზორთან, თქვენ აძლევთ მას ნიშანს, რომ საერთოდ არ გაღელვებთ თუ რას უყურებს. თუ მოახერხებთ, ეცადეთ თქვენი ხელსაქმე ტელევიზორის ოთახში მიიტანოთ, რომ შეძლოთ საქმის გაკეთებაც და ბავშვთან ერთად ტელევიზორის ყურებაც.  ასე, ტელევიზორის ყურება გახდება უფრო სახალისო საქმე, რომლითაც ორივე ერთად გაერთობით.

დაეხმარეთ ბავშვს უყუროს კრიტიკული თვალით

რამდენადაც შესაძლებელია, ყურების დროს აუხსენით ყველაფერი რაც ეკრანზე ხდება პროგრამის მსვლელობის დროს და ასევე რეკლამის დროსაც (და გარკვევით აუხსენით თუ რა განსხვავებაა ამ ორს შორის). წაახალისეთ ბავშვი დასვას კითხვები და დააკავშიროს ერთმანეთთან ტელევიზორის ეკრანზე მიმდინარე ამბები მის ყოველდღიურ ცხოვრებასთან. თუ გაქვთ შესაძლებლობა, ჩაიწერეთ პროგრამები. ასე, შეგეძლებათ ტელევიზორს უყუროთ მაშინ, როცა თქვენთვის ეს უფრო მოსახერხებელია, დააჭიროთ პაუზას, როცა რაიმეს ახსნა გინდათ და გადაახვიოთ რეკლამები.

ეცადეთ ტელევიზორში ნანახი შინაარსი განავრცოთ წიგნებითა და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით.

თუ ტელევიზორში ნანახ გადაცემაში განხილული იყო ციფრები, გადაცემის დასრულების შემდეგ  ეცადეთ ბავშვს აჩვენოთ იგივე მაგალითები სხვაგანაც. მაგალითად უთხარით „დღეს გადაცემაში განხილული იყო ციფრი 3 და მაგიდასაც 3-ისთვის ვაწყობთ“. ან წაიკითხეთ და გაარჩიეთ წიგნი, რომელშიც ციფრებია განხილული.

წყარო: http://www.babycenter.com

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 131 other followers